Home რუბრიკები პოლიტიკა სარკოზიმ დაგვიბარა, ანუ ლობოტომია ისე არ მოდის…

სარკოზიმ დაგვიბარა, ანუ ლობოტომია ისე არ მოდის…

GEWORLD.GE:
წაშლილი თუ შეშლილი? იმის აღსაწერად, თუ როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის სახე თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტ სარკოზის გამოსვლის დროს, ამ ორიდან, როგორც მინიმუმი, ერთ-ერთი ზედსართავის გამოყენება დაგვჭირდება. 7 ოქტომბერი სააკაშვილისთვის ძალიან მძიმე დღე გამოდგა. დილით უძლიერესი დარტყმა ბიძინა ივანიშვილმა მიაყენა, საღამოს კი ნიკოლა სარკოზიმ ბევრი ისეთი რამ თქვა, რის მოსმენაც სააკაშვილს, სავარაუდოდ, არამც და არამც არ სურდა. ორივე მოვლენა პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რომ მალე სააკაშვილს რეალობაში დაბრუნება მოუწევს, ამჯერად, როგორც ჩანს, _ საბოლოოდ; შესაძლოა, მათ შორის ამ გარემოების გაცნობიერებამ შვა ის უცნაური გამომეტყველება, რომელიც თავისუფლების მოედანზე ვიხილეთ.

გამარჯობა, რეალობავ, შენი…
საერთოდ, ის, რაც საქართველოს ბოლო წლებში თავს დაატყდა, გარკვეული რაკურსით შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მიხეილ სააკაშვილის რეალობისგან გაქცევის ისტორია. ყოველივე ეს ერთობ მოაგონებს მარტინ სკორსეზეს ფსიქოლოგიურ თრილერს «Shutter island». ამ ფილმის მთავარი გმირი ცდილობს, გაშიფროს უცნაური ფაქტები, შემდეგ კი მთელი შეთქმულება, რომელმაც ფესვები ერთ-ერთ კუნძულზე მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაში გაიდგა. ის დაუცხრომლად იბრძვის და (მისი აზრით) გლობალური მასშტაბის ბოროტებას უპირისპირდება. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ის ხსენებული კლინიკის ერთ-ერთი პაციენტია, რომელიც რეალობას გაურბის და ყველაფერს აკეთებს, რათა სიმართლეს საკუთარი თავის შესახებ თვალი არ გაუსწოროს; ექიმები კი ამაოდ ცდილობენ, დაეხმარონ.
საერთოდ, სკორსეზეს ეს ნამუშევარი ნახვად ნამდვილად ღირს; მასში უამრავი, მათ შორის პოლიტიკური ქვეტექსტის აღმოჩენა შეიძლება. ამ ფილმში იყო ერთი ფსიქიატრი, რომელიც რბილ მეთოდებს ემხრობოდა, მაშინ, როდესაც მისი კოლეგები მიიჩნევდნენ, იმ მძიმე შემთხვევაში, ლობოტომიის გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობდა. საფრანგეთის პრეზიდენტის თბილისურ გამოსვლაში ნამდვილად იყო რაღაც ისეთი, რაც იმ ექიმის თერაპიულ საუბრებს მოაგონებდა.
7 ოქტომბერს რეალობა მიხეილ სააკაშვილს ნიკოლა სარკოზის ხმით ესაუბრებოდა: «საფრანგეთი რუსეთს თავის მეგობრად მიიჩნევს, მას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს, რადგან ჩვენი ბედი ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ, ევროპელები და რუსები, ერთად უზრუნველვყოფთ ჩვენი ხალხების მზარდ კეთილდღეობას, ჩვენი კონტინენტის სტაბილურობას და გავაგრძელებთ მსოფლიოში გავლენის შენარჩუნებას ისე, რომ სხვებმა თავისი წესი არ მოგვახვიონ თავს. პარტნიორი და მეგობარი, _ აი, რა უნდა იყოს ან კვლავაც გახდეს რუსეთი საქართველოსთვის».
საბიუჯეტო ორგანიზაციების ათასობით თანამშრომელმა, რომლებიც ხელისუფლებამ აიძულა, იმ დღეს თავისუფლების მოედანზე გამოცხადებულიყვნენ და სარკოზისთან შესახვედრად (ისინი, ფაქტობრივად, იქ მირეკა), საფრანგეთის პრეზიდენტის ეს განცხადება საკუთარი ყურით მოისმინა. ეს იყო უამრავი ადამიანის ხანმოკლე, თუმცა დასამახსოვრებელი შეხება რეალობასთან, ისეთთან, როგორიც ის პარიზიდან ჩანს, და, როგორიც, სავარაუდოდ, სინამდვილეში არის. დაახლოებით ამ დროს ეკრანზე გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის სახე იმ დაუვიწყარი, ძნელად აღსაწერი გამომეტყველებით.
თავის გამოსვლაში, რომელიც სარკოზის მიმართვას წინ უძღოდა, სააკაშვილმა სცადა ურთიერთობები სამკუთხედში «საქართველო-ევროპა-რუსეთი» სულ სხვაგვარად წარმოეჩინა. მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ «ჩვენი საბოლოო მიზანი ნათელია _ ეს არის ევროპა», თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ ევროპაზე საუბრობდა. ვინაიდან ორიოდე კვირის წინ სააკაშვილმა Fox News-ის ეთერში თქვა: «ევროპა ამერიკის მიმართულებას გაჰყვება. ევროპას არ შეუძლია დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა», ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას აშშ-ის პროტექტორატის ქვეშ მყოფი ევროპა იზიდავს. აქედან გამომდინარე, მისი სწრაფვა, ევროპულ სტრუქტურებში შეაღწიოს, ალბათ, უნდა განვიხილოთ, როგორც მოწადინება ევროპაში ვაშინგტონის «ტროას ცხენის» როლი შეასრულოს. ასეთ მიდგომას ჯანსაღად, ცხადია, არავინ ჩათვლის, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეაფერხებს.
შემდეგ სააკაშვილმა ნოე ჟორდანიას სიტყვები მოიყვანა: «თქვენ იცით, რომ საქართველოსა და რუსეთის გზები ერთმანეთს დაშორდა. ჩვენს გზას ევროპაში მივყავართ, რუსეთის გზას კი _ აზიაში. ბოლშევიზმის ჩვენში შემოშვება, აქ მისი გამეფება ნიშნავს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს დასამარებას, ევროპისგან სამუდამო მოწყვეტას და დღეს ვაცხადებ, კიდევ უფრო მეტი ძალით და ენერგიით ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ევროპის დემოკრატიას». ალბათ, ურიგო არ იქნება იმის დადგენა, თუ რა თქვა სინამდვილეში ნოე ჟორდანიამ, რადგან სააკაშვილის პასაჟი მისი სიტყვების მეტად თავისუფალ კომპილაციას წარმოადგენს.
ნოე ჟორდანიაც არ მოასვენა
ჟორდანიას ციტატების ავთენტურობის დადგენა შემდეგი მონაკვეთით დავიწყოთ: «ბოლშევიზმის აქ შემოშვება, აქ მისი გამეფება ნიშნავს ჩვენს აზერბაიჯანად გახდომას, _ ბრძანებდა ჟორდანია, _ ბოლშევიკურ-ოსმალური იმპერიალიზმის საქართველოში გაბატონებას. აზერბაიჯანის გზაზე ჩვენი შედგომა, მისი პოლიტიკური მრწამსის მიღება, ეს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს სამუდამო დასამარებაა, ევროპისგან სამუდამოდ მოწყვეტაა და აზიის ფანატიკოსების ბრჭყალებში ჩავარდნაა». ამ ციტატიდან, როგორც ჩანს, ჭარბი პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე, ამოვარდა აზერბაიჯანი, ოსმალეთი, აზიელი ფანატიკოსები და იმპერიალიზმი; ცარიელი ბოლშევიზმი და ევროპისგან მოწყვეტა-დასამარებაღა დარჩა.
მეორე მონაკვეთი, ჟორდანიას სხვა გამოსვლიდან კიდევ უფრო საინტერესოა: «თქვენ იცით, რომ საომარი კავშირი შეგვთავაზა საბჭოთა რუსეთმა, ჩვენ გადაჭრით უარი ვუთხარით, ჩვენი პასუხი წაკითხული გექნებათ. რას ნიშნავს ეს კავშირი? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კავშირი გავწყვიტოთ ევროპასთან, როგორც მათ აქვთ ეს კავშირი გაწყვეტილი, და პირი ვიბრუნოთ აღმოსავლეთისკენ, სადაც ისინი ახალ მოკავშირეებს ეძებენ. დასავლეთი თუ აღმოსავლეთი _ აი, ეს კითხვაა ჩვენ წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია; ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს და, თუ ბოლშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ უარი უთხრა კავშირზე და ცნობაზე. როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარა, ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი _ აზიისაკენ. ვიცი, მტრები აყვირდებიან, _ იმპერიალისტებს ემხრობითო, ამიტომ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს» (სტენოგრამის მიხედვით, ჟორდანიას ამ სიტყვებს დამფუძნებელი კრება ხანგრძლივი ტაშით შეხვდა).
როგორც ვხედავთ, სააკაშვილმა ჟორდანიას სიტყვები არა მხოლოდ ჩაასწორა, არამედ მისი აზრი დაასაჭურისა. რომელი ევროპული დემოკრატია?
საუბარია არჩევანზე ცუდსა და უარესს შორის, როდესაც ჟორდანია იძულებულია, «დასავლელ იმპერიალისტებს» მიემხროს; მომდევნო ფრაზაშივე ჟორდანია იმპერიალისტებს ირიბად მაინც გადასწვდა და «მუშა-ხალხზე» საუბრისას თქვა: «ის სიმდიდრე, რაც მან შექმნა იმპერიალისტების ხელმძღვანელობით, უნდა გადავიდეს მის სრულ განკარგულებაში».
თუმცა აქ სხვა რამ არის მთავარი: ჟორდანიას მიხედვით, საბჭოთა რუსეთი მოკავშირეებს აღმოსავლეთში ეძებს, იმიტომ, რომ დასავლეთი მათ «კავშირსა და ცნობაზე» უარს ეუბნება. დღეს სხვა სიტუაციაა, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთმა პირი აღმოსავლეთისკენ არ იბრუნოს და ჩინეთის მოკავშირე არ გახდეს. სარკოზი თავის გამოსვლაში კიდევ უფრო შორს წავიდა, როდესაც თქვა, რომ ევროპელები და რუსები, კონტინენტზე სტაბილურობას და მსოფლიოში გავლენას შეინარჩუნებენ, იქვე დაამატა: «ისე, რომ სხვებმა თავისი წესი არ მოგვახვიონ თავს». ალბათ, გლობუსზე დახედვაც კი არ არის საჭირო იმის დასადგენად, თუ ვის გულისხმობდა სარკოზი «სხვებში»; ის, სავარაუდოდ, ჰონდურასსა და ფიჯიზე არ მიანიშნებდა. საერთოდ, სარკოზის გამოსვლის ამ ნაწილის მოკლე შინაარსი შარლ დე გოლის ცნობილ ფრაზაში თავსდება: «ევროპა ატლანტიკიდან ურალამდე _ ეს არის მთელი ევროპა, რომელიც მსოფლიოს ბედს წყვეტს».
ჟორდანიას მმართველობის წლებში საბჭოთა რუსეთსა და იმავე საფრანგეთს შორის იდეოლოგიური უფსკრული არსებობდა. დასავლეთი კომუნიზმის გავრცელებას უფრთხოდა და მოსკოვის იზოლაციის ტაქტიკას მიმართავდა. მაგრამ, როგორც კი გერმანიამ გაძლიერება დაიწყო, საფრანგეთმა კრემლთან ჯერ თავდაუსხმელობის, შემდეგ კი ურთიერთდახმარების პაქტი გააფორმა. 1945-ში Daily Mirror-ი წერდა, რომ ამ უკანასკნელ, 1935-ში (ანუ, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე ხელმოწერამდე 4 წლით ადრე) ხელმოწერილ პაქტში იყო საიდუმლო მუხლი, რომელიც საბჭოელების _ აღმოსავლეთით, ფრანგების კი დასავლეთით მოქმედების თავისუფლებას აღიარებდა. პარიზი და მოსკოვი ამ მუხლის არსებობას კატეგორიულად უარყოფდნენ, თუმცა მთავარი სხვა რამ არის: ჯერ კიდევ კომუნიზმის აღზევების პერიოდში, საფრანგეთი არ (და ვერ) განიხილავდა ფორმულას «ყველა მინუს რუსეთი» ან «ევროპა მინუს რუსეთი», ასეა დღესაც, მითუმეტეს, კრემლში კომუნისტები აღარ სხედან.
ცხადია, პარიზი სერიოზულად ვერ მოეკიდება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ «რუსეთის გზა აზიაში მიდის», რომელიც ნოე ჟორდანიას დაჩეხილ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებს ეფუძნება. დღეს სარკოზი გვთავაზობს, განვიხილოთ რუსეთი როგორც კონტინენტური უსაფრთხოების განუყოფელი შემადგენელი ნაწილი და მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები დავამყაროთ; სხვა ვარიანტი პარიზისთვის მიუღებელი ჩანს.
ნოე ჟორდანია სუსტი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც უამრავი საყვედური დაიმსახურა, თუმცა მისი გამოსვლები სააკაშვილის «რეჩებზე» უფრო საინტერესოა, მათ უკან გაცილებით მეტი ფიქრი და ღირსება დგას. შევადაროთ სააკაშვილის ინფანტილური კომენტარი სარკოზის ვიზიტის შემდეგ: «დღეს საფრანგეთმა საქართველო იშვილა ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის საკითხში» და ჟორდანიას შემდეგი სიტყვები: «ახალი საქართველო წარსდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებად. წარვსდექით არა მოწყალებისთვის, არამედ უფლებისათვის. და მათ გვკითხეს _ რა მოგაქვთ? ჩვენ ვუპასუხეთ: მოგვაქვს ორი ათასი წლის კულტურა, ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა, მოგვაქვს უაღრესი დემოკრატიული წყობილება, დემოკრატიული შემოქმედება და მოვითხოვთ შესაფერ ადგილს აზიის ყურეში. ჩვენ არ ვართ სამანდატო, საოპეკუნო ხალხი, ჩვენ ვართ ჩვენი თავის მანდატორი, ჩვენი ოპეკუნი, თავისი თავის ბატონი». ალბათ, აჯობებს, ციტირება შევწყვიტოთ, რადგან «შვილობილი», ასე ვთქვათ, მზრუნველობამოკლებული სააკაშვილის ხელისუფლების წამომადგენლებისთვის ასეთი პოზიცია, სავარაუდოდ, ყოვლად გაუგებარია.
ლობოტომია ისე არ მოდის…
სარკოზის გამოსვლაში ბევრი მონაკვეთი იყო ისეთი, რომლებიც სახელისუფლო პროპაგანდამ «უპრეცედენტო მხარდაჭერად» შეაფასა, თუმცა სტრატეგიული მნიშვნელობის ერთადერთ გზავნილს, რომელიც ზემოთ განვიხილეთ, ის, პრაქტიკულად, არ შეხებია. ეს მისი მხრიდან, ალბათ, ლოგიკური იყო, რადგან სარკოზის გამოსვლის ჩაძიება მეტად ორაზროვან ქვეტექსტებამდეც მიიყვანდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაგალითად, ისაუბრა არჩევანზე, რომელიც «საფრანგეთმა და გერმანიამ 1945 წელს სამი დამანგრეველი კონფლიქტის შემდეგ გააკეთეს. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნების მეხსიერებაში ომის მოგონებები ღრმად იყო ჩაბეჭდილი, ორმა შორსმჭვრეტელმა ადამიანმა, შარლ დე გოლმა და კონრად ადენაუერმა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი კონფლიქტის ნანგრევებზე თავისი ხალხები შერიგების გზაზე დააყენეს. დღეს საფრანგეთისა და გერმანიის მეგობრობა გულწრფელი და მტკიცეა. ეს მეგობრობაა სწორედ ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა. საქართველოსა და რუსეთს მოვუწოდებ, დაადგნენ ამავე გზას, რადგან არც კავკასიაში და არც არსად სხვაგან დაპირისპირება ბედისწერა არ არის».
იმ გზის გამეორება, რომელიც საფრანგეთმა და გერმანიამ II მსოფლიო ომიდან დღემდე გაიარეს, საქართველოსა და რუსეთს, სავარაუდოდ, ინტეგრაციის ისეთ სტადიამდე მიიყვანს, როგორიცაა «ერთიანი ეკონომიკური სივრცე» ან «ევრაზიული კავშირი», რომლის შექმნას ვლადიმერ პუტინი გეგმავს. მან კი გასულ კვირას Известия-ში გამოქვეყნებულ წერილში შემდეგი რამ დაწერა: «ევროპელებს 40 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ «ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებიდან» სრულყოფილ ევროკავშირამდე მისულიყვნენ. საბაჟო კავშირი და ერთიანი ეკონომიკური სივრცე გაცილებით დინამიურად ყალიბდება, რადგან ევროკავშირისა და სხვა გაერთიანებების გამოცდილებას ითვალისწინებს». პუტინი, სავარაუდოდ, შეეცდება, ინტეგრაციას პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელი მაქსიმალურად შეუწყოს, რათა მისი მმართველობის დასრულებისთვის პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. ამ დროს თბილისში ჩამოდის ნიკოლა სარკოზი და საქართველოსა და რუსეთს, საფრანგეთ-გერმანიის გზის გამეორებას სთავაზობს; ეს გზა კი არა მხოლოდ შერიგებას, არამედ მიზანმიმართულ, შეგნებულ ინტეგრაციას გულისხმობს.
თუმცა ჩავთვალოთ, რომ მსგავსი ქვეტექსტი სარკოზის გამოსვლაში საერთოდ არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ განხილული პარალელი, ფაქტობრივად, ზედაპირზე დევს და ყოველივე მაქსიმალურად გავამარტივოთ: საფრანგეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა და მოგვიწოდა, რუსეთს შევურიგდეთ. მან მკაფიოდ მიანიშნა, რომ პარიზსა და მოსკოვს შორის არ არსებობს გადაულახავი წინააღმდეგობები, რომელთა გამოყენებას სააკაშვილი შეძლებს. ალბათ, თავისუფლების მოედანზე ბარაკ ობამაც უნდა გამოვიდეს და დაახლოებით იგივე გაიმეოროს, რათა სააკაშვილის ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მიხვდეს, რომ ფსონი რუსეთ-დასავლეთის დაჯახებაზე ყოვლად უპერსპექტივოა, საშიშია და მას ალტერნატიული სტრატეგიის შემუშავება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე, როგორც მარტინ სკორსეზეს ფილმში «Shutter Island», შედარებით უწყინარი მეთოდების მომხრე ექიმების ადგილს ლობოტომიის მოყვარული სპეციალისტები დაიკავებენ (განსაკუთრებით დამაჯერებლად ამ როლის შესრულება ამერიკელ პარტნიორებს შეუძლიათ).
ეს, ალბათ, სააკაშვილის ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობაა, რეალობას თვალი გაუსწოროს, თუმცა, 99%-იანი ალბათობით, ამ შანსს არ ან ვერ გამოიყენებს.
დიმიტრი მონიავა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here