Home რუბრიკები საზოგადოება 5 ოქტომბრის ინფოდაიჯესტი

5 ოქტომბრის ინფოდაიჯესტი

669

პატრიარქის განცხადება: საქმე გვაქვს დაგეგმილ ანტიეკლესიურ კამპანიასთან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საგანგებო განცხადება გაავრცელა: 
„2011 წლის 11 ივლისს სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო დადგენილება, რომლითაც პასუხი გაეცა ყველა იმ სავარაუდო შეკითხვასა და გამოწვევას, რომლებიც გაჩნდა ეკლესიის წინაშე რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სინოდის განჩინება იმავე დღეს წარედგინა საზოგადოებას. ამასთანავე, მაშინვე მკაფიოდ ითქვა, რომ სინოდის სხდომამ დადგენილება მიიღო ერთხმად და მღვდელმთავრებს შორის ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა.

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა სახის მედიასაშუალებაში არაერთხელ გამოქვეყნდა არარეალური, ფაქტების გამყალბებელი და აშკარად ცილისმწამებლური მასალები, რომელთა მიხედვით თითქოს მღვდელმთავართა ნაწილი დაუპირისპირდა კათოლიკოს-პატრიარქს და თავისი პოზიციით უღალატა პატრიარქსა და სამშობლოს. ამ ცილისწამებათა პასუხად 2011 წლის 24 ივლისს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მკაფიოდ მიუთითა, რომ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მსგავსი მასალები არ ასახავდა რეალობას. მიუხედავად ამისა, ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნება კვლავ გაგრძელდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დაგეგმილ ანტიეკლესიურ კამპანიასთან, რომელიც წარიმართება ეკლესიის, კათოლიკოს-პატრიარქის, წმიდა სინოდისა და სამშობლოს გულშემატკივრობის ნიღბით, რეალურად კი მისი მიზანია ეკლესიის დისკრედიტაცია, მღვდელმთავართა ურთიერთდაპირისპირება და ამით ცილისმწამებლური კამპანიის ორგანიზატორთა ქვენა მიზნების მიღწევა. ისმის კითხვა, ვის სჭირდება ეს…  
 
კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ: სინოდის 11.07.2011 წლის სხდომაზე მღვდელმთავართა შორის აზრთა სხვაობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ საკითხზე: მოესმინა თუ არა სინოდს საგანგებოდ მოწვეულ სამართალმცოდნეთათვის. უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მოსმენის შესახებ წინადადებას; ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სინოდმა მოუსმინა სხდომაზე მოწვეულ ყველა სპეციალისტს. ამის შემდეგ საერო პირებმა (მოწვეულმა სპაციალისტებმა) დატოვეს დარბაზი და მღვდელმთავრებმა მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს ის განჩინება, რომელსაც იმავე დღეს გაეცნო საზოგადოება.  
 კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, სინოდის სხდომაზე არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა, არამედ იყო ერთსულოვნება; ხოლო მათ, ვინც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს ეკლესიისა და მღვდელმთავრების წინააღმდეგ დაგეგმილ ცილისმწამებლურ კამპანიაში, შევახსენებთ, რომ ღმრთის მცნების – “არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა” – დარღვევა უმძიმესი ცოდვაა და მამაშვილურად შევაგონებთ მათ, დროულად შეინანონ და შეწყვიტონ ამ კამპანიაში მონაწილეობა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს გაძლევთ ლოცვა-კურთხევას: ყოველგვარი კამათი წმიდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ირგვლივ უნდა შეწყდეს და ყოველი ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია საეკლესიო ერთობა, უნდა გაემიჯნოს მღვდელმთავრებისა და ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას. გამოვთქვამთ იმედს, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი სრული პასუხისმგებლობით მოეკიდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი საქციელი სიკეთეს არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას”.  
 პოლიტიკური სპექტრი ივანიშვილის მოლოდინში  
 ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს. „მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, – ეს არის ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან. ივანიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, განცხადების სრული ტექსტი 7 ოქტომბერს გავრცელდება.  
 თუ ექსპერტების უმეტესობა მეცენატ ივანიშვილს წარმატებას უწინასწარმეტყველებს, პოლიტიკოსთა მეტი ნაწილის დამოკიდებულებაში უფრო ნეგატივი ჭარბობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, ვისაც ფული უშოვია, ბოლოს ყველას პოლიტიკაში ჩართვის სურვილი გასჩენია. „გარკვეული რაოდენობა ხმებისა ყოველთვის არსებობს, რომელსაც ახალი პოლიტიკური ფიგურა მიიღებს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ შეასრულოს და შეცვალოს ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი, ამის შესაძლებლობა ბიზნესმენებს არ აქვთ”, – თქვა ბერძენიშვილმა. 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, 7 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, თუ რამდენად იქონია რუსეთში დაგროვილმა კაპიტალმა გავლენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გემოვნებაზე.   ცნობილი გახდება  მისი პარტიის დოქტრინა, საგარეო ვექტორი, პოლიტიკური კურსი. ჯერჯერობით კი, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ კარგი ბიზნესმენია და კაპიტალი  რუსეთში დააგროვა.
ლეიბორისტები, რომელთაც ცუდი ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ ივანიშვილთან, აცხადებენ, რომ მას პოლიტიკოსად ვერ აღიქვამენ.
ალეკო ხეთაგური: ნავთობის და გაზის კომპანიების აქციების 24 % უცხოურ ბირჟებზე გაიყიდება
ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური აცხადებს, რომ სახელმწიფო უცხოურ ბირჟებზე ნავთობის და გაზის კომპანიების აქციების მხოლოდ 24 %–ს გაყიდის. ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, აქციების გატანა ლონდონისა და ვარშავის ბირჟებზე იგეგმება
ედუარდ კოკოითი დესტაბილიზაციის მცდელობაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

ედუარდ კოკოითის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ქართული სპეცსამსახურები უწყობდნენ ხელს. მისი მტკიცებით, მას ამის დამადასტურებელი ოპერატიული მასალა აქვს.
კოკოითი ამ მოტივით ხსნის იმას, რომ ცესკომ ჯამბულატ თედეევს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. „თედეევი არ არის სამხრეთ ოსეთის მოქალაქე და არასდროს მოუმართავს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე“, – აცხადებს კოკოითი.
მიხეილ მამიაშვილი ჯამბულატ თედეევს ესარჩლება
რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი სერგეი ლავროვს ჯამბულატ თედეევის უფლებების დაცვას თხოვს. „შექმნილ ვითარებაში დაბეჯითებით გთხოვთ, აღადგინოთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მაღალი სტატუსის მიმართ პატივისცემა და საერთაშორისო აღიარება, უზრუნველყოთ სამოქალაქო და კონსტიტუციური უფლებები და არ დაუშვათ თვითნებობა სამამულო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და წარმატებული მწვრთნელის, რუსეთის მოქალაქე ჯამბულატ თედეევის მიმართ“, – ნათქვამია მამიაშვილის განცხადებაში.
მისივე შეფასებით, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს სამხრეთ ოსეთის უბრალო ხალხის იმედები უკავშირდება. „რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაცია, სპორტსმენები და მწვრთნელები საფუძვლიან შეშფოთებას გამოხატავენ  სამხრეთ ოსეთში მოვლენების არასახარბიელო განვითარების გამო. მიღებული ინფორმაციით შეიძლება დავასკვნათ, რომ რესპუბლიკაში არის ძალები, რომელთა მიზანია, რუსეთის მოქალაქესთან, პოპულარულ პოლიტიკოსთან, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჯამბულატ თედეევთან პირადი ანგარიშსწორება”, – აცხადებს მამიაშვილი.
30 სექტემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთში არეულობა დაიწყო, რომელიც დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მოჰყვა. მან ჯამბულატ თედეევი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირა, რის მიზეზადაც ის დაასახელა, რომ თედეევს ბოლო 10 წლის განმავლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ უცხოვრია. თედეევის მონაცემებით, ამ დროისთვის მისი 100-მდე მომხრეა დაპატიმრებული. თავად თედეევი ამჟამად ცხინვალში, საკუთარ სახლშია გამაგრებული, რომელსაც მისი მომხრეები იცავენ.
საფრანგეთი და ისრაელი რუსეთს და ჩინეთს დაუპირისპირდნენ
საფრანგეთი და ისრაელი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთს და ჩინეთს დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი სირიის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების საკითხი აღმოჩნდა.
საფრანგეთი და ისრაელი რუსეთსა და ჩინეთს სანქციების დაბლოკვაში ადანაშაულებენ. რუსეთის წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რუსეთი სირიის ადვოკატი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სირიაში ლიბიური სცენარი უნდა გათამაშდეს.
7 ოქტომბერი – უქმე შეზღუდული მოძრაობით
საფრანგეთის პრეზიდენტის მოლოდინში შინაგან საქმეთა სამინისტრო შეზღუდვებს აწესებს: თავისუფლების მოედანზე შესვლა ორი საათით ადრე, შემოწმების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ფოტო და ვიდეო კამერები არ დაიშვება.
ასევე შეიზღუდება ავტომობილებით გადაადგილება; აიკრძალება მოძრაობა რუსთაველის გამზირზე და მასთან დაკავშირებულ ქუჩებზე, ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით პუშკინის ცუჩაზე, ლესელიძის, დადიანის, ტაბიძის, ლეონიძის და ლერმონტოვის ქუჩებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here