Home რუბრიკები საზოგადოება ქართველები და აფხაზები დასავიწყებლად ერთმანეთს ვერასოდეს გავიმეტებთ…

ქართველები და აფხაზები დასავიწყებლად ერთმანეთს ვერასოდეს გავიმეტებთ…

GEWORLD.GE:
(აფხაზური შთაბეჭდილებები)
2011 წლის 28 სექტემბერს ენგურის ხიდზე შედგა ქართველთა და აფხაზთა ჯგუფის შეხვედრა.
შეხვედრაზე გადაწყდა ქართულ-აფხაზური ერთობლივი საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის საკითხი, რომელიც იმუშავებს კოლხურ კულტურასა და მეგრულ ენასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის მოწყობის საკითხებზე.
აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ გაზეთ «ილორის» მთავარი რედაქტორი როლანდ ჯალაღანია, სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ კვარაცხელია, საქინფორმის სპეციალური კორესპონდენტი ლადო ქირია, ენათმეცნიერი კუკური ფიფია. აფხაზეთის მხარეს წარმოადგენდნენ გაზეთ «გალის»-ის მთავარი რედაქტორი ნუგზარ სალაყაია, გაზეთის თანამშრომლები: მაყვალა ჩხოლარია, ნარგიზა ბასარია, სლავიკ ცაავა, პოეტი თენგიზ ფეტელავა, პოეტი ნუგზარ შამუგია და სხვ.

დილის ათ საათზე ენგურის ხიდს მივადექით ზუგდიდის მხრიდან მე, ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი კუკური ფიფია, სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია და საქინფორმის სპეციალური კორესპონდენტი ლადო ქირია. აფხაზეთში მივდიოდით გაზეთ «გალის»-ის რედაქციის მიწვევით, რათა გვემსჯელა კოლხურ კულტურასა და მეგრულ ენასთან დაკავშირებული მომავალი კონფერენციის ჩატარების ვადისა და ადგილის თაობაზე. არ დაგიმალავთ, ოდნავ კრთომას ყველანი ვგრძნობდით და გასაკვირი ამაში არაფერი იყო, რადგან, იმ ავადსახსენებელი ომის შემდეგ, უკვე 18 წელიწადია, გაწყვეტილია ყოველნაირი კომუნიკაცია აფხაზეთთან, რაიმე ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია…
ხიდზე გადასვლამდე ქართველმა პოლიციელებმა ჩვენი მონაცემები ამოიწერეს და, როცა ჩვენი აფხაზეთში გადასვლის მიზანი შეიტყვეს, დაუბრკოლებლად გაგვატარეს. თითქმის კილომეტრ-ნახევრის გავლა მოგვიხდა ფეხით (მხოლოდ ენგურზე გადებული ხიდის სიგრძეა ერთ კილომეტრამდე) და ენგურს გაღმა აღმოვჩნდით. იქ ჩვენი ვინაობით უკვე აღარავინ დაინტერესებულა, მოგვესალმნენ და გაგვატარეს აფხაზეთის მიწაზე. მასპინძლები უკვე გველოდნენ _ გაზეთ «გალის»-ის მთავარი რედაქტორი ნუგზარ სალაყაია, გაზეთის თანამშრომლები: მაყვალა ჩხოლარია, ნარგიზა ბასარია, სლავიკ ცაავა, პოეტი თენგიზ ფეტელავა, პოეტი ნუგზარ შამუგია და სხვ.
ხიდს ზემოთ მდებარე გადახურულ გალერეაში დადგმულ მაგიდას მივუსხედით და მუშაობას შევუდექით.
აღნიშნული შეხვედრა ეძღვნებოდა საქართველოსა და აფხაზეთის მეგრულენოვანი მოსახლეობის კულტურისა და მეგრული ენის განვითარებაზე მომუშავე კულტურული თანასაზოგადოების შექმნას.
დაახლოებით ორი საათი შეუსვენებლად ვიმუშავეთ აღნიშნულ საკითხებზე, როცა შეხვედრა დამთავრებულად ჩავთვალეთ, ქაღალდები წამოვკრიფეთ და მასპინძლებთან გამოსამშვიდობებლად გავემზადეთ.
_ ვერ გიწონებთ საქციელს! _ გააპროტესტა ნუგზარ სალაყაიამ, _ როგორც ჩანს, მართლაც დაგვიწყნიათ აფხაზური სტუმართმოყვარეობა. აქედან ნაბიჯს ვერ გადგამთ სადღეგრძელოების გარეშე! _ შეუვალი ხმით დააბოლოვა და აფხაზურ ენაზე, ალბათ, სუფრის გაწყობის ბრძანება გასცა.
თითქოს ჯადოსნური ჯოხი აიქნიესო, ქალბატონები დაფაცურდნენ და მაგიდაზე წამსვე გაჩნდა შესანიშნავი პურმარილი: აფხაზურად შემწვარი დედალი, მოხარშული ხორცი, გულრიფშში გამომცხვარი პური, ჭყინტი ყველი, სულგუნი, ხაჭაპურები, აჯიკა, აფხაზურად შემწვარი ლორი, ლიმონათი, მინერალური წყალი, ხილი და, რაც მთავარია, შესანიშნავი აფხაზური ღვინო «ლიხნი».
საკმაოდ მოშიებულებიც ვიყავით. მასპინძლებმა დანაყრება გვადროვეს და შემდეგ ფეხზე ადგომით შევსვით ჩვენი შეხვედრისა და მონატრების სადღეგრძელო.
სასმისმა თავისი გაიტანა, მალე ისე დავთბით და იმდენად გულახდილად წარმოვთქვამდით ომახიან სადღეგრძელოებს, თითქოს წინა დღით დაწყებულ სუფრას ვაგრძელებდით. ვიხსენებდით წარსულის ბედნიერ დღეებს, აფხაზეთში გატარებულ ბედნიერ დღეებს, თბილისის შეხვედრებს, შერეულ ქორწილებს, ადამიანებს, რომლებიც უკვე ჩვენ გვერდით აღარ არიან…
სწორედ სუფრასთან, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ყველამ გამოთქვა აზრი იმის თაობაზე, რომ სამეგრელო არის არა მხოლოდ საქართველოს ხერხემალი, არამედ ის ძალაც, რომელსაც ძალუძს, შეინარჩუნოს ქართულ-აფხაზური ისტორიული მეგობრულ-ნათესაური ურთიერთობები.
ხშირად ერთმანეთს სახეს ვარიდებდით, არ გვინდოდა, გვესაუბრა იმ მძიმე ჟამზე, როცა ჩვენი მამები, ძმები და შვილები დაუნდობლად ხოცავდნენ ერთმანეთს; ვცდილობდით, მხოლოდ მომავლის იმედზე გვესაუბრა, რომელიც კვლავ ჩვენი ერთად ყოფნის ოცნებაა!
აფხაზებს შევახსენე იმის თაობაზე, რომ სიტყვა «აფხაზი» საქართველოში ყოველთვის ასოცირდებოდა ვაჟკაცობასთან, პრინციპულობასთან, ზრდილობასთან, სტუმართმოყვარეობასა და უტყუარ თანადგომასთან. არ არსებობს ქართველ შემოქმედთა მიერ შექმნილი ნაწარმოები, სადაც აფხაზი ადამიანი უარყოფით გმირად იქნება წარმოდგენილი. მართლაც დიდი იყო შთაგონების ძალა!
და ეს შთაგონება არ უნდა წაიშალოს, ჩვენი მომავალი თაობები კარგად უნდა იცნობდნენ ჩვენს ტკივილიან წარსულს, რათა კვლავ ერთად იმეგობრონ სასიკეთოდ მოსულ ხალხთან და კვლავ ერთად შეეგებონ მომხდურ მტერს!
სიყმაწვილეში, როცა სისხლი გვიდუღდა, ბიჭები ხშირად ვჩხუბობდით ხოლმე ერთმანეთში. დღესაც, ვინც კი იმ დროიდან დამეგობრებული ადამიანები შემომრჩნენ, ან ჩემთვის აქვს რომელიმეს ცხვირი გატეხილი, ან მე მყავს გალახული. ვიცოდით, რომ ერთმანეთის მიმართ არავითარი სიძულვილი და ბოღმა არ გაგვაჩნდა _ უბრალოდ, გვაინტერესებდა, ვინ ვის მოერეოდა. ვიცოდით, რომ ეს ჩხუბი და დავიდარაბა სრული უაზრობა იყო, ამიტომ მეორე დღეს, როგორც წესი, ერთმანეთს შესარიგებლად ვხვდებოდით ხოლმე. მაშინ რომ წინადღის ჩხუბის მიზეზები გვერკვია, შეიძლებოდა ამას უფრო დიდი ჩხუბი მოჰყოლოდა, ამიტომ, ხელს გადავხვევდით ერთმანეთს, ძმურად გადავკოცნიდით, რესტორანში სადღეგრძელოებით გავამაგრებდით ჩვენი მეგობრობის სიყვარულსა და უღალატობას და ძმებად ვიქცეოდით.
ახლაც ასეა, ჩვენ რომ სატანის აღზევების ჟამსა და მიზეზებზე, ქართველ-აფხაზთა შორის შევარდნაძისა და მისი დანაშაულებრივი გარემოცვის მიერ წამოწყებული ძმათამკვლელი ომის მიმდინარეობასა და შედეგებზე ვისაუბროთ, ამას შეიძლება წინანდელზე უფრო დიდი და უაზრო ომი მოჰყვეს. ამიტომ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ თანაარსებობა, ერთმანეთს მივუტევოთ მძიმე დანაშაულები, ერთად გადავუხადოთ სულის მოსახსენებელი პანაშვილი ქართველ და აფხაზ მეომრებს, დავუდგათ ძეგლი მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა ამ უაზრო ომს! საჭიროა, სისტემატურად მოვაწყოთ იმ აფხაზებისა და ქართველების შეხვედრა, რომლებმაც შეიარაღებული დაპირისპირებისას ოჯახის რამდენიმე წევრი დაკარგეს. ახლა ქვების შეგროვების დრო აღარ არის, ახლა მიტევებისა და მასშტაბური შერიგების დროა!
სწორედ ეს განწყობა გასდევდა ლაიტმოტივად ჩვენს გულითადობით გამორჩეულ სუფრას, რომელიც შებინდებამდე გაგრძელდა. აფხაზეთში ორი საათით გადასულები მთელი დღე შევრჩით იქაურობას და, რომ არა ზუგდიდის მატარებელზე დაგვიანების რეალური საფრთხე, ალბათ, იმ ღამეს მასპინძლებთან დავრჩებოდით.
აფხაზმა მასპინძლებმა გულისტკივილით გამოგვაცილეს. ნუგზარ სალაყაიამ ფაეტონი დაგვიქირავა და ფული თავად გადაიხადა _ ენგურგაღმა (და არა გამოღმა) დატოვებულ მანქანამდე თითქმის ორი კილომეტრის გზა გვედო, რომლის გავლა შეზარხოშებული ჭარმაგი ადამიანებისთვის არც მთლად იოლი საქმე იყო. როცა ფაეტონი დაღმართზე დაეშვა, დავინახეთ, რომ ნუგზარ სალაყაია სირბილით მოგვდევდა _ ალბათ, რაღაც კიდევ დარჩა სათქმელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მეფაიტონემ მკვეთრ დაღმართზე ცხენის შეჩერება ვეღარ შეძლო…
მასპინძლები ხელის ქნევით გვემშვიდობებოდნენ, ვიდრე თვალს არ მიეფარნენ…
სუფრაზე და გამომშვიდობებისას ცრემლიც გაკრთა, რადგან ქართველებისა და აფხაზებიც კარგად ვგრძნობდით, რომ ერთმანეთი დასაკარგავად არ გვემეტება!
მართლაც, რაც არ უნდა ეცადოს ჩვენი მტერი, ქართველები და აფხაზები დასავიწყებლად ერთმანეთს ვერასოდეს გავიმეტებთ…
როლანდ ჯალაღანია,
«ფაზისის» აკადემიის ნამდვილი წევრი
 

1 COMMENT

  1. ჩემი ტკივილიაა აფხაზეთი ….ჩვენ ერთმანეთს მტრად არ უნდა აღვიქვავდეთ აფხაზებო და ოსებოო ქართველებს უყვარხართ ეს ყველას ტკივილია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here