Home რუბრიკები საზოგადოება დეკანოზი დავით ისაკაძე: სატუსაღოში ყველაფერი ისმინება, მათ შორის _ პატიმრების აღსარებაც აქედან...

დეკანოზი დავით ისაკაძე: სატუსაღოში ყველაფერი ისმინება, მათ შორის _ პატიმრების აღსარებაც აქედან გამომდინარე, აღსარებების მიღება, სხვადასხვა პირად საკითხზე მსჯელობა, შეგონება ჩურჩულით გვიწევს

833

GEWORLD.GE:
გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ისაკაძე ესაუბრა.
ჩვენი მოვალეობა ისაა, რომ არგუმენტირებულად, დასაბუთებულად და ობიექტურად საზოგადოებას ვაუწყოთ სწორი ეკლესიური ხედვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მე როგორც ამბიონიდან ვესაუბრები მრევლს, ასევე შემიძლია ვესაუბრო თქვენი გაზეთის მეშვეობით. ესეც არის თავისებური ამბიონი, საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენის ერთ-ერთი გზა. ვფიქრობ,  ეს საშუალება აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

მითუმეტეს მაშინ, როცა ქართულ მართლმადიდებელ სარწმუნოებას და ეროვნულ ცნობიერებას ასე ძალუმად ებრძვიან, როცა ერი სულიერ და ფიზიკურ ანექსიას განიცდის. ეს სიტყვები ჰაერიდან არ მომაქვს. ჩემი სიტყვების დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებს რეგიონული ენობრივი სტატუსი მიენიჭებათ.  ამ სტატუსის მინიჭებით სომხური და აზერბაიჯანული ენები და რელიგიები  იმ რანგში აჰყავთ, რომელშიც ქართული ენა და მართლმადიდებლობა, ანუ მართლმადიდებელი სარწმუნოება საქართველოში დომინანტი აღარ იქნება. შეიქმნება ავტონომიური ერთეულები, სადაც სწავლება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე იქნება, ქართული კი დამატებითი საგანი გახდება, საქმეთა წარმოება, აბრევიატურა მათ ენაზე წარიმართება. ჯამში კი ყოველივე იმას გამოიწვევს, რომ ახალ სამაჩაბლოსა და აფხაზეთს მივიღებთ, ზუსტად იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს გვაქვს. ამის წინაპირობა იყო სხვადასხვა რელიგიების მიმართ რელიგიური კონფესიების მინიჭება.
რომელი ქვეყანა დაუშვებდა მსგავს უგუნურებას?! მაგრამ, რადგან ეს ევროსაბჭოს მოთხოვნა იყო, ხომ უნდა შეესრულებინა ჩვენს ხელისუფლებას. როგორც ილია მართალი ბრძანებს, _ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო. თუმცა რეალობა გვიჩვენებს, რომ, უკვე კარგა ხანია, საკუთარი თავი დავკარგეთ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.  სახარებაში ასეთი სიტყვებია: «საქმემან შენმა გამოგაჩინოს შენ». ხე ნაყოფით შეიცნობაო, _ ჩვენი ხელისუფლების ნაყოფი კი უკვე საკმაოდ ვიგემეთ.
რაც ყველაზე უარესია, ევროსაბჭოს დაკვეთით მზადდება კანონპროექტი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. რაც უდიდესი ტრაგედიაა. ესაა ქვეყნის დაღუპვა, ერის გადაგვარება. რაში გვჭირდება ევროსაბჭოში შესვლა საკუთარი ზნეობის, მორალის, ღირსებისა და მრწამსის დაკარგვის ხარჯზე?!
ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ თავისი რელიგია წინ წამოწიოს, მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ დედაეკლესია ყველაზე ნაკლები უფლებებით სარგებლობს. რაც გვემართება, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უნიათობის ბრალია. მტერს თუ საშუალება მიეცი, ის თვითდამკვიდრებაზე უარს იტყვის?!
ავიღოთ თუნდაც ვატიკანი, რომელსაც საქართველოში იმდენად ფართო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული, არავის არაფერს ეკითხებიან. როცა ჩვენ იტალიის საელჩოს მდივანს, მღვდელ შულჩინსკის კითხვით მივმართეთ _ ასეთ უფლებებს ჩვენ თუ მოგვანიჭებთ იტალიაში-თქო, გვიპასუხა: _ რომელი სულელი იზამს ამასო?! ესე იგი ჩვენ ვყოფილვართ სულელები.
მეტიც, როცა ქვემო ქართლში, სოფელ ტალავერში მეჩეთის მშენებლობის დროს სამართალდამცავებთან ერთად ჩავედით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მომვარდა და მე, ქართველს, ჩემსავე ქვეყანაში მეკითხება, _ შენ აქ რა გინდა, რისთვის  ჩამოხვედიო(?!).
ჯავახეთში მონოფიზიტობა ყვავის. კუმურდო, იქაური აგზნებული ბრბოს გადამკიდე, ვერ მოგილოცია. ქვემო ქართლში მეჩეთს მეჩეთზე გვიშენებენ…
_ მამაო, როგორც ვიცით, თქვენ საკმაოდ ბევრი პატიმარი სულიერი შვილი გყავთ და, აქედან გამომდინარე, ხშირად გიწევთ მათთან სტუმრობა. რა სულიერი და მორალური პრობლემების წინაშე დგანან დღეს ისინი?
_ საერთოდ ყველაზე დიდი პრობლემა თავად პატიმრების რაოდენობაა. ეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი ტრაგედია, ერის გენოფონდისთვის ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა. არადა, უამრავი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ადამიანები გამოსწორდნენ. ხელისუფლება ეკლესიასთან ერთად უნდა ადგენდეს სწორ მეთოდებს მათ გამოსასწორებლად.
მთელმა საქართველომ იცის ის ფაქტები, რაც ხდება კარანტინში, როგორ სცემენ იქ პატიმრებს. ეს დაუშვებელია! კაცი ისედაც დაჭერილია, რაღად უნდა იმას ცემა?! როგორ შეიძლება, ადამიანს ისე მოექცე როგორც პირუტყვს?! იქ არიან ასაკოვანი ადამიანები, ასევე ისინი, ვისაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, გარჩევა არ ხდება, ყველას სცემენ.
ასევე, დაუშვებელია სასჯელის შეკრების მეთოდი. ზოგიერთ ადამიანს ასე შეიძლება 20-30 წელიც მიუსაჯონ, ანუ ეს არის სამუდამო პატიმრობა, რაც დაუშვებელია. არადა, არაერთი პატიმარი ამ მეთოდით იხდის სასჯელს, ჩვენდა სამწუხაროდ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მის უწმინდესობასთანაც გვქონდა საუბარი და მან შესაბამის ორგანოებს მიმართა, რომ კრებითობის მეთოდი ისე დამუშავებულიყო, პატიმრები გაცილებით ნაკლებ ვადაში დაბრუნებოდნენ ოჯახებს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა. თუ პატრიარქის მიმართვის გათვალისწინებას აპირებდნენ, წესით, შედეგები უკვე სახეზე უნდა გვქონოდა.
_ მამაო, პატიმრებს რამდენად ეძლევათ იმის საშუალება, რომ აღსარება თავისუფლად ჩაგაბარონ, მართალია, რომ საიდუმლო აღსარებაც ისმინება ციხეში?
_ ჩვენი შესვლის მომენტიდან სატუსაღოში ყველაფერი ისმინება, მათ შორის _ პატიმრების აღსარებაც. აქედან გამომდინარე, აღსარების მიღება, სხვადასხვა პირად საკითხზე მსჯელობა, შეგონება ჩურჩულით გვიწევს. არის საკითხები, რომლებზეც შეგნებულად არ ვამახვილებთ ყურადღებას. მთავარია, პატიმარს ზიარების საშუალება მიეცეს. მიმართვის გარდა, სხვა ბერკეტი ჩვენ, უბრალოდ, არ გაგვაჩნია. რაც შეეხება საზოგადოებას, იგი მხოლოდ საკუთარი საზრუნავით არ უნდა იყოს დაკავებული. ყველა მართლმადიდებლის ვალია, პატიმრების რაოდენობაზე, თუნდაც ამ ბიჭების უკანონო დაკავებაზე, ამდენი საპატიმროების აშენებაზე რეაგირება მოახდინოს. არ შეიძლება ყველას საძახებელს მხოლოდ ერთეულები გაჰყვიროდნენ.
ხელისუფლება საპყრობილეების გარეშე უნდა ელაპარაკოს საკუთარ ხალხს. არ ვამბობ იმას, რომ კრიმინალები და საერთოდ დამნაშავეები არ უნდა ისჯებოდნენ. უფალიც ბრძანებს: _ დამნშავემ პასუხი უნდა აგოსო, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს უსაფუძვლო ან გადამეტებული დასჯის ხარჯზე. ადამიანის გამოსწორება სიყვარულითა და შეგონებითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ ეკლესიასთან ერთად უნდა შეიმუშაოს დასჯისა და გამოსწორების მეთოდები, რომ ქვეყანაში ამდენი პატიმარი აღარ იყოს, მაგრამ ხელისუფლებას ეს არ აწყობს. ამ საკითხთან დაკავშირებით პირადად მეც მივმართე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღე.
თუ მშენებარე საპატიმროებით ვიმსჯელებთ, ჩვენი ხელისუფლება პატიმართა რაოდენობის გაზრდას აპირებს. ვინ იცის, რამდენი მსუბუქი დანაშაულის მქონე, უკანონო პატიმარი გვყავს და გვეყოლება მომავალში, თუ საზოგადოებამ ხმა არ აღიმაღლა.
გავიხსენოთ, თუნდაც ის რვა ბიჭი, რომლებიც ილიას უნივერსიტეტისა და კავკასიის ინციდენტის გამო დააკავეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: _ ამ ბიჭების დაკავება მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ისინი მუდამ ამხელდნენ და ამხელენ ხელისუფლების უმსგავსო ქმედებებს; აპროტესტებდნენ პაპიზმის, მუსლიმანობის, მონოფიზიტობის გააქტიურებას საქართველოში, უზნეობის ქადაგებას სკოლებში, ვგულისხმობ სექსუალური აღზრდის შემოტანას და ა. შ.
ილიას უნივერსიტეტის მეშვეობით ღმერთი დაგვიგმეს, ღვთისმშობელი შეგვიგინეს, ოჯახური სიწმინდე შეგვიბილწეს და პროტესტი არ უნდა გამოთქმულიყო მართლმადიდებლების მიერ?! ეს რომ სადღაც კაფეში ან კონკრეტულ ოჯახში ყოფილიყო, ჩვენ შეიძლება ვერც გაგვეგო და არც ასეთი რეაგირება მოგვეხდინა, მაგრამ ეს ხდება სახელმწიფო სასწავლებელში (თუნდაც კერძო ერქვას, ამას მნიშვნელობა არ აქვს), სადაც უამრავი სტუდენტი ირიცხება. შესაბამისად, ამას მძაფრი პროტესტი მოჰყვა, რისთვისაც მათ სჯიან.
აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა: საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოება და მისი აღმსარებლები შემოვლითი გზებით იდევნებიან. მოგეხსენებათ, ამ ბიჭების აყვანის მოტივად ადამიანის უფლებების ხელყოფა, ხულიგნობა სახელდება. ის კი არაფერს ნიშნავდა, წინა დღეებში პარლამენტში ერთმა პარლამენტარმა მეორეს რომ გაარტყა ხელი?! ეს ქმედება ადამიანის უფლებების ხელყოფად რატომღაც არ ჩათვალეს სამართალდამცავებმა. თუ ეს ბიჭები ამ მიზეზით დააკავეს, რატომ არ მოხდა პარლამენტარის დაკავება? რატომ უნდა იცავდეს მას რაღაც იმუნიტეტი და რატომ უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი მოქალაქისგან?
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ბიჭები  ამერიკის ელჩის მოწოდებით თავისუფლების ინსტიტუტმა დააკავა. რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარისხზე მეტყველებს, თუ საერთოდ ხარისხი გაგვაჩნია.
მინდა მკითხველს შევახსენო, რომ ეს ბიჭები განაჩენს გალობით «აცხოვნე, უფალო, ერი შენი» შეხვდნენ და არა _ თავჩაღუნული დამნაშავეებივით. მეტიც, ისინი საპროცესო გარიგებაზე უარს აცხადებენ; დამნაშავენი არ ვართ და სრულად მოვიხდით უსამართლო სასჯელსო. ვამაყობ იმით, რომ XXI საუკუნეში ასეთი ახალგაზრდა აღმსარებლები გვყავს.
ქართველები უფრო მეტად უნდა ვქართველობდეთ, მაგალითს ამ ბიჭებისგან უნდა ვიღებდეთ.
_ მამაო, რამდენად შეიძლება ამ ბიჭების «სამაგალითო» დასჯამ, საზოგადოება შეაშინოს და მასში ხმის ამოღების მცდელობა ჩაახშოს?
_ მე პირიქით ვფიქრობ. რაც მეტი აგრესია და დევნა იქნება აღმსარებლების მიმართ, მით მეტი მადლი დაეშვება მათზე და მით მეტად გაძლიერდება ამის თვითმხილველი საზოგადოებაც. მაგალითად, ამ ბიჭების დაკავების შემდეგ ჩვენთან  ახალგაზრდა მერევლმა იმატა.
ყველასთვის გასაგონად  მინდა ვთქვა: ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ  არც ამ ბიჭების და არც ჩვენი სარწმუნოების გამო. მიმვართავთ ყველა იმ საშუალებას, რომელიც ეკლესიურად და კანონმდებლობით გამართლებული იქნება.
_ მამაო, იქნებ გარკვეული პრობლემები მაინც მოგვარებულიყო სხვადასხვა სფეროში, საპატრიაქო რომ იმაღლებდეს ხმას ხელისუფლების მისამართით? კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ საზოგადოებაში პატრიაქი ხშირად მაღალჩინოსნების გვერდით ჩნდება…
_ საინტერესო შეკითხვაა.  დავიწყოთ იმით, რომ პატრიარქს არც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი უპასუხოდ არ დაუტოვებია და მკვეთრი პოზიციაც დაუფიქსირებია. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მის გვერდით მუდამ ჩინოვნიკებს ვხედავთ, ეს  შეგნებულად ხდება, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს: _ პატრიარქის რეპუტაციის შელახვა. იციან, პატრიარქი ვერავის ეტყვის, ტაძარში ნუ მოხვალ, ჩემ გვერდით ნუ დადგებიო და ისინიც ამ მდგომარეობას სათავისოდ, მზაკვრული განზრახვებისთვის იყენებენ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის წინ ჯვრის შეხსნას ადვოკატებისგანაც მოითხოვენ 
პატიმრების ზემოაღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» ადვოკატ ბესარიონ ქარცივაძეს გაესაუბრა.
_ მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ნორმატიული აქტი პატიმრისთვის ჯვრის ჩამორთმევას არ ითვალისწინებს, ეს პრობლემა ქრისტიან პატიმრებს მაინც აქვთ. პირად ნივთებთან ერთად მათ ჯვრებსაც ხსნიან, რითაც შეურაცხყოფას აყენებენ. ადამიანის საფარზე შეხებისა და მითუმეტეს შეურაცხყოფის უფლება კი არავის აქვს. ყოველივე ეს ხდება აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. თუ პრობლემა, დავუშვათ, ძვირფასი ლითონია, მაშინ ჯვრის გაცვლა მაინც უნდა ხდებოდეს, თუმცა პატიმრებს ხის ჯვრის ტარების უფლებაც არ აქვთ. თუ ვინმემ იცის, რა არის ქრისტიანული მრწამსი და მორალი, ისიც უნდა იცოდეს, ქრისტიანისთვის რას ნიშნავს ჯვრის გარეშე ყოფნა, მითუმეტეს _ კვირების, თვეების განმავლობაში.  უნდა ნახოთ, როგორ ეხვეწებიან პატიმრები ადმინისტრაციას ჯვრების დატოვებას.
სჯულის კანონით, მეუღლეებს ცოლქმრული მოვალეობის შესრულების დროსაც კი ევალებათ ჯვრის ტარება და წარმოიდგინეთ, როდესაც ასეთ საფარზე გეუბნებიან, უნდა შეიხსნაო. ეს არის ქრისტიანის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა.
მართლმადიდებელმა პატიმრებმა გამოსავალი იმით მოძებნეს, რომ გულზე დასაბნევი ჯვრების კეთება ძაფებითა და სხვადასხვა ქსოვილებისგან დაიწყეს. მართალია, ისინი ჯვრის მატარებლები არიან, მაგრამ არ ხდება ჯვრის კანონიკის დაცვა. ჩვენდა სამწუხაროდ, ციხეზე ეს ყველაზე მტკივნეული რეალობაა.
სხვათა შორის, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლის წინ ჯვრის შეხსნას ადვოკატებისგანაც მოითხოვენ, თუმცა ეს არც ერთ განაწესში არ წერია. ვინ რამდენად ემორჩილება ამ მოთხოვნას, ეს კიდე ცალკე თემაა.
უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრების გამოსწორებაში უდიდეს როლს ასრულებს სწორი სულიერი ხედვა, მიდგომა, შეგონება და ამას ჩვენი მოძღვრები მათთვის არ იშურებენ.
გარდა სულიერი პრობლემებისა, საპატიმროებში მთელი რიგი საყოფაცხოვრებო პრობლემებისა დგას. მოკლედ რომ ჩამოვთვალოთ, ეს არის ჰიგიენის, კვების, ჩაცმის, მოპყრობის მხრივ და ა. შ.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საპყრობილეების ადმინისტრაციებმა უკვე აღარ იციან, რა ახალ-ახალი უგუნური შეზღუდვები დაუწესონ პატიმრებს.
მოამზადა ეკა რობაქიძემ
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here