Home რუბრიკები საზოგადოება დიდს ქველის მომქმედს ბატონ ბიძინა ივანიშვილს

დიდს ქველის მომქმედს ბატონ ბიძინა ივანიშვილს

708

ღ ი ა დ წ ე რ ი ლ ი
“…ჰსთქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე:
_ ძვლებიც კი ჰფიქრობს საქართველოზე…”
წარწერა კოკი დადიანის საფლავზე სოფ. ლევილში.

ჩემი გადახვეწის შემდეგ მრავალი ცრემლი დამიღვრია, ცრემლი _ ნეტარებისა ან ცრემლი _ მწუხარებისა, ორთავე სამშობლოს ნოსტალგიით, მასზე ფიქრით გამოწვეული. მრავალი შერხევა განმიცდია ნეტარი წუთით _ გამოწვეული დიდი “კარდჰუს” შვილობის განცდით. ახლაც შერხეული ვარ, ვიგონებ რა თქვენს მოღვაწეობას _ სამშობლოსათვის  გაწეულს. გამოგიცხადოთ მადლობა? ეს ემსგავსებოდა მადლობა გამომეთქვა მღვდელმთავრისადმი ზიარებისათვის. დე ეს “აქტი” დარჩეს წვეთად სამშობლოდან მოგვრილი ზედაშისა, რაიც ვიგემე მე სამუდამოდ გადმოხვეწილმა. ხოლო ნიშნად ქედდადრეკით პატივისცემისა, ნება დამრთეთ რამოდენიმე მოსაზრებათა მორთმევისა:
გრიგოლ რობაქიძე
ყოველი მცენარე მხოლოდ დროის ერთ რომელიმე მონაკვეთშია საცნაური: მორჩობაში, ყლორტობაში ან სიმწიფეში, მაგრამ ვინაიდან იგი თავის თავში ატარებს მისი ნებისმიერი ნაწილიდან მთელის აღდგენის შესაძლებლობას, ამიტომაც ვჭვრეტდი მთლიანობაში მას:
წინ _ მორჩიდან ყლორტამდე და უკან _ ყლორტიდან მორჩამდე. და ბოლოს ჩვენ წინაშე მატერიალურ-მატერიალურად ფარფატებს თვით მთავარმცენარე (ისევე, როგორც ბავშვის სახეში შეიძლება დაიჭირო დედისა ან მამის სახე).
ეს მოსაზრება ხალხის ყოფიერების ხატშიც პოულობს სრულყოფილ შესატყვისს. ასევეა ადამიანის მთავარუჯრედიც, რომელსაც ჩვენ დვრიტას ვეძახით.
უფრო ნათლად: ნებისმიერ ქართველ გლეხს რომ ჰკითხო, რა მოსდის ყურძენს სიმწიფეში შესვლისას, მყისვე მივიღებთ პასუხს: მტევანში თვალი ჩავიდაო. ხოლო თვალში მზე იგულისხმება. გოეთე ბრძანებს _ “ვისაც მზიური არ აქვს თვალი, მას მზის დანახვაც არ შეუძლია”. ცხადია ეს ფრაზა ჩვენებურ გლეხს არ აქვს წაკითხული და მხოლოდ ამის შემდეგ შემეცნებული.
ეს ცოდნა მას თავის მშობლიურ ენასთან ერთად ეძლევა, სადაც “მზეს” და “მზერას” ერთი და იგივე ფუძე აქვს.
მაინც ვინ მიხვდა ამას, ვინმე ჩვენს წინაპართაგანი? და მას მერე ეს ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა? არა ბატონებო _ ყოველ ცალკეულ ადამიანში, იქნება იგი ამჟამად მცხოვრები, აწ უკვე განსვენებული თუ სულაც მომავალში ღვთის დიდებით გასაჩენი, არის რაღაც წინასწარ მოცემული, რაიც მასში მორჩის სახითაა ჩაკირული და მარადჟამს ცოცხლობს. ეს რაღაც _ ცოცხალი არსების რომელიღაც სახეობა, გაუხლეჩავი და ერთიანი _ ენის მედიუმში მსოფლსახის ჭეშმარიტ ძალად გვევლინება.
ხალხი თუ რაიმემ შეძრა, იქნება ეს დამარცხების ტკივილი თუ რაიმე აღმაფრთოვანებელი ექსტაზი, მაშინ თითოეულმა ადამიანმა თუნდაც წამის ერთი ნაწილაკის განმავლობაში საკუთარ თავში ლამის პიროვნულად უნდა შეიგრძნოს ის რაღაც, როგორც თავის საკუთარი მთავარუჯრედი. ფესვების ამდაგვარი შეგრძნება ზოგჯერ ისე შორს მიდის, რომ ვინმე კურთხეული პიროვნება საკუთარ თავს ხალხის იდენტურად აღიქვამს: მაშინ იგი თავგანწირვისათვის შინაგანი მზაობის წყალობით ხალხის თვითობაში აღმოჩნდება ჩაზრდილი და შესაბამისად ხალხიც მასში ხორცშესხმულ ხატს დაინახავს.
მაგალითისთვის დავაკვირდეთ პაგანინის ვიოლინოს. მასში საიდუმლოდ შემონახულნი თვლემენ ის მუსიკალური ტალღები, გენიალური მევიოლინე მის სიმებს რომ გამოაცემინებდა. დამათრობელმა რხევებმა ისე გააკეთილშობილეს უსულო ხე, ალბათ მასში ახალი ნუჟრებიც კი წარმოშვეს _ საკმარისი იყო მასზე ვინმე ხელგაუწაფავს დაეკრა, რომ შეიძლებოდა უხეშად დაზიანებულიყო მერქნის ნატიფი ქსოვილი. და თუკი ხეს ძალუძს, თუნდაც წმინდა ფიზიკური თვალსაზრისით განიცადოს ასეთი სახეცვლილება, მაშინ განა ხალხისათვის თავშეწირულ ადამიანს არ ხელეწიფება ხალხის ჯანსაღი უჯრედები თავის წიაღში მიიღოს და დააუნჯოს? ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავგანწირვის შინაგანი მზაობა. ეს თავგანწირვის სიმამაცე როდია, ეს გარდაქმნის სიმამაცე გახლავთ.
თუ კი ვინმე მთლიანად და უყიყმანოდ გაიზიარებს თავისი ხალხის ბედს, მაშინ მას მიეცემა ნიჭი და უნარი ფარულად შეამოკლოს გამყოფი შუალედი, ანუ სივრცე ყოფიერების ირგვლივ არსებულ ცოდნასა და თვით ყოფიერებას შორის. მაშინ იგი თანდათან მოიპოვებს ყოფიერების იმ წყალობას, რასაც ძველი ბერძნები “კაიროსს” ეძახდნენ, ანუ მოიპოვებს უნარს ქმედებისას იპოვოს გადამწყვეტი წამი.
იდუმალებითაა მოცული ის რაღაც, რომელიც ნებისმიერი ხალხის მთავარი ხატის სახით ვლინდება. ესაა პირველმდგენი, სიცოცხლის მქმნელი: ოღონდ არა მოდგმისა და ჯიშის შექმნის გაგებით. იგი ჩვენთაგანი არ არის, მაგრამ მაინც ყოველ ჩვენგანში ცოცხლობს. იგი ზებიოლოგიური ბუნებისაა და შინაგანი სულიერ-ხორციელი არსებობის შუაგულიდან მომდინარეობს. ეს ზესთაპიროვნული ინდივიდუალობაა, მაგრამ მითიურ ადამიანს იგი კონკრეტული პიროვნების სახით შეიძლება გამოეცხადოს.
ქართველები ჩვენი ხალხის პირველმდგენს სახელსაც კი ვარქმევთ, “კარდჰუს-ქართუს”, ბერძნულ ყაიდაზე ქართლოსს. მცხეთაში, სადაც ოდესღაც მზეს განდობილნი საკულტო სალოცავებს აგებდნენ, რათა მედიტაციისას გამოეყენებინათ ამ ადგილის უჩვეულო გამოსხივება, იქ, სადაც მეოთხე საუკუნის დამდეგს წმინდა ქალწულმა ნინომ ვაზის ნასხლევისაგან საკუთარი თმით შეკრული ჯვარით გვაზიარა ქრისტიანობას, გადმოცემის თანახმად გვეგულებოდა კარდჰუს საფლავი. ყოველ წელს იმართებოდა მისი დატირება, ოღონდ ამაში ალბათ არ იგულისხმებოდა პირველმდგენის ჭეშმარიტი სიკვდილი. არა, იმ ხალხის ცნობიერებაში, რომელშიც აუხსნელი მიზეზების გამო პირველმდგენის ძალებს კარგა ხანია ჭკნობა შეჰპარვოდა, ფესვებს მწარე შიში ღრღნიდა, რომ თვით პირველმდგენი იყო დასაშრეტად განწირული, რადგან ძნელი წარმოსადგენია პირველმდგენი, როგორც ღვთაებრივი შესაქმეს მთავარი ხატი, უკვალოდ გამქრალიყო. კარდჰუს იმიტომ დასტიროდნენ, რომ ქვეშეცნეულად გრძნობდნენ: პირველმდგენის გარეშე ხალხს ხალხი აღარ ჰქვია. ეს შეიძლება იყოს ადამიანების ჯგრო, მაგრამ მას არ ექნება არსი. ყოველი ცალკეული ადამიანი როგორღაც თავისი ხალხის მთავარხატთან შემაკრთობელი იდუმალებითაა დაკავშირებული. ყოველი გენიოსი ქვეცნობიერად კიდევ უფრო მეტად ინარჩუნებს თავისი ერის პირველმდგენთან ფარულ კონტაქტს და მისი გამოვლენის ფორმა იმ პირველმდგენითაა დაღდასმული. ამ კონტაქტის გარეშე წარმოუდგენელია შემოქმედებითი აქტი. ისტორია ამ წესის თითქმის ვერცერთ გამონაკლისს ვერ დაგვიდასტურებს.
პირველმდგენსა და ცალკეულ პიროვნებას შორის გამუდმებით მოქმედებს დრამატიზმით აღსავსე დაძაბულობა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის დანიშნულებას, ამას თავის შემოქმედებით შრომაში ნათლად გრძნობს. იგი ცდილობს შექმნას რაღაც ახალი, ანუ ხელახლა წამოიწყოს საქმე, მაგრამ თუ წამოწყება პირველსაწყისის ერთგული არ იქნა, მაშინ შემოქმედებაში თვითნებობა აღზევდება, ანუ ჭეშმარიტი სტილის შექმნა გაუჭირდება.
მზეგრძელი იყოს ის, ვისაც ხელეწიფება ჰარმონიაში ამყოფოს საწყისსა და პირველსაწყისს შორის არსებული იდუმალი ცეზურა. ვაი, მას, ვინც ეს ვერ შეძლო: იგი საბოლოოდ არარად გადაიქცევა.
ხალხის მთლიანობა მისი ეროვნებითაა განპირობებული. ადრეული კულტურებისათვის, რომლებსაც უცდიათ ყოფიერებაში შეენარჩუნებინათ საკრალურობა, ცნობილი იყო ეს იდეა. ჩვენში, საქართველოში, ეს იდეა ენაშიც კი ცნაურდება, ქართველს ვინმეს შეურაცხყოფა თუ უნდა, “შე უჯიშოო”, ეტყვის, რაიც “ეროვნების არმქონეს” ნიშნავს, ხოლო უძლიერესი ქართული წყევლა ასეთია: “შენი ჯიში ამოვარდაო”.
ჩვენს საუკუნეში ეროვნული სიწმინდის პირველცოდნა უკვალოდაა გამქრალი. ვინმე თუ შეეცდება იკვლიოს ერის შემადგენელი კომპონენტები, ყოველი მხრიდან შემოუძახებენ: იგი თავს ნებას აძლევს ადამიანსაც ისეთი კრიტერიუმები მიუყენოს, რითაც ძაღლის ან ცხენის წმინდასისხლიანობის ხარისხს ადგენენ ხოლმეო. ცხადია, ადამიანი არც ძაღლია და არც ცხენი. იგი გონიც არის და როგორც გონიერი არსება ქმნის პროცესშია ჩართული: იგი იქმნება, “ქმნა” კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი ადამიანი ყოფიერების ერთ-ერთი მცნების მიხედვით ყალიბდება: “იქმნენ ის, რაც ხარ”.
ადამიანი ერთდროულად მონაცემიც არის და ამოცანაც, იგი ღვთიური მონახაზია, რომელიც თანდათან ყალიბდება. როგორც “მონაცემი” იგი გარკვეული თვისებებითაა აღჭურვილი. სახიერად ღმერთის კანონის მიხედვით არის შექმნილი, ხოლო როგორც “ამოცანა”, იგი თავის თავს განახორციელებს, ანუ საკუთარ თავს თვითონვე აყალიბებს. “ხოლო ის ფორმა, რომ ცოცხლობს და რომ ვითარდება”, ყოფიერების ის მთლიანობაა, ადამიანის პიროვნებად ქცევას რომ განაპირობებს. ამ საკითხს სერიოზული მიდგომა სჭირდება. ფლობერმა თქვა ერთხელ: მისტიკოსი გავხდებოდი ლათინი რომ არ ვყოფილიყავიო. დოსტოევსკი რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია და ორივენი როგორც მოაზროვნეები, უნივერსალურნი არიან. ეს სამყაროს მრავალფეროვნებით აიხსნება. ღმერთის ბუნება ასეთია: ღმერთი ერთსახოვანიც არის და ორსახოვანიც. გერმანული ენა ცდილობს ეს ერთ სიტყვაში ხელშესახებად აგვიხსნას: მაგალითად, “ძწეიგ” არის ის, რაც ერთისაგან მეორის სახით იშვა: ზწეი უდრის ორს, ხოლო ძწეიგ – ორად განტოტვილს,  ანუ ორ ტოტს ნიშნავს.
როგორ წარმოიშობა ერთიდან მრავალი, ეს ჯერ კიდევ შეუცნობელია, მაგრამ ასე თუ ისე გასაგები გახლავთ. დიდი მოაზროვნე პლოტინი როცა კი ამ საიდუმლოს შეეჩეხებოდა, გადმოცემის თანახმად, ლოცვად დგებოდა ხოლმე. იგი მშვენივრად ხვდებოდა, რასთანაც ჰქონდა საქმე. ამბის სახით კი იგი ყოველწამს გვეძლევა. ბერძენი ქალი პირმშოს ცეცხლზე აწრთობს, რათა იგი მოუწყვლადი გახადოს. ეს ჩვილი აქილევსია. ის ადგილი, სადაც იგი დედას თითებით ეჭირა, ანუ ქუსლი, დაუცველი დარჩა. მიწიერსა და ღვთიურს შორის ჯერ კიდევ არსებობს დაძაბულობა. გერმანთა გმირი ზიგფრიდი დრაკონის სისხლში განიბანება და მოუწყვლადი ხდება, ოღონდ ბანაობისას ზიგფრიდს ფოთოლი დაეცემა და სწორედ იმ ადგილზე მიაყენებენ ჭრილობას. ამბავი ვითომ სხვადასხვაა, მაგრამ ფაბულა ერთნაირია.
დიახ, ყოფიერება დასაბამიდან ერთია, მაგრამ იგი მრავალფეროვნად ვითარდება. ერთი მარცხნიდან მარჯვნივ წერს, მეორე _ მარჯვნიდან მარცხნივ, მესამე ზემოდან ქვემოთ. ერთი სიტყვით, მრავალფეროვნება ყველაფერში მჟღავნდება. ადრეულ კულტურებში ეროვნება განმსაზღვრელ ელემენტად რომ ითვლებოდა, ახალ ეპოქაში იგი ლამის არასერიოზულ “თეორიად” იქცა. ჩვენ ხელახლა უნდა შთავბეროთ ერს ძალა, რათა ქართველების ხალხადქცევა დავაჩქაროთ. ამიტომ საჭიროა დედამიწის ძალთა გამოფხიზლება.
ყოველ დროის განდობილებმა უწყოდნენ სისხლის, “ამ სრულიად განსაკუთრებული სითხის” საიდუმლო. მას გააჩნია ის იშვიათი თვისება, რომელსაც კოსმიურში წვდომის უნარი ეწოდება. ეს თვისება ეთერული ტიპის სუბტილური ნივთიერების მეოხებით მომდევნო თაობებზე მემკვიდრეობით გადადის და გონის გამოცდილებას თავის თავში ნაკვალევის სახით ინახავს.
“გადადის რა ტრანსცენდენტული მემკვიდრეობის გზით, იგი (თვისება) ერის საკუთრება ხდება, რომელსაც ინიციაციის რიტუალი თანდათანობით, სათითაოდ გამოაცოცხლებს და კვლავ ქმედითად აქცევს”. (ევოლა) აქ დასაბუთებულია როგორც უძველესი არისტოკრატიის ფენომენი, ასევე სისხლის გამოყვანის არსიც.
აქ ნათლად ჩანს, რომ სისხლი და გონი ურთიერთზემოქმედებას განიცდიან. გონი ჩამოყალიბებისათვის სისხლში დაეძებს ყლორტის გამომღებ პლაზმას, სისხლი კი გონს, როგორც შემოქმედებით აღმაფრენას, ისე ნატრულობს. ეს კანონი ისევე ვრცელდება ცალკეულ ადამიანებზე, როგორც ერებზე, ხალხებზე, კულტურებსა და ენებზე.
თანამედროვე მსოფლიო სწორედ იმიტომ იტანჯება, რომ ამ კანონს ჯეროვნად აღარ მიუზღავს თავისას. რა არის თუნდაც ქრისტიანობის კრიზისის მიზეზი, თუ არა დედამიწის ძალების უგულებელყოფა? ქრისტიანის ფენომენი არის ანტიკური მცდელობა იქცეს ღმერთის ძის ნაწილად. ეს ხდება შემოქმედებითი რწმენის, ანუ ადამიანის მთელი არსების ღვთაებრივი აღმაფრენის შედეგად, მაშინ როცა ღვთის წყალობა უკუდინების სახით მისკენ მიემართება. ამ აღმაფრენის მისაღწევად აუცილებელია ადამიანი დედამიწის ძალებით იყოს ნასაზრდოები, თორემ უამისოდ რწმენა მხოლოდ ფუტურო სარწმუნოებად გადაიქცევა.
აქ მართებული იქნება თავადი გიორგის, გრაალის მცველის სიტყვები მოვიშველიოთ: “რწმენა სარწმუნოებაზე აღმატებული რამ არის. ნივთს თუ შევიმეცნებ, იგი ჩემთვის ჯერ კიდევ საგნად რჩება. თუ რაიმე ვიწამე, მაშინ იგი მე აღარ მიპირისპირდება. შეყვარებულისათვის სატრფო მისი საპირისპირო რამ არ არის: იგი მისთვის ის განუმეორებელი სახეა, რომელშიც საკუთარ თავს პოულობს. სამყარო უძლურია ნივთიერად აღიქვას შეყვარებულთა შორის თავისთავად აღმოცენებული სინამდვილე, მაგრამ იგი მაინც არსებობს და მოქმედებს. სხვისთვის იგი არ არსებობს, მაგრამ თვითობის შიგნიდან დანახული, იგი უნამდვილესი სინამდვილე გახლავთ. სიყვარული რომ ქრება, შეყვარებულებს შორის სიცარიელე ისადგურებს: ახლა ისინი შემაშფოთებლად გაუცხოებულნი, საგნებივით დგანან ერთმანეთის პირისპირ. მორწმუნეც ასევე იქმნის თავის საკუთარ სინამდვილეს? და კიდევ: “ღმერთი რაიმეს წარმოიდგენს თუ არა, მაშინვე ჩნდება რაღაც. ქმნადობის ეს ძალაა რწმენის საიდუმლო. აქ მხოლოდ სარწმუნოება ვერას გიშველის… თანამედროვე კაცობრიობა მხოლოდ ამ რწმენის ქმედითი ძალის ნაკლებობით იტანჯება. იგი  სახარებაში აღწერილ იმ კაცს ჰგავს, ოდესღაც მაცხოვარს რომ შეღაღადა: “მრწამს უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა”. და კიდევ: “ჩვენ მაშინ ვკარგავთ რწმენას, როცა დედამიწას, მარადიულ დედას წავბილწავთ, რამეთუ ქმნის ძალას მხოლოდ და მხოლოდ ის გვანიჭებს… ჩვენ საუკუნეების მანძილზე ან პატივს არ მივაგებდით ან ვებრძოდით მიწას. უკეთეს შემთხვევაში ვიტანდით მას. ჩვენ დაუფიქრებლად, მკრეხელურად ვბილწავთ მაგმა მატერ-ს და აი, ვიგემეთ კიდეც მწარე ნაყოფი _ ღმერთის ძეობისათვის ჩლუნგები და უვარგისნი აღმოვჩნდით… სიტყვა ხორცად იქცა _ ეს საიდუმლო იგავადღა შემოგვრჩენია. აქ დედამიწა ხომ ლოგოსის საშოდ არის მიჩნეული! დედამიწის საშო თუ უბრალო მატერიად აღვიქვით, მაშინ მყისვე გაქრება ადამიანში ლოგოსის ძალები. გონი დაკარგავს ყლორტის გამომღებ სიმკვრივეს. იგი, ასე ვთქვათ, ფუყე და გავარვარებულ რაციოდ გადაიქცევა, რომელიც უძლურია წარმოშვას რწმენის აქტი”.
“დედამიწაში” აქ მოიაზრება თავის თავში ჩაკეტილი სიცოცხლის ერთეულები: ეროვნება, ხალხი, სისხლი, მიწა. დედამიწა გონის კოსმიური პლაზმაა. ჩვენს თავში ამ პლაზმის ზრდას ხელი თუ არ შევუწყვეთ, მაშინ გონი თანდათან რაციონალიზირდება, ხოლო რაციოს თვალით დანახული ქრისტეს ამბავი უბრალო მონაჩმახი იქნება და სხვა არაფერი. როცა ლოგოსი ლოგიკად გადაიქცევა, მაშინ რწმენის გარდამქმნელი ძალის საქმე წასულია.
ერთი ქართული ნაწარმოები მოგვითხრობს: მე-18 საუკუნის დასასრულს, მონებად გასაყიდად სამეგრელოდან ორი ბიჭუნა გაიტაცეს. ისინი ერთხანს ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ ერთმანეთს დააშორეს და აი, 1798 წელს ეგვიპტეში, ნაპოლეონის ლაშქრობისას ერთი მათგანი დიდი მხედართმთავრის არმიაში აღმოჩნდა, მეორე კი ლომგული მამლუქების ბანაკში. პირამიდებთან გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთი მათგანი ბრძოლის ველზე ეცემა. სასიკვდილოდ დაკოდილს ერთი სიტყვა აღმოხდება: “ნანა”, დედის საალერსო სახელი, ერთადერთი სიტყვა მშობლიური ენისა, რომელიც დაწნეხილი სულის სიღრმეში ჰქონდა შემორჩენილი. როგორც დაუნაწევრებელი ბგერებისაგან შემდგარი გმინვა, ისე განიბნა მისი ხმა კოსმიურ სივრცეში. განა ვინმეს შეეძლო გონმიხდილის ხმა გაეგონა? მაგრამ არის ერთი კაცი, ვინც ამ ხმას გაიგონებს: მისი ოდინდელი მეგობარი. მის გულშიც მშობლიური ენის ეს სიტყვაა შემორჩენილი. თავზარდაცემულს ესმის სულთმობრძავის ხრიალი. ტკივილი უორმაგდება, როცა მიხვდება, რომ მისი ბედის მოზიარე ხელჩართულ ბრძოლაში საკუთარი ხმლით განუგმირავს. მაშინ კი სასოწარკვეთილი ყვირილი აღმოხდება და მის ყვირილში წუთისოფელთან გამოთხოვების გმინვა თვით წუთისოფლის წყევლა-კრულვად გადაიქცევა.
ვისაც ეს ყვირილი ძარღვს არ შეუტოკებს, იგი სიტყვა “სამშობლოს” ვერასოდეს გაიგებს. აი რა არის ქართველი კაცის _ ცეცხლოვანი სასმელი.
ქართველი მკაფიოდ გამოკვეთს სამშობლოს ცნებას და მისი მეოხებით თვითონაც ვითარდება.
ზოგჯერ ერთი ჭის წყალს მთლიანად გამოფიტულ მიწაზე მიუშვებენ ხოლმე, მერე ამომშრალი ჭა ერთხანს ჩაფლულია ნეტარ მყუდროებაში, მაგრამ მისი სიღრმიდან მაინც ჟინიანად მოიკვლევს გზას წყლის ნაკადი _ საქართველოში ამას წყაროსთვალს ეძახიან _ და ჭის წიაღი ნელ-ნელა, უხმაუროდ ივსება. მე ვგრძნობ, სიმშვიდეში ჩაძირულ, მდუმარე ერში იმ ჭასავით როგორ მოედინება ხალხის ძალები.
ამის გახსენებაზე გონებაში ამოტივტივდა ერთი ჩრდილოური მითი:
გამიგონია ხარობს სადღაც ერთი იფანი,
იგდრაზილია სახელი მისი.
ტანაშოლტილ ხეს მუდამ ადგას ნათელი ნისლი.
იქიდან მოდის თურმე ცვარ-ნამი,
დაბლა ხეობებს რომ ეფინება.
თვითონ იფანი მარად მწვანეა,
ურდის ჭის ახლოს ამონაზარდი.
კვლავაც საკვირველად ჰყვავის მსოფლიო ხე. მის ახლოს ჭები არ დაშრეტილა. ორი ფრინველი, ორი გედი ბუდობს იმ ურდის ჭაში. მათი მედიდური, მელანქოლიური ცურვა უსაშველოდ ნაზი ფშვინვით ავსებს კოსმიურ სიჩუმეს. იფნის კენწეროში ირმები სახლობენ. მათი კრიალა თვალებიდან გაცხადებული ყოფიერების პირველმზერა გამოკრთის. დაკუნტრუშებენ ეს ღვთის შვილები და შენს სმენას ფოთლების შარიშური აჯადოებს.
იმ იფნის შთამომავლები არიან მსოფლიოს უდიდეს ცივილიზაციათა შემქმნელები. ეს ხე ჩვენი ჯიშის, ჩვენი გენის საგვარტომოც გახლავთ. მისი მაცოცხლებელი ძალა იმ ჭიდან მოედინება, მსოფლიო იფანს რომ ასაზრდოებს.
გრიგოლ რობაქიძის მიხედვით შეადგინა და ღია წერილის სახით ჩამოაყალიბა:
წმ. გიორგის სადროშოს დამფუძნებელმა,
წმ. სამების ტაძრის დიაკონმა ელიზბარ დიაკონიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here