Home რუბრიკები საზოგადოება ერთნი ჯვარს საცხოვნებლად ტვირთულობენ, მეორენი კი _ წარსაწყმედად

ერთნი ჯვარს საცხოვნებლად ტვირთულობენ, მეორენი კი _ წარსაწყმედად

877

GEWORLD.GE:
«ამაღლდა ჯვარი, რათა ჩვენ ქრისტიანები აგვამაღლოს, ამაღლდა ჯვარი, რათა მტრის ამპარტავნება დაამდაბლოს». მაცხოვარმა ადამიანებს მათი ზნეობრივი ვალი რჯულის ორი მცნებით განუსაზღვრა: «შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა» და «შეიყუარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი». ამასთან, უფალი ასწავლიდა, რომ ამ მცნებათა ჯეროვნად შესრულება შეუძლებელია საკუთარი თავის ამა თუ იმ ხარისხით უარყოფისა და მსხვერპლის გაღების გარეშე. მათი აღსრულება ღვაწლს ითხოვს. სად იპოვოს მორწმუნემ საამისო ძალა? იგი მას მიიღებს ქრისტესთან ერთობითა და მისდამი სიყვარულით, რაც ადამიანს აღძრავს, _ შეუდგეს მაცხოვარს.

ამ ღვაწლს ქრისტემ უწოდა «უღელი ჩემი»: «აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს». უფალი მას, აგრეთვე, უწოდებს «ჯვარს». თავის ჯვარცმამდე დიდი ხნით ადრე ქრისტე ასწავლიდა: «რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე», «რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა ჩემდა ღირს არს». მართლმადიდებლობა _ ეს არის გზა ჯვარცმისა და გოლგოთისა. ეს არის დათმენის გზა, ქრისტეს სახელის მწუხარებათა, დევნისა და მძლავრობის გაძლების, მტერთაგან საფრთხისა და მუქარის ატანის, ქრისტესთვის ამქვეყნიურ სიკეთეთა უგულვებელყოფისა და საკუთარ ვნებებსა და გულისთქმებთან ბრძოლისა. პავლე მოციქული წერს: «ქრისტეს თანა ჯვარცმულ ვარ… ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისათვის სოფელი ჩემდამი ჯუარცუმულ არს და მე სოფლისა». ზნეობრივ ცხოვრებაში შინაგან ბრძოლასა და თავშეკავებას ვერ გაექცევი. «რამეთუ მრავალი ვინმე ვლენან, რომელთათვის მრავალგზის გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ ტირილითა გითხრობ თქუენ მტერთა მათთვის ქრისტეს ჯუარისათა. რომელთა ღმერთ მუცელ არს და დიდებაი _ სირცხვილსა შინა მათსა, რომელნი ქვეყანისასა ზრახავნ». სამოციქულო ეკლესიის ხვედრია, «იყოს დევნული ქრისტეს ჯვარისათვის», როგორც ეს მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიპსშია წარმოდგენილი.
ეკლესია თავისი ისტორიის მანძილზე უსასრულოდ უძლებდა ძლიერ განსაცდელს, დევნასა და საუკეთესო მსახურთა მოწამეობრივ სიკვდილს. ამას ერთმა თანამედროვე მღვდელმსახურმა და საეკლესიო მწერალმა «ღვთის მოსავალი» დაარქვა. ჯვარი გზაა ქრისტიანისა და ეკლესიისა. ამასთან, იგი ეკლესიის ძალაც არის. ქრისტიანი ფიქრებით ჭვრეტს «სარწმუნოებისა ჩვენისა წინამძღვარსა და სრულების მოქმედსა იესუს» და მას სულიერ ძალას აძლევს იმის შეგნება, რომ უფლის სიკვდილს მოჰყვა აღდგომა და ჯვრით «დაიძლია ქვეყანა».
ჯვარი ეკლესიის ნიშანია იმ დღიდან, რაც მაცხოვარმა თავისი მხრებით ატარა იგი გოლგოთისკენ, როცა იგი მასზე გააკრეს; მას შემდეგ ჯვარი ქრისტიანობის, ეკლესიის, მორწმუნე ადამიანის ხილული ნიშანი და სასწაული გახდა. ზოგი მრავალრიცხოვანი ქრისტიანული საზოგადოება უარყოფს ჯვარს როგორც ხილულ ნიშანს და თვლის, რომ იგი იყო და დარჩა დამცირების იარაღად. ჯერ კიდევ პავლე მოციქული აფრთხილებდა, არ მიეღოთ «საცდური იგი ჯუარისაი», რათა «არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი, რამეთუ სიტყუაი იგი ჯუარისაი წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთვის ძალ ღმრთისა არს». მოციქული არწმუნებდა, არ ეთაკილათ ჯვარი, როგორც დამცირების ნიშანი: «განვიდეთ მისა გარეშე ბანაკსა და ყუედრება იგი მისი (უფლისა) მოვიღოთ,» _ არიგებდა იგი, რამეთუ დამცირებას დიდებით აღდგომა მოჰყვა. ჯვარი კი ცხონების იარაღად და დიდებისაკენ სავალ გზად მოგვევლინა. ქრისტიანს მარად თვალწინ უდგას ჯვრის ხატება: იგი პირჯვრის გამოსახვით თავის თავს შეახსენებს, რომ, ჯერ ერთი, მოწოდებულია, შეუდგეს ქრისტეს კვალს; მეორე, ქრისტეს ჯვრის ძალით საკუთარ თავსა და ამქვეყნად არსებულ ბოროტებასთან საბრძოლველად ძლიერდება; და მესამე, ქრისტიანი აღიარებს, რომ მოელის ქრისტეს დიდებით გამოჩენას, უფლის მეორედ მოსვლას, რომელსაც, თავად მაცხოვრის სიტყვების თანახმად, წინ გაუსწრებს ზეცაზე ძე კაცისას ნიშნის გამოჩენა. ეს სასწაული, ეკლესიის მამების ერთსულოვანი აზრით, ცაზე ჯვრის დიდებული გამოსახვა იქნება. ეკლესია ღრმად აცნობიერებს ჯვართან დაკავშირებულ ნააზრევთა სიმდიდრეს და უგალობს მის ძალას: «უძლეველო და მიუწვდომელო, და საღვთო ძალო პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისაო, ნუ განგვეშორები ჩვენ ცოდვილთ».
ჩვენი უწმინდესის თქმით, «ადამიანის სულიერი სამყარო იღებს ჯვრის სახელს, რაც გულისხმობს, ჰორიზონტალური და ვერტიკალური აზროვნების უნარს. ჰორიზონტალური მზერა მოიცავს ზრუნვას საკუთარ თავზე, ოჯახსა და ზოგადად მატერიალურზე. მთავარი დადებითი მხარე ამ აზროვნებისა იმაში მდგომარეობს, რომ მასში შედის ზრუნვა მოყვასისთვის, მაგრამ ადამიანმა ადრევე იგრძნო, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ სულიერი სიცარიელის დასაძლევად აუცილებელია სწრაფვა ღვთისაკენ, ანუ ვერტიკალური აზროვნება. ვერტიკალური ჭვრეტა ცისა და მიწის ერთობაა, სრულყოფილების კიბეზე ამაღლებაა, ადამიანის სულისა და ზრახვის ღვთისკენ მიმართვა და მასთან სრული შერწყმაა. როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ხედვა აუცილებელია ჭეშმარიტი ბედნიერების მისაღწევად. მათი საშუალებით მორწმუნე უნდა ქმნიდეს თავისი ცხოვრების ჯვარს, რომელიც მანათობელ ვარსკვლავად წარუძღვება წინ, როგორც უფლის შემდეგი, უმთავრესი მცნებების აღსრულებისა: «შეიყუარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. შეიყუარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი».
ჯვარი უნივერსალური სიმბოლური ფორმაა, რომელიც გამოხატავს ყოფიერებაში ღვთიურობის ყოველმხრივ განფენას: ვერტიკალურად ზეცისკენ და ჰორიზონტალურად სივრცეში. მათი გადაკვეთით ჯვარი ქმნის ღვთაებრივ ცენტრს. კოსმიური გააზრებით, ეს არის ღვთაებრივი წერტილი, საყრდენი სამყაროს მთლიანობისა; ხოლო პიროვნული გაგებით, იგულისხმება გული ადამიანისა, ვითარცა ცენტრი პიროვნების სულიერ-ხორციელი მთლიანობისა; წრეში ჩახატული ჯვარი კი გამოხატავს სამყაროს მთლიანობას, მის დანაწილებასა და მისსავე ცენტრს.
ყველაფრის საფუძველია ჯვრის ქრისტოლოგიური შინაარსი. ვნების ჯვარი გამოხატავს მაცხოვარს, რომელიც იქნა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი. ამიტომ ეს შეიძლება იყოს ძლევის ჯვარი, ძლევით შემოსილი ჯვარი, «იესო ქრისტეს ძლევაი». ჯვარი ვაზისა სიმბოლოა ქრისტიანული საქართველოსი და მასში იგულისხმება კავშირი ჯვრისა და ვაზისა. ყველა თავის ჯვარს ატარებს და ამით უნდა აღასრულოს «რჯული იგი ქრისტესი». ჯავახეთიდან შემოსული წმინდა ნინო, მოაბრძანებს, დედაღვთისმშობლის მიერ გამოწვდილ ჯვარს და ამსხვრევს წარმართულ კერპებს, რათა ჭეშმარიტი რწმენა დაამკვიდროს ქრისტიანი ქართველის გულში. უდიდეს საეკლესიო დღესასწაულთა ნუსხაში ჯვარს «შემაღლებული» ადგილი უჭირავს, ჯვრის თაყვანისცემა დიდი მარხვის პერიოდში აღინიშნება, ჯვართამაღლება კი უძრავია და 27 სექტემბერს ვზეიმობთ.
რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმინდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი. კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: «ამით სძლო»! უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა მოწინაარმდეგეს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, «რომელთა ზედა მაცხოვარმა ხელნი განიპყრნა». მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედამისი, კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმინდა საქმისთვის. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი სამი ჯვარი, რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველმყოფელი ძელი უფლისა, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა, ისე, როგორც წმინდა ნინოს ჯვრის ჩამობრძანებით, ქართველი ერი გამოფხიზლდა და სვეტიცხოვლის აღშენებას მიჰყო ხელი. ცაზე გამოსახულმა წარწერამ შთააგონა კეთილმორწმუნე მეფეს, რომ ახალი დღესასწაულისთვის დაედო სათავე, ხოლო ტყვე ქალს კი ღვთისმშობლის გამოცხადებამ გაუღვივა ჭეშმარიტი რწმენა, რათა მოექცია ქართველობა. «აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშრად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე». შეძრწუნებულმა წმინდანმა მიუგო: «დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკაცი? ნიშნად და წინამძღვრად, მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო. რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: «ამით დასძლევ ეშმაკის ყველა მანქანებსა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ».
დაახლოებით ერთი და იგივე შინაარსია მოცემული წმინდა მეფე კონსტანტინესა და წმინდა ნინოს ცხოვრებაში, რომელიც ჯვრის სიმბოლიკას უკავშირდება. საინტერესოა, რომელს უფრო გაუჭირდა მტრის დაძლევა, ვის უფრო მეტი წინააღმდეგობა შეხვდა, სად უფრო მეტად გახდა საჭირო ჯვარზე გაკრული მაცხოვრის მოხმობა: ხილულ თუ უხილავ ბრძოლაში? მეფე მრავალრიცხოვან არმიას ებრძოდა, ტყვე ქალი კი _ არმაზის, გაცის და გაემის კერპებს. ისე კი, კერპებთან ბრძოლა უფრო მძიმე აღმოჩნდებოდა, რადგან ფესვები საუკუნეების წიაღში ჰქონდათ გადგმული, მაგრამ მათი მტვრად ქცევა სწორედ რომ ქალწულ ნინოს უნდა შეძლებოდა, მას უნდა აღემართა თხოთის მთაზე ჯვარი, მას უნდა დაებნელებინა მზე მირიანისთვის, რამეთუ მარადიული მზით გაბრწყინებულიყო ქართული მიწა, ჯვრის, მით უფრო ვაზის ჯვრის ძალით.
ვაზი სიმბოლოა იმგვარი მოვლენებისა, რომლებიც შეიცავენ სიჭარბეს, ანუ სისავსისა შინაგანი ძალით ზედმეტად აღვსილობას. ასეთია ვაზი, მას შინაგანი ძალა მოსჭარბებია. ეს ძალა გადადის ღვინოში, ამავე ძალის დაუტევნელობითაა დაგრეხილი მისი ტანი. ვაზის ტანის მიმოხრა გარედან ზემოქმედებით კი არაა გამოწვეული, არამედ შინაგანი აღვსილობის შედეგია. ვაზი თავისი შინაარსით, სისავსის სიჭარბით ჰგავს ღვთისმშობელს. ვაზი სიცოცხლის ხედ არის გააზრებული ქართულ ტრადიციულ აზროვნებაში. წმინდა ნინოს ჯვარი _ ვაზის ლერწები ნინოს თმით შეკრული, სრულქმნილად აცხადებს ამ სიმბოლიკას. გარეგნულად ჯვარი არის «სიცოცხლის ხე», შერწყმული ჯვართან. ვენახი, ყურძენი და ღვინო უფალთან მაზიარებელია. ნედლი ჯვრით ქრისტეს რწმენის ქადაგება თავისთავად ნაყოფს გამოიღებდა, მერე რომ დავით გარეჯის ლავრაში დაწერილიყო ღვთისმშობლის იამბიკო: «შენ ხარ ვენახი, ახლადაყვავებული, ნორჩი, კეთილი, ედემს შინა ნერგული».
ყოველი ადამიანი თუ ერი დაბადებიდან თავის ჯვარს ატარებს. როგორც რომაელი ფილოსოფოსი სენეკა ამბობს, «ბედისწერას მიჰყავს მორჩილები, მიათრევს ურჩებს». ქრისტიანულ გაგებაში კი ბედი არ არსებობს, რადგან ყველაფერი ჩვენი თავისუფალი ნებით არის ნაკარნახევი. ხშირად მორჩილებით ვატარებთ ჩვენს ჯვარს, ხშირად ვეურჩებით და ვცდილობთ, მოვიხსნათ ზურგიდან პასუხისმგებლობა, რაც უფრო მეტად ამძიმებს ჯვარს და გვიგრძელებს გოლგოთის გზას. როგორც წმინდა თეოფანე დაყუდებული გვეუბნება, «ჩავუკვირდეთ თავს და გამოვიძიოთ, როგორ გვიპყრია ჯვარი: ზეაღმართული გვაქვს ის თუ ქვედადრეკილი, დაუდევრობით დათრგუნული. ამასთანავე უეჭველად გამოვიძიოთ: რა არის ჩვენი ჯვარი და რა შეადგენს მას.
ჩვენს ჯვარს შეადგენს ყოველივე, რაც აწუხებს, ამძიმებს სულს და რაც ჰგვემს გულს ღმერთთან აღსავალ გზაზე, მთელი ჩვენი ცხოვრება, ყოველდღიურად. ჩვენი ჯვარი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ბუნების უძლურებაა და მისი ძალების ნაკლულოვანება: გონების შორსგაუმჭვრეტელობა და განსჯის უმწიფრობა, გაღვიძებული სული ხედავს ყოველივე ამას თავის თავში, უმძიმს ეს და ისევე უტვირთავს ეს სიმძიმე, როგორც დამნაშავეს, რომელსაც სასჯელად ზურგზე აჰკიდეს გახრწნილი გვამი. ეს ცოდვით დაცემული კაცობრიობის ჯვარია, ანუ ჩვენი ჯვრის ერთი მკლავი. ჩვენი ჯვრის მეორე მკლავი, ყოველგვარი ცხოვრებისეული უსიამოვნება და განსაცდელია. ჩვენ უსიამოვნებების თავიდან აცილებას ვცდილობთ, ვებრძვით წინააღმდეგობებს და სიცოცხლეს ვიხანგრძლივებთ. ძეძვიანში რომ დადის და დროდადრო ეკლები უკაწრავს სხეულს, ეს ცხოვრებისეული ჯვარია. ჯვრის მესამე მკლავი ჩვენი ვალდებულებებია, ყოველ ჩვენგანს თავისი მოვალეობა აქვს. ყოველი ვალდებულება საქმეებში სრულდება, ყოველი საქმე მოითხოვს შრომასა და მოთმინებას. მოდი, ამას უფლის საზოგადოებისა და მოყვასის მსახურების ჯვარი დავარქვათ.
ამქვეყნად არავინაა ისეთი, ეს სამი ჯვარი, უფრო სწორად თავისი სამკლავიანი ჯვარი, არ ეკიდოს ზურგზე, მაგრამ ერთნი ჯვარს საცხოვნებლად ტვირთულობენ, მეორენი კი _ წარსაწყმედად. უფალი გვკიდებს ჯვარს და სურს, რომ მის მიერ ვცხონდეთ; და თუკი ვინმე ჯვრისგან თავის დაღწევას შეეცდება, სასიკვდილოდ მოიწყლავს თავს…»
სამი ჯვარი აღმართა პილატემ გილგოთაზე: ორი ავაზაკთათვის და ერთი მაცხოვრისთვის. აღსასრული მოახლოებულიყო. შესაძლოა, ავაზაკებს ხიფათითა და ცოდვით აღსავსე ცხოვრება აგონდებოდათ. სიკვდილი მათთვის გარდაუვალი იყო. უიმედობა და გაბოროტება ჯვარცმულ ავაზაკებს ყველა ადამიანის მიმართ დაეუფლათ; ხედავდნენ გასისხლიანებულსა და ტანჯულ უფალს; ესმოდათ მაცხოვრის შეურაცხმყოფელი სიტყვები მღვდელმთავრებისაგან და ხალხისაგან. ეგებ სასწაულსაც ელოდნენ, სასწაულს, მათაც რომ იხსნიდა, მაგრამ მალე გადარჩენის იმედი გაუქრათ. უფალი უსაზღვროდ ტანჯული, გმობისა და სიძულვილის ნაცვლად აქამდე უცნობ, განსაცვიფრებელ მიმტევებლურ სიტყვებს წარმოთქვამდა… ყოვლისშემძლე ტანჯული… მშვიდი, მოსიყვარულე, მზრუნველი არ სწყევლიდა მტანჯველთ, არც რისხავდა, არამედ ლოცულობდა მათთვის. «სიკვდილის ღირსია»! _ გამძვინვარებულნი გაჰყვიროდნენ მღვდელმთავარნი; ჯვარცმის აღსრულებას მოითხოვდა ბრბო; ხელებს იბანდა უბადრუკი მსაჯული; ბრძენნი და წინამძღვარნი ბრმანი და ყრუნი შეიქნენ სიმართლისათვის, ჯვარცმულმა ავაზაკმა კი არამარტო აღიარა ის ჭეშმარიტება, რომ ქრისტეს ცუდი არაფერი ჩაუდენია, არამედ ჯვარცმულსა და ტანჯულ ადამიანში უფალი შეიცნო.
განვლო საუკუნეებმა, არაერთმა მორწმუნემ გაიარა ეკლიანი გზა ქრისტესი, მაგრამ კაცთაგან არავის არ აღმოხდენია იმგვარად სრულყოფილი ლოცვა, ჯვარცმულ ავაზაკს რომ აღმოხდა. არც ვინმეს სმენია იმგვარი იმედის მიმცემი სიტყვები, ავაზაკს რომ ესმა ლოცვის პასუხად სამყაროს ჯვარცმული შემოქმედისაგან: «დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა»… უფლისთვის ჯვარცმა, მომასწავებელია მკვდრეთით აღდგომისა და საუკუნო ნეტარებისა, მაგრამ ჯვრის აღსრულების საიდუმლო ჩვენს თავისუფალ ნებას ემორჩილება და საბოლოოდ ან გოლგოთამდე, ანდა იმ ხემდე მივყავართ, რომელზეც იუდამ თავი ჩამოიხრჩო.
ყველამ თავისი ჯვარი უნდა ატაროს, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც გაიცემა ძე კაცისა; უფლის უღელი ტკბილია, ხოლო ტვირთი სუბუქია, მოღალატის განაჩენი კი ისეთივე მძიმე, როგორც მისი საქციელი. ჯვარი მაშინ მძიმდება, როცა ქრისტეს წიარიდან გამოდის და წარმართი იმპერატორების დასჯის იარაღად იქცევა. გააჩნია, რისთვის ეკვრები ჯვარზე, ქრისტესა და მშობელი მიწის სიყვარულისთვის თუ პირადი ინტერესებისთვის. ძნელია ჯვრის ზიდვა, როცა ორსახოვნად გექცევა იგი. ამაღლებული ჯვარი სიკვდილის დათრგუნვაზე და ჯოჯოხეთის წარწყმედაზე მიუთითებს, მაგრამ ქართული ბუნება ხშირად იმ მიზეზს, რომლითაც უნდა ზეიმობდეს, სამგლოვიაროდაც ხდის და ვერ გრძნობს სხვაობას, რომელი უფროა, მაცხოვრის მარჯვენით თუ მარცხენით გაკრული ავაზაკი, თუ ის, ვინაც უფალთან ერთად საქართველოც გააკრა ჯვარს.
«სოხუმის დანგრეულ ქუჩებში ხალხი აღარ ჩანს… მოდიან მხოლოდ სამღვდელონი… მოდიან ჯვრებით, ხატებით, გალობენ, აღავლენენ ლოცვას და ქვეყნის შემოქმედს პატარა საქრისტიანო მიწის გადარჩენას შესთხოვენ… ასე ვხედავ მე ამ ომს, მის ერთ სურათს…» _ ვკითხულობთ ძველ ჩანაწერებში და მძიმეა ქართული ეკლესიის კალთაზე ჯვართამაღლებას მიმხმარი სისხლის შემჩნევა, ამ დღეს ხომ უნდა გვეზეიმა… «ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდ»…
იმ დღეს საქართველო სამოთხიდან გამოძევებულ ადამს ჰგავდა, რომელიც გაურკვევლობაში იყო ჩარჩენილი და, თავი რომ გადაერჩინა, მის დაცემას სხვას აბრალებდა, ევამ შემაცდინაო. საინტერესოა, ენგურს გამოღმა გამოქცეული «ადამისთვის» ვინ შეასრულა ევას როლი, ვინ «გამოძერწა», პილატე პონტოელივით ხელი რომ შეეხოცა. «და მორდუ აქეთ თუ ოდესმე დააცხიკვებდა, «ხვიჩას სიცოცხლე!» ეძახოდნენ აფხაზეთიდან». მაგრამ მაინც, «მათი ბრალი აღმოჩნდა», არადა, სხვა დანარჩენი საქართველო, როგორც დედინაცვალი _ თავის გერს, ისე უყურებდა აფხაზეთს და მათაც ეგონათ, რომ «სხვა იყვნენ» . ისტორია კი ამბობს: «ეგრის-აფხაზეთის სამეფო ტერიტორიულად მოიცავს მთელ დასავლეთ საქართველოს, შინაარსით ეს სამეფო იმთავითვე ქართული იყო, რადგან ის, ძირითადად, ქართულმა ეთნიკურმა ელემენტმა შექმნა. ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ეთნიკურმა შემადგენლობამ განსაზღვრა ამ სახელმწიფოს ქართულობა, ქუთაისის დედაქალაქობა და ის ზოგადი სახელმწიფოებრივი კურსი, რომელსაც ეს სახელმწიფო ატარებდა საშინაო თუ საგარეოპოლიტიკურ ცხოვრებაში. ეგრის-აფხაზეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში იმთავითვე შევიდა არგვეთი, მცხეთის სამწყსოს მოზრდილი ნაწილი, რასაც დიდად უნდა შეეწყო ხელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიების გაერთიანებისთვის. ამგვარად, ეგრის-აფხაზეთის სამეფო ტერიტორიით, მოსახლეობის უმრავლესობით, ეკლესიით, კულტურითა და ენით ქართული სახელმწიფოა».
ამ შეხედულებას ბედიაში გაჭრილი ერთიანი საქართველოს პირველი მეფის _ ბაგრატ მესამეს საფლავიც გვიდასტურებს. ვინ წაგვართვა აფხაზეთი? როდის წაგვართვა და რა ვითარებაში? საპასუხოდ ისევ შეკითვა მინდა დავსვა: ვინ წაგვართვა სამოთხე, როდის და რა ვითარებაში? საკუთარმა სიხარბემ და დაუნახაობამ, იმ ერთადერთი მცნების დარღვევამ, უფალმა რომ დაგვიდგინა. ცნობადის ხის ნაყოფი არ უნდა გვეხმია, აფხაზეთში კი ერთმანეთი არ უნდა დაგვეჭამა და გადარჩენილი ნაწილი მართალი იოსებივით სხვისთვის არ უნდა მიგვეყიდა. გაორებულად ჯვრის გამოსახვა მაშინ დავიწყეთ, როცა გაყიდულზე გული გვწყდებოდა, და თან სასიამოვნოდ ჩაგვესმოდა, ოცდაათი ვერცხლის ჩხრიალი. მამა ანდრიას შევატოვეთ «ღვთის მიწა», როგორც მან უპასუხა მკვლელს შეკითხვაზე _ ვისია ეს მიწაო? დიახ, უფლის ბოძებულ მიწას იცავდა და, თუ ეს ფიზიკური ძალით არ გამოუვიდა, დღემდე სისხლით იცავს და ინარჩუნებს წინაპართა ხსოვნას. მღვდელი იყო და ბრძოლის ველზე მარტო როგორ დატოვებდა კამანს. «მამა ანდრიას სიკვდილი ამ ბრძოლაში გარდატეხის მომენტი იყო, მე ასე მგონია, რომ მან თავისი უმანკო სისხლით მთელი საქართველოს ცოდვები გამოისყიდა… ჩხუბით, ყვირილით, ლანძღვით შემოვარდებოდნენ ტაძარში აგრესორები, მაგრამ, როგორც კი დაინახავდნენ სისხლში მყოფ მამა ანდრიას სხეულს, მომენტალურად ჩერდებოდნენ და დარცხვენილები ტაძარს ტოვებდნენ», _ ვკითხულობთ მოგონებებში.
ჩვენ როდის უნდა შეგვრცხვეს იმის, რაც მოხდა, მერამდენედ შევუწყვეთ ხელი კაენს აბელის მკვლელობაში? როდემდე უნდა ვაბრალებდეთ სხვას ჩვენს შეცდომებს? როდის გამოვკვეთეთ გოლგოთის გზა? როდის ავკიდეთ ჯვარი საქართველოს და რატომ გავაკარით ჯვარზე? როდის დაიწყო დევნილთა უღელტეხილი?
უღელტეხილი ბევრად ადრე დაიწყო, უფალო, ვიდრე მასზე შევდგი ფეხი… და ეს მერამდენე საუკუნეა, რაც მე და შვილი ჩემი, მშობელი ჩემი, ახლობლები, ძვირფასი ადამიანები, ცოცხლებიცა და გარდაცვალებულებიც, ისინიც კი, რომლებიც აწი უნდა დაიბადონ, ყველანი ერთად მივაბიჯებთ ამ უღელტეხილზე, მივაბიჯებთ უხმოდ, თოვს და ყინავს… როგორ დაიღალა სხეული და როგორ მოიქანცა სული, გულისცემაც გაქრა თითქოს სადღაც. არადა, მივაბიჯებთ და მივაბიჯებთ ჯიუტად და ერთგულად, გზას კი არ უჩანს ბოლო… მოდიან, მაგრამ მათ არ მოუძღვით წინ მოსე, არც ვინმე მწყემსი კეთილი, არც ხატად ჰყავთ ვინმე, არც რწმენა შერჩენიათ, უფალიც არ ახსოვთ უკვე, ყოველ შემთხვევაში, ვინმეს ღმერთის სახელი ეხსენებინოს უღელტეხილზე, არ მაგონდება. არც არავის ძალუძს ხუთი პურით მათი დანაყრება.
მოდიან, ჟამიჟამ თავს წევენ და წინ იმზირებიან. მათი მზერა კითხულობს _ ვინ, ვინ მოგვიძღვის? ვინ ეწამა ჩვენთან ერთად ამ გზაზე? დევნილთა უღელტეხილი ყველაზე მაღალი უღელტეხილია დუნიაზე, მამულის უწმინდესი ჰაერით გაჟღენთილი, ყველა ამქვეყნიურ წვრილმანზე და დავიდარაბაზე, ფულზე და ღალატზე, სიბრიყვეზე ზემდგომი უღელტეხილი _ გოლგოთა სრულიად საქართველოს ცოდვებს მიეზიდება. მის შუაგულში დგას მკერდში მომაკვდავშვილჩაკრული ახალგაზრდა მამა და წყევლის, ხმამაღლა წყევლის პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, გუშინდელებსა და დღევანდელებს, ქართველებს და არაქართველებს, კაცებს, ქალებს… _ ყველას, ვინც მიზეზთა და მიზეზთა გამო თავისი წილი თიხა და ღორღი მოიტანა, შექმნა, ააგო, აღმართა, ააბობოქრა ეს უღელტეხილი. მწყევლის მე, რომელიც ამ სტრიქონებს ვწერ ახლა, და თქვენც, ღრმადპატივცემულო, რომელიც ამ სიტყვებს კითხულობთ.
რა ვქნათ ჩვენ, რა გზას დავადგეთ, რით ვუშველოთ მომაკვდავ ბავშვებს, რომელთა წინაშე მთელი ქვეყნიერება, მთელი ამერ-იმერი საქართველო, ყოველი ჩვენგანი დამნაშავეა?! «მრავალთა ცოდვათაგან დაცემულნი აღგვადგინენ და სულთა და ხორცთა ჩვენთა სენნი განკურნენ, ღვთისმშობელო, რომელნი საფარველსა შენსა მოვილტვით, რამეთუ შენ ხარ მკურნალი ყოველთა.
მამა პეტრე
(კვარაცხელია)
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here