Home რუბრიკები პოლიტიკა პაატა ზაქარეიშვილი: ქვეყანა შიშმა და ტერორმა მოიცვა

პაატა ზაქარეიშვილი: ქვეყანა შიშმა და ტერორმა მოიცვა

632

GEWORLD.GE:
საქართველოში საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების ურთიერთდამოკიდებულებამ «მუტაცია» განიცადა. საზოგადოება ოპოზიციას უმოქმედობაში სდებს ბრალს, ოპოზიციის წარმომადგენლები კი საზოგადოებას _ უვიცობაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.
_ ბატონო პაატა, საზოგადოების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ დღეს საქართველოში არა თუ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის პრობლებაა, თქვენ როგორ მიგაჩნიათ?

_ საქარათველოში დღეს ავტორიტარული მმართველობაა, რომელიც თავს დემოკრატიად ასაღებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ინტერესებში შედის, რომ ქვეყანაში ისეთმა ოპოზიციურმა ძალამ იარსებოს, რომელიც ოპოზიციის ნიღაბს ამოფარებული ხელისუფლების ლაქია იქნება. ამ კატეგორიას განეკუთნება ის ფსევდო ოპოზიცია, რომელიც დღეს ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს და მას დემოკრატიულობას უწონებს.
მეორე კატეგორიას განეკუთნება რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებისგან არ იმართება, სამართლიანი არჩევნებისთვის არ იბრძვის და მუდმივად რევოლუციებს, შფოთს, დაძაბულობას მოითხოვს. ოპოზიციის ეს ფლანგი ხალხის ჯანმრთელობის ფასად ხელისუფლების პროვოცირებას ცდილობს. პირადად მე ამ პოლიტიკოსებს ავანტიურისტებს ვუწოდებ.
მაგალითად, ნინო ბურჯანაძე ძალიან გამჭრიახი პოლიტიკოსია, შესაბამისად, მშვენივრად იცის, რა უნდა, ესაა, რომ ხალხზე არ ფიქრობს და მათ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. საზოგადოების წინ წაგდებით ბურჯანაძემ სააკაშვილის აგრესია გამოავლინა. იგი პროვოკაციაზე მოქალაქეების სისხლის ფასად წავიდა. სწორედ ეს იყო 26 მაისის აქციის მიზანი. უნდა აღინიშნოს, რომ ბურჯანაძემ ძალიან ჭკვიანური პოლიტიკური ალღო აიღო, თუმცა მხოლოდ სათავისოდ.
გარდა ამისა, მან კარგად იცის, რომ საქართველოში მოსახლეობის გარკვეულ პროცენტს რუსეთზე მოთხვნა მაინც აქვს და სწორედ ამ ხმების წაღებაზე მუშაობს. ბურჯანაძე იმ ხალხზე მუშაობს, რომელიც პრორუსულადაა განწყობილი, მხოლოდ მათ არხებზე გადის. ამ ყველაფერს აკეთებს ძალიან მკაფიოდ, ხისტად და ურცხვად. იგი სულაც არ აპირებს პროდასავლურად მოაზროვნე საზოგადოების სიმპათიები დაიმსახუროს.
ოპოზიციის მესამე ნაწილი კი ცდილობს, ხელისუფლებას ხალხის სისხლი არ შეახოცოს და სამართლიანი არჩევნების გზით გადააგდოს.
აქედან გამომდინარე, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, ოპოზიციიდან ყველა ერთ ქვაბში იხარშებოდეს და ერთნაირად განისჯებოდეს.
_ როგორ ფიქრობთ, არსებული ხელისუფლების პირობებში რამდენად ადეკვატურია სამართლიანი არჩევნების იმედად ყოფნა?
_ თუ რამდენად ჩატარდება საქართველოში  სამართლიანი არჩევნები, საზოგადოებაზე, მის ამ პროცესში ჩართულობაზეა დამოკიდებული. წინა არჩევნებზე სააკაშვილმა, როგორც ვიცით, 56% დაიწერა, ანუ სავალდებულო ზღვარს სულ რაღაც 6% მიამატა, აქედან 20-30% ნამდვილად მისთვის მიცემული ხმა იყო, ზოგი შანტაჟით, ზოგი სიყვარულით, ხათრით, მოსყიდვით, იძულებით და ა.შ.
ანუ სააკაშვილი, ყველაზე დიდი, ხმების 15 -20%-ს აყალბებს, თუმცა მისთვის ეს 15-20%-ც მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის მხოლოდ 50%-მა მიიღო, სახლში დარჩენილი 50%-ის ხმები კი დაიკარგა. მსგავსი რამ რომ არ განმეორდეს, ოპოზიცია მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, საზოგადოების ეს პასიური ნაწილი არჩევნებში ჩართოს და სააკაშვილის გაყალბებული ხმების 15-20% ამ ნაწილის ხმებით გადაფაროს. ხელისუფლება 50%-იან გაყალბებას ვერ შეძლებს, მითუმეტეს დღეს, საერთაშორისო პოლიტიკიდან გამომდინარე.
ვიდრე «რვიანი» არსებობდა, იგი ერთიანი ფრონტით ცდილობდა, სამართლიანი არჩევნების თაობაზე ხელისუფლებას დალაპარაკებოდა, თუმცა ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, «რვიანში» განხეთქილება შეიტანა და 2 პარტია _ «ქრისტიან-დემოკრატები» და «ახალი მემარჯვენეები» გადაიბირა. შედეგებიც შესაბამისი მივიღეთ _ დაშლილი «რვიანი», რომელმაც ბლოკში არსებულ კონფლიქტებს მეტი დრო დაუთმო, ვიდრე დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. სამაგიეროდ არსებობს «ექვსიანი», რომელიც უკვე ბლოკად ჩამოყალიბებაზე კი არ მუშაობს, არამედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე.
_ თუმცა საზოგადოების უმეტეს ნაწილს ზოგადად ოპოზიციის მიმართ ნდობა უკვე დაკაგული აქვს. იმედგაცრუებული ხალხის გულისმოგება რამდენად შესაძლებელია?
_ ბაზარში რომ მივდივართ, რომელ გამყიდველს ვუწყებთ ვაჭრობას _ ცუდი პროდუქტი რომელსაც აქვს, თუ კარგი? ცუდს არც კი შევხედავთ, ისე ჩავუვლით გვერდს, რადგან არ გვჭირდება, ხომ? ასეა პარტიებიც, საზოგადოება იმ პარტიებს ლანძღავს, რომელთა ამომრჩეველიც არ არის და რომელთა ინტერესებიც მისთვის ნულის ტოლია, არადა, უნდა მიაფურთხოს. პრეტენზიები და მოთხოვნები იმ პარტიებს უნდა წაუყენოს, რომელთა ამომრჩეველიც თვითონაა და რომელთაც ქვეყნის ბედს ანდობს. ასე უფრო წინ წავა საქმე, ვიდრე ერთმანეთის დაჭმით. უტაქტო და უსაქმური ლაყბობით ხელისუფლებას საქმეს ვუადვილებთ.
როცა ადამიანი ექიმთან მიდის, ხომ გარკვეულია? ბავშვი რომ სკოლაში მიჰყავს, ხომ გარკვეულია? აბა, როცა პოლიტიკაში მიდის, რატომ არ არის გარკვეული? ე. ი. ქართულ საზოგადოებას პოლიტიკური კულტურა აკლია და  ჩამორჩენილია. კიდევ გეუბნებით, ამდენ პარტიაში შენი მოსაწონი პარტია რომ ვერ ნახო ადამიანმა, უბრალოდ, გამორიცხულია, აბსურდია.
_ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბოლო დროს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, ამის შესახებ რას იტყვით?
_ ამ მხრივ ნამდვილად ურთულესი მდგომარეობა გვაქვს. ავიღოთ თუნდაც ვეტერანების გაყრა გმირთა მოედნიდან, დევნილების გამოყრა სახლებიდან, მაღაროელებისა და მეტალურგების  დაპატიმრება ქუთაისში,  ადამიანის უფლებების რა დაცვაზეა აქ საუბარი?! ქვეყანა შიშმა და ტერორმა მოიცვა. საქართველოში ამ თემაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია.
ესაუბრა
ეკა რობაქიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here