Home რუბრიკები საზოგადოება ჯემალ მებონია: მიმდინარეობს ქართული განათლების ტოტალური ნგრევა

ჯემალ მებონია: მიმდინარეობს ქართული განათლების ტოტალური ნგრევა

1051

GEWORLD.GE:
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მის სამომავლო შედეგებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ მებონია.
_ ბატონო ჯემალ, ხელისუფლების წარმომადგენელთა ომახიან განცხადებებს თუ დავუჯერებთ, ლომაია-შაშკინისეულმა რეფორმებმა პირდაპირ სულზე მოუსწრო ქართულ განათლებას. თქვენი აზრით, რა ხდება დღესდღეობით ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში და საით მივყავართ მიმდინარე რეფორმას, რომელმაც ლამის საყოველთაო პარანოიის პიკს მიაღწიოს?

_ არ ვიცი, ვის ეჩვენება, რომ ამ რეფორმებმა ჩვენს განათლებას და ზოგადად ქვეყანას რამე სიკეთე მოუტანა, მაგრამ განათლების ერთ-ერთ მინისტრს, რომლის ვინაობას მიზეზთა გამო არ ვასახელებ, თვითონ აქვს ნათქვამი, რეფორმამდელი დონე რომ აღვადგინოთ, სულ ცოტა ხუთი წელი მაინც დაგვჭირდებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ რეფორმების შედეგად განათლების დონე კი არ ამაღლებულა, როგორც ამაში მავანნი გვარწმუნებენ, არამედ, ძალიან რბილად თუ ვიტყვით, ამ დონემ იმდენად დაიწია, დღეს უკვე ამათი მთავარი ამოცანა სწორედ რეფორმამდელი მდგომარეობის აღდგენაა. რა გზით, როგორ შეძლებენ ამას, არავინ ამბობს, ხოლო ვისაც მართლა რაღაც გაეგება ამ სფეროში და კარგი საქმეების კეთება შეუძლია, იმ ხალხს, უბრალოდ, დევნიან. აი, ასეთია ამათი დამოკიდებულება მთლიანად განათლების სისტემისადმი. ასე რომ, პრობლემები იმდენია, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, საიდან და რით დავიწყო; მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დღესდღეობით ამ ე. წ. რეფორმების სახით მიმდინარეობს ქართული განათლების დაკნინება და ტოტალური ნგრევა…
_ თქვენი აზრით, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება?
_ ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის მთავარია შედეგი. ისე კი, რა უბედურებებიც ტრიალებს დღესდღეობით განათლების სისტემაში, ვფიქრობ, დიდწილად უვიცობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობის შედეგია, ვინაიდან განათლების სამინისტრო და მთლიანად განათლების სფერო დღეს გავსებულია უცოდინრებით, ადამიანებით, რომლებსაც, ფაქტობრივად, წარმოდგენაც არ აქვთ, რა არის განათლება. სწორედ ეს განაპირობებს იმ შეცდომებს, რამაც აქამდე მიიყვანა მთელი ეს სისტემა.
_ კონკრეტულად რომელ შეცდომებს გულისხმობთ?
_ რომელი ერთი ჩამოვთვალო, ამათ შეცდომებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. სამი ფუნდამენტური მეცნიერება _ ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია გააერთიანეს და ერთ საგნად ისწავლებოდა, გაგონილა ასეთი რამე?! მერე თვითონაც მიხვდნენ, რომ სისულელე გააკეთეს და ისევ ცალკე საგნებად შემოიღეს.
ასევე სისულელე იყო ლოტოტრონის პრინციპით დირექტორების არჩევაც, რაც პირადად ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა. სხვათა შორის, თავის დროზე სააკაშვილმაც გაამახვილა ამაზე ყურადღება და ირონიულად იკითხა ერთ-ერთ გამოსვლაში, რომელმა «ბრძენმა» გააკეთა ესო. დალოცვილო, არ იცი, ვინ გააკეთა?! ის კაცი ახლა გაეროში გიზის და მაღალფარდოვან სიტყვებს ლაპარაკობს…
_ სააკაშვილს ისიც კი თქვა, სკოლებში მოსწავლეთა ზოგადი ერუდიციის დონე ძალიან დაბალიაო.
_ გასაგებია, მაგრამ ვისი ბრალია მერე, განათლების დონე რომ დაბალია? ბავშვებს ლამის წიგნების ტარება აუკრძალეს სკოლებში და, აბა, რა ეგონათ, ვუნდერკინდები გაიზრდებოდნენ?
დამისახელეთ ერთი დადებითი შედეგი, რომელიც ამათ ე. წ. რეფორმებს მოჰყვა, _ სკოლები დაიხურა, უმაღლესი სასწავლებლებიდან პროფესორ-მასწავლებლების საუკეთესო ნაწილი პირდაპირ ქუჩაში გამოყარეს, უნივერსიტეტი თითქმის მოშალეს და დაანგრიეს, ასევე დაანგრიეს მეცნიერებათა აკადემიაც და კიდევ რა ვიცი, რამდენი რამ; ახლა კიდევ საატესტატო გამოცდებიო და რაღაც ახალი უბედურება მოიგონეს, რაც მოსწავლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უბრალოდ, ვერ ჩააბარა. სხვათა შორის, ამათ ხომ გამოაცხადეს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ხუთ-ნახევარი ქულა იყოო, სანდო წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ სინამდვილეში ეს ზღვარი იყო ნახევარი ქულა, ანუ გამოდის, რომ ვინც გამოცდები ვერ ჩააბარა, მას რეალურად ნახევარი ქულაც კი არ აუღია. ხვდებით, რაზეა ლაპარაკი? ეს იმას ნიშნავს, რომ დღესდღეობით სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც განათლების დონე, უბრალოდ, დაბალი კი არ არის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ ხოლმე, არამედ უკიდურესად შემაშფოთებელია, მე ვიტყოდი, თითქმის ნულის ტოლია. ამაში კი, თავის მხრივ, ის ადამიანები არიან, პირველ რიგში, დამნაშავენი, რომლებიც სათავეში უდგანან ამ ე.წ. რეფორმებს და წაღმა-უკუღმა ატრიალებენ განათლების სისტემას…
_ გასაგებია, მაგრამ პროცესები, რაც დღესდღეობით ჩვენს განათლების სისტემაში მიმდინარეობს, იქნებ სულაც ნორმალურია იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც «ნაცმოძრაობის მამები» გვარწმუნებენ, ქვეყანა საბჭოთა სისტემიდან დასავლურზე გადადის. ეს ხომ იოლი პროცესი არ არის?
_ იცით რა, განათლების რომელ მოდელზეც და სისტემაზეც არ უნდა გადავდიოდეთ, არ შეიძლება, საქმე უვიცს და არაპროფესიონალს ჩააბარო, მით უმეტეს, ეს არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და გაფრთხილებას მოითხოვს; კომუნისტებმა ეს შესანიშნავად იცოდნენ და ამიტომაც იყო მაშინ სწავლა-განათლება მაღალ დონეზე, ამათმა კიდევ ლამის წერა-კითხვა დაავიწყონ ახალგაზრდებს.
სხვათა შორის, კომუნისტები ვახსენე და მაშინ ჩვენი სტუდენტები ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში რომ მიდიოდნენ, აქაური ოთხოსნები, განათლების ხარისხით, იმათ ფრიადოსნებს სჯობდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ის სისტემა, რომელიც მაშინ იყო, ბევრად უფრო ხარისხიან ცოდნას იძლეოდა, ვიდრე განათლების დასავლური მოდელი, თუმცა დღესდღეობით ჩვენ რეალურად არც ერთი გვაქვს და არც _ მეორე, უბრალოდ, ის, რაც ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ხდება, არის რაღაც აბსურდული პროცესი, რომელიც, სიმართლე გითხრათ, არც კი მინდა, წარმოვიდგინო, რა შედეგს მოგვიტანს უახლოეს მომავალში…
_ ხშირად მსმენია, რომ სწავლების დონე განსაკუთრებით დაბალია დედაუნივერსიტეტში. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
_ არ ვიცი, სხვა ფაკულტეტებზე ზუსტად რა ხდება, მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ფიზიკის ფაკულტეტი, სადაც მე ვმუშაობ, კატასტროფულ მდგომარეობაშია; თუმცა ეს, ალბათ, კიდევ რბილად ნათქვამია, ვინაიდან, დღესდღეობით, პირდაპირ სულს ღაფავს ფიზიკის კათედრა; კოლეგებისგან მსმენია, რომ სხვა სპეციალობებზეც ანალოგიური მდგომარეობაა; მოკლედ, უნივერსიტეტი მთლიანად ისეთ ჭაობში ჩაიძირა, რომ არ ვიცი, ოდესმე თუ შევძლებთ თავი დავაღწიოთ ამ უბედურებას…
_ უცნაურია, სააკაშვილი თავის გამოსვლებში სულ იმას უჩიჩინებს აბიტურიენტებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ჩვენი პრიორიტეტიაო.
_ მეტსაც გეტყვით, სააკაშვილი ხშირად იმაზეც საუბრობს, რომ განათლების სისტემაში სერიოზული პრობლემებია, ცოტა ხნის მერე კი გამოდის და ამბობს, აი, რა წარმატებით ხორციელდება განათლების რეფორმაო. ახლა მიდი და გაიგე, რომელია სიმართლე და რა აქვთ ამათ პრიორიტეტებად დასახული. როგორც არ იციან, საით მიდის მთელი ეს ე. წ. რეფორმები, ისე თვითონაც არ იციან, რას ლაპარაკობენ…
_ როგორც თქვენ ამბობთ, თუკი უნივერსიტეტი ჭაობშია და გამოსავალს ვერ ხედავთ, რატომ ხმას არ იღებს ამაზე პროფესურა?
_ ჯერ ერთი, სადღაა პროფესურა, ხალხი გარეთ გაყარეს და მერე კიდევ, ამათთან ხმის ამოღებით რამეს გახდები? თითო-ოროლა პროფესორი დღესაცაა უნივერსიტეტში, რომელთაც მართლა არ მოსწონს ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება, მაგრამ რა მერე?.. ესენი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დაწყებული რეფორმები როგორმე ბოლომდე მიიყვანონ და ეჭვიც არ მეპარება, რომ მიიყვანენ. აკი შინაურულ წრეში ნათქვამი აქვს კიდეც ლომაიას: ხომ გადავტეხეთ უნივერსიტეტი წელშიო, _ ეს არის მათი მთავარი ამოცანა და ამისთვის იბრძვიან ეს ადამიანები…
_ სამწუხარო პროგნოზია, მაგრამ, თქვენი აზრით, საბოლოოდ რას მოიტანს ეს რეფორმები, რა შედეგს მივიღებთ, დაახლოებით მაინც თუ წარმოგიდგენიათ?
_ შედეგი უკვე გვაქვს და იმის გაფიქრებაც არ მინდა, რომ ამაზე უარეს მდგომარეობაშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობას ვერსად გავექცევით. ისე, მე თუ მკითხავთ, უმჯობესი იქნებოდა, იმაზე გვეფიქრა, რა შეიძლება დავუპირისპიროთ მომავალში მთელ ამ პროცესებს, ვიდრე გულხელდაკრეფილი ვიჯდეთ ყველა და ვმსჯელობდეთ, რა შედეგს მოიტანს მიმდინარე რეფორმების ესა თუ ის ტალღა. ეს ისედაც ცხადია და ყველამ ვიცით, რომ ამ ვაირეფორმებს გარდაუვალი კატასტროფისკენ მივყავართ.
ესუბრა
ჯაბა ჟვანია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here