Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილს სარკოზისთან თავის მართლება ძალიან გაუჭირდება

სააკაშვილს სარკოზისთან თავის მართლება ძალიან გაუჭირდება

578

GEWORLD.GE:
ხელისუფლება განსაკუთრებულად ემზადება საფრანგეთის პრეზიდენტის _ ნიკოლა სარკოზის დასახვედრად. პრეზიდენტი სარკოზიც კარგად მომზადებული გვესტუმრება კავკასიური ტურნეს ფარგლებში. ელისეს სასახლეში ინფორმირებულები არიან საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ევროპელი მაღალი სტუმარი მასპინძელ პრეზიდენტთან სერიოზულ საუბარს აპირებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ელისეს სასახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლა სარკოზი გაეცნო «საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის» თავმჯდომარის მიერ მიწოდებულ მასალებს. წლეულს, 8 ივნისს, მოძრაობის ლიდერი დავით თარხან-მოურავი პარიზში საფრანგეთის სენატის შენობაში შეხვდა სენატის საერთაშორისო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯოზელან დე როჰანს. ამ შეხვედრას ესწრებოდა ორი სენატორი, რომელთაგან ერთ-ერთი, ალან ჟოურნაკი ამავე დროს არის ქალაქ პეკის მერი და საფრანგეთის სენატში ქართულ-ფრანგული ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი.
«წინააღმდეგობის მოძრაობის» ლიდერმა და ცნობილმა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ საფრანგეთში ჩაიტანეს 26 მაისის მოვლენების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. დოკუმენტური კადრების, იურისტთა სამართლებრივი დასკვნისა და პოლიტპატიმართა «ქეისების» გაცნობის შემდეგ, სენატორებმა საქართველოს ხელისუფლების ქმედება შეაფასეს როგორც «ყოველგვარი დემოკრატიის ფარგლების გადაცდომა» და დავით თარხან-მოურავს დაჰპირდნენ, რომ პირადად პრეზიდენტ სარკოზისა და ევროსტრუქტურებს მიაწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაუსაძლისი პირობების, პატიმრების ცემისა და წამების შესახებ.
სარკოზის საქართველოში ვიზიტის წინ შევიტყვეთ, რომ სენატორებმა დანაპირები შეასრულეს და ელისეს სასახლეს მთლიანად გადასცეს მათთვის მიწოდებული მასალები და პრეზიდენტი პირადად გაეცნო ყველა დოკუმენტს.
საქართველოში ვიზიტის წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველი «პოლიტპატიმრების» სიასაც გაეცნობა. «წინააღმდეგობის მოძრაობის» ომბუდსმენმა ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის საკითხებში, ცნობილმა ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ სარკოზის სამდივნოს ქართველი «სინდისის პატიმრების» სია ჩააბარა, რომელშიც ათეულობით გვარი შევიდა.
ელისეს სასახლეშიც და ავლაბრის სასახლეშიც მოელიან, რომ პრეზიდენტი სარკოზი მძიმე საუბარს გამართავს ქართველ კოლეგასთან. ამიტომაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობენ, მაქსიმალურად ასიამოვნონ სტუმარს და პრეზიდენტ ბუშზე არანაკლებ დახვდნენ თავისუფლების მოედანზე. თუმცა, ფრანგი დიპლომატების აზრით, პრეზიდენტ სააკაშვილს ეს ვერ უშველის _ კარგად ინფორმირებულ სარკოზისთან თავის მართლება ძალიან გაუჭირდება.
გია მინაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here