Home რუბრიკები საზოგადოება შალვა ნათელაშვილი: არანაირი ევროკავშირის წევრობა, არანაირი ნატოში შესვლა საქართველოს არ «ემუქრება»

შალვა ნათელაშვილი: არანაირი ევროკავშირის წევრობა, არანაირი ნატოში შესვლა საქართველოს არ «ემუქრება»

GEWORLD.GE:
«საქართველო და მსოფლიო» გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან _ შალვა ნათელაშვილთან.
_ ბატონო შალვა, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ვარშავის ახლახან დამთავრებულ სამიტს სახელმწიფო პროპაგანდა წინასწარ წარმოგვიდგენდა როგორც მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში საქართველოს მიღების გზაზე. როგორც სჩვევიათ, აფრიალებდნენ დროშებს და გვეპატიჟებოდნენ გამარჯვების ზეიმზე.

_ დიახ, ასე იყო.
_ მაგრამ ყველაფერი ფიასკოთი დამთავრდა, უფრო ზუსტად, _ გადაწყვეტილებით, რომ ამ საკითხზე მსჯელობას (მხოლოდ მსჯელობას!) 2013 წელს დაიწყებენ.
რით ავხსნათ ასეთი ცაში თითის ტაკება: ჩვენი «ერის მამების» არაკომპეტენტურობით თუ მათი დარწმუნებულობით, რომ ხალხი მაინც დაუჯერებს, რადგან გამოთაყვანებულია?
_ ეს ყველაფერი უნიჭოდ მოპარული «ზებოს ეფექტია» ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური «დათა თუთაშხიადან», როცა სეთურის ხალხი გვირაბს ერთი მიმართულებით თხრის და სულ უფრო სცილდება დილიდან ღამემდე ჭაში ჩამჯდარ ქონდრისკაცს და მის ზარს _ მოგონილ ფანდს, ხალხისთვის შეგდებულ იმედს.
ხალხმა იცის, რომ სიცრუეა, მაგრამ იჯერებს. და თუ რატომ იჯერებს, იქვე, რომანის იმავე ეპიზოდში, ვიპოვით ამის პასუხს: «იცის, აპა, რავა, მარა ადვილი საცოდნელი რომ არის, რას ფიქრობს ხალხი, თუ იცი? რას ფიქრობს და, ჩვენ რომ ასე ადვილად ვწვდებით ჩვენი ჭკუით მაგ საქმეს, სხვანაირად არის, ალბათო. ასე მტკნარ ტყუილს სეთური როგორ გვეტყვის და გამოვა ჭაში ეგ ხვრელი, აბა, რას იზამსო».
(ბატონ შალვას მიერ მოხმობილი ეს პარალელი 1 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დამტკიცდა თელავის თეატრში გამართულ ამომრჩევლებთან სააკაშვილის თეატრალიზებული შეხვედრის დროს, როცა ხალხის ერთსულოვნების გამოხატვა მრავალდროშიანობის ენერგიულ ფრიალს დააკისრეს).
_ არანაირი ევროკავშირის წევრობა, არანაირი ნატოში შესვლა საქართველოს არ «ემუქრება» მინიმუმ ნახევარი საუკუნე. ნახევარ საუკუნეში კი, დამერწმუნეთ, ევროკავშირი გადაიქცევა ან ერთიან სახელმწიფოდ, ან ისევ ატყდება ბებერ კონტინენტზე ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირება და მესამე მსოფლიო ომისთვის მომზადდება ნიადაგი. ნახევარ საუკუნეში ნატოსგან არაფერი დარჩება, რადგან აშშ და გადასახადების გადამხდელი მისი მოსახლეობა, რომელიც თითოეულ ცენტს უთვლის თავის პრეზიდენტს, არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდება საკუთარი ხარჯით ევროპის უსაფრთხოების დაცვას, როგორც ამას აქამდე აკეთებს.
სწორედ ამიტომ სულ ახლახან ამერიკის თავდაცვის მინისტრმა გეიტსმა, შეიძლება ითქვას, ზეპარტიულმა ფიგურამ, განაცხადა, რომ ჩვენ აღარ ვაპირებთო ნატოს შენახვას.
ამდენად, ეს ყველაფერი არის სატყუარა, რომელიც სააკაშვილის ხროვამ გადმოუგდო ქართულ საზოგადოებრიობას, ჩვენს მოსახლეობას, რათა დაარწმუნოს, რომ ხელისუფლებაში მოსულნი საჭირონი არიან და რაღაცას გააკეთებენ, მაგრამ ეს სრული ბლეფია.
თურქეთი, რომელიც ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად იცავს ატლანტიკის უსაფრთხოებას სამხრეთის მონაკვეთზე, ისლამური სამყაროს ზღვარზე, ამდენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ორი ათეული წელიწადია, სულ ტყუილად დგას ბრიუსელის კარებთან და კიდევ ერთ ამდენს იდგებდა.
_ ბატონო შალვა, ვინ არის ის ზებო, რომელიც მიწაში _ ჭაში ზის და ვინ ჩასვა იქ ხალხის მოსატყუებლად?
_ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს შემთხვევაში, ზებო თვითონ ჩახტა იქ. ხელი წააშველეს ამერიკელებმა თავის დროზე და რუსებიც წაეხმარნენ… ასეთი ზებო, ჭაბუასეულისგან განსხვავებით, ქერის ორმოში ზის და თავს შესანიშნავად გრძნობს.
_ აქ, ზემოთ კი რა ხდება?
_ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სრულად დაიკავა ტერიტორიებშეკვეცილი საქართველო _ პოლიტიკურად, ეკონომიკურად, პარტიულად და დღემდე ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე ვაჭრობს. მეტსაც გეტყვით, იმდენად გავხდით სატრანზიტო ვოგზალი, რომ დღეს ამერიკის ორი პარტია ჩვენს ხარჯზე გარიგებას აწარმოებს ერთმანეთში. ეს ჩანს იქიდანაც, რომ პრეზიდენტ ობამას დემოკრატიულმა ადმინისტრაციამ საქართველო სანავარდოდ და საღიღინოდ, რბილად რომ ვთქვათ, დაუთმო რესპუბლიკური პარტიის ყველაზე უფრო ნეოკონსერვატულ ჯგუფს, რომელშიც შედის კაცობრიობის მტერი (ამას პირდაპირ ვამბობ) ჯორჯ ბუში, არანაკლები მტრები _ დიკ ჩეინი, მაკეინი, ფლიდი ბრაიზა და მთელი ეს შემადგენლობა. ამ დათმობის შედეგია ისიც, რომ საქართველოში ელჩად მოვლინებული იქნა დიკ ჩეინის თანაშემწე, მე მას დავარქვი შაჰ აბასი _ ბატონი ჯონ ბასი, რომელიც პირდაპირ იძლევა განკარგულებებს მიტინგების დარბევასა და ხალხის დახოცვაზე, შემდეგ მათ დაიტირებს და გვირგვინებს გაუგზავნის თანაგრძნობის ნიშნად…
_ რით ხსნით სააკაშვილის ანტირუსულ საგარეო პოლიტიკას?
_ რუსოფობია ამათ სჭირდებათ ამერიკელ ქორებთან ურთიერთობისათვის, «ცივი ომიდან» შემორჩენილი სენატორებისა და აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მფლობელთა გულის საამებლად, იმისთვის, რათა რაღაც ფუნქცია მიიწერონ რეგიონში: ჩვენ (სააკაშვილის ხელისუფლება) ვებრძვით რუსეთის იმპერიას, რუსულ დათვს და ამ დროს ეს ნათელაშვილი, ეს ოპოზიცია, ეს პრესა გვებრძვიან იმიტომ, რომ რუსეთის აგენტები არიან.
ამიტომ ჩვენ დაგვიჭირეთო მხარი.
_ პრიმიტიული პოზიცია ჩანს.
_ სამაგიეროდ მოთხოვნა აქვს სააკაშვილს კატეგორიული. გავაყალბებ არჩევნებს? თქვით, რომ დემოკრატიულად ჩავატარე, თორემ მოვლენ პრორუსული ძალები და გასწავლიან ჭკუას. დავხოცავ მომიტინგეებს? თქვით, რომ ეს იყო უკანონო და არასანქცირებული მიტინგი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა აღმოსავლეთისკენ ევროპული დემოკრატიის განვრცობა-განვითარებას.
_ როგორ შეაფასებთ სააკაშვილის განცხადებას, როგორც თავად ბრძანა, ხუმრობას იმის თაობაზე, რომ სამი-ოთხი წლის ბავშვებს უნდა მიეცეს საარჩევნო უფლება და მაშინ სულ «ნაცმოძრაობა» გაიმარჯვებსო.
ზოგიერთის აზრით, აქ გამოიხატა მისი ფარული ოცნება, რომ 2026 წელსაც, როცა ეს ბავშვები სრულუფლებიანი მოქალაქეები გახდებიან, სააკაშვილი კვლავ ხელისუფლების სათავეში იყოს.
ხუმრობს?
_ ასეთ ხუმრობას რა ვუთხარი… პირველ რიგში, მან არაპირდაპირ აღიარა, რომ მისი ხელისუფლება არის სატყუარა… წამოსცდა. მეორე ისაა, რომ მან თავისი შინაგანი მისწრაფება, ოცნება თუ სურვილი _ ხელისუფლებიდან წასვლა რომ არ უნდა, საჯაროდ გამოიტანა.
ობიექტურად ვთქვათ, ასეთი ტიპები საერთოდ ხელისუფლებიდან თავიანთი ნებით არ მიდიან. მათ ან ამბოხს თავისივე შეიარაღებული ძალები უწყობენ, ან გარე ინტერვენციით ამხობენ, როგორც ეს ლიბიაში მუამარ კადაფის შემთხვევაში მოხდა, უფრო ადრე, რაც ჰუსეინს თავს დაატყდა ერაყში, თალიბებს _ ავღანეთში.
აქვე მინდა განვაცხადო, რომ ეს ლიდერები ეროვნულები იყვნენ თავიანთი ხალხისა და ქვეყნისთვის.
ან _ კვდება დიქტატორი.
ან _ ერი, ხალხი მედგარი და დაუმორჩილებელია და ადრე თუ გვიან მიაღწევს თავი მიზანს, თუმცა ეს უფრო გრძელი გზაა. და სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენთან ამდენი უკმაყოფილება დაგროვდა: რა მოხდა, რომ ამდენ ხანს ვერ დაამხეთო სააკაშვილი.
_ გასულ კვირაში, შეიძლება ითქვას, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ «ობოლი კურცხალის» ტელეინტერვიუ შემოგვთავაზა (რომელიც რატომღაც «სპეციალურ რეპორტაჟად» მოგვასაღეს), როცა აღიარა, რომ ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ოპოზიცია უარესია. დაახლოებით ისე, როგორც ერთ ძველ, საბჭოთა პერიოდის ანეგდოტშია: საბჭოთა წარმომადგენელი დისკუსიას აშკარად აგებს ამერიკელთან და ბოლო არგუმენტად წამოიძახებს: სამაგიეროდ თქვენთან ზანგებს ჩაგრავენ!
«სად ერეკლეს» ჰგავს.
«დიახ, იყო შეცდომები, _ თქვა მან, _ მეც ზოგჯერ მინანია რაღაც, ყველაფერი არც ისე კარგადაა, მაგრამ წინსვლა გვაქვს, ოპოზიცია კი ბევრად უარესია და ეს პატარა ბავშვებსაც ესმით, ამიტომ სხვა არჩევანი ქართველ ხალხს არ აქვს».
მართლა არ გვაქვს?
_ რეკავს თავისი სამრეკლოდან. ჩვენ რომ «შეცდომები გვქონოდა», რაც ყველას გვახასიათებს, განსაკუთრებით, ხელისუფლებას და არანაკლებ _ ოპოზიციას, ჩვენ მართლაც ბედნიერი ერი ვიქნებოდით. შეცდომები კი არა, ბოროტმოქმედებებია ჩადენილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ამ ბოროტმოქმედებათა გამოსაძიებლად ჩვენ ამთავითვე ვეძებთ კვალიფიციურ იურისტებს. გამოძიებას საკმაო ხანი დასჭირდება… და სააკაშვილი ისეა გაჭედილი მის მიერ აშენებულ ციხეში, როგორც ჩვენ ახლა ერთმანეთთან ვსაუბრობთ.
_ თქვენ ადრეც არ დაგიკლიათ ხელი…
_ კი, კი. ჩვენ პირველად მივმართეთ გაეროს, რომ სააკაშვილმა მოკლა თავისი გამზრდელი და ჩამომყვანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია…
_ მან მოკლა?
_ მისი მოკლულია და სხვა არავისი. ამის გამო მივმართეთ გაეროს, რომ შეექმნა საგამოძიებო კომისია. ყველამ იცის, როგორ «მიყვარდა» ზურაბ ჟვანია, მაგრამ პირადი ურთიერთობა რა შუაშია _ მოკლა კაცი.
ნიუ იორკში, გაეროს წინ მიტინგი მოვაწყვეთ დიქტატორის წინააღმდეგ. ორმოცამდე ქართველი მოვიდა, უაღრესად ღირსეული ადამიანები, და მათთან ერთად _ გვატემალელთა ხუთწევრიანი ოჯახი, დედაწულიანად. იქაც მოვითხოვეთ: თქვე მამაცხონებულებო, იმის გამო, რომ კადაფის ბრალად დასდეს, საკუთარი ქალაქი დაბომბაო (სხვათა შორის, კადაფი კავკასიელი გამოდგა _ ყაბარდოელი ჰყოლია დედა, მოჰაჯირების შთამომავალი), მთელი ნატო შეესია.
მიხეილ სააკაშვილი აპირებდა ჯერ ბათუმის დაბომბვას. თუ ჩემი არ გჯერათ, ბურჯანაძეს ჰკითხეთ და ბერძენიშვილებს, რომლებიც წინ გადაუდგნენ და ასე გააჩერეს, ფოთში რომ ჰქონდათ შტაბი აჭარის მოვლენების დროს, მაშინ. შემდეგ  საკუთარი ტერიტორია _ მძინარე ქალაქი ცხინვალი დაბომბა, რითაც რუსეთს მშვენიერი საფუძველი მისცა, რომ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. კვიციანის წინააღმდეგ კოდორის სამხედრო ოპერაცია ხომ ფაქტია?!
კარგი. თავი დავანებოთ ამას, ვინმემ რუსეთის აგენტობა არ დამაბრალოს, ბობოხიძე რომ არ გამომიხტეს ამ ბრალდებით, თუმცა თუ გამოხტა, ცუდ შედეგს მიიღებს.
გავიხსენოთ: დილით, გამთენიისას, 12 ვერტმფრენით თავს დაესხნენ მესტიის რაიონში აფრასიძეების ოჯახს, სოფელი პრაქტიკულად გაანადგურეს, გადაწვეს სახლი, გვამები ეყარა გარეთ და შიგნით,  ბავშვებს გული გაუხეთქეს, აფრასიძეების რძალი გაგიჟდა. და ბოლოს ეუბნებოდა ნაძირალა (ამ სიტყვას პირდაპირ ვამბობ და ჩაწერეთ!) გიორგი ბარამიძე, სვანებმა კარგი კუბდარი იცით და გამოგვიტანეთო.
_ მახსენდება, რა ამბავი ატყდა მთელ მსოფლიოში, ვიეტნამის ომის დროს ამერიკელებმა სოფელი სონგმი რომ დაწვეს…
_ მეც მანდა ვარ: თუ საერთაშორისო სამართალში არსებობს ერთი სტანდარტი, იგი ყველგან თანაბრად უნდა მოქმედებდეს. «ამერიკის ბიჭებს» ყოველთვის ყველაფერი ეპატიება?! თუ «ჩვენი შობელძაღლის» პრინციპი კვლავ ძალაშია, მაშინ ესეც უნდა იცოდეს საერთაშორისო საზოგადოებრიობამ.
სააკაშვილი ლოკალური ფაქტია. მაგრამ მასთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობებში გაჩენილი მესამე თუ მეოთხე სტადიის კიბოს მეტასტაზების გლობალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე.
_ იმ «სპეციალური რეპორტაჟის» რუბრიკით გადაცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა უნებურად აღიარა (წამოსცდა?) თავისი მმართველობის ავტორიტარული მეთოდი თუ არა, ვოლუნტარიზმი მაინც, როცა თქვა: «ვაღიარებ, რომ გამონათქვამები ზოგჯერ ზედმეტი მომდის»(!). ამ ზედმეტობას (!) იქვე სიტყვის თავისუფლებით ამართლებს, თუმცა ესმის, რომ მისი ეს თავისუფლება «უფრო შეზღუდულია» (!).
იცის და თავის მოთოკვა არ შეუძლია?
ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ან ჯანმრთელობის პრობლემასთან (ემოციის დაუოკებლობა), ან, სახელმწიფო მოღვაწის პოზიციიდან თუ შევაფასებთ, მინიმუმ _ ვოლუნტარიზმთან.
_ თვითონ რა და როგორ აღიარა, ამაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვერ ავიღებთ, მაგრამ ქვეყანაში რომ ავტორიტარიზმი, დიქტატურა და პოლიტიკური ტერორი მძვინვარებს, ამას არ სჭირდება არანაირი პორტფელიანი პოლიტიკოსი. ეს არის შიშველი ფაქტი. და აი, ამ ტერორიზმის, ამ დიქტატურის, ამ რეპრესიების მფარველი, მამამთავარი, ადვოკატი, არაობიექტური ექსპერტი და ქოლგა არის ამერიკის შეერთებული შტატები მთელი თავისი ინსტიტუტებით _ აქ წარმოდგენილით და ვაშინგტონში მოქმედითაც, რომელთა აზრით, საქართველო არის «ცივ ომში» მათი გამარჯვების შედეგად მოპოვებული ტერიტორია და მისი მოსახლეობა ან უნდა გახდეს არველაძის, თარგამაძე გივიასი, ბოკერიას, უგულავასნაირი უსქესო, უეროვნებო, უკულტურო, გაბოროტებული ან უნდა გადაშენდეს.
გეუბნებით პირდაპირ: ასეთი ცოდვის დაბრალება კაცისთვის არ შეიძლება, მით უმეტეს _ სახელმწიფოსთვის _ ერთი სული აქვთ ამერიკელ ბატონებს, რომ საბჭოთა კავშირში გაზრდილი თაობა დავიხოცოთ, რაც შეიძლება მალე! გადავშენდეთ. უფუნქციოდ დავრჩეთ. არ ვიმუშაოთ, საქართველო დავტოვოთ, გულები გაგვისკდეს, რათა ინტერნეტითა და სოროსის ბუდაპეშტის უნივერსიტეტში გაზრდილი თაობა წამოვიდეს, როგორც ამერიკის ერთგული ფორპოსტი და საყრდენი ამ რეგიონში.
ასეთია ამერიკის გეგმაზომიერი პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს სააკაშვილი. ამიტომაა, რომ ორმოცი წლის კაცი უკვე პენსიონერად ჩათვალეს _ სამუშაოს ვერ იშოვის. ჯერ ისედაც ვერ იშოვის, თუ ამათი კუდი არ არის, მაგრამ ორმოცს გადაცილებული ამათი კაციც უმუშევარი დარჩება.
თაობების მოსპობა უნდათ!
_ ავტორიტარიზმია, აბა, რა არის!
_ გენოციდთან ერთად.
_ მართლა ისეთი ცუდია ჩვენი ოპოზიცია, ბატონო შალვა, როგორადაც მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს? არ ესმით ის, რაც პატარა ბავშვებისთვისაც კი ნათელიაო…
_ ახლა ისეთ რამეს გეტყვით, რაც გაგაკვირვებთ: საქართველოსნაირი რეჟიმის ქვეყნებში ოპოზიცია საერთოდ არ არსებობს. როგორც წესი, შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი საქმიანობა. ნაწილი მხოლოდ ფორმალურად არის დარეგისტრირებული, ნაწილი გაქცეულია საზღვარგარეთ, ნაწილი ტერორიზებულია, ნაწილი ციხეში ზის.
ასეთი რეჟიმის ქვეყანაში არ შეიძლება არსებობდეს ოპოზიცია, კიდევ კარგი, რომ საქართველოში, როგორც პოეტი ამბობს: «საბედნიეროდ, საბედნიეროდ, ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობს».
ოპოზიციას უამრავი ცოდვა აქვს, ცოდვების კასკადი, რომ არ ვთქვათ, _ ზოგჯერ ბოროტმოქმედებაც.
_ ერთმანეთის წინააღმდეგ გალაშქრება?
_ ეს აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა. ნორმალურია, როცა ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთს უწევს კონკურენციას. არ შეიძლება, რომ მათ უყვარდეთ ერთმანეთი. გამორიცხული არ არის, მათ ჰქონდეთ პრაგმატული ინტერესი, კონკრეტული მიზანი. და როცა ამ მიზნის გარშემო არ შეუძლიათ კონცენტრაცია და კოორდინაცია მის განსახორციელებლად, ეს უკვე დანაშაულია, სააკაშვილის წინააღმდეგ ერთიანი მოქმედებისთვის თავის არიდება ან ჩაშლა არის დანაშაული.
_ მაშასადამე, ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი «ფორუმის» მიერ 27 სექტემბერს მოწყობილ «ქართველთა მარშს»?
_ მე არ ვიცი, ვინ დაუჭირა მხარი, ვინ _ არა. ვთვლი, რომ ეს იყო პარტიული ღონისძიება და ყველა პარტიას აქვს საკუთარი ძალების ამგვარი დემონსტრირების უფლება.
როცა ერთიან მიზანზე ვსაუბრობ, სხვა რამე მაქვს მხედველობაში.
ამ ზაფხულს ჩვენ შევიმუშავეთ პოლიტიკური იმპიჩმენტის პროექტი, რასაც პარტიების ნახევარმა ხელი არ მოაწერა.
_ ეს ნიშნავს, რომ მათ ხელს აძლევთ ის რეალობა, რაც ქვეყანაშია?
_ ეს ნიშნავს, რომ მათ სააკაშვილი უნდათ. არადა, თავს ოპოზიციად თვლიან. არ მინდა კონკრეტულად რომელიმეს დასახელება და კოლეგების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ამ ზაფხულის ტრაგედია.
_ არა მარტო თქვენთვის.
_ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მის მოცილებაზე ფიქრობს, პარტიების უმრავლესობაზე იმავეს ვერ იტყვი. ჩემთვის უხერხული იყო ისიც, რომ ამ ზაფხულში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთად გორაობდნენ პალმა დე მალიორკას პლიაჟებზე…
_ ოპოზიცია გვპირდებოდა, რომ შემოდგომა იქნებოდა ცხელი, მაგრამ არც პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიმჩნევა ტემპერატურის მატება და ამინდიც ხომ უჩვეულოდ გრილი დაგვიდგა…
_ ოცი წელიწადია, პოლიტიკაში ვარ და ყოველი გაზაფხული და შემოდგომა რევოლუციის მოლოდინით იწყება. ეს, რა თქმა უნდა, არ მიგვითითებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჯანსაღად ვითარდება. არ შეიძლება, რომ ზამთარში მოხდეს რევოლუცია?! ან იგივე _ ზაფხულში?!
_ არაბული რევოლუციები, მაგალითად…
_ თუნდაც. დაანონსებულ რევოლუციებს სადაც მივყავართ, ჩვენმა ისტორიამ კარგად გვაჩვენა. რევოლუციის გეგმებს წინასწარ არ აცხადებენ და ადამიანებს არ ეუბნებიან, რომ ეს იქნება სააკაშვილის ბოლო დღე. ჩვენ კი სწორედ ასე ვიქცევით. ასეთი დაპირების შემდეგ არაფერი რომ არ იცვლება, ამიტომაცაა ხალხი დეპრესიაში, რაც ბუნებრივი ფსიქოლოგიური რეაქციაა, გულგატეხილი და გულაცრუებულია ხალხი.
მახსოვს, აფხაზეთის ომის დროს პარლამენტის ტრიბუნიდან რომ ცხადდებოდა _ აი ახლა, მეგობრებო, თბილისის აეროპორტიდან აფრინდა თვითმფრინავი «ტუ-154-M» მოხალისეებით ბორტზე, რომელიც ნახევარ საათში დაეშვება სოხუმის აეროპორტში. იქ კი _ ზღვაში, აეროპორტთან ბარაჟირებდა სამხედრო კატარღა და ჩამოაგდებდა ამ თვითმფრინავს.
ყველაფერს, რაც სათქმელი არ არის, წინასწარ ვყვირით, რაც სათქმელია, იმას არ ვამბობთ. ასე ვებმებით ჩვენსავე დაგებულ ხლართებში და შემდეგ ხალხს ვაბრალებთ.
_ თქვენ შესანიშნავად იცით, რომ რევოლუციებს კი არ ანონსებენ, რევოლუციებს ამზადებენ _ თეორიულად, პრაქტიკულად. მხოლოდ უვიცებს ჰგონიათ, რომ საკმარისი იყო 1917 წლის ივნისში ლენინს პეტერბურგის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს სხდომაზე მენშევიკების ლიდერის აკაკი წერეთლის პესიმისტური განცხადების საპასუხოდ _ რუსეთში არ არის პარტია, რომელიც ძალაუფლებას ხელში აიღებსო, წამოეძახა «არის ასეთი პარტია!» და ოქტომბრის 25-ს მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება.
მზადდება ჩვენთან რევოლუცია?
_ არა! სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არავის არ უნდა რევოლუცია. ოპოზიციის უდიდეს ნაწილთან ამერიკელები და ხელისუფლება მოლაპარაკებულია _ შენ გაიყვან ხუთ კაცს, შენ _ ათს, შალიკოს წავართმევთ ამდენ ადგილს და შენ მოგცემთო და ა. შ.
_ ესე იგი, რასაც ადრე ცეკას საორგანიზაციო განყოფილება აკეთებდა, იგივე ხდება დღეს?
_ იმ განსხვავებით, რომ იქ და იმ დროს მეტი ზნეობა იყო, ხალხზე მეტი ზრუნვა სოციალური მიმართულებით.
_ ცნობილია თქვენი პასუხი, დაუთმეთ თუ არ დაუთმეთ სააკაშვილს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა. იგივე სიტუაცია რომ გამეორდეს, რას იზამთ?
_ დავუთმე თუ არ დავუთმე, ამ ლეგენდას ხელისუფლება ავრცელებს. ერთადერთი ეს «კომპრი» მონახა, რადგან ყველაფერში _ მოქალაქეთა კავშირთან, «აღორძინებასთან», ნაცმოძრაობასთან ურთიერთობაში, იგივე «ვარდების რევოლუციისადმი» დამოკიდებულებაში სუფთა და უკომპრომისო ვართ.
ჯერ ერთი, საკრებულოს თავმჯდომარეობა არ მინდოდა და არ მინდა, არც მომავალში მომინდება, რადგან პოლიტიკური ლიდერისათვის ეს არის სიკვდილი.
მეორე. უმრავლესობა საკრებულოში არ მყავდა და, შესაბამისად, მე არავინ ამირჩევდა.
მესამე. ნამდვილად წინააღმდეგი არ ვიყავი მისი არჩევნების და დღესაც არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ წაეთრევა პრეზიდენტის პოსტიდან.
_ სიმინდი ჩვენი უბედურებისა. დეპუტატი ბობოხიძე ამერიკული სიმინდის ტაროთი ხელში, გააფთრებით რომ იცავს ხელისუფლების პოზიციას, ვინმეს ხომ არ გაგონებთ?
_ «ძვირფას ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვს».
წინასაარჩევნო კამპანია აღვირახსნილად დაიწყო და ტაროების ხელში დაჭერა ამან გამოიწვია.
სამწუხაროა, როცა ოპოზიცია ხელისუფლებას იმას კი არ ახსენებს, რომ საქართველო გაგლეჯილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოა აღიარებული, რომ ტუვალუსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გაეროში თითო-თითო ხმა აქვს, ხოლო ნიკარაგუა და ვენესუელა ლათინური ამერიკის წამყვანი ქვეყნებია, თუნდაც ენერგოშემცველების დარგში, იქაური საუდის არაბეთია; იმას კი არ ეუბნებიან ამ ვაჟბატონებს, რატომ დახოცეს ხალხი 26 მაისს, ქვეყანა რატომ დააქციეს, დაგვიღუპეს, გაგვინადგურეს. თითქოს სიმინდის ტაროს მეტი არაფერი გაუფეჭებიათ. მე მიმაჩნია, რომ სიმინდის გამო ატეხილი დავიდარაბა კარგად გათვლილი ამერიკული სცენარითაა დადგმული. უკვე დასაქმდნენ ამერიკული პიარკომპანიები, ის გრინბერგი, რომელსაც «ნაცმოძრაობა» მილიონებს უდებს ჯიბეში _ ასეთი რაღაცების გათამაშება რომ ურჩიოს. ახლა, როგორც ჩანს, ურჩია სიმინდის ტაროს დაკავება. ხვალ რას დააჭერინებს ხელში, ჩვენ არ ვიცით.
ხოლო პროამერიკულმა ოპოზიციამ ამერიკული პიარკომპანია «არისტოტელე» ჩამოიყვანა. უნისონში მოქმედებენ.
_ ლეიბორისტები ყოველთვის მწარე-მწარე ფრთიანი გამონათქვამებით გამოირჩევით, მოსწრებული ფრაზებით. ამჯერად როგორ შეაფასებთ საქართველოში ჩამოყალიბებულ ვითარებას?
_ აურზაური ჯოჯოხეთში.
_ ამ ჯოჯოხეთს ქრთამი არ ანათებს?
_ უფრო აბნელებს.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here