Home რუბრიკები პოლიტიკა ტუვალუ, ხარის რქები და ინგლისელის ღიმილი

ტუვალუ, ხარის რქები და ინგლისელის ღიმილი

GEWORLD.GE:
სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა გაეროს კიდევ ერთმა წევრმა, ტუვალუმ აღიარა. ოფიციალურმა თბილისმა სცადა, წარმოეჩინა ეს როგორც უმნიშვნელო კაზუსი და ხაზი გაესვა იმისთვის, რომ ტუვალუს მსგავსი მიკროსახელმწიფოები ამქვეყნად არაფერს წყვეტენ. ეს თითქოს ასეა, მაგრამ არის ერთი ძნელად შესამჩნევი, თუმცა საგულისხმო ნიუანსი: ტუვალუ ბრიტანული თანამეგობრობის ზედიზედ მესამე წევრია, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, თანაც, ნაურუსა და ვანუატუსგან განსხვავებით, ამ სახელმწიფოს მეთაური ინგლისის დედოფალი გახლავთ.

ვიღაცას, შესაძლოა, ბრიტანული მონარქია სიმბოლურ ანაქრონიზმად, ხოლო «ერთა თანამეგობრობა» ხალხური რეწვის ასოციაციად წარმოუდგენია (სიტყვა «ბრიტანული» მის ოფიციალურ სახელწოდებაში, დიდი ხანია, აღარ გამოიყენება), მაგრამ, ალბათ, ეს ადამიანებიც დაგვეთანხმებიან, რომ ტუვალუს მთავრობის გადაწყვეტილებამ ფრიად ორაზროვანი პრეცედენტი შექმნა.
ბრიტანელებს ტუვალუსთვის ამ ნაბიჯისგან თავის შეკავება რომ ერჩია, ის, ძალიან დიდი ალბათობით, არ გადაიდგმებოდა. თანამეგობრობის წევრი პატარა ქვეყნები ლონდონისთვის პრინციპულ საკითხებში მის წინააღმდეგ არასოდეს მიდიან. ამასთანავე, დიდი ბრიტანეთი უღარიბესი ტუვალუსთვის ერთ-ერთი მსხვილი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი დონორის როლს ასრულებს. მნიშვნელოვანი შემოსავლები ტუვალუს ბედკრულ ბიუჯეტში ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობიდანაც შედის (თევზჭერა, კომუნიკაციები და ა.შ.) და ბუნებრივი იქნებოდა, საერთაშორისო ურთიერთობებში ნაკლებად გაწაფულ აბორიგენებს ბრიტანელებისთვის რომ ეკითხათ: «ხომ არ გაგვიწყრება ძია სემი, ხომ არ გაღიზიანდებით თქვენ»? კონსულტაციები ყოფილ მეტროპოლიასთან მსგავს საჩოთირო სიტუაციებში «ერთა თანამეგობრობისთვის» დამახასიათებელი, სავსებით ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მოკლედ, არ შეიძლება ამ სიტუაციის აღწერა მარტივი ფორმულით: «რუსებმა ფული შესთავაზეს და ამათმაც აღიარეს», რადგან ლონდონს ნამდვილად აქვს საკმარისზე მეტი ბერკეტი, რომ ტუვალუს მსგავსი ვირაჟები არ დაუშვას.
აჩერებდნენ თუ აქეზებდნენ? იქნებ სულაც არ ერეოდნენ? იქნებ ხვალ ტუვალუ, როგორც ვანუატუ, აღიარების «უკან წაღებას» დააპირებს? ან პირიქით, მას ბრიტანული თანამეგობრობის სხვა მცირე წევრებიც მიბაძავენ?
ეს სიტუაცია უცნაურად მოგაგონებთ განხილვას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში (ამა წლის 1 აპრილი), როდესაც მან გადაწყვიტა, რომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვას არ დაიწყებს. სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინ სულელური ტაქტიკა აირჩიეს და საპროცედურო «ნაღმზე» აფეთქდნენ, თუმცა ყურადღება სხვა ფაქტს მივაქციოთ, მოსამართლემ დიდი ბრიტანეთიდან ხმა მაშინ რუსეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მისცა. რა თქმა უნდა, მოსამართლე (ტუვალუს არ იყოს) თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია, თუმცა, თუ ლონდონს მის მიერ საპირისპირო გადაწყვეტილების დაფიქსირება დასჭირდებოდა, ამას, ალბათ, როგორმე მიაღწევდა.
ყველაფერი, ერთი შეხედვით, ძველებურადაა, ლონდონიდან დროდადრო გაისმის განცხადებები, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლება «უპრეცედენტო მხარდაჭერად» აფასებს. სასწორის მეორე მხარეს კი, თითქოსდა უმნიშვნელო (შემთხვევითობის ზღვარზე) ფაქტები დევს. აქ, ალბათ, ერთი პატარა ჩანართი დაგვჭირდება: გავიხსენოთ «ცივი ომის» დასაწყისი _ ჩერჩილის «ფულტონის გამოსვლა», ბრიტანელების მოწადინება _ ამერიკელები ევროპულ საქმეებში ჩაითრიონ, რათა მათ საბჭოეთს გზა გადაუღობონ და ა.შ. ყოველივე ეს ცნობილია და პირობითი სასწორის ერთ მხარეს დევს. მეორე მხარეს კი შეიძლება (მათ შორის) ერთი თითქმის შეუმჩნეველი ფაქტი აღმოვაჩინოთ.
ამავე დროს, ამერიკული ავიაცია კორეაში დიდ დანაკარგებს განიცდიდა, «Миг-15»-ები მას მოსვენებას არ აძლევდა. ამერიკელები გაკვირვებულნი იყვნენ იმით, რომ სსრკ-მა ასეთი კარგი გამანადგურებელი შექმნა. ითვლებოდა, რომ საბჭოეთი, რომელიც გერმანიასთან ომის დროს რესურსების უდიდეს ნაწილს სახმელეთო ტექნიკის სრულყოფას ახმარდა, ასე სწრაფად ადეკვატური რეაქტიული ავიაძრავის შექმნას ვერ მოახერხებდა; ამ მხრივ, ანგლო-ამერიკელები შედარებით წინ იყვნენ გაჭრილნი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ძრავები «Миг -15»-ებისთვის სტალინს ბრიტანელებმა გადასცეს. საბჭოელებმა ეს ძრავები შეისწავლეს, შემდეგ კი მათი კოპირება და «Миг»-ებზე დაყენება დაიწყეს. ამ გამანადგურებლებმა ამერიკელებს კორეის ცაში ბატონობის შესაძლებლობა არ მისცა. აშშ იძულებული გახდა, თითქმის მოგებული ომი ფრედ დაესრულებინა და «Миг»-ებმა ამაში სერიოზული წვლილი შეიტანეს.
მოსკოვისთვის ძრავების გადაცემა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტია, რაც შეიძლება გაუგებრობით ან შემთხვევითობით აიხსნას, რომ არა ერთი გარემოება: ლონდონი მაშინ დაინტერესებული იყო იმით, რომ შეეფერხებინა აშშ-ის გავლენის შეუჩერებელი ზრდა წყნარი და ინდოეთის ოკეანის ზონაში, სადაც ბრიტანეთის იმპერიის ერთგვარი «საუნჯე» მდებარეობდა. მას აწყობდა, ამერიკელებს რომელიმე «ჭაობში» (თუნდაც კორეაში) შეეტოპათ და იქ შეყოვნებულიყვნენ. ერთის მხრივ, ლონდონს სჭირდებოდა სსრკ-ის შეჩერება ევროპაში; მეორეს მხრივ, _ აშშ-ის შეჩერება აზიაში… მარტივად რომ ვთქვათ, გოგონა, რომელიც ორ შეიარაღებულ გიგანტს განძეულით სავსე სარდაფში ხვდება, ძალიან მოხერხებულად უნდა მოიქცეს.
იმპერიების ცივსისხლიან თამაშში სენტიმენტების ადგილი არ არის. გასულ კვირას «Daily Mail»-მა ახლახან გამომზეურებულ დოკუმენტებზე მოგვითხრო: 1930-ში ამერიკელებმა «წითელ იმპერიასთან» ომის გეგმა შეიმუშავეს, მაგრამ ეს არც სსრკ და არც იაპონია იყო, არამედ _ ბრიტანეთთან ომის გეგმა, რომელიც კანადის მასირებული დაბომბვით (ქიმიური იარაღის გამოყენებით) და მის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარის შეჭრით უნდა დაწყებულიყო. 1935-ში («დიდი დეპრესიის» შემდეგ) კონგრესმა მხარი დაუჭირა 57 მილიონი დოლარის გამოყოფას კანადის საზღვართან აეროდრომების ასაშენებლად; ეს, პრაქტიკულად, ავიამზიდის იმდროინდელი ფასი იყო; 1942-ში ეს დამატებითი ავიამზიდი ამერიკელ მეზღვაურებს ჰაერივით დასჭირდებათ.
გარკვეული ლოგიკა, ცხადია, ამ გეგმაშიც იყო. აშშ-ს გზას მსოფლიო ბატონობისკენ (ეს კი, უპირველესად, წყნარი ოკეანის ზონის ათვისებას  გულისხმობდა) იაპონიისა და ბრიტანეთის იმპერიები უღობავდნენ. რუზველტმა თითქმის იდეალურ სიტუაციას მიაღწია, როდესაც ბრიტანულ სამფლობელოებს რეგიონში იაპონურმა არმიამ შეუტია. შემდეგ, 1945-ში, როდესაც ომით  გამოფიტული ინგლისელები (და სხვა ევროპელები) იმავე ადგილას ამერიკული არმიის არიერგარდში დაბრუნდნენ, ძია სემმა ეროვნულ-გამათავისუფლებელი ძალები მიუსია; აგერ, 1945 წლის ივლისში გადაღებული ნოსტალგიური ფოტო, ვიეტნამის ჯუნგლები, ხო ში მინი და სხვა ვიეტნამელი აქტივისტები თავის ამერიკელ მრჩევლებთან ერთად. ომი მთავრდება, იაპონიას ვეღარაფერი უშველის, მიუხედავად ამისა, სწორედ ამ დროს ამერიკელები ხო ში მინის ძალების «წვრთნასა და აღჭურვას» იწყებენ. არადა, ცხადია, რომ ისინი ვიეტნამში დაბრუნებულ ფრანგულ ადმინისტრაციას აუცილებლად დაეჯახებიან. ხო ში მინი ფრანგებს ვიეტნამიდან მართლაც გააძევებს, ოღონდაც შემდეგ მის ძალებთან ბრძოლაში ათიათასობით ამერიკელი დაიღუპება, თუმცა ადამიანებმა ფოტოზე ამის შესახებ ჯერ არაფერი იციან და მომავალს იმედიანად უღიმიან.
ყველაზე დიდ წარმატებას დაუძინებელი ბრიტანელი მოკავშირის ჩაჩოჩებაში ამერიკელებმა აღმოსავლეთის სანავთობო ზონაში მიაღწიეს. სხვათა შორის, თუ შეამჩნიეთ, არც ერთი ახლოაღმოსავლური სახელმწიფო ბრიტანული თანამეგობრობის წევრი არ არის? თუმცა ლონდონი ყველა ხერხით ცდილობდა, პოზიციები შეენარჩუნებინა. აგერ სანავთობო ბაჰრეინი, მას, ვაშინგტონი, ერთი შეხედვით, სრულად აკონტროლებს; იქ აშშ-ის უმსხვილესი სამხედრო ბაზა მდებარეობს. თუმცა ბაჰრეინის სპეცსამსახურებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1971), ვიდრე 1998 წლამდე არა ბაჰრეინის, არამედ ბრიტანეთის მოქალაქე იან ჰენდერსონი ხელმძღვანელობდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის (ნამდვილად არღვევდა) «Human Rights Watch»-ი და მსგავსი ორგანიზაციები ძლიერ ერჩოდნენ (ალბათ, გასაგებია, თუ ვინ აქეზებდა მათ მუდამ). ჰენდერსონს ჯილდოები მხოლოდ ბაჰრეინის ემირისგან როდი მიუღია, ის ინგლისის დედოფალმაც არაერთგზის დააჯილდოვა, მათ შორის _ «ბრიტანეთის იმპერიის ორდენით». ისე, ბევრი საინტერესო ჯენტლმენი მოღვაწეობს იმპერიის ყოფილ სამფლობელოებში; ზოგი სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს, ზოგი _ კერძო სტრუქტურებში… ეს, პრინციპში, შეიძლება ქსელის სახითაც წარმოვიდგინოთ, რომელიც მთელ კრიპტოიმპერიას (საიდუმლო, ფარულ იმპერიას) ქმნის.
მთავარ თემას ოდნავ ავცდით, მაშ, ასე: ვინ ფიქრობს, რომ 10 000-კაციანი ტუვალუ თავის გადაწყვეტილებებში აბსოლუტურად დამოუკიდებელია?
ტუვალუს მიერ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების მიღმა ფარული რუსულ-ბრიტანული ალიანსის ძებნა უგუნურება იქნებოდა. ორი ქვეყნის დაახლოების ნიშნები ბოლო დროს მართლაც გამოჩნდა, მაგრამ ეს ანტიამერიკული შეთქმულება როდია. ლონდონი, სავარაუდოდ, რაღაც ეპიზოდში იმოქმედებს რუსებთან ერთად ამერიკელების წინააღმდეგ, შემდეგ ეპიზოდში კი _ ამერიკელებთან ერთად რუსების წინააღმდეგ, ჩინელებთან ერთად _ ამერიკელების წინააღმდეგ (სხვათა შორის, საინტერესო თემაა) და პირიქით და ასე შემდეგ, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. თანაც ისე, რომ აშკარა კვალი არ დატოვოს. მოკლედ, მოიქცევა ისე, როგორც მოხერხებული გოგონა, რომელიც, ჯან-ღონით სავსე მამაკაცებთან ერთად, განძეულით სავსე სარდაფში მოხვდა.
რა საერთო ღირებულებები? რომელი სტრატეგიული მოკავშირეობა?
მოთამაშესა და ფიგურას საჭადრაკო დაფაზე არ შეიძლება საერთო ინტერესები ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ამაზე კონკრეტული ეტლი თუ პაიკი. ამ ფაქტის გაცნობიერება, ალბათ, დაგვეხმარება, აღქმის სტერეოტიპებისგან გავთავისუფლდეთ და ბრიტანული პოლიტიკის ანალიზს ცივი გონებით შევუდგეთ. გავიხსენოთ ერთი საგულისხმო ეპიზოდი: 1918 წლის ნოემბერში, ბრიტანელმა გენერალმა ტომპსონმა ბაქოში გამოაქვეყნა პროკლამაცია და ადგილობრივ მოსახლეობას ამცნო, რომ «კავკასიაში მოკავშირეთა ძალების გაგზავნის მიზანი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დამკვიდრებაა ამ რუსულ ტერიტორიაზე, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს». ზურაბ ავალიშვილის თქმით, ამან ადგილობრივ ისტებლიშმენტს შოკი მოჰგვარა; აქაოდა, ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვქმნით, ცივილიზებულ ერთა ოჯახში დაბრუნებას ვლამობთ, ინგლისელები კი ასეთ ტექსტებს წერენო. ეს ძველ სტერეოტიპებთან აშკარა წინააღმდეგობაში შედიოდა.
ერთი შეხედვით, გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის სამფლობელოში შესული ბრიტანელები კავკასიას უნდა ჩასჭიდებოდნენ, ამასთან, ახალი სახელმწიფოების შექმნისთვის  უნდა შეეწყოთ ხელი, ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლას კავკასიაში ლონდონურმა პრესამ რუსულ რევოლუციამდე ხომ ამდენი გულისამაჩუყებელი პუბლიკაცია მიუძღვნა… ნურას უკაცრავად! ლონდონს სულ სხვა სცენარი აინტერესებდა. რა გააკეთეს საბოლოო ჯამში, დეტალებს თავი რომ დავანებოთ? რაღაც პერიოდი დარჩნენ, ასე ვთქვათ, «უსაფრთხოება უზრუნველყვეს» (მათ შორის, შეაჩერეს საქართველო-სომხეთის ომი და შეტაკებები დენიკინთან), შემდეგ კი, სწორედ მაშინ, როდესაც მოსკოვი საკმარისად მოძლიერდა იმისთვის, რომ კავკასიის ხელახალი შემოერთება დაეწყო, _ ადგნენ, ხელები დაიბანეს და წავიდნენ, რადგან იმ მომენტში ასე აწყობდათ (თუ რატომ, ცალკე, ვრცელი საუბრის თემაა). დასავლეთისკენ მიმავალი ხომალდებიდან, დაახლოებით ისე, როგორც «პირველი მერცხლის» ფინალურ სცენაში, ინგლისელი მეზღვაურების ომახიანი სიმღერა გაისმოდა.
ისე, საინტერესოა, რამდენად სამართლიანია ძველი ირლანდიური ანდაზა: «სამ რამეს მოერიდე _ ცხენის ფლოქვებს, ხარის რქებს და ინგლისელის ღიმილს». ირლანდიელებს ხომ ამ საკითხის, ასე თუ ისე, გაეგებათ…
დიმიტრი მონიავა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here