ცხინვალში, პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველის ჯამბულატ თედეევის მამის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
სააგენტო „რესი“–ს ინფორმაციით, ცხინვალის მილიციამ ასაფეთქებელი ანონიმური შეტყობინების მიღების შედეგად აღმოაჩინა.
ცხინვალის პროკურატურის გამნაღმველთა ჯგუფმა „ნივის“ მარკის ავტომობილის სალონში პოლიეთილიენის პაკეტში შეხვეული 200 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, მაგნიტი, რადიომიმღები და სამი მობილური ტელეფონი აღმოაჩინა, რომელთაგან ორს მავთულები ჰქონდა შეერთებული.
ავტომობილში ასევე იპოვეს ექვსი კომპაქტდისკი, რომლებზეც თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელზე ჯამბულატ თედეევზე დოკუმენტური ფილმი იყო ჩაწერილი. იქვე აღმოჩნდა ილია თედეევის სახელზე გაფორმებული დაზღვევაც.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯამბულატ თედეევს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა, რასაც ოკუპირებულ რეგიონში არეულობა მოჰყვა.
მოგვიანებით ცხინვალის მთვარობამ თედეევის 100-მდე მომხრე დააკავა. თავად თედეევი კი საკუთარ სახლში დაცვასთან ერთად იმყოფება.
ცხინვალში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბრისთვის არის დანიშნული.