Home რუბრიკები პოლიტიკა იდეალური მარიონეტი, ანუ მიკი მაუსი თუ დავით ბაქრაძე?

იდეალური მარიონეტი, ანუ მიკი მაუსი თუ დავით ბაქრაძე?

966

გასულ კვირას კვლავ დაიწყო საუბრები დავით ბაქრაძის შესაძლო გაპრეზიდენტების შესახებ. «ინტერპრესნიუსის» ცნობით, ვარშავაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დროს, «რეზონანსის» ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ «ჰკითხა ბაქრაძეს აპირებს თუ არა გახდეს საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი და აპირებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი პრემიერობას?». ბაქრაძის ბუნდოვანმა პასუხმა კომენტატორებს შეუქმნა მყარი შთაბეჭდილება, რომ ეს სავსებით რეალურია, სოციალურ ქსელებში კი ამ თემაზე ვრცელი, კონსპიროლოგიური ელფერის მქონე მსჯელობა გაიმართა.

«როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, მისი პასუხი არ არის არც კი და არც არა. «არაბუნებრივი იქნებოდა, მეთქვა, რომ არ ვფიქრობ ჩემს მომავალ კარიერაზე, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ძალიან თეორიულია. ეს დამოკიდებული იქნება მოსახლეობის განწყობაზე. მე ვიქნები მოხარული, თუ ჩვენი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს 2012 წელს და გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, ვისაც სურს, გახდეს პრემიერი, უნდა მოიგოს არჩევნები; ვისაც სურს, გახდეს პრეზიდენტი, იმანაც უნდა მოიგოს არჩევნები,» _ აღნიშნა დავით ბაქრაძემ» («ინტერპრესნიუსი»).
 
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ძალაში 2013 წლის არჩევნების შემდეგ შევა პრეზიდენტის ძალაუფლებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მთავარი იქნება, თუ ვინ გააკონტროლებს უმრავლესობას პარლამენტში და პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. თუ «ნაციონალური მოძრაობა» მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დაახლოებით იმავე რაოდენობის მანდატებს მიიღებს, რამდენიც დღეს აქვს, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ ვინ დაჯდება 2013-ში პრეზიდენტის სავარძელში _ დავით ბაქრაძე თუ მიკი მაუსი  (მიკი მაუსი ჯობია, რადგან ბავშვებს უყვართ). თუმცა ამბიციურმა პიროვნებამ ამ პოსტზე, თეორიულად შეიძლება საკუთარი თამაში დაიწყოს და მის ხელთ არსებული მცირე საშუალებების გამოყენებითაც კი კრიზისული ვითარება შექმნას; მას ხომ, ფორმალური თვალსაზრისით მაინც, მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება, ამიტომ ამ პოსტზე მმართველ ჯგუფს, სავარაუდოდ, «იდეალური მარიონეტი», დამოუკიდებელი მოქმედების უნარს მოკლებული პოლიტიკური არარაობა დასჭირდება. ვერ ვიტყვით, რომ საქართველო ასეთი ფიგურების მწვავე ნაკლებობას განიცდის, თუმცა კანდიდატი კიდევ ერთ კრიტერიუმს უნდა პასუხობდეს _ დასავლელი პარტნიორებისთვის მისაღები უნდა იყოს და მსოფლიოს თვალში კლინიკურ იდიოტად არ უნდა გამოიყურებოდეს. დავით ბაქრაძე ჩამოთვლილ მოთხოვნებს ასე თუ ისე აკმაყოფილებს.
ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს საუბარი არასერიოზულია, რადგან ისეთ უსახურ პოლიტიკოსს, როგორიცაა დავით ბაქრაძე, არჩევნებში, პრაქტიკულად, ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერი ან თუნდაც იგივე მიკი მაუსი იოლად დაამარცხებს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, ვის ხელში იქნება იმ მომენტისთვის ადმინისტრაციული და პროპაგანდისტული რესურსი, ამასთანავე, გავიხსენოთ, რომ, WikiLeaks-ის ერთ-ერთი პუბლიკაციის თანახმად, ბაქრაძის გაპრეზიდენტების თემაზე ჯერ კიდევ 2009 წლის იანვარში აშშ-ის საელჩოში ჯონ ტეფტი და დიმიტრი შაშკინი სავსებით სერიოზულად მსჯელობდნენ. ეს იდეა მაშინ, ორ-ნახევარი წლის წინ, საჯაროდ რომ გაჟღერებულიყო, ნახევარი საქართველო, ალბათ, სიცილით დაიხოცებოდა, თუმცა პროექტი «ბაქრაძე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი», სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი ხანია, არსებობს და გამორიცხული არაა, რომ მალე რეალიზების აქტიურ (უფრო ზუსტად კი ხილულ) ფაზაში შევა. ალბათ, გასარკვევია, ვის და რისთვის დასჭირდა ეს, რბილად რომ ვთქვათ, ექსტრავაგანტული პროექტი.
პირველი ვერსია გულისხმობს იმას, რომ სააკაშვილი პრემიერის პოსტს დაიკავებს, ხოლო პრეზიდენტის სავარძელში თავის უნებისყოფო თოჯინას დასვამს. ეს ვარაუდი დღეს ძალიან ფართოდაა გავრცელებული და მეტ-ნაკლებად რეალისტურად გამოიყურება. მართალია, ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ «დასავლეთი სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას არ დაუშვებს», თუმცა პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დასავლეთმა, კერძოდ კი ვაშინგტონმა, სხვა ქვეყნებში არაერთგზის გაცილებით უარესი რამ დაუშვა.
როდესაც მთავარია ამა თუ იმ ქვეყანაზე კონტროლის შენარჩუნება, ყველაფერი დანარჩენი უკანა პლანზე გადადის. მაგალითად, ირანში შაჰის რეფორმების დასაწყისში ორი მართული, ერთი შეხედვით, თანაბარი პერსპექტივის მქონე პარტია შეიქმნა. ორპარტიული მოდელი აშშ-ის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში ხშირად გამოიყენება (ლათინური ამერიკა სავსეა მაგალითებით) და, უმეტესწილად, თავისუფალი არჩევანის ილუზიის შექმნას ემსახურება. თუმცა შემდეგ დაიწყო დრეიფი ერთპარტიული სისტემისკენ, შეიქმნა სახელისუფლო მმართველი პარტია («ირანე ნოვინ»), რომელიც მალევე შეერწყა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს, ოპოზიციამ კი მხოლოდ დეკორატიული, «ჯიბის ოპოზიციის» სახე შეიძინა, ანუ შეიქმნა დაახლოებით ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს. ბოლოს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და 1975-ში შაჰმა ერთპარტიული სისტემა იურიდიულად გააფორმა, შეიქმნა «ერთადერთი ჭეშმარიტი პარტია» («რასტაჰიზ»), რომელშიც გაწევრიანება პატრიოტიზმისა და შაჰისადმი ლოიალურობის გამოვლენად განიხილებოდა. ეს, პირვანდელ «ორპარტიულ ჩანაფიქრთან» შედარებით, აშკარა რეგრესი იყო, თუმცა ამას შტატების დამოკიდებულებაზე რეჟიმის მიმართ განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია. მთავარი ვაშინგტონისთვის თეირანის გეოპოლიტიკური ერთგულება, დაჩქარებულ ვესტერნიზაციაზე ორიენტირებული რეფორმები და ქვეყანაზე კონტროლის შენარჩუნება იყო. რეპრესიები და ირანის პოლიტიკური სისტემის თავისებურებები ამ კონტექსტში მეორეხარისხოვანი ნიუანსი იყო. საბოლოდ, ყოველივე ეს დასრულდა იმით, რომ ხალხი აიათოლა ჰომეინის გაჰყვა და, გუბაზ სანიკიძის თქმის არ იყოს, «დამწვარი გვამებით სირბილი» დაიწყო. თუმცა, ვინაიდან ძია სემი ერთსა და იმავე ორმოში ჩავარდნის თვალსაზრისით, უდავო მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ, მსგავსი ისტორიები პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მოსაწყენი მონოტონურობით მეორდება.
თეთრი სახლი 43 წელი «უშვებდა» სომოსას დინასტიის კოშმარულ მმართველობას ნიკარაგუაში და რატომ «არ დაუშვებს» სააკაშვილის გაპრემიერებას საქართველოში? სხვათა შორის, იმ პერიოდში ნიკარაგუის პრეზიდენტების სიაში, სამი სომოსას გარდა, სხვა გვარებიც გვხვდება (ბენხამინო ლაკაიო, ვიქტორ რომან-ი-რეიესი, რენე შიკი). ბანალური მარიონეტები იყვნენ, რომელთაც დროდადრო პრეზიდენტის სავარძელში «ზრდილობისთვის», მზარდი დემოკრატიულობის დაფიქსირებისთვის სვამდნენ. როდესაც ერთ-ერთმა ასეთმა (იდეაში) თოჯინამ _ ლეონარდო არგუელიომ «თვითნებობის» გამოვლენა დაიწყო, ანასტასიო სომოსა-უფროსმა ის გაპრეზიდენტებიდან 25 დღეში ჯერ სასახლიდან, შემდეგ კი ქვეყნიდან გააძევა.
საინტერესოა, რა მიზანს ემსახურება ეს ზღაპრები საერთო შინაარსით: «იძინე მშვიდად, საქართველოვ, დასავლეთი ამას არ დაუშვებს?».
ბაქრაძის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებულ ამ ვერსიას რამდენიმე ქვევარიანტი აქვს, რომელთა თანახმად, სააკაშვილი არა პრემიერის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს ან სულაც, ავანსცენიდან დროებით წავა და ქვეყნის მართვას მარიონეტების მეშვეობით განაგრძობს და ა. შ. ყველა ამ ვარიანტის ფარგლებში მმართველი ძალა ხელისუფლებას ინარჩუნებს, მხოლოდ კოსმეტიკურ სახეცვლილებას განიცდის, ხოლო მასში შემავალი ჯგუფები ერთმანეთთან რეალურ კონფრონტაციაში არ შედიან.
გარკვეულ ლოგიკას მოკლებული არაა მეორე ვერსიაც, რომლის ფარგლებში დავით ბაქრაძე, როგორც განგებ განწირული, აპრიორი დამარცხებული კანდიდატი განიხილება. წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში «ნაციონალური მოძრაობა» გაიმარჯვებს (ხელისუფლება ამ არჩევნებისთვის ისე ემზადება, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მონაგონია) მანდატების შედარებით მცირე ნაწილს კი (მაგალითად) ირაკლი ალასანიას გარშემო გაერთიანებული ბლოკი დაეპატრონება, ხოლო შემდეგ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ალასანია (ამ ადგილას მოულოდნლად შეიძლება სხვა გვარიც გაჩნდეს) ბაქრაძეს დაამარცხებს. ერთი შეხედვით, ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება დემოკრატიის ზეიმია, მეორეს მხრივ კი, რეალური ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ხელთ დარჩება, რომელსაც ზურგს საპარლამენტო უმრავლესობა გაუმაგრებს.
თუ ვითარებას რეალისტურად შევხედავთ, ვნახავთ, რომ არჩევნებში წარმატებისთვის, ისევე, როგორც ხელისუფლების შემდგომი, თანდათანობითი გაფართოებისთვის, ალასანიას დღევანდელი მმართველი ძალის ერთ-ერთ ჯგუფთან ალიანსზე წასვლა დასჭირდება; «რესურსი რესურსია» და ამ მარტივ ფაქტს ვერსად გავექცევით. ყოველივე ეს შექმნის წინაპირობებს ხელისუფლების ეტაპობრივი ტრანსფორმაციისთვის და, საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ, დასრულდება «პროგრესული ალასანიას» გამარჯვებით «დრომოჭმულ სააკაშვილზე». თუმცა ამ პროცესში მთელი რიგი დამცავი მექანიზმები უზრუნველყოფენ იმას, რომ არსებითად ქვეყანაში არაფერი შეიცვალოს: სახეშეცვილილი ხელისუფლებისათვის მთავარი ისევ ვაშინგტონზე მარიონეტული დამოკიდებულება იქნება. მისგან გამომდინარე ყველა ნეგატიური შედეგით, რაც ბოლო წლებში ვიწვნიეთ. ამ ნიადაგზე, სავსებით შესაძლებელია აღმოცენდეს საკმაოდ მოხდენილი გეგმა, რომელიც, ერთის მხრივ, აშშ-ის ინტერესების დაცვას, მეორეს მხრივ კი, საქართველოს მოსახლეობის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შეძლებს, რომლის კრიტიკულად დიდი ნაწილი სააკაშვილისგან, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დაიღალა.
თუმცა იქნება დიდი წინააღმდეგობაც, რადგან ბევრი მაღალჩინოსნისთვის მომავლის ამ ვარიანტში ადგილი არ მოიძებნება და ისინი, სავარაუდოდ, ყველაფერს იღონებენ, რათა დღევანდელი ვითარება «დააკონსერვონ». ეს კი სააკაშვილის მმართველობის მაქსიმალურ გახანგრძლივებას გულისხმობს, თუნდაც ბაქრაძით ან მიკი მაუსით პრეზიდენტის როლში. მათი მთავარი კოზირი, სავარაუდოდ, დესტაბილიზაციის წარმოსახვითი საფრთხე იქნება, რამაც შეიძლება უბიძგოს ვაშინგტონს, ცვლილებების ხელშეწყობაზე ხელი აიღოს და ყველაფერი ისე დატოვოს, როგორც დღეს არის (ამის ალბათობა, შედარებით უფრო დიდი ჩანს). ჯერჯერობით კი ორივე გზა ხსნილია: მარჯვნივ _ ფაქტობრივი ორპარტიულობა კონკურენციის ილუზიით, მარცხნივ _ ერთპარტიული მარაზმი «მარადიული სააკაშვილით»; არადა, ქვეყანას _ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ გახვევა, _ წინსვლა სჭირდება.
ბაქრაძის კანდიდატურა იმით არის საინტერესო, რომ მისი გამოყენება მოსახერხებელია ორივე განხილულ ვარიანტში. მისგან შეიძლება შეიქმნას როგორც სააკაშვილის «იდეალური მარიონეტი», ისე «Мальчик для битья» 2013 წლის არჩევნებში. მოკლედ, ბაქრაძისგან გამოვა ის, რასაც მისგან გამოძერწავენ. «What you will do with him, Sir?»; არა, მართლა საინტერესოა, რას უპირებთ. როგორც ჩანს, 2009 წლის (სინამდვილეში კი, ალბათ, გაცილებით უფრო ადრე და სულ სხვა ჭერქვეშ გამართულ) საუბრებს ფუჭად არ ჩაუვლია.
«ქალბატონებო და ბატონებო, მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი დავით ბაქრაძე…» დღეს ეს ფრაზა და ფიგურანტის წარმოდგენა პრეზიდენტის როლში ბევრს შეიძლება ძალიან სასაცილოდ  მოეჩვენოს. საინტერესოა, ორი წლის შემდეგ ასევე არხეინად თუ გაგვეცინება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here