Home რუბრიკები პოლიტიკა გაეროსტყაოსანი

გაეროსტყაოსანი

GEWORLD.GE:
მუდმივი ლტოლვა ძალაუფლებისკენ ავტორიტარი ლიდერებისთვის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ ყველას როდი აქვს ქამელეონივით პოლიტიკურ გარემოსთან ადაპტაციის და დემოკრატიის კამუფლაჟად მორგების ან მსოფლიო საზოგადოების წინაშე საკუთარი პერსონის მისაბაძ «რეფორმატორად» პოზიციონირების უნარი.
მართალია, ყველას როდი შესწევს უნარი, მთელი პომპეზურობითა და ფილოსოფიური მსჯელობებით გაჯერებული «ერთი მსახიობის თეატრი» გაეროს სცენაზე (ტრიბუნაზე) მოაწყოს, თუმცა სააკაშვილი ხომ ყველა არ არის, რადგან მხოლოდ მაღალი მიხეილის «გამჭრიახ გონებას» და მის დასავლელ ლობისტებს შეუძლიათ სიღარიბის ჭაობში ჩაფლული საქართველო Fox News-ის ტელეეთერიდან და გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიოს წარუდგინონ, როგორც ევროპის ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა;

დაბეჩავებული და თავისუფლებააყრილი ერის «პრეზიდენტი» კი მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ და «ნომერ პირველ რეფორმატორად» დაასახელონ, რომელიც თურმე არა უბრალოდ «რეფორმირებული» ქვეყნის ლიდერია, არამედ მისაბაძი და სანიმუშო პოლიტიკოსიც. მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რომ სწორედ ეს «მიშმაკაკური» «რეფორმებია» სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებული კაბალური სოციალური პოლიტიკის სათავე, დემოკრატიისა და სამართლიანობის ფეხქვეშ გათელვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არსებობა-არარსებობის ზღვარზე რომ მიიყვანა. თუმცა ეს «უმნიშვნელო საკითხები», როგორც ჩანს, ისევ დასავლეთის ცივილიზებული სამყაროს ყურადღების მიღმა დარჩა და კვლავინდებურად წესრიგსა და მოჩვენებით სტაბილურობას შეეწირა.
 
როგორც ყოველთვის, «პიარ-ბიჭუნამ» ამჯერადაც შეძლო მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა. მისდა გასახარად, სააკაშვილს ამერიკული ვოიაჟის დროს მიეცა შესაძლებლობა, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან მრავალმხრივი შეხვედრები ჩაეტარებინა, გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოსთვის სიტყვით მიემართა და ეს ყოველივე საკუთარი პიარისთვის გამოეყენებინა. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია მისთვის, მან კიდევ ერთხელ შეძლო ობამას გამოჭერა და მასთან «არაფორმალური» გასაუბრება, როგორც ამას «ნაცონალური» არხები გვიმტკიცებენ. თუმცა არავინ იცის, რა იყო საუბრის თემა, ან გაიმართა თუ არა ეს შეხვედრა საერთოდ.
22 სექტემბერს ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე პლენარულ სესიაზე, გაეროს წევრი ქვეყნების ლიდერების წინაშე მიხეილ სააკაშვილი 20-წუთიანი  მოხსენებით წარსდგა. მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს როლზე გლობალურ პროცესებში, ახალ რევოლუციებზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და რუსეთის პოლიტიკაზე საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგ, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებსა და საფრთხეებზე კავკასიაში და ა. შ. მოკლედ, ისაუბრა ყველაფერზე, გარდა საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის არარსებობისა. ერთი სიტყვით, სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს, როგორც აყვავებული და წარმატებული სახელმწიფოს, წარმოჩენა მოეხდინა და დაერწმუნებინა მსოფლიო ლიდერები, რომ ჩვენთან ყველაფერი რიგზეა.
სააკაშვილი გაეროს ტრიბუნიდან მაქსიმალურად შეეცადა, მისთვის ჩვეული სამხედრო რიტორიკის შერბილებით, დიპლომატიური პოლიტიკოსის იმიჯის მორგებას და პირობა კიდევ ერთხელ დადო, რომ ოკუპირებული ტერიტორიების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს, «იმის მიუხედავად, რომ გაეროს ქარტია უფლებას გვაძლევს ასე მოვიქცეთ, ჩვენ გარკვევით ვთქვით უარი სამხედრო მეთოდებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ვალდებულებას, რომელიც ევროპული პარლამენტის წინაშე ვიკისრე, იურიდიული ძალა აქვს და შესაბამისი წერილები გავაგზავნე კიდეც როგორც გაეროს გენერალურ მდივანთან, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში».
მიუხედავად ყველაფრისა სააკაშვილმა თავი ვერ აარიდა სიცრუის ნიაღვარს და მისთვის დამახასიათებელი რიტორიკით ჩამოაწიკწიკა საქართველოს «კეთილდღეობის» თავისებურებანი: «მობილიზებულ სამხედრო ძალებს საქართველო პასუხობს იმ პროგრამებით, რომლებიც ბავშვებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამით სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას უქმნის, ასევე ახალი სასტუმროებითა და ახალი ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ველოსიპედების გზებით, ახალი ბულვარებით».
სამომავლო დაპირებებიც უხვად გასცა, რომლის შესრულების იმედი, ალბათ, თვითონაც არ აქვს: «ჯანდაცვის ახალი სისტემა, ასობით ახალი საავადმყოფო («ასობით»? არადა, ჩვენ ვიცოდით, რომ მხოლოდ ასი ახალი საავადმყოფო უნდა აშენებულიყო. _ ზ. ჯ.), უკურნებელი სენით დაავადებულთათვის გაუმჯობესებული პროგრამები და ჯანმრთელობის დაზღვევა ყველა მოქალაქისთვის და ა.შ.».
იმავე ტრიბუნიდან სააკაშვილმა ერთი მეტად ყურადსაღები ფრაზა წამოისროლა: «თანდათანობით ტირანებს შიში ეუფლებათ, რომ ისინი პასუხს აგებენ მათსავე ჩადენილ დანაშაულზე». დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარებოდა, რომ ეს საკუთარი ემოციისა და შიშის აღიარება უფრო იყო, ვიდრე მისი «კოლეგების» მისამართით ნათქვამი სიტყვები.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთის ცივილიზებული სამყარო ხმას არ იღებს საქართველოში ხელისუფლების მიერ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, პიროვნული და მედიის თავისუფლების უგულებელყოფაზე. არ გამოხატავენ პრეტენზიას, როცა ქართულ საზოგადოებას სააკაშვილის რეჟიმი სიცრუისა და უსამართლობის ტყვეობაში ამყოფებს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ხელისუფლების მიერ «დატყვევებული» ნაციონალური არხების პირობებში ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა გადაულახავი ბარიერია. პრესა კი, თავისი შეზღუდული რესურსებით, ამ პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს. ამიტომაც გაჯეჯილდნენ გუბერნატორები, ეს ახალი ტიპის ფეოდალები, თავიანთ «სამფლობელოებში», სადაც უსამართლობა და ადამიანის უფლებების შელახვა უკვე ჩვეულ ნორმად არის ქცეული. უფლებააყრილ პიროვნებას კი გამომქომაგებელი არავინ ჰყავს.
სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებული საზოგადოების დაკაბალების პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობის ჯიბიდან თანხების მაქსიმალურად ამოქაჩვას ითვალისწინებს, განპირობებულია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებით, ვინაიდან არავისთვის უცხო არ არის, რომ არჩევნებს იგებს ფული და არა პოლიტიკოსი. მითუმეტეს აღნიშნული არჩევნები ერთგვარი კატალიზატორი იქნება პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების კუთხით, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების შიგნით.
ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ სააკაშვილი ვადის ამოწურვის შემდეგ ძალაუფლებას დათმობს და პოლიტიკურ კულისებში გადაინაცვლებს. განსაკუთრებით მისი ამერიკული ვოიაჟისა და «იმედის» ეთერში გასული «სპეციალური რეპორტაჟის» შემდეგ, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა სააკაშვილმა მის მიერ განსახორციელებელ რეფორმებზე, რომლებიც 2017 წლამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაატაროს. ეს ერთგვარი მინიშნება იყო იმაზე, რომ  პოლიტიკიდან წასვლას და ძალაუფლების დათმობას არ აპირებს და მისთვისთვის საძულველი ადამიანის _ პუტინის მიბაძვით ჯერ პრემიერ-მინისტრად, შემდეგ კი, თუ ბედი გაუღიმებს და ამერიკელები ისევ უძმობენ, კვლავ პრეზიდენტად მოგვევლინება.
სააკაშვილის რეჟიმი საზოგადოების ხარჯზე გალაღებული პარაზიტია, რომელიც თავს ამ მდგომარეობაში კომფორტულად გრძნობს, ამიტომ, როგორც «მგელი მგლობას არ მოიშლის», სააკაშვილსაც სურს, მუდმივად საზოგადოების ინტერესების ხარჯზე ინარჩუნებდეს ძალაუფლებას. მერე რა, რომ საქართველო ქართველებისგან დაიცალა და მოხეტიალე ბოშებივით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაიხვეწნენ. მერე რა, რომ ტერიტორიები დავკარგეთ და რის ვაი-ვაგლახით გაყვანილი რუსული სამხედრო ბაზები, სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის გამო, ისევ უკან შემობრუნდა. მერე რა, რომ კომუნალური გადასახადები და მგზავრობის საფასური იზრდება, სანაცვლოდ საზოგადოებას კონცერტები და სანახაობა (რა თქმა უნდა, პურის გარეშე) არ მოაკლდება. მერე რა, რომ დემოკრატია ფეხქვეშ ითელება, სანაცვლოდ წესრიგი და სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი.
ზურაბ ჯამბურია 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here