Home რუბრიკები საზოგადოება განათლების სამინისტრო განათლების წინააღმდეგ

განათლების სამინისტრო განათლების წინააღმდეგ

1404

GEWORLD.GE:
განათლების სამინისტროს მიერ უკანასკნელ წლებში სკოლების მიმართ და ზოგადად განათლების სფეროში გატარებული პოლიტიკა სახელმწიფოს განვითარების არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება, უფრო მეტიც, მისი შემაფერხებელი ფაქტორიც კი ხდება. რადგან ლომაიადან შაშკინამდე სამინისტროში გატარებული რეფორმები ქვეყანაში არა თუ განათლების დონის ამაღლებას, არამედ მის დეგრადაციას ემსახურება.
საყოველთაოდ აღიარებული აქსიომაა და არანაირი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ სახელმწიფოში გატარებული რეფორმები წარმატებულად ჩაითვლება მაშინ, როცა იგი აუმჯობესებს და განავითარებს სახელმწიფოს მდგომარეობას. რადგან რეფორმა გულისხმობს გარდაქმნას, არსებულის სრულყოფას, მოძრაობას პროგრესისაკენ, რაც უდავოდ დადებითი მოვლენაა.

მაგრამ რეფორმა ყოველთვის არ ნიშნავს არსებულის სრულ უარყოფას, მისი ფორმისა და შინაარსის უგულებელყოფას, წარსულის გამოცდილების ხელაღებით იგნორირებას, რადგან განვითარების ფესვები წარსულშია და მომავლის პერსპექტივა იქიდან მომდინარეობს. მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებულ რეფორმას, თითქმის ყველა სფეროში, ევთანაზიის სახე აქვს და ხელს უწყობს ქართული წიაღის განადგურებას და ძირს უთხრის ქართულ ტრადიციებს. განადგურება კი მის რეფორმირებას არ ნიშნავს.
 
არავინ უარყოფს, რომ საქართველოში განათლების სისტემა ცვლილებებს, ხოლო ქართული სკოლა საბჭოთა მემკვიდრეობისგან და იდეოლოგიური კლანჭებისგან განთავისუფლების მიზნით რეფორმირებას რომ საჭიროებდა, მისი თანამედროვე სტანდარტებთან ადაპტაციის მიზნით. თუმცა «ნაციონალური» ხელისუფლების მიერ განათლების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა აღნიშნული სფეროს არა თუ რეფორმირემა, არამედ «დეფორმირება» გამოიწვია.
სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებული სასკოლო რეფორმა გორდიას კვანძივით ჩახლართული და ამოუხსნელი ფენომენია, რომლის არსში გარკვევა ძალიან რთულია. მთავარი პრობლემა არის ის სისტემა, რომელსაც «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ლომაიამ თავისი კრეატიული იდეებით ჩაუყარა საფუძველი, ხოლო შაშკინმა «სრულყოფილებად» აქცია.
მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში იყო მცდელობა სასკოლო სისტემის მართვის სწრაფი და რადიკალური რეფორმირებისა, რომელსაც თითქოსდა სკოლის დეცენტრალიზაცია უნდა გამოეწვია, განუხორციელებელი გამოდგა და ლომაია-შაშკინის «ნაციონალური» რეფორმის შედეგად მივიღეთ ჰერმაფროდიტული ხასიათის სისტემა, რომელიც არც ცენტრალიზებულია და არც დეცენტრალიზებული. კერძოდ, კანონის ძალით, ერთის მხრივ, სკოლას მინიჭებული აქვს დამოუკიდებლობა და «იმართება» სკოლებში სპეციალურად შექნილი სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლებიც უფლებამოსილი არიან დანიშნონ და გაათავისუფლონ სკოლების დირექტორები და შეიმუშაონ სკოლის ბიუჯეტი და ა.შ., მეორეს მხრივ კი, ხშირად სამეურვეო საბჭოების გადაწყვეტილება იძულებით არის მიღებული, რომლებზეც სერიოზულ ზეწოლას ახორციელებს განათლების სამინისტრო გენერალური ინსპექციის და რესურსცენტრის მეშვეობით, რაც დეცენტრალიზაციას, ანუ სკოლების თვითმმართველობას ეჭვქვეშ აყენებს.
უკანასკნელ პერიოდში განათლების სამინისტრომ სკოლები მიზანში ამოიღო და მათი მასობრივი დახურვა დაიწყო. ეს პროცესი განსაკუთრებით შეეხო სამეგრელოს, კერძოდ, მარტვილის რაიონის სკოლებს, სადაც განათლების მინისტრის ბრძანებით სასწავლო წლის დაწყებამდე გაუქმებულ იქნა ოთხი სკოლა (ლეციცხვაიეს, მარტვილის III, პირველი ნამიკოლაოს, წინაკვერკვეს საჯარო სკოლები), რამაც გარდა იმისა რომ ბავშვებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა, სოფელი სკოლის, ხოლო მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამსახურის გარეშე დატოვა. ამ გადაწყვეტილებით გაუქმებული სკოლების მოსწავლეებისათვის დაირღვა განათლების ხელმისაწვდომობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს ხარისხიანი განათლების როგორც ფინანსურ, ისე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, რასაც, ბუნებრივია, როგორც მშობლების, ასევე მასწავლებლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა განათლების სამინისტრო ამ ოპტიმიზაციად წოდებულ პროცესს რეფორმების აუცილებლობით ხსნის.
ჩვენ შევეცადეთ როგორც დაზარალებული მხარის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა არგუმნტები პირადად მოგვესმინა და გაგვერკვია თუ რა გახდა სკოლების ასე მასშტაბურად დახურვის მიზეზი. ჩვენი მცდელობა მეტად პროდუქტიული გამოდგა. გარდა ამისა, მარტვილის რესურსცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა სონია ჭოჭუამ მარტვილის საშუალო სკოლების მომავალთან დაკავშირებით მეტად სენსაციური ინფორმაცია გაგვიმხილა. თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ.
მარტვილელთა ყველაზე დიდი პროტესტი ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის  დახურვას მოჰყვა. როგორც ირკვევა ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა დახურეს და ქვედა ხუნწის საჯარო სკოლას მიუერთეს რესურსცენტრის უფროსის მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილი სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე. მაგრამ მშობლებისა და მასწავლებელთა წინააღმდეგობის შემდეგ ეს პროცესი შეაჩერეს და ადმინისტრაციული ოპტიმიზაცია განახორციელეს, ანუ მე-6 კლასამდე ბავშვები დატოვეს, თუმცა _ როგორც ქვედა ხუნწის მეორე კორპუსი. მაგრამ სოფლის მოსახლეობა არ ენდობა ამ გადაწყვეტილებას და მიიჩნევენ, რომ, როგორც კი პროტესტი მიწყნარდება, ამ გადაწყვეტილებას გააუქმებენ და მის პრივატიზაციას მოახდენენ. ამ არგუმენტს ისიც ამყარებს, რომ არანაირი საბუთი არ არსებობს იმისა, სკოლის შენობაში მომავალშიც კვლავ სკოლა რომ იფუნქციონირებს და არ გაიყიდება.
გარდა ამისა, არსებობს პროტესტის სხვა მიზეზიც, კერძოდ ლეციცხვაიეს სკოლა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის, მაიორ გელა ჭედიას სახელობის იყო და სკოლის დახურვა ჯარისკაცის სახელის შეურაცხყოფად მიიჩნიეს. მაგრამ ამ სკოლის დახურვის შემდეგ დაღუპული ჯარისკაცის სახელობის ქვედა ხუნწის საჯარო სკოლა გახდა. აქ გასაკვირი და უცნაური  არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი საგულისხმო ფაქტი. კერძოდ, მარტვილის რესურსცენტრის დირექტორმა გვითხრა, რომ «აღნიშნული სკოლის დახურვა 2005 წელსაც იგეგმებოდა, მაგრამ ეს საკითხი რამდენიმე წლით გადაიდო». მაშინ გაურკვეველია თუ რატომ ეწოდა ლეციცხვაიეს სკოლას მაიორ გელა ჭედიას სახელი, თუ მისი გაუქმება იგეგმებოდა?! ამაზე პასუხი არავის აქვს.
ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი ელგუჯა სულავა სკოლის გაუქმებას უკანონობად აფასებს: «ჩვენ ვეუბნებით, მოგვიტანეთ არგუმენტები, დაგვიმტკიცეთ, აგვიხსენით, თუ რატომ ხდება ეს უკანონობა. ამასვე ითხოვს მთელი მოსახლეობა. მაგრამ ჩვენთან არავინ მოდის, რადგან არა აქვთ არგუმენტები».
მაგრამ ბატონმა ელგუჯამ აქვე ისიც დასძინა, რომ განათლების სამინისტროს სულაც არ უზრუნია იმაზე, რომ ეს პროცესი როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის მოულოდნელი და მტკივნეული არ ყოფილიყო და სკოლის ოპტიმიზაცია ისე განახორციელეს, რომ «აქ რაიმე სახის სპეციალური კომისია არ შექმნილა. უფრო მეტიც, ჩვენ საერთოდ რომ არ ვიცოდით, ისე გაიგზავნა და მოულოდნელად მოვიდა ეს ბრძანება. ანუ ჩვენ საერთოდ საქმის კურსში არ ვიყავით, თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს».
ბატონი ელგუჯა მისი და სამეურვეო საბჭოს მიმართ რესურსცენტრის დირექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს: «სრულიად უკანონოდ გადამაყენეს, ვინაიდან ოქმი შეადგინეს 16-ში, თუმცა 15 რიცხვით გააფორმეს. ეს ყოველივე განხორციელდა მუქარის შედეგად, რადგან რესურსცენტრის დირექტორი, სონია ჭოჭუა პოლიციის და გენინსპექციის მოყვანით იმუქრებოდა».
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლეციცხვაიეს სკოლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდებით, რომელიც 3,5 ჰექტარია, დაინტერესებულია გოროზიების კლანი. ამავე სოფლის მცხოვრებმა, პირობითად გურამმა, რომელმაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა (ჩვენც ამ თხოვნას ვასრულებთ), გვითხრა: «გოროზიებს (ცნობისთვის სამეგრელოს გუბერნატორ ზაზა გოროზიას ძმა ზაალ გოროზია მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარეა, _ გ.ლ.)
უნდოდათ სკოლის ეზოს ხელში ჩაგდება, რასაც მისი დახურვის შემდეგ სახელმწიფოსგან ადვილად მოახერხებდნენ. მაგრამ სოფლის მოსახლეობის წინააღმდეგობის შემდეგ თავი შეიკავეს, თუმცა, არა მგონია, ასე ადვილად დაუთმონ ხალხს ეს მიწა».
სამინისტროს გადაწყვეტილებით ასევე უკმაყოფილოა მარტვილის III საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ამირან გაბეშიაც: «ის, რაც გაკეთდა, ძალიან ცუდია, რადგან ჩვენი სკოლა ერთ-ერთი მოწინავე იყო მთელს რაიონში და მისი დახურვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. წელს საატესტატო გამოცდების დროს ქულების მხრივ მე-5 ადგილი დავიკავეთ. მაგრამ სამინისტრომ ეს არ გაითვალისწინა და ჩვენი სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მაინც მიიღო».
კითხვაზე, თუ რა გახდა III სკოლის დახურვის რეალური მიზეზი, ბატონმა ამირანმა გაგვანდო, რომ: «სავარაუდოდ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ჩვენი სკოლის შენობაში დევნილების ჩასახლება და სკოლის დახურვის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ესეც გამხდარიყო».
სააკაშვილის რეჟიმის უსინდისობას და საკუთარი მოქალაქეებისადმი მტრულ დამოკიდებულებას საზღვარი არა აქვს, რადგან, როგორც ირკვევა, ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული თბილისიდან ძალით გასახლებულ დევნილებს კიდევ ერთი გეტო ამჯერად უკვე მარტვილში მოუწყოს და ჯოჯოხეთი ხელმეორედ გამოატაროს.
გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, მაგრამ ხისტი შეფასებებიდან თავს იკავებს აწ უკვე გაუქმებული პირველი ნამიკოლაოს სკოლის ყოფილი დირექტორი აზა გადილია: «ეს გადაწყვეტილება, რომელიც განათლების სამინისტრომ მიიღო, ბავშვებს არასასურველ პირობებს უქმნის, ვინაიდან ბავშვებს ფეხით დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ, მათ შორის არის ჩემი ოთხი შვილი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მივიჩნევ, კანონს მაინც პატივს ვცემ და ვემორჩილები».
კითხვაზე _ სკოლის დახურვამდე მიმართა თუ არა ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებს დახმარებისთვის, _ ქალბატონმა აზამ გვიპასუხა: «გამგებელთან მივედი და ვთხოვე, რომ ჩვენი სკოლის გაუქმება არ დაეშვა, რადგან არ შეიძლებოდა ასე ხისტად ამ საკითხის გადაწყვეტა. მაგრამ პასუხად მივიღე ის, რომ სკოლის პრობლემების გადაწყვეტა მის კომპეტენციაში არ შედიოდა». დღეს უკვე ქალბატონი აზა სკოლის შენარჩუნებისთვის ბრძოლას არ აპირებს, რადგან თვლის, რომ ეს არასოდეს მოხდება და ბრძოლას აზრი არ აქვს.
ჩვენ რამდენიმე კითხვით მარტვილის რესურსცენტრის დირექტორს, სონია ჭოჭუასაც მივმართეთ, რომელმაც მის მიმართ გამოთქმული ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყო და მას ცილისმწამებლური და უსაფუძვლო უწოდა. იგი პირობას დებს, რომ ლეციცხვაიეს ყოფილი სკოლის ბაზაზე შექმნილი ექვსი კლასი, რომელიც ქვედა ხუნწს დაექვემდებარა, არ გაუქმდება და იქ ბავშვები ყოველთვის ისწავლიან.
თუმცა რამდენად სარწმუნოა ქალბატონი სონიას ეს პირობა, მის მიერ ჩვენთვის გამხელილი სენსაციური ინფორმაციის ფონზე თავად განსაჯეთ: «მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 2014 წლისთვის მარტვილის რაიონში განხორციელდება სკოლების მასშტაბური ოპტიმიზაცია და საბოლოო ჯამში 36 სკოლიდან 8 საჯარო საშუალო სკოლა დარჩება».
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის «დეფორმატორული» პოლიტიკა მხოლოდ ერთ რაიონში არასდროს კონცენტრირდება და ყოველთვის რესპუბლიკის მასშტაბით თანაბრად ვრცელდება, მაშინ მარტვილის რაიონის მაგალითზე შეიძლება დავასკვნათ, რომ 2014 წლამდე საქართველოში სკოლების რაოდენობის 70%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი. ასეთი ანტიეროვნული ნაბიჯით სააკაშვილის ხელისუფლება კიდევ ერთხელ აღიარებს, რომ მის პრიორიტეტს არ წარმოადგენს განათლებული მომავალი თაობის აღზრდა, რომელიც უნდა გახდეს თანამედროვე საქართველოს ღირსეული და სრულფასოვანი მოქალაქე.
გიორგი ლაშხი 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here