GEWORLD.GE:
ჭაბუა ამირეჯიბისადმი მიძღვნილ უამრავ წერილში, ესეში, რეცენზიაში, მისთვის ჩამორთმეულ ინტერვიუებში მთავარი სიტყვა, ჩემი დაკვირვებით, არის გენიოსი, გენიალური. ასეა და იმიტომ. ასე რომაა, იმიტომ ვითრევდი ფეხს და, როცა მეგობრებთან ერთად მივედი, მომიტევეთ-მეთქი, ბატონო ჭაბუა, ჩემი ოკრო-ბოკრო შეკითხვები, ვთხოვე.
თბილი, ძალიან თბილი ღიმილი გადაეფინა სახეზე _ ჭაბუას ღიმილი.
თეთრი დაფა მოიმარჯვა (ტაბულა რაზა) და მარკერი.
მზად ვარო.
ვერეს ხეობაში, ზედ მდინარის პირას აგებული «ხრუშჩოვკის» მეცხრე სართულზე ცხოვრობს. ოჯახითურთ.
წიგნები, წიგნები, წიგნები, როგორც კრებული მსოფლიო ლიტერატურის ნაირფეროვნების, და ცენტრში _ ბატონი ჭაბუა _ ბიბლიური ხატება.
მაღალი სულიერებისა და კომუნალური სიმწირის _ თაგვი კუდს ვერ მოიქნევს _ შეუთავსებლის შეთავსებული ალოგიკურობა.
ამაოდ შეუთავაზებია სრულიად საქართველოს-პატრიარქს ილია II-ს ბატონ ჭაბუასთვის საპატრიარქოში, შეუდარებლად უკეთეს პირობებში, საცხოვრებლად გადასვლა.
უარი უთქვამს.
_ ამ სივიწროვეში მშვიდ ცხოვრებას როგორ ეგუება გორა მბორგალი?
_ მშვიდი ცხოვრება არასოდეს მქონია. არც ახლა მაქვს. მძაფრი ცხოვრება ღვთივ ბოძებული ჩემი ხვედრია.
_ ღვთივ ბოძებული ეს ხვედრი დღეს თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში აისახება?
_ და ჩემს ინტერვიუებშიც.
(მიმანიშნა: თქვენი _ ჟურნალისტების ხელში მშვიდი ცხოვრება არ მიწერიაო).
_ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გამოაქვეყნეთ წერილი «რა ხდება, რა გვსურს», რომელშიც პუნქტობრივად ჩამოაყალიბეთ თქვენი შეხედულება თანამედროვე სახელმწიფოდ საქართველოს მშენებლობის თაობაზე. ერთგვარი პროგრამა იყო ის პუბლიკაცია: ეკონომიკურად ძლიერი, სულიერად ლაღი, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროგრამა ქვეყნისა, სადაც დაცული იქნებოდა ადამიანის ყველა უფლება, სიცოცხლის უფლებიდან დაწყებული.
ძალაში ტოვებთ თქვენს იმდროინდელ პოზიციას?
_ იმ დროიდან პოზიცია არ შემიცვლია.
_ აშენებს ისეთ ქვეყანას ხელისუფლება?
_ რაც შეეხება ჩვენს ხელმძღვანელობას, გეტყვით, რომ მომავალში ეს ხელისუფლება მკვლელი მთავრობის სახელს ვერსად გაექცევა.
მისი პოლიტიკა ფასადურია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იშლება ყველაფერი, როგორც უნიჭოდ აგებული «პოტიომკინის სოფლები».
მთავრობა ისეთს ვერაფერს აკეთებს, რაც ნაწილობრივ მაინც გაამართლებდა მას ხალხის თვალში.
_ რა ვიცი, ახლახან პოლიციის მორიგი «ბროლის სასახლის» საზეიმოდ გახსნისას შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ბავშვები აქ გასართობად მოვლენო… ალბათ, იმიტომ, რომ ქვეყანაში ყველაფერი დალაგებულია.
არადა, პრობლემები _ პოლიტიკური, ტერიტორიული, სოციალური, ეკონომიკური თავზე საყრელია.
_ ამ საკითხების გადაჭრა, უპირველეს ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, როგორც პრეზიდენტს. თუ შეძლებს ამ ამოცანების დაძლევას, უპირველესად კი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეროვნული გმირის სახელს დაიმკვიდრებს, თუ ვერა _ ნაცარქექიას წოდება განაღდებული აქვს, უარესი რამ თუ არ შეარქვა ხალხმა.
ჯერ კიდევ 2008 წელს განვაცხადე: «როგორც არ უნდა ვუტრიალოთ ქართველი ერის წინაშე არსებულ პრობლემატიკას, მისი გადაწყვეტა მიხეილ სააკაშვილის მოვალეობაა. ეს ფუნქცია მან ნებაყოფლობით იდო თავს და პასუხისმგებლობას სხვას ვერავის დააკისრებს» (გაზეთი «საწუთრო», #2, 2008 წელი).
_ ადრინდელ ჩანაწერებში მითითებული გაქვთ: «პოლიტიკური ბელადების ორი ტიპი ვიცი. ერთნი _ ყოველ უსულო საგანშიც კი მათი ძვირფასი სიცოცხლის საშიშროებას ხედავენ… მეორენი _ ვინც თავისი სიცოცხლის მოწოდებად ერისა და სამშობლოსთვის სამსახურს მიიჩნევენ».
ამ ორიდან დღეს რომელს ხედავთ საქართველოს მართვის სათავეში?
_ სათავე მრავალრიცხოვანია და, ამდენად, არავის ძალუძს, კონკრეტულად დაასახელოს, თუ რომელი ნაწილი ან სახელდობრ ვინ მიიჩნევა მოთამაშედ თუ პირუთვნელ მამულიშვილად. ისტორიული ვითარება განაპირობებს, თუ ვინ როგორია ცალკეულად აღებულ მომენტში, მითუმეტეს, რომ პოლიტიკოსი, უმრავლეს შემთხვევაში, იქცევა ისე, როგორც მისი პირადი თუ პარტიული მიზანი მოითხოვს.
_ 70-ზე მეტი წლის წინათ, თქვენ _ ჭაბუა ამირეჯიბი მოხალისედ წახვედით დიდ ომში. მალევე დაგაბრუნეს, როგორც რეპრესირებული მშობლების შვილი.
გაგასამართლეს ბრალდებით _ შეიარაღებული აჯანყების მცდელობა საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად.
«ერთი წუთით რომ დაბრუნდეს ის სიჭაბუკე», დღევანდელ ვითარებაში წახვიდოდით ომში?
_ დღევანდელი ვითარება მაგ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ვერ ივარგებს. რა თქმა უნდა, ომში მოხალისედ არ წავიდოდი.
_ ამბოხდებოდით?
_ არა მგონია. დავიღალე.
_ თქვენი გვარის _ ამირეჯიბის წარმომადგენელს ისტორიულად მანდატურთუხუცესის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა და ევალებოდა სახელმწიფოს სადარაჯოზე დგომა, შეთქმულების, უწესრიგობის აღკვეთა და ა. შ. თქვენ კი, ამ გვარის შვილმა, სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქრეთ.
შეუთავსებლის შეთავსებაა დრონი მეფობენის პრინციპით?
_ დრონი და ვითარება მოითხოვს გონიერი და მამულიშვილობით გამსჭვალული კაცის ქმედებას.
_ დღევანდელ საქართველოში შიში საყოველთაოდ რომ არის განფენილი, გრძნობთ?
_ შიში რეალურად არსებობს, მაგრამ მე არ მეხება. თვეზე ცოტა მეტი დამრჩა 90 წლამდე. როგორადაც გინდა, იმძლავროს შიშმა, მე ვეღარაფერს დამაკლებს.
შიშით დათრგუნულებს კი ჩემ მიერ ერთხელ უკვე გაკეთებული დასკვნით მივმართავდი: გამუდმებულ შიშსა და მონობას გამუდმებული სიფრთხილე გერჩივნოთ.
_ ხომ არ თვლით, რომ ამ შიშისა და სხვა მიზეზთა გამო საქართველოს ინტელიგენცია ჩამოსცილდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას, ნეიტრალური გახდა, არ ჩანს ემილ ზოლასებრი შეძახილი _ «მე ბრალს ვდებ!», რაც უპოზიციო პოზიციაა?
_ ეგ ერთ ნაწილს ახასიათებს და არა მთლიანად ინტელიგენციას. ისე კი, მართლაც გამოფიტულს ჰგავს დღევანდელი ქართული საზოგადოება.
_ შეძლებს კი, ბატონო ჭაბუა, ინტელიგენციის აქტიური ნაწილი, მით უფრო, ქართული საზოგადოება, რომელიც «მართლაც გამოფიტულს ჰგავს», დაამარცხოს დიქტატურა, თუ 600 წელიწადს უნდა ველოდოთ, სანამ დიქტატურა თავის თავს ამოჭამს?
_ «დრონი მეფობენ და არა მეფენი».
_ ეს რა, გამართლებაა უმოქმედობის?
_ არა, არავითარ შემთხვევაში! დროთა მეფობა, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების თვალსაზრისია და არსებულთან დამოკიდებულების ცვალებადობას გულისხმობს.
_ ბატონო ჭაბუა, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავის წიაღში მიგიღოთ მაშინ, როცა გაძლიერდა შეტევები მართლმადიდებლობის წინააღმდეგ: ფარულიც და პირდაპირიც. აშკარად ჩანს ხელისუფლების ორპირობაც და რაღაც განხეთქილების მსგავსი თვით ეკლესიაშიც.
_ ეკლესიაში არსებულ მდგომარეობას, რომელზეც მიმანიშნეთ, მე გამყიდველობას დავარქმევდი. არა მგონია, ილია II-ს მტრებს, ფულის გარდა, სხვა რამ ამოძრავებდეთ.
_ მტრებში როგორც ხელისუფლების, ისე მღვდელმსახურთა ორპირობა იგულისხმება?
_ მათი გამყიდველობა!
ადრეც მითქვამს და ახლა, მით უფრო, უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს მართლმადიდებელი მრევლის რაოდენობრივ ზრდას და დედაეკლესიის მზარდ როლს ერის ცხოვრებაში. აუცილებლად მიმაჩნია მართლმადიდებლობის სახელმწიფო რწმენად გამოცხადება და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის უფლების მინიჭება სახელმწიფოს მართვის საქმეში.
_ ჩვენს საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ოპოზიციას მონახული აქვს საერთო ენა ხელისუფლებასთან, გაყიდულიც კი არისო.
_ მე გაყიდულს ვერ ვიტყვი. უბრალოდ, უმწეონი არიან საკუთარი სწორი პოზიციის მიუგნებლობით.
_ კარგა ხნის წინათ, «ვარდების რევოლუციამდე» ჯერ კიდევ ე. წ. ხალხის ტელევიზიის «რუსთავი 2»-ის პროექტი (ამერიკიდან გადმოღებული) «60 წუთი» უარყოფითად შეაფასეთ, «რადგან იგი სრულად უპასუხებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა ინიციატორებისა და განმახორციელებელთა დაკვეთებს». დღეს რას იტყვით ნაციონალური ტელეარხების საქმიანობაზე?
_ ძირითადად, ჩვენი ტელეარხები არსებულ ვითარებას არა მარტო ეთანხმებიან, არამედ ემხრობიან კიდეც და თავიანთ ასეთ ხედვას თავს ახვევენ საზოგადოებას.
_ «მაესტროც»?
_ არა. «მაესტრო» წინააღმდეგია, მაგრამ თავისი პოზიციის გამოსახატავად სწორ ფორმას ყოველთვის ვერ პოულობს. მაგ არხს რომ ვუყურებ და ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავისი პოზიციის მარტივად, გასაგებად გამოხატვის სურვილის გამო, ზომაზე მეტად გაუბრალოებული ენით ქადაგებს, თითქოს ეშინია, რომ საზოგადოება ვერ გაუგებს.
_ სიტყვამ მოიტანა და გკითხავთ: ხომ არ უდგას ქართულ ენას დიდი გასაჭირი?
_ არა მგონია, ენას რაიმე გასაჭირი ჰქონდეს. გასაჭირი ქართველ ერს ადგას და, ჩვენი ეკლესია რომ არა, მომავალი აღარ გვექნებოდა. მმართველთა პოზიცია ქართველობის მიმართ სრულიად გაუგებარი და მიუღებელია.
_ თქვენ, ალბათ, იცით, რომ განათლების მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის ძალით უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერი სპეციალობის კურსდამთავრებული შესაბამის დიპლომს არ მიიღებს, თუ ინგლისურ ენაში ვერ ჩააბარებს სპეციალურ გამოცდას.
_ ეგ პოზიცია განათლებული კაცისა არ არის, გაყიდული კაცისას უფრო ჰგავს. მგონია, უცხო ენა იმისთვის შემოიღეს, რომ ქართული დაგვავიწყონ. თორემ უცხო ენის ცოდნა რამეს თუ არ შეგვმატებს, არაფერს დაგვაკლებს.
_ პოეტებიდან ვის მიიჩნევთ, ბატონო ჭაბუა, ყველაზე მებრძოლ, დღევანდელ რეალობასთან კატეგორიულად დაპირისპირებულ კალმოსნებად, ვინც უმწარესად, პრინციპულად ამბობს სიმართლეს და ვის თავზეც დამოკლეს მახვილი რისკის ძაფზე ჰკიდია?
_ ჯანსუღისა, რომელსაც დიდი სიყვარულით მივულოცე 80 წლის იუბილე, და რეზო ამაშუკელის მეტს, მათი რანგისას, ასეთს ვერავის ვხედავ. …თუმცა, როგორ არა! მართლაც რომ გმირია და ნაღდი პოეტია ლაშა ნადარეიშვილი.
_ თქვენი, კასეტებზე გაკეთებული ცნობილი ჩანაწერები (მურმან ლებანიძისთვის მიცემულ ინტერვიუში რომ გაქვთ ნახსენები) კლებულობს თუ გამოუყენებელი დევს თაროზე? სხვაგვარად რომ გკითხოთ: რაზე მუშაობთ ამჟამად?
_ ის კასეტები წარსულს ეკუთვნის. ამჟამად, სახელდობრ, ავტობიოგრაფიაზე ვმუშაობ.
_ თქვენი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ერთ კითხვას დაგისვამთ: 18 ნოემბერს 90 წლის გახდებით. ხელისუფლება უთუოდ სახელმწიფო ჯილდოთი აღნიშნავს ამ თარიღს. აიღებთ?
_ ეს მთავრობა ჯილდოს არ შემომთავაზებს… მაგრამ უარის თქმაც გამიჭირდება. რა უნდა შემომთავაზონ?! არც ერთი ქართული ჯილდო არ დარჩენილა ჩემგან მიუღებელი.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
P.S. იმ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა და მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში საკუთარი ძალის მოსინჯვა გადაწყვიტა, ქმნის პარტიას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
«საქართველო და მსოფლიომ» ამასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა სთხოვა ბატონ ჭაბუას. პასუხად მან გაზეთის რედაქციას გადმოსცა წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელსაც აქვე ვაქვეყნებთ.
ჭაბუა ამირეჯიბის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს
პატივცემულო ბატონო ბიძინა!
უპირველესად ყოვლისა, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა მოგახსენოთ იმ სასიცოცხლო და უანგარო დახმარებისთვის, რასაც ყოველთვიურად გვაწვდით ქართული ინტელიგენციის მნიშვნელოვან ნაწილს.
ჩემი მეუღლის, ქ-ნ თამარ ჯავახიშვილის დახმარებით გავეცანი თქვენს განცხადებას. თავად მე საკმარისი თვალთახედვა აღარ გამაჩნია, _ უმწეო მოხუცი ვარ, ერთი თვის შემდეგ ოთხმოცდაათისა ვსრულდები. ამდენი ჩემს ახლო და, მგონია, არც შორეული წინაპრებიდან თითქმის არავის უცოცხლია.
თქვენმა განცხადებამ, ბატონო ბიძინა, რეტი დამასხა, გამაოგნა, რადგან თქვენი სახით ქართველ ერს მოევლინა კაცი, რომლის გამოცხადებაზე სიტყვით, კალმით თუ საქმით ბოლო ორმოცდაათი თუ მეტი წლის მანძილზე ვოცნებობდი, როგორც ქართველი ერის ხსნაზე და მომავალი განვითარების ერთადერთ შესაძლებლობაზე.
ვინ ყოფილხართ, რა გონიერებისა, ცხოველმოსილებისა და გამჭრიახობის მქონე ადამიანი და მოღვაწე ბრძანებულხართ!!! ქართველი ერის იმ ნაწილმა, ვინც თქვენს განცხადებას გაეცნო და თქვენი უკვე ნაღვაწი იხილა, _ შეიძინა რწმენა, რომ ხვალინდელ დღეს შემდგომი არსებობისა და განვითარების პერსპექტივა გააჩნია.
თქვენი უკეთილესი განზრახვები იხსნის ჩვენს ერს საბოლოო განადგურებისგან და თავს უფლებას ვაძლევ, განვაცხადო, რომ სიხარულითა და სიამაყით ვუერთდები ბატონ ბიძინა ივანიშვილის გრანდიოზულ წამოწყებას და უწინდელივით ვიბრძოლებ ახლა უკვე თქვენთან ერთად!
ვამთავრებ ამ მიმართვას, ჩემი სიცოცხლისა და გამოცდილების ლოზუნგით _ ჭკუით, ქართველებო! არ აჰყვეთ ჩვენი ერის მტრების, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღმრთივ შთაგონებული განზრახვის ხელისშემშლელ პოზიციას!
ბატონო ბიძინა! ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი მიზნის მფარველი!