Home რუბრიკები პოლიტიკა ჯონ მაკკეინი _ მეგობარი მეზობელი პალატიდან

ჯონ მაკკეინი _ მეგობარი მეზობელი პალატიდან

750

GEWORLD.GE:
«ჯონ მაკკეინი ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარია მსოფლიოში,» _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა «Daily Beast»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამერიკულმა გამოცემამ ამ ფრაზას შემდეგი შესავალი დაურთო: «ლავირება აშშ-თან ურთიერთობაში სააკაშვილისთვის მარტივი არ არის. ის მეგობრობს რესპუბლიკელ სენატორ ჯონ მაკკეინთან, რომელიც ობამამ 2008 წლის არჩევნებში დაამარცხა». ამ პასაჟის მიღმა, შესაძლოა, იყო მინიშნება იმაზე, რომ გადაჭარბებული სიმპატია მაკკეინისა და მისი თანამოაზრეების მიმართ, მჭიდრო პოლიტიკური კავშირი მათთან დღეს ერთობ უადგილოდ გამოიყურება. ძნელად წარმოსადგენია, მსგავსმა მინიშნებებმა სააკაშვილზე რაიმე ზემოქმედება მოახდინოს, რადგან 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მისთვის და ბევრი სხვა ქართველი პოლიტიკოსისთვის ჯონ მაკკეინი კერპია და მას, სავარაუდოდ, ბოლომდე უერთგულებენ. საინტერესოა, რა იპოვეს ასეთი ამ მოუსვენარ მოხუცში.

ბარტყები გუგულის ბუდეში
როდესაც ახალგაზრდა კაცი ჰენრი კისინჯერის ან ზბიგნევ ბჟეზინსკის იდეების გავლენის ქვეშ ექცევა, ამას შეიძლება გარკვეული ლოგიკური ახსნა მოუძებნო, მაგრამ, როდესაც მას ჯონ მაკკეინის მარტივი, ალაგ-ალაგ პრიმიტიული მოსაზრებები ხიბლავს, კლინიკური სურათი ფრიად ბუნდოვანი ხდება; მითუმეტეს, რომ დღეს მაკკეინის იდეების პრაქტიკული რეალიზაცია თითქმის შეუძლებელი ჩანს.
თუ თეთრი სახლი ბოლო სამი წლის განმავლობაში მაკკეინის ყველა რჩევას გაიზიარებდა, აშშ დღეს, 99%-იანი ალბათობით, რუსეთთან მწვავე კონფრონტაციაში, ახალ «ცივ ომში», იქნებოდა ჩაბმული. დავუშვათ, რომ შტატები ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვებდნენ, რუსეთი ჩამოიშლებოდა და მარტივ მამრავლებად დაიშლებოდა. რუსული გავლენის სფერო ცენტრალურ აზიაში და რესურსებით მდიდარი ციმბირი ამის შემდეგ ავტომატურად პეკინის გავლენის სფეროში მოექცეოდა. ეს კი ჩინეთის შესაძლებლობებს თვისობრივად გაზრდიდა და ის შტატებს მალევე გარანტირებულად უკან ჩამოიტოვებდა.
აშშ-ს არ ძალუძს, ერთდროულად რუსეთსა და ჩინეთს დაუპირისპირდეს; ეს ძლიერების პიკზეც კი არ შეეძლო. ამიტომ იყო, რომ 70-იან წლებში შტატებმა პეკინს სტრატეგიული, მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული ფარული ალიანსი შესთავაზეს. დღეს კი, როდესაც ჩინეთი უზომოდ გაძლიერდა, ვაშინგტონი, სავარაუდოდ, იმავეს მოსკოვს სთავაზობს. «გადატვირთვის» არსი, როგორც ჩანს, სწორედ ამაში და არა ბარაკ ობამას ლამაზ თვალებში მდგომარეობს.
აქ შეიძლებოდა კონსპიროლოგიური კონსტრუქციების აგება იმის თაობაზე, თუ როგორ მუშაობს სინამდვილეში ჯონ მაკკეინი ჩინეთზე და ანგარიშებს ცხონებული მაო ძე დუნის აჩრდილს აბარებს, თუმცა ასე რთულად საქმე, სავარაუდოდ, არ არის. «ცივი ომის» დროინდელ იდეებთან ერთად, მას, შესაძლოა, პირადი, ქვეცნობიერის ლაბირინთში დამალული მოტივები ამოძრავებს და მისი მოქმედებების მიღმა პოლიტიკაზე გაცილებით მეტი ფსიქოლოგია დგას, რაც მაკკეინს, მის ქართველ თაყვანისმცემელთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთობ აახლოვებს. მიუხედავად იმისა, რომ შტატებმა «ცივი ომი» მოიგეს, მაკკეინმა «საკუთარი ეპიზოდი» ამ ომში პირწმინდად წააგო. გამორიცხული არაა, რომ ის ცდილობს, ეს ეპიზოდი გადაათამაშოს და ათწლეულების შემდეგ ერთგვარი პიროვნული რევანში აიღოს.
მაკკეინის თვითმფრინავი ვიეტნამში საბჭოთა წარმოების საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს. ადგილობრივი მოსახლეობა მას ჩაქოლვას უპირებდა, რაც თავისთავად გასაკვირი არ არის, რადგან ოპერაციას «Rolling Thunder, რომლის ფარგლებში ამერიკელები მასირებული დაბომბვებით ცდილობდნენ, მოწინააღმდეგე გაეტეხათ, საერთო ჯამში 72 000 სამოქალაქო პირი შეეწირა. ლინჩის წესით გასამართლებას მაკკეინი მაშინ ვიეტნამელმა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, იმ რაზმს ორი საბჭოთა მზვერავი _ ევგენი ლეგოსტაევი და ივანე შპროტი ხელმძღვანელობდნენ. მაკკეინის მამა იმ დროს ევროპაში აშშ-ის საზღვაო ძალების სარდალი გახლდათ, 1968-ში კი ის წყნარი ოკეანის საზღვაო ძალების სარდლად დანიშნეს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად გამორიცხულია, საბჭოთა სპეცსამსახურებს ტყვედ ჩავარდნილი მფრინავის მიმართ სერიოზული ინტერესი არ გამოევლინა.
მაკკეინი ღალატში არაერთგზის დაადანაშაულეს; ჯგუფმა «ვიეტნამის ვეტერანები ჯონ მაკკეინის წინააღმდეგ» მის ტყვეობასთან დაკავშირებით მაკომპრომენტირებელ მასალებს ავრცელებდა, ჯეკ მაკლემბმა კი, რომელმაც ინდოჩინეთში 9 წელი იომა, ხოლო შემდეგ ქალაქ ფინიქსის პოლიციაში მსახურობდა და ორივეგან სახელი განსაკუთრებული სიმამაცით გაითქვა, შემდეგი რამ განაცხადა: «ბევრ ყოფილ ტყვეს ვიცნობ. ისინი, ვისაც მაკკეინი ახსოვს, ამბობენ, რომ იგი ყველაფერს ტყუის თავისი ვიეტნამური გმირობების შესახებ. მას არავინ არასდროს თითითაც არ შეხებია. ბიჭებმა ნახეს, როგორ მოიყვანეს იგი ბანაკში. მან მაშინვე «ჭიკჭიკი» დაიწყო, რადგან ეშინოდა, არ ეწამებინათ. ვიეტნამელმა კომუნისტებმა მას «მოჭიკჭიკე ჩიტი» შეარქვეს, რადგან ძალიან სწრაფად ჩამოაჭიკჭიკა ყველაფერი, რაც იცოდა». როდესაც ერთი ვეტერანი მეორეზე ასეთ რამეს ამბობს, ის ან უკანასკნელი ნაძირალაა, ან საკუთარ სიმართლეში 100%-ითაა დარწმუნებული; რადგან ეს არ არის ის სიტუაცია, როდესაც შეიძლება ბუნდოვან ვარაუდებს დაეყრდნო.
მაკკეინის ტყვეობის ისტორიაში მართლაც ძალიან ბევრი შეუსაბამობაა, თუმცა გმირია ჯონი თუ მოღალატე, ეს, პრინციპში, მისი და ამერიკის საზოგადოების გასარკვევია. აქ სხვა რამ არის საინტერესო: მაკკეინის «ვიეტნამური თავგადასავლების» ეპიზოდებში, რომლებსაც ის და სხვა ვეტერანები მოგვითხრობენ, ოპონენტების როლში მხოლოდ ვიეტნამელები ფიგურირებენ, საბჭოელები კი საერთოდ არ ჩანან. არადა, თუ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, მონაწილეობა ამ ამბებში მათ აუცილებლად უნდა მიეღოთ.
სწორედ ამ მიდამოებში შეიძლება ვიპოვოთ ფსიქოლოგიური გასაღები, რომელსაც, ამდენი ხანია, ვეძებთ. მაკკეინის გამორჩეულად აგრესიული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, შესაძლოა, გამოწვეულია იმით, რომ ვიეტნამური ეპოპეის შემდეგ მის მიმართ შტატებში გარკვეული, საბჭოთა სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ეჭვები გაჩნდა. ან კიდევ: მაკკეინმა ჩათვალა, რომ მსგავსი ეჭვები შეიძლება ბუნებრივად დაიბადოს და, ფაქტობრივად, მათი უარყოფის მუდმივ რეჟიმში გადავიდა, რაც კრემლის მრავალწლიან მწვავე კრიტიკაში გამოიხატა. მოსკოვს აშშ-ში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა მაკკეინი მაინც გამორჩეულია, მისი რიტორიკის მიღმა რაღაც განსაკუთრებული, რაღაც ძალიან პირადული იგრძნობა.
საინტერესოა, რასთან გვაქვს საქმე: კარგად გააზრებულ პოლიტიკურ პოზიციასთან თუ საკუთარი კომპლექსების, ფსიქოლოგიური ტრავმის დროში გაწელილ თვითმკურნალობასთან? თუ სინამდვილეს მეორე ვარაუდი შეესაბამება, ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ მაკკეინს სააკაშვილთან ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო და მათი მეგობრობა, არა პოლიტიკური, არამედ ფსიქოლოგიური სიახლოვის ნიადაგზე აღმოცენდა. დაახლოებით ასე უმეგობრდებიან ერთმანეთს პაციენტები, რომლებიც დერეფანში დაგვიანებულ ექიმს ელოდებიან.
ვირაჟები მირაჟებში
ჯონ მაკკეინისთვის დამახასიათებელი, პრიმიტიულობაში გარდამავალი სწორხაზოვნება ქართველი პოლიტიკოსების «საფირმო სტილად» იქცა. ცინცხალი მაგალითი, რომელიც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, რუსეთს არ ეხება: მიხეილ სააკაშვილმა «Fox news»-ის ეთერში განაცხადა, რომ ამერიკა «კვლავ იქნება უპირველესი ძალა და ერთადერთი ძლევამოსილი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელსაც მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა შეეძლება, და იმ ქვეყნების კარგისკენ შეცვლაც, რომლებიც ამერიკის ფასეულობებს იზიარებენ. ევროპა ამერიკის მიმართულებას გაჰყვება. ევროპას არ შეუძლია დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა». დიდი ხანია, ევროპასა და ევროკავშირისთვის ასე არავის შეუფურთხებია. თუმცა სააკაშვილმა არა მხოლოდ თქვა ეს «Fox news»-ის ეთერში, არამედ ამაყად გამოფინა ინტერვიუს თარგმანი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
გასაგებია, რომ დროდადრო სუსტი ქვეყნები იძულებულნი ხდებიან, დიდ იმპერიებს დაემორჩილონ, თუმცა ჩვენებური, ექსტაზში გარდამავალი მორჩილება, მართლაც რომ უპრეცედენტოა. როდესაც 1801-ში საფრანგეთმა და ინგლისმა ერთმანეთს ესპანეთი და პორტუგალია დააჯახეს, პორტუგალიელმა გენერალისიმუსმა, ჰერცოგმა ლაფოენსმა ესპანელ გენერალ სოლანოს უთხრა: «პორტუგალიასა და ესპანეთს, როგორც სახედრებს, წინ ინგლისი და საფრანგეთი მიერეკებიან. მოდით, წრეზე ვირბინოთ, მაგრამ, ღვთის გულისათვის, ერთმანეთს ბოროტად ნუ მოვეპყრობით, სხვისი დასაცინი რომ არ გავხდეთ». იმ ომში ესპანელები და პორტუგალიელები მართლაც ცდილობდნენ, რომ ორივე მხარის მსხვერპლი რაც შეიძლება უფრო მცირე ყოფილიყო. ჰერცოგი ლაფოენსი, ალბათ, მართალი იყო; ის, ვინც სხვისი ინტერესებისთვის დაუფიქრებლად სწირავს თავისი თანამემამულეების სიცოცხლეს, მსოფლიოს თვალში, როგორც მინიმუმი, სასაცილო ხდება.
ივნისში მიხეილ სააკაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრის შემდეგ ჩვენ შევიტყვეთ, რომ ქართული კონტინგენტი ავღანეთში ავსტრალიურზე (1550 სამხედრო) უფრო დიდი გახდება. 26 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გაირკვა, რომ ჰილარი კლინტონისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრაზე განიხილავდნენ ქართული კონტინგენტის გაზრდას 1700 სამხედრომდე, თუმცა იმავე დღეს «Daily Beast-ში გამოქვეყნდა სააკაშვილის ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ «საქართველომ ავღანეთში 1000 ჯარისკაცი გააგზავნა და მისი სამხედროები იქ დამატებით 1000-კაციანი კონტინგენტის გაგზავნისთვის ემზადებიან», შესაბამისად, საუბარი უკვე 2000 სამხედროს გაგზავნას შეეხო. ამ პროცესს ბოლო არ უჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგები იზრდება. ასე მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ იქცევა.
სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, «Daily Beast -ი წერს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე რადარის განთავსებას მიესალმებოდა, რათა  «მონაწილეობა მიეღო ირანისგან ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ანტისარაკეტო თავდაცვის რეგიონულ სისტემაში. რესპუბლიკელი სენატორები ჯონ კაილი და მარკ კერკი პენტაგონს მოუწოდებენ, უარი თქვას ამ რადარის თურქეთში განთავსებაზე ამ წლის ბოლოს და ის საქართველოს ტერიტორიაზე გადაიტანოს». ისე, როდესაც ირანს ძმობას ეფიცები, ალბათ, პარალელურად არ უნდა განაცხადო, რომ მისგან ვიღაცის დაცვას აპირებ, თუმცა ეს ნიუანსებია, მაგას ვინ ჩივის. მთავარი სხვა რამ არის: ირანის ან რომელიმე სხვა ქვეყნის სარაკეტო იერიშის შემთხვევაში, ძალიან დიდი ალბათობით, უპირველესად,  სწორედ ხსენებულ რადარს დაარტყამენ, რათა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ნაწილობრივ მაინც «დააბრმავონ». ჯონ მაკკეინის მეგობრები (სააკაშვილი, კაილი, კირკი და ა. შ.) ასეთ წვრილმანებზე, ალბათ, არ ფიქრობენ, რადგან მათი მიზანი, სავარაუდოდ, სულ სხვაა: როგორმე შემოიტყუონ ამერიკელი სამხედროები საქართველოში და რუსების პირისპირ დააყენონ. ვაშინგტონი, ცხადია, არ დაუშვებს, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა, ახალი «ცივი ომის» ჭაობში შეტოპონ, მიუხედავად იმისა, რა სურთ ჭკუიდან გადასულ «ნეოკონებს», ცალკე აღებულ მაკკეინსა და მის ქართველ ბარტყებს (არა, ნამდვილად შესამოწმებელია, მართლა პეკინზე ხომ არ მუშაობენ). თეთრი სახლი, სავარაუდოდ, გაცილებით უფრო წინდახედულად იმოქმედებს.
გზად სმოლენსკიდან სტალინგრადამდე
წარმოვიდგინოთ (ვინაიდან დღეს მაკკეინსა და სააკაშვილზე ვსაუბრობთ, ფანტაზიის თავისუფალი ფრენა, ალბათ, დასაშვებია), რომ საქართველოს, რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების გარდა, სხვა გზა არ აქვს. ასე ნამდვილად არ არის, თუმცა თეორიულად დავუშვათ, რომ ჩვენთვის «მიზანი #1» რუსეთის «ჩამოშლაა». განა ეს იმას ნიშნავს, რომ მას პირდაპირ უნდა ვეცეთ? საფლავები სმოლენსკთან, სტალინგრადთან და უამრავ სხვა დასახლებულ პუნქტთან სრულიად საპირისპიროზე მიანიშნებს.
ის, ვინც რუსეთის მტრობას აპირებს, ძალიან ჭკვიანი და ცბიერი, უაღრესად «ბიზანტიური» (ამ სიტყვის ცუდი გაგებით) უნდა იყოს. ის ათწლეულობით უნდა უღიმოდეს მოსკოვს და სათანადო მომენტს მოთმინებით ელოდებოდეს. «გადატვირთვა» სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 20-30 წლის შემდეგ ვაშინგტონი არ შეეცდება, დამშვიდებულ დათვს გულში ლახვარი ჩასცეს, მაგრამ ამისთვის სათანადო მომზადებაა საჭირო. პარადოქსულია, მაგრამ ის, ვინც რუსეთზე წარმატებული (სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა) იერიშის მიტანას გეგმავს, თავიდან გაღიმება და კრემლთან გულთბილი საუბარი უნდა ისწავლოს; გამოხტომები მაკკეინის სტილში აქ აბსოლუტურად უადგილოა.
ის, რასაც სააკაშვილი და მაკკეინი აკეთებენ, არის არა იმდენად «ომი რუსეთთან», რამდენადაც მისი თეატრალიზებული, უცნაური ფსიქოლოგიური მოტივებით გაჯერებული იმიტაცია. რეალურ ზიანს რუსეთს ეს ვოდევილი ვერ მიაყენებს, საქართველო კი შეიძლება საგრძნობლად დააზარალოს (უკვე დააზარალა). რეალური კონფრონტაცია რუსეთთან გაცილებით მეტ მოქნილობას მოითხოვს და, ნებისმიერ შემთხვევაში, სასიკვდილო რისკს უკავშირდება.
ასეთ დაპირისპირებაში, ცოტა სხვა, ოტო ფონ ბისმარკის მასშტაბის წინამძღოლია საჭირო, რომელიც, სხვათა შორის, დაჟინებით ურჩევდა გერმანელებს, რუსეთს არ გადამტერებოდნენ. არ დაუჯერეს…
ჩვენს დღევანდელ ელიტას არ გააჩნია სათანადო ინტელექტუალური რესურსი იმისთვის, რომ რუსეთთან წარმატებული ომი (ფართო გაგებით) აწარმოოს. მარტივად რომ ვთქვათ, ფსიქიატრიული კლინიკა გენერალური შტაბის ფუნქციებს ვერ შეასრულებს. დღევანდელი დაპირისპირება თუნდაც აქედან გამომდინარე უნდა შეწყდეს, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში კონფრონტაციის გაგრძელება საერთო-ეროვნული თვითმკვლელობის ტოლფასია.
ცხადია, დაპირისპირებაზე გაცილებით გონივრული რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება იქნება. მართალია, სააკაშვილი მუდამ გვარწმუნებს, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ, ჯერ ერთი, ცდა ბედის მონახევრეა, თანაც ამ შემთხვევაში (ისევე, როგორც ზოგადად) სააკაშვილი ინტელექტუალურ ავტორიტეტად, ალბათ, არ გამოგვადგება.
მიუხედავად იმისა, თუ რას გვიმტკიცებს სახელმწიფო პროპაგანდა, დღევანდელი დაპირისპირება რუსეთთან პატრიოტიზმის გამოვლინებად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, რადგან პატრიოტიზმი პრაგმატიზმის გარეშე სხვა არაფერია, თუ არა შიზოფრენია. თუ სააკაშვილსა და მაკკეინს ამ მიმართულებით სიარულის გაგრძელება სურთ, ეს მათი პრობლემაა, ჩვენ კი, ალბათ, გაცილებით უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვიქცეთ.
დიმიტრი მონიავა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here