Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო: „აბრეშუმის“ გზები, ჩამონგრეული სახლები და პრეზიდენტი – „ენერჯაიზერი“

საქართველო: „აბრეშუმის“ გზები, ჩამონგრეული სახლები და პრეზიდენტი – „ენერჯაიზერი“

984

უცხოელებისთვის ეს ქვეყანა სამოთხეა, ხოლო ადგილობრივებისთვის –უკრაინაზე ღატაკი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო.
უკრაინულმა გამოცემამ „სეგოდნია“ საქართველოს შესახებ სპეციალური რეპორტაჟი გამოაქვეყნა. ჩვენმა კოლეგებმა საკუთარი თვალით ნახეს და შეაფასეს, მართლაც ისე კარგადაა ყველაფერი, როგორც ამას სააკაშვილის ხელისუფლება ამტკიცებს, თუ არა. ჩვენი მკითხველისთვის უცხო თვალით დანახული ეს სურათი უთუოდ საყურადღებო იქნება.
შებინდებისთანავე თბილისი თავბრუდამხვევ ნახტომს აკეთებს აწმყოდან წარსულში. განათების დიზაინერმა ფილიპ მარტინომ ისე ოსტატურად მიმოფანტა მანათობელი კრისტალები, რომ ღამით თანამედროვე შენობები არ ჩანს, ხოლო ძველი თბილისი მთელი თავისი მომხიბვლელობით წარმოგიდგება.  კლდეებს შორის ჩაკლაკნილი მტკვრის ნაპირას ვდგავართ და გვეჩვენება, რომ მთებზე შეფენილი მეტეხის ეკლესია, სამების საკათედრო ტაძარი და ნარიყალას ციხე  პირდაპირ ზეციდან დაგვყურებს.
ამასობაში ადგილობრივი მოხელეები ხელიდან არ უშვებენ შემთხვევას, რომ ქალაქის სილამაზე საკუთარი მიღწევების „გასაპიარებლად“ გამოიყენონ. 2008 წელსაც კი, რუსეთთან გაგანია სამხედრო კონფლიქტის დროს, ისინი მაინც პოულობდნენ თუნდაც ნახევარ საათს, რათა უცხოელი ჟურნალისტები თავიანთ უზარმაზარ ჯიპებში ჩაესვათ და საღამოს თბილისში გაესეირნებინათ. მაშინ მთაწმინდის 274,5–მეტრიან,  საახალწლო ნაძვის ხესავით მოციმციმე ანძას გვაჩვენებდნენ (იმის მისანიშნებლად, რომ რუსეთთან ომის მიუხედავად ყველაფრითვის ყოფნით თანხები!). ახლა ახალშენებით ტრაბახობენ.
–  ახლა თბილისის ძველ უბანში – ავლაბარში წავალთ, სადაც პრეზიდენტის მინისგუმბათიანი ადმინისტრაციის შენობას ვნახავთ, – გვეუბნება ერთ–ერთი სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც ავტოექსკურსია მოგვიწყო. – გზად ბეტონისა და მინისგან ნაქსოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვნახავთ, მერე კი ისევ ძველ ქალაქში დავბრუნდებით. ნახეთ! მტკვარზე გადებულ ამ ხიდს „მშვიდობის ხიდი“ ჰქვია. მისი 156–მეტრიანი კარკასი მინით არის დაფარული და ოთხ მძლავრ ბურჯზე დგას.
რა თქმა უნდა, გემოვნება ყველას განსხვავებული აქვს. მაგრამ კონტრასტი მინისა და ლითონის მყვირალა შენადნობსა და შუა საუკუნეების ქალაქის თავშეკავებულ სილამაზეს შორის გაწყვეტილი სიმის ხმას წააგავს. მინიმალიზმის ცივი დიდებულება  ჩრდილოეთის რომელიმე დედაქალაქს მოუხდებოდა. მაგრამ თბილ ქალაქს, არადა „თბილისი“ სწორედ ასე ითარგმნება, სადაც ღვინის მდინარეები მოედინება, ხაჭაპურს გემრიელი ორთქლი ასდის, ხალხი კი გულგახსნილია და თავს მოვალედ თვლის,  ღარიბ მეზობელს ყოველდღე შეუტანოს საჭმელი, – ეს ხიდი სულაც არ უხდება.
–  მინიმალიზმი ჩვენი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფიშკაა“, – გამოგვიტყდა ორიოდე ჭიქა ღვინის შემდეგ ჩვენი მეგზური. – ბევრ თბილისელს ეს სტილი არ მოწონს, მაგრამ რას იზამ, – ყველას ვერ ასიამოვნებ.
პრეზიდენტი–„ენერჯაიზერი“
თუმცა თბილისის ახალშენები სააკაშვილის მოღვაწეობის მხოლოდ გარეგნული მხარეა. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში სერიოზული ცვლილებები მოხდა. აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (UშAID) ამ სახელმწიფოში გატარებული გარდაქმნები უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ფართომასშტაბიან და სწრაფ რეფორმებად შეაფასა. მსოფლიო ბანკის ბიზნესის წამოწყების სიიოლის რეიტინგში კი „მიხოს ქვეყანამ“ მე–11 ადგილი მიიღო, რითაც ფინეთს, შვედეთსა და იაპონიას გაასწრო. გარდა ამისა, ჟურნალ ღორბეს-ის  დასკვნით, გადასახადების გადახდის გამარტივებამ საქართველო ევროპის ყველაზე ლიბერალურ სახელმწიფოდ აქცია.
–  ჩვენი სახელმწიფო პოსტსაბჭოთა აღარ არის, – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში სააკაშვილმა. –  მოხელეთა შემადგენლობა მთლიანად გამოვცვალეთ. ჩვენი მთავრობის ყველა წევრი ჩემზე ახალგაზრდაა (შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 44 წლისაა–ავტ.) და საბჭოთა დროს არ უმუშავია. შესაბამისად, მათ ნეგატიური გამოცდილების პრაქტიკული გამოყენება არ შეუძლიათ, არ არიან ბიუროკრატები და კორუფციონერები. მით უმეტეს, რომ შრომისთვის კარგ ანაზღაურებას იღებენ.
საინტერესოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები მას ხუმრობით „ენერჯაიზერს“ ადარებენ. იგი დღე–ღამის განმავლობაში მუშაობს და ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესის პირადად გაკონტროლებას ცდილობს. სააკაშვილი მაღალი თანამდებობის პირთაგანაც „საქმისადმი“ ასეთივე ერთგულებას ითხოვს, მაგრამ მუშაობის გიჟურ რიტმს ყველა ვერ უძლებს. ვინც იღლება, წასვლა უწევს.
– კიდევ ჩვენ ბიზნესი და სახელმწიფო გავაცალკევეთ! – ამბობს სააკაშვილი. – ახლა მდიდარ ადამიანებს საკანონმდებლო დონეზე საკუთარი ინტერესების ლობირება აღარ შეუძლიათ. აი, მაგალითად, მივიღეთ კანონი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა წამლის ფასები და ფარმაცევტული კომპანიების შემოსავლები. სიმართლე გითხრათ, კენჭისყრის წინა დღეს ცოტა ვნერვიულობდი; ერთ–ერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი ხომ თავად არის პარლამენტარი. მერე, რა გგონიათ? მას ხმაც კი არ ამოუღია!
გარდა ამისა, საქართველოში მასშტაბური პრივატიზაცია განხორციელდა (სახელმწიფომ ფოსტისა და რკინიგზის გარდა ყველაფერი გაყიდა!).
ამის შემდეგ მთელი მსოფლიოს ინვესტორები აქ მოფრინდნენ, რუსებიც კი! „რაო ეესმა“ ელექტროენერგიის დისტრიბუცია იყიდა, ვთბ ბანკმა (რომლის 90% რუსეთის მთავრობას ეკუთვნის!) თავისი ფილიალები გახსნა. თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე, რუსთაველზე კი საღამოობით Marriott -ის, Radisson –ისა და Sheraton –ის აბრები ციმციმებს.
– რატომ დებენ ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში? – რიტორიკულ კითხვას სვამს სააკაშვილი. – მე ვფიქრობ, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის შედეგად ბიზნესის კეთება უსაფრთხო გახდა (შეგახსენებთ, რომ შტატების კარდინალურად შემცირების შემდეგ უწყებაში ხელფასები გაზარდეს და ახლა რიგითი პოლიციელი 700 დოლარს, ხოლო განყოფილების უფროსი 2 ათას დოლარს იღებს). უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ მეორე ადგილზე ვართ ისლანდიის შემდეგ.
თუმცა ყველაზე მთავარი, სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ის არის, რომ ინვესტიციები მხოლოდ დედაქლაქში როდი იდება. აქტიურად ვითარდება ბათუმი, შენდება სასტუმროები, გასართობი კომპლექსები და რესტორნები.  ფოთის პორტი არაბული ემირატების ჯიბესქელმა წარმომადგენლებმა იყიდეს, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების რეკონსტრუქცია კი თურქებმა განახორციელეს.
ბიზნესი ქართველებისთვის არ არის 
ნათელია, რომ ადგილობრივ მოხელეებთან ურთიერთობის შემდეგ ქართული რეფორმებისგან ყველა უცხოელს სუნთქვა ეკვრება. სულ რაღაც 7 წელიწადში ამ პატარა ქვეყანამ გაიარა გზა, რომელიც დიდმა უკრაინამ ვერ დაძლია. მართლაც ასეა? რეალურ ვითარებაზე მსჯელობა მშრალ საექსპერტო მონაცემებზე დაყრდნობით მართებული არ არის.
– უცხოური კაპიტალისთვის ჩვენთან მართლაც ყველა პირობაა შექმნილი, – ამოიოხრა ერთ–ერთი სამინისტროს მოხელე ზურაბმა, რომელსაც თბილისის ერთ–ერთ კაფეში შევხვდით. – მაგრამ ეს შეღავათები ქართველ ბიზნესმენებს არ ეხება. ჩვენთვის მაღალი გადასახადებია. არც ის დაიჯეროთ, რომ საქართველოში კორუფცია განადგურებულია. ჩვენი პოლიციელები, უკრაინელი ინსპექტორებისგან განსხვავებით, ფულს არ იღებენ, მაგრამ  ხმები დადის, რომ ზედა ეშელონებში კორუფცია ისევ არსებობს. თუ მთავრობაში ნათესავი გყავს, არსებობს შანსი, რომ გადასახადებს გაექცე. თუ არადა, ბიზნესზე არც იფიქრო – წამგებიანია!
სახელმწიფო მოხელეთა ხელფასების საკითხიც არც ისე მარტივია. ძალოვანებს, სამხედროებს, საგადასახადო სამსახურის და სამინისტროების თანამშრომლებს ხელფასი მაღალი აქვთ, – 700–დან 3 ათას დოლარამდე, მაგრამ მასწავლებლები და მედიკოსები 120 ლარს (518 გრივნა) იღებენ. მთლიანობაში კი თბილისში საშუალო ხელფასი 100–დან 200 ლარამდე მერყეობს (431–863 გრივნა). ამ დროს სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები უკრაინულის ტოლია. შედარებით იაფია ტაქსით მგზავრობა და მობილური კავშირი. რთული მისახვედრი არ არის, რომ თუ დედაქალაქში ასეთი მდგომარეობაა, რეგიონებში ხელფასებიც ნაკლებია და ხალხი სიღატაკეში ცხოვრობს! გამონაკლისს მხოლოდ უცხოური ინვესტიციების ხარჯზე განვითარებადი ტურისტული რაიონები წარმოადგენს, მაგალითად – ბათუმი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბალხელფასიანი სამუშაოს პოვნაც პრობლემაა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 20%–ია დასაქმებული, ხოლო დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით – 50%!
– უცხოური ინვესტიციები, ძირითადად, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესში, ან ვაჭრობაში  იდება, – გვეუბნება ქართველი ექსპერტი–ეკონომისტი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. – მსხვილმა სამრეწველო საწარმოებმა, რომელშიც უამრავი ადამიანის დასაქმება იყო შესაძლებელი, საბჭოთა კავშირის შემდეგ არსებობა შეწყვიტა. რაღა დაგვრჩა? ფერადი მეტალურგია და ქიმია, – სულ ეს არის! არადა, იყო ტრიკოტაჟის ფაბრიკები, მანქანათმშენებლობა, თავდაცვის საწარმოები. თქვენ მკითხავთ, აბა როგორ არსებობთო? ვფიქრობ, ხმები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს ეკონომიკაში დიდ ფულს დებს, რეალობასთან ახლოსაა…
საქართველოს ეკონომიკური პრობლემები კარგად არის ცნობილი. ექსპორტი იმპორტს აღემატება. სავაჭრო ბალანსში ხვრელს უცხოური ინვესტიციები ვერ ფარავს, „დებეტ–კრედიტი“ დასავლეთის ქვეყნების ფინანსური დახმარებით ბალანსდება. „საქართველოში მეტი საქონელი შემოდის, ვიდრე ჩვენ ვყიდით. ჩვენი ქვეყანა მოხმარებაზეა ორიენტირებული“, – ამბობს ჩვენთან საუბარში კავკასიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია. სხვათა შორის, ადგილობრივ სუპერმარკეტებში და მაღაზიებში პროდუქტის უმრავლესობა უკრაინიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან არის შემოტანილი. გამყიდველების თქმით, ადგილობრივი პროდუქცია ძალიან ცოტაა.
– რა გიკვირთ? – განაგრძობს ჩვენი თანამოსაუბრე. – ყველაზე ცუდად საქმე სასოფლო–სამერნეო პროფილის დასავლეთ საქართველოშია. კოლმეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები დაიშალა და ადრინდელი მოცულობით ახლა მხოლოდ წყალი იწარმოება (მინერალური და ტკბილი), ხოლო ოდესღაც აყვავებული ჩაის, ეთერზეთების, ხილ–ბოსტნეულის კონსერვების წარმოება თითქმის გაქრა. გარდა ამისა, რუსეთის ემბარგოს შემდეგ მეღვინეობაც სერიოზულად დაზარალდა. ეს დარგი ნახევარი დატვირთვით მუშაობს, რადგან უკრაინისა და ყაზახეთის ბაზრები მცირეა, ჩვენ კი ძირითადად ამ ქვეყნებში გაგვაქვს პროდუქცია.
ამერიკისა და ევროპის ბაზრებისთვის ბრძოლა იოლი არ არის. იქ პროდუქციის მიმართ მოთხოვნები მკაცრია, ქართულ ღვინოს კი არ იცნობენ. არსებითად, ნულიდან დაწყება და რეკლამაში დიდ თანხების ხარჯვა გვიწევს. ერთი კი კარგია, – ღვინის ხარისხი გაუმჯობესდა.
დაქცეული ოქროსუბანი 
როგორ ირჩენენ თავს ქართველები? ირკვევა, რომ ისინი სუპერმარკეტში თითქმის არ დადიან. პროდუქტს ბაზარში ყიდულობენ, – იქ გაცილებით იაფია. მშვენიერი გზით (თბილისში გზები ევროპულს ჰგავს – აბრეშუმივითაა!) ცენტრიდან დეზერტირის ბაზრისკენ გავემართეთ. იქ ყველისა და ბოსტნეულის მდიდარი არჩევანია.
– აქ ტკბილი წიწაკისა და პომიდვრის გასაყიდად ჩამოვდივარ, – გვიყვება ოლგა ნაზაროვა. – ხორცით არ ვვაჭრობ, – სიძვირის გამო არ ყიდულობენ (1 კგ ღორის ხორცი 12 ლარი ღირს, ეს კი 64 გრივნაა. კიევში ხორცი 45–65 გრივნა ღირს–ავტ.). ჩვენ თვითონაც, – მე, ჩემი ქმარი, სამი ვაჟი და რძლები ბოსტნეულზე, ყველსა და ფრინველის ხორცზე „ვზივართ“. ხორცს მარტო შვილიშვილებისთვის ვყიდულობთ.
– სახელმწიფო, მერამდენე წელიწადია, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის შეძენაში დახმარებას გვპირდება, – ამბობს ფერმერი გია. – ეს რომ გაეკეთებინათ, ჩემი ოჯახი ხორბლის მოყვანას და გაყიდვას მოახერხებდა. ახლა კი მხოლოდ ბოსტნეული მოგვყავს.
დეზერტირის ბაზრიდან არც ისე შორს ოქროსუბანია, თბილისის ერთ–ერთი უძველესი და ულამაზესი უბანი. ოდესღაც აქ ოქრომჭედლები ცხოვრობდნენ, შემდეგ – კანონიერი ქურდები, რომლებიც კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ თითქოს მოსკოვში გადავიდნენ. აქ ძალიან ძველი სახლებია. რამდენიმე წლის წინ მიწისძვრის შედეგად ისინი სერიოზულად დაზიანდა და ახლა ხის საყრდენები აქვს შეყენებული.
 
– ბევრჯერ ვთხოვეთ ხელისუფლებას სახლის შეკეთება, – ოხრავს 72 წლის ნაზი ბუჩუკური. – მაგრამ ერთი პასუხი აქვთ: ფული არ არის. ჩვენს სახლში კი მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ (ახალგაზრდობა უცხოეთშია საშოვარზე გადახვეწილი), პენსია 100 ლარია (431 გრივნა), ნახევარი კომუნალურ გადასახადებში მიდის. შვილი რომ არ მეხმარებოდეს, შიმშილით მოვკვდებოდი.
– მთებზე, არხებს შორის ვცხოვრობთ, – მწარედ ხუმრობს ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებელი, ფილოლოგიის პროფესორი ირინა კლოჩკო. მისი კარ–ფანჯარა ჩამონგრეულ სახლს უყურებს. ქუჩაზე ტალახი მოედინება, აქ მაცხოვრებლები კი ალაგ–ალაგ დაგებულ ფიცრებზე იკვლევენ გზას.
ერთ ეზოში, სადაც თოკებზე სარეცხია გაფენილი, ხოლო ზარმაცი კატები მზეზე გვერდებს ითბობენ, 10 წლის ბიჭუნას ვამჩნევთ. ის თითქოს ვრუბელის ტილოდან გადმოვიდა: უზარმაზარი ნუშისებრი თვალებით, ხვეული თმით. იგი დედასა და ბებიასთან ერთ ოთახში ცხოვრობს. პაწაწინა სამზარეულო ერთი მეტრია ერთ მეტრზე.
 
 
– ჩემს შვილს გიგა ჰქვია, – გვეუბნება 44 წლის თეა ჯაფარიძე. – მამამისი დაიღუპა, ბავშვს მარტო ვზრდი.72 წლის დედა  ჩემთან ცხოვრობს. ადრე ხალხური ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა. გიგაც კარგად ცეკვავს, მაგრამ 50 ლარი არ გვაქვს, რომ ანსამბლში იაროს. წელს ბავშვის სკოლაში მისაყვანად 300 ლარია საჭირო. სახელმძღვანელოები ძალიან ძვირია. საიდან მოვიტანო ფული, არ ვიცი. ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი 200 ლარია: ჩემი ხელფასი (იურისტი ვარ, მაგრამ ასაკის გამო სამსახურიდან დამითხოვეს და სადგურში დამლაგებლად ვმუშაობ) და დედაჩემის პენსია. ამას წინათ პრზიდენტმა თქვა, რომ ყველა მოსწავლე უფასოდ მიიღებს ნოუთბუქს, ინგლისურს კი ამერიკელები შეასწავლიან. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჯობდა, უფასო სახელმძღვანელოები დაერიგებინა…
ინა ზოლოტუხინა 
უკრაინული გამოცემა „სეგოდნია“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here