Home რუბრიკები საზოგადოება კომ-მოქ-ნაც-კავშირელები

კომ-მოქ-ნაც-კავშირელები

GEWORLD.GE:
სად გაქრა «გაუქმებული» კომკავშირის უძრავ-მოძრავი ქონება და მის ანგარიშებზე არსებული თანხები, ვისი კუთვნილი სტუდიიდან გადის ეთერში «პირველი კავკასიური» და ვინ აძვირებს საკაბელო არხების საფასურს?
სესილი გოგიბერიძის კარიერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაწყებულა. კომკავშირის ცეკას პირველ მდივნად კი იგი ჯუმბერ პატიაშვილს წამოუწევია. ასაკის გამო იმ ამბების თვითმხილველი არ ვარ და მომიწევს, სხვათა მონათხრობს დავჯერდე. ფაშისტური გერმანიის აგენტობის ბრალდებით, რეპრესირებული ფილოსოფოსის, მოსე გოგიბერიძის შვილიშვილისა და ზაზა შენგელიას კომკავშირული ქორწილი ისეთივე პომპეზურობით გამართულა, როგორც თამრიკო გვერდწითელისა და კახა კახაბრიშვილის. ასეთი საჩვენებლი ქორწილები მაშინ მოდაში იყო და ამისთვის იბრძოდნენ კიდეც; გარდა იმისა, რომ ღონისძიებას სახელმწიფო აფინანსებდა, თავად «კომკავშირულ წყვილებს» საქორწინო მოგზაურობა, ბინა, მანქანა (ურიგოდ) და სხვა სიკეთეებიც ერგებოდათ.

ნეფე-პატარძალი ქართულ ეროვნულ სამოსში იყო გამოწყობილი. 80-იან წლებში უკვე კომუნისტებიც გაეროვნულდნენ, თუმცა თბილისელი სნობები იმთავითვე უსვამდნენ ხაზს გოგიბერიძისა და შენგელიას ქორწინების «უთანასწორობას». მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 25 წლის შემდეგ მათი ქალიშვილი საქორწინო კაბას ლონდონში შეიძენდა, ხოლო თაფლობის თვეს ხმელთაშუა ზღვის გარშემო კრუიზში გაატარებდა. «ჩემი კაბა ერთადერთი და განუმეორებელია, უნიკალურია, მთლიანად ხელითაა გაკეთებული», _ განაცხადა ნინი შენგელიამ შარშანწინ. მისივე სიტყვებით, «ქართულ-ევროპულ საქორწინო შოუს ისეთი ხალხი ჩაუდგა სათავეში», რომ ყველაფერი ლამაზი იქნებოდა. იგი, პირველ რიგში, მამას _ ზაზა შენგელიას გულისხმობდა.
შოუებისა და, ზოგადად, შოუბიზნესის სიყვარული შენგელიამ ჯერ კიდევ კომკავშირულ ელიტაში ყოფნისას გამოამჟღავნა. საბჭოთა კავშირი ჯერაც ფეხზე იდგა, როცა მან თავისი მეგობარ-ახლობლების კარგა მოზრდილი ჯგუფი «კომკავშირული საგზურით» პოლონეთში სტივი უანდერის კონცერტზე წაიყვანა და კარგადაც აგრიალა.
ასე იყო თუ ისე, კომკავშირულმა ოჯახმა ჭეშმარიტად კომკავშირული შემართებით განაგრძო კარიერული წინსვლა, მაგრამ ცოტა ხანში ეროვნული მოძრაობაც დაიწყო და 1989 წლის აპრილიც მოვიდა. სესილი გოგიბერიძეს ემადლიერებიან მისი პოზიციის გამო, მაგრამ ზუსტად რაში გამოიხატებოდა ეს «პოზიცია», პირადად მე ვერ გავარკვიე. რაიმე გმირული საქციელი მას არ ჩაუდენია, თუმცა ამას მისგან არც არავინ ელოდა.
როგორც ჩანს, მან ზუსტად ისე იმოქმედა, როგორც შემდეგაც _ არაერთხელ. ეს კომკავშირული წყვილი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ზუსტად იცის, როდის უნდა გავიდეს თამაშიდან და «ფსკერზე დაწვეს». მაგალითად, გოგიბერიძეს იმაზეც ემადლიერებიან, რომ მან კომკავშირის ცეკას შენობა «მრგვალ მაგიდას» დაუთმო. ეროვნულმა ხელისუფლებამ მას ეს საქციელი დაუფასა, საზოგადოება კი დღესაც მკითხაობს, სად გაქრა «გაუქმებული» კომკავშირის უძრავ-მოძრავი ქონება და მის ანგარიშებზე არსებული თანხები. ყოველ შემთხვევაში, ოჯახს არაფერი გასჭირვებია არც მაშინ და არც წლების შემდეგ.
მათი ქალიშვილი ცხრა წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და ძიძაც ჰყავდა მიჩენილი. შენგელიას «რეფორმებით» შეწუხებული ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლები დღესაც ყვებიან, რომ ის ძიძა ტელევიზიაში იყო გაფორმებული და ხელფასი ერიცხებოდა, ხოლო იმჟამად უკვე კულტურის მინისტრი სესილი გოგიბერიძე თვეში ერთხელ აკითხავდა შვილს ლონდონში სახელმწიფოს ხარჯზე.
1992 წელს, შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ, ბევრმა მის მიერ «სახალხო რევოლუციად» მონათლულ პუტჩს «ნომენკლატურის რევანში» უწოდა. მართლაც, კომუნისტური ნომენკლატურის დიდი ნაწილი კვლავ სახელმწიფოს მართვაში ჩაება. სესილი გოგიბერიძე იმ პერიოდში არ აჩქარებულა (რა იცი, იმ ორპრეზიდენტიანობაში ვინ მოიგებდა?), ხოლო ზაზა შენგელია, რომელმაც უკვე ბუნდოვანი დაფინანსების მქონე «იბერვიზიით» გაითქვა სახელი, 1994 წელს პირველ სატელევიზიო ფესტივალ «მანას» ატარებს, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ესწრება. შენგელიამ ჯერ კიდევ კომკავშირიდან იცის, _ შეიძლება დღე და ღამე იმუშაო, მაგრამ ეს ვერავინ დაინახოს, მაგრამ, თუ მასშტაბურ სანახაობას გამართავ, უფროსობას უეჭველად მოაწონებ თავს.
მალე შენგელია პრეზიდენტის კანცელარიაში იწყებს მუშაობას. 1996 წელს მსოფლიო ბანკმა საქართველოს ძეგლთა დაცვის სისტემის რეფორმირებისთვის მსუყე გრანტი და კრედიტი გამოყო. მიუხედავად სპეციალისტების პროტესტისა, მან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დირექტორად უნივერსიტეტის ყოფილი კომკავშირელი აქტივისტი – დავით ნინიძე დაანიშნინა. მაშინ ხელოვნებათმცოდნეები პირდაპირ ადანაშაულებდნენ მათ მსოფლიო ბანკის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში. საინტერესოა, რომ ეს კომკავშირული აქტივისტი _ დავით ნინიძე 2003 წლის შემდეგ, ფონდის დირექტორობის გარდა, თბილისის მერის მოადგილე და ამასთანავე, მერიის არქიტექტურის სამსახურისა და კულტურის სამინისტროს გაერთიანებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეც გახდა.
თუ სესილი გოგიბერიძე მოზომილი და ფრთხილი მოქმედებით ხასიათდება, მისი მეუღლე უფრო ფეთქებადი, რისკის მოყვარული და წინდაუხედავია. თუმცა მას უდავოდ აღმოაჩნდა უნარი, შეექმნა და შეენარჩუნებინა «საჭირო კავშირები», დაეთმო იქ, სადაც ეს გარდაუვალი იყო, და უკან დაეხია, რათა შემდგომ ახალი ძალებით შესდგომოდა «საქმეს».
ტელევიზიის თანამშრომლები წლების განმავლობაში უჩიოდნენ მას ტელევიზიის ბიუჯეტის, 12 მილიონი ლარის, არამიზნობრივი ხარჯვის გამო, მაგრამ ვერაფერი გააწყეს, რადგან პრეზიდენტის კანცელარიაშიც და პარლამენტშიც შენგელიას უამრავი «საჭირო მეგობარი» ეგულებოდა. ასე იყო რევოლუციამდეც და რევოლუციის შემდეგაც.
არჩილ გოგელიას გადეპუტატების შემდეგ სახელმწიფო ტელევიზიაში მისული ზაზა შენგელია ახერხებს იმას, რომ ერთდროულად ორ ტელევიზიას პატრონობს: სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფს და «მზეს», რომლის სახელწოდებას ჟურნალისტები ასე შიფრავდნენ _ «მუდამ ზაზასთან ერთად». ამ ორი ტელევიზიის «სახეები» ისე სწრაფად ინაცვლებდნენ ერთი ეკრანიდან მეორეზე, რომ მაყურებელს ანგარიშიც აერია და არხებიც.
ცნობისთვის: «მზეს» დღესაც აფინანსებს ხელისუფლება, ოღონდ _ არაპირდაპირ, «პირველი კავკასიური» სწორედ «მზის» კუთვნილი სტუდიიდან გადის ეთერში და ამაში სახელმწიფო ბიუჯეტი სოლიდურ თანხასაც იხდის.
ზაზა შენგელიას კიდევ ერთი პირმშო _ «თიბისი-ტვ» მისი იმპერიის ერთ-ერთი საკვანძო რგოლია. «თიბისი-ტვ»-ის  დამფუძნებლები, ამავე სახელწოდების ბანკის პრეზიდენტის _ მამუკა ხაზარაძის გარდა, ზაზა შენგელია და ლევან ყუბანეიშვილი არიან. როდესაც 2005 წელს შენგელია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობიდან გადადგა, მის ადგილზე მისივე გამოზრდილი ლევან ყუბანეიშვილი დაინიშნა. ამის შემდეგ ყუბანეიშვილმა შენგელიას თავისი წილები გადაუფორმა. ცოტა ხნის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე მსხვილი პროექტი სწორედ «თიბისი-ტვ»-მ «მოიგო». თანხებში ეს ასე გამოიყურება: საზოგადოებრივ მაუწყებელს «დიდი ათეული» _ 517 ათასი, «ცხოვრება მშვენიერია» _ 175 ათასი და «ავტოპილო ტი» 145 ათასი ლარი დაუჯდა.
შენგელიასა და ყუბანეიშვილის ტანდემი იმის შემდეგაც აგრძელებს ბიზნესს, რაც ყუბანეიშვილიც «გადადგა» საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობიდან. შენგელიამ მესამედაც დააპირა ტელევიზიაში დაბრუნება, მაგრამ ამჯერად აღარ გაუმართლა და კვლავ შოუბიზნესს მიუბრუნდა. 2010 წელს ტანდემმა და მამუკა ხაზარაძემ ახალი კომპანია «თიბისი-ტვ ინტერთეინმენტ ჰოლდინგი» დააფუძნეს. 20-20% შენგელიასა და ყუბანეიშვილს, 60% კი მამუკა ხაზარაძეს (კომპანია «ქართული ტრადიცია») ეკუთვნის. იგი რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, მათ შორის _ «თიბისი-ტვ»-ის, რომელიც 1996 წელს დააფუძნეს ზაზა შენგელიამ (40%) და მამუკა ხაზარაძემ (60% _ «ქართული ტრადიცია»). მას შემდეგ, როგორც უკვე ვწერდი, წილები არაერთხელ გადანაწილდა და ამჟამად მისი 100%-ის მფლობელი ეს ახალი ჰოლდინგია. «თიბისი-ტვ» დღემდე თანამშრომლობს ყველა ნაციონალურ არხთან.
ტელეიმედის ორი პროექტი _ «სიმართლის დრო» და «ფეისკონტროლი», სწორედ «თიბისი-ტვ»-ს პროდუქციაა, ხოლო «რუსთავი 2»-ის სერიალი «დეტექტივები» კომპანია «მედია საკონსულტაციო ცენტრის» პროექტია. გაგიკვირდებათ და 2009 წელს დაფუძნებულ ამ კომპანიას 2010 წელს შპს «ჯი ელ ტვ» შეერწყა და ««სრულიად შემთხვევით» მისი 30%-იანი წილის მფლობელიც ზაზა შენგელიაა! იმავე წლის აგვისტოდან ეს შპს «გლობალ მედია ჯგუფის» 15%-იანი წილის მფლობელი გახდა, რომელიც 4 გასართობი არხის მფლობელია. ეს არხები საკაბელო ტელევიზიების მეშვეობით მიეწოდება მაყურებელს და, ვინც მათგან ვერაფრით გაერკვა, რატომ შეუცვალეს პაკეტები და გაუძვირეს მომსახურება საკაბელო კომპანიებმა, უნდა იცოდნენ, რომ ამ «რეფორმების» ერთ-ერთი მეწილე ისევ და ისევ ზაზა შენგელიაა.
ფრთიანი გამონათქვამი, რომ, თუ ჟურნალისტს კარში არ უშვებენ, მაშინ ის ფანჯრიდან უნდა გადაძვრეს, სწორედ შენგელიაზეა ზედგამოჭრილი. საზოგადოებრივ მაუწყებელში მესამედ აღარ შეუშვეს, ის კი საკაბელოს საშუალებით გვეჭრება სახლში და ფულს ამ გზით გვძალავს! თუმცა მან «ფანჯრიდან შესვლა» (თუ დარჩენა) საზოგადოებრივ მაუწყებელში მაინც მოახერხა. ჩვენი «ყოვლისმცოდნე» ხელისუფლების პირობებში, შენგელიასა და ყუბანეიშვილის მიერ რეგისტრირებული თითქმის ყველა კომპანიის იურიდიული მისამართი დღემდეა კოსტავას #68, ანუ სახელმწიფო (დღეს საზოგადოებრივ მაუწყებლად წოდებული) ტელევიზიის მისამართი. დოკუმენტებით ირკვევა, რომ «თიბისი-ტვ ინტერთეინმენტ ჰოლდინგისთვის» საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილეს ადმინისტრაციულ დარგში მეორე კორპუსის ფართის გადაცემაზე თანხმობა განუცხადებია.
შენგელიას ბიზნესსაქმიანობაზე უსასრულოდ შეიძლება წერა, მაგრამ ყველაზე მომხიბვლელი მის კარიერაში მაინც 2003 წლის რევოლუციაა. კაცი, რომელიც ჯერ კიდევ ივლისში ამბობდა, «სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს შედარებით ობიექტური ჩვენი არხია», 19 ნოემბერს, «გამოცხადებულ» რევოლუციამდე სამი დღით ადრე, გადადგომის შესახებ აკეთებს განცხადებას. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ შევარდნაძემ მას იმ «თამაშის» გამო უსაყვედურა, რომელსაც იგი მაშინდელ ოპოზიციასთან ეწეოდა. ამიტომაც არ გაკვირვებია არავის, რომ «გამოსათხოვარ» ბრიფინგზე მის მხარდასაჭერად ჟვანია-ბურჯანაძის გუნდის წევრი გიგი წერეთელი მივიდა. ყველაფრის გარდა, ისინი ხომ კომკავშირული მეგობრები იყვნენ!
21 ნოემბერს, რევოლუციის წინა დღეს მისი მეუღლეც – 2000 წლიდან კულტურის მინისტრი სესილი გოგიბერიძეც გადადგა, იმავე დღეს _ ბურჯანაძის მეუღლე _ გენერალური პროკურორის მოადგილე ბადრი ბიწაძე. ბიწაძემ მიზეზად ხელისუფლების ზეწოლა დაასახელა, ფრთხილი სესილი გოგიბერიძე კი ამჯერადაც კომენტარის გარეშე წავიდა.
ალბათ, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ზაზა შენგელია 2004 წლის თებერვალში კვლავ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად დაბრუნდა, ბადრი ბიწაძეც ისევ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. სესილი გოგიბერიძის დაბრუნებაც იგეგმებოდა; 2003 წლის დეკემბერში კულტურის სფეროში მოღვაწე 42-მა პიროვნებამ წერილით მიმართა ზურაბ ჟვანიას, დაეტოვებინათ სესილი გოგიბერიძე მინისტრის თანამდებობაზე, მაგრამ რევოლუციის გმირები უკვე თავისას ითხოვდნენ და ქართულ კულტურასაც სხვა პატრონი მოუძებნეს. ახლა გოგიბერიძე კავკასიის უნივერსიტეტის დეკანია, ზაზა შენგელია ისევ ტანია მარიას კონცერტებს და შოუებს მართავს, მაგრამ პოლიტიკური მორევი კვლავ «ტრიალებს, ბრუნავს» და არავინ იცის, სად ვიხილავთ მომავალში ამ კომკავშირულ წყვილს.
თამარ დავითულიანი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here