Home რუბრიკები საზოგადოება 4 ოქტომბრის ინფოდაიჯესტი

4 ოქტომბრის ინფოდაიჯესტი

პუტინი ევრაზიული კავშირის შექმნის ინიციატივით გამოდის
პუტინი პოსტსაბჭოთა სივრცეში ევრაზიული კავშირის შექმნის ინიციატივით გამოდის. რუსეთის პრემიერმინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა გაზეთ „იზვესტიაში“ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „ახალი საინტეგრაციო პროექტი ევრაზიისთვის – მომავალი, რომელიც დღეს იბადება“.
„ჩვენ გთავაზობთ ძლიერი ზენაციონალური გაერთიანების მოდელს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ პოლუსად იქცეს და ამასთან, ევროპას, დინამიკურ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონს შორის ეფექტური „დამაკავშირებლის“ როლი შეასრულოს“, – წერს პუტინი.

ევრაზიული კავშირის შექმნის შესახებ პუტინმა პირველად ივლისში რუსეთს, ბელორუსსა და ყაზახეთს შორის საბაჟო კავშირის საქმიანი ფორუმის ფარგლებში ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ კავშირის შექმნის შესახებ დეკლარაციას 2012 წელს მოეწერება ხელი, ხოლო ეს ამბიციური ინტეგრაციული პროექტი მუშაობას უკვე 2013 წელს დაიწყებს.
 
რუსეთის პრემიერი წერს, რომ ერთიანი ეკონომიკური სივრცის მოქალაქეები, სადაც მიგრაციული, სასაზღვრო და სხვა ბარიერები მოხსნილი იქნება, დაბრკოლებების გარეშე შეძლებენ აირჩიონ, სად იცხოვრონ, მიიღონ განათლება და იმუშაონ. ბიზნესმენები კი სურვილისამებრ შეარჩევენ, თუ რომელ ქვეყანაში ჰქონდეთ ბიზნესი.
მანანა მანჯგალაძე – ნიკოლა სარკოზის ვიზიტის მთავარი თემა რუსეთი იქნება
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მანჯგალაძის განცხადებით, სარკოზის ვიზიტის მიზეზი სრულიად განსხვავებული თემატიკაა – ქართულ-ფრანგული ურთიერთობები და საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივი ინტერესები.
მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიან შეთანხმებაში პრეზიდენტი სარკოზი აქტიურად იყო ჩართული და აქედან გამომდინარე, რუსეთის საკითხი პრეზიდენტებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
მისი თქმით,  საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა არის დადასტურება სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს საფრანგეთისა და მთლიანად ევროპის მხრიდან აქვს.
„იმედი გვაქვს, ქართულ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, 7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დარწმუნდეს ამაში, როდესაც ჩვენს ხალხს საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები მიმართავენ“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს 7 ოქტომბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ის თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოიოსა და მზესუმზირის თესლი შემოაქვს
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროგრამის მიზანს ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდა  და იმპორტის შემცირება წარმოადგენს.  „მარცვლეულ კულტურებზე მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ფერმებიდან მზარდი მოთხოვნა არსებობს და ამისათვის ისეთი მარცვლეული კულტურების წარმოების გაზრდა, როგორიც მზესუმზირა და სოიოა, აუცილებელია“,–განუცხადეს- „პირWელს“ სამინისტროში.
კუმისის მეფრინველეობის ფერმის დირექტორის გოგიტა მაისურაძის განცხადებით, „სოიოსა და მზესუმზირას ფერმისთვის ამჟამად საზღვარგარეთ ყიდულობენ, აღნიშნული კულტურების ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში კი ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება და პროდუქციაც მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება“.
„ქვეყნის შიდა ბაზარზე მხოლოდ სოიოს წარმოების შემთხვევაში ჩვენი ნაწარმი 20-30%-ით გაიაფდება“, – განაცხადა მაისურაძემ.

გენადი ონიშენკოს განცხადებას „ბი-ბი-სი“ ეხმაურება
ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით გენადი ონიშენკოს განცხადებას „ბი-ბი-სი“ ეხმაურება. ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის მთავარმა სანიტარმა განაცხადა, რომ ყველაფერი ქართველ მწარმოებლებზეა დამოკიდებული.
„მიუხედავად ხმამაღალი და ისტერიკული განცხადებებისა რუსეთის ბოროტი განზრახვების შესახებ, რუსეთის ბაზარზე „ბორჯომისა“ და ღვინის დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს. ეს ხდება ქართული ბიზნესის ძალისხმევის წყალობით, რომელსაც ესმის, რომ რუსული ბაზრის გარეშე ქართული ეკონომიკის ამ სფეროს განვითარება შეუძლებელია“, – განაცხადა ონიშენკომ.
უშგულელ სვანებს მიწებს არ ურეგისტრირებენ
ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი დასახლების – უშგულის მაცხოვრებლებს მიწებს არ ურეგისტრირებენ.
„ტურიზმის განვითარების პარალელურად სვანეთი ინვესტორებისთვის მადიან ლუკმად იქცა და შესაბამისად, ადგილობრივებისათვის გაუფორმებელ მიწებთან დაკავშირებით დიდი პრობლემები წარმოიქმნა. მესტიის რაიონის დანარჩენი სოფლების მაცხოვრებლებსაც მიწის გაფორმება მაღალი გადასახადის გამო უჭირთ და ზოგიერთმა მათგანმა მიწა უკვე დათმო. ხალხს საკუთარი სახლის დატოვება არ უნდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, მიწა ნებისმიერ ფასად გაგვეფორმებინა, მაგრამ ახალ პრობლემას წავაწყდით: მიწას უშგულის არცერთ მოსახლეს არ ურეგისტრირებენ, მოტივად კი „იუნესკოს“ გვისახელებენ, რომელმაც უშგული კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეგვიყვანა. გვითხრეს, რომ ამ სოფელში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი ჯერ-ჯერობით განხილვის საგნად რჩება, მაგრამ კონკრეტულად რამდენად გაიწელება დროში აღნიშნული, ჩვენთვის არავის განუმარტავს“,- განუცხადეს „პირWელს“ ადგილობრივებმა.
სოფელ გავაზში 19 წლის ახალგაზრდას ეძებენ
ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში 19 წლის ბექა ალადოშვილს თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ეძებენ. იგი სახლიდან 9 სექტემბერს მინდორში ბალახის სათიბად გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
დაკარგულის მამა იხსენებს, რომ სახლიდან გასვლის შემდეგ შვილს საღამოს რვა საათზე მობილურზე ესაუბრა, შემდეგ კავშირი გაწყდა. მინდორში ჩასულებს კი მხოლოდ ურემი დახვდათ.
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. სოფელში ამბობენ, რომ დაკარგული მოზარდი ბოლოს ბათუმში და თბილისშიც ნახეს. გავაზელების თქმით, მოზარდი მშობლების დაუკითხავად სახლიდან რამდენიმე წლის წინაც წავიდა, მაგრამ მალე დაბრუნდა.

თურქეთში საქართველოს 11 მოქალაქე დააკავეს
ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქმა სამართალდამცველებმა ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 32 პირი აიყვანეს, რომელთაგან 11 საქართველოს მოქალაქეა. გამოძიება მათ ქვეყანაში არალეგალურად ყოფნასა და მუშაობას ედავება.
დაკავებულია ასევე თურქეთის მოქალაქე, რომელიც აღნიშნულ პირებს არალეგალურად ამუშავებდა. დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი საემიგრაციო სამსახურში ჰყავთ გადაყვანილი და დეპორტაციისთვის ამზადებენ.
იტალიაში ყაჩაღობის გამო ერთი ქართველი დააკავეს
როგორც იტალიური მედია იუწყება, 27 წლის თენგიზ ძაძამიამ, თანამზრახველთან ერთად იტალიაში, მატერას პროვინციაში, 75 წლის მარტოხელა ქალბატონი დააყაჩაღა. დაყაჩაღებისას თავდამსხმელებმა მოხუცს სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს. მეორე თავდამსხმელის ვინაობა არ სახელდება.
ბინიდან გამოსული ხმაურის შემდეგ მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, ეჭვმიტანილებმა გაქცევა მოახერხეს, თუმცა სამართალდამცავებმა ორივე ბოროტმოქმედი ბინიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
საქართველო-სომხეთის საზღვართან მეწყერის ახალი საფრთხეა
მეწყერის ახალი საფრთხეა საქართველო-სომხეთის საზღვართან. ღამით სტიქია კიდევ განმეორდა, სპეციალისტები ახალ ტალღას ყოველ წუთს ელოდებიან. ამ დრომდე ვერ ხერხდება 5 დაკარგულის პოვნა, მათგან ორი საქართველოს მოქალაქეა. მაშველები ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის განცხადებით, სომხეთმა, შესაძლოა, საქართველოს მძიმე ტექნიკით დახმარება სთხოვოს. საქართველო მზადაა სომხეთს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმაროს.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი მეწყერის შედეგად საქართველო-სომხეთის საზღვარზე. მიწამ 21 ავტომობილი ჩაიყოლა. მათ შორის 2 ავტომობილი საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნოდა. სტიქიის შედეგად 10-მდე ადამიანი დაზარალდა. რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. დანარჩენებმა მანქანებიდან გადმოსვლა დროულად მოასწრეს და, საბედნიეროდ, არ დაშავებულან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here