Home რუბრიკები პოლიტიკა ლეილა გაფრინდაშვილი: ხელისუფლებას წმინდა სინოდშიც ბევრი აგენტი ჰყავს

ლეილა გაფრინდაშვილი: ხელისუფლებას წმინდა სინოდშიც ბევრი აგენტი ჰყავს

1143

GEWORLD.GE:
«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლეილა გაფრინდაშვილი.
_ პოლიტიკური მოთხოვნები მართალია, პოპულარულია და აუცილებელიც, მაგრამ, თუ ძირითადი აქცენტი სოციალურ მოთხოვნებზე გადაინაცვლებს, ხალხი ქუჩაში აუცილებლად გამოვა.
ტელეკომპანიებს _ «იმედს», რუსთავი 2»-ს, პირველ არხს რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ ერთი და იგივე ადამიანები ატარებენ დროს, 200-300 კაცი გრიალებს და ქმნის ვირტუალურ სამყაროს, რომელშიც მარტო თვითონ ცხოვრობს. ტელევიზიით რომ ვხედავთ კმაყოფილ პენსიონერებს, ესენი არიან პრივილეგირებული პენსიონერები, რომლებსაც ხელისუფლება ეხმარება. სხვათა შორის, ისეთი სისტემა შექმნეს, თავისი კოორდინატორების დახმარებით იციან, ნებისმიერ კორპუსში რა სიტუაციაა, ვინაა მათი მომხრე და ვინ _ მოწინააღმდეგე. საქართველო პოლიციურ სახელმწიფოდ იქცა.

რაც ყველაზე სავალალოა, საქართველოს აშშ-ის აგენტურა მართავს. სწორედ მათ მიერ დაწერილი პროგრამებით ხელმძღვანელობს ჩვენი ხელისუფლება. არავისთვის დასამალი არაა, რომ ამერიკის ელჩი ჯონ ბასიც სპეცსამსახურების თანამშრომელია და ქვეყანაში ბევრ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ ის წყვეტს, 26 მაისის მსხვერპლიც მისი «დამსახურებაა».
_ რა დაინტერესება აქვს ამერიკის ხელისუფლებას საქართველოსთან დაკავშირებით?
_ ამერიკის ხელისუფლება დაინტერესებულია, რეგიონში ჰყავდეს მხარდამჭერი, რომელიც მის ყველა ნება-სურვილს უსიტყვოდ აღასრულებს. მათ სურთ, განახორციელონ რუსეთის დანგრევის გეგმა, რომელშიც საქართველო ერთგვარი პლაცდარმის როლს შეასრულებს, ყველაზე მეტად კი მართლმადიდებლობას უტევენ. ეკლესიაშიც  შეაგზავნეს აგენტურა. უკვე დამალული აღარაა, რომ ხელისუფლებას წმინდა სინოდშიც ბევრი აგენტი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ბრძოლა მარტო საქართველოსთან არ მიმდინარეობს, უკრაინის, რუსეთის მართლმადიდებლობასაც ებრძვიან.
_ თქვენი აზრით, რატომ უქმნის ამერიკას ასეთ საფრთხეს მართლმადიდებლობა?
_ დიდი ხანია, მასონურ ორგანიზაციებს მართლმადიდებლობის განადგურება სურს. მათ უკვე განახორციელეს მათი უპირველესი მიზანი _ საბჭოთა კავშირის დანგრევა და გეგმის მიხედვით კვლავ წარმატებით მოქმედებენ.
რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს არც ვანო მერაბიშვილის დაწერილია და არც მიხეილ სააკაშვილის, ისინი დიდი მასონური გეგმის უბრალო აღმსრულებლები და ამერიკის შეერთებული შტატების ყურმოჭრილი მონები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მეოთხე სართულზე, აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები სხედან და ქვეყანას რეალურად ისინი მართავენ. ცდილობენ შიშის, «ჩაშვების ინსტიტუტის» დამკვიდრებას.
_ როგორ ფიქრობთ, ეს შიში საზოგადოებაში არ არის უკვე დამკვიდრებული და ამაში წვლილი, თუნდაც მათი უმოქმედობის გამო, ოპოზიციას არ მიუძღვის?
_ ოპოზიციას ორ ნაწილად დავყოფ: პარტიები, რომლებიც ყოველთვის ეროვნულ ინტერესებს იცავენ, და ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც, თუ ხელისუფლებაში მოვა, სააკაშვილის პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს.
_ კონკრეტულად რომელ ოპოზიციონერებს გულისხმობთ?
_ გიორგი თარგამაძე არის ტიპური გამყიდველი. ის არის სულით მოღალატე, რომელმაც გაყიდა ბადრი პატარკაციშვილი და იქიდან აღებული ფულით შექმნა «ქრისტიან-დემოკრატიული» პარტია, მაგრამ მე პირადად, მათ ოპოზიციად არ აღვიქვამ. ერთადერთი, ვისაც იმ პარტიაში პატივს ვცემ, ინგა გრიგოლიაა და არა მგონია, ის მათ «შავ საქმეებში» იყოს გარეული. ის ყოველთვის მებრძოლი ადამიანი იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ მაგ პარტიაშია.
პარლამენტში ნებისმიერი მათი გამოსვლა და კრიტიკა სააკაშვილთან არის შეთანხმებული. ყველამ იცის, რომ თარგამაძე არაა ოპოზიციონერი. ასევე, ვითომ ოპოზიციაა მოძრაობა  «ჩვენ თვითონ», პაატა დავითაია… როგორ შეიძლება, გია ჭანტურიას ერთ-ერთი მოწინავე პარტია «ედპ» ისეთი სამარცხვინო იყოს, როგორიც დღესაა? სააკაშვილის ხელის ბიჭებად იქცნენ.
ხელისუფლებისა და ამ ვაიპოზიციის უტვინობისა და ავანტიურიზმის გამო ქვეყნის ტერიტორიის 20% დავკარგეთ, სამი სახელმწიფო წარმოიშვა ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც გაეროში გაერთიანებულმა პარტიებმა ცნეს და ჩვენ გინდა ნაურუ ვეძახოთ და გინდა _ ნიკარაგუა.
ამერიკა კოლონიზატორია, რომელიც ყველგან დემოკრატიის ლოზუნგით შედიოდა და სინამდვილეში ცეცხლი და მახვილი შეჰქონდა. გავიხსენოთ ავღანეთი, ერაყი, რატომ ლათინური ამერიკის ქვეყნებს არ მოუწყო მდიდარი და ბედნიერი ცხოვრება? საქართველოში იმისთვისაა ამერიკა, რომ ქართველი ერი გააბედნიეროს? მათ თავისი ინტერესები აქვთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოა.
საქართველოს ხელისუფლების სათავეში არიან ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკა საერთოდ არ იციან. რომელი პოლიტიკოსები არიან ან ვერა ქობალია, ან კობა სუბელიანი, ან ბაკურ კვეზერელი? პოლიტიკოსების კი არა, «ბაცან-პაცნების» ხელისუფლებაა… რასაც ჯონ ბასი ბრძანებს, იმას აკეთებენ.
_ თქვენ დღეს მწვავედ აკრიტიკებთ ხელისუფლებას, მაგრამ იყო დრო, როცა ხელმძღვანელობდით არასამთავრობო ორგანიზაციას საკმაოდ უცნაური სახელწოდებით «ვაკის გონებრივი განვითარების ფონდი», რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სააკაშვილის კარიერულ წინსვლაში. როდის მიხვდით, რომ თქვენს პრინციპებს აღარ შეესაბამებოდა სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა?
_ როცა სააკაშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე, გვეგონა, რომ მოდიოდა დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზარდა კაცი, რომელიც ებრძვის უსამართლობას და გვერდით დავუდექით. მაშინ სააკაშვილი იყო ვარსკვლავთბიჭუნა. ჩვენ არ გვქონდა დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ვიფიქრეთ, რომ გამოჩნდა ადამიანი, ვინც შეებრძოლა შევარდნაძის დამყაყებულ რეჟიმს, რომელიც დღევანდელ სააკაშვილის რეჟიმს ბევრად სჯობდა. მართალია, კორუფცია იყო, მაგრამ ახლა რომ კორუფციაა გაჩაღებული, შევარდნაძეს არც დაესიზმრება.
ვაღიარებ, რომ პირადად მე, სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარედ დაწინაურებაში უზარმაზარი წვლილი მიმიძღვის, მაგრამ უკვე მაშინ მივხვდი, რომ სააკაშვილი უარეს უსამართლობას ჩაიდენდა, ვიდრე შევარდნაძე აკეთებდა და ჩვენი გზები მისი საკრებულოში შესვლიდან სამ თვეში გაიყარა. როცა კობა ბექაური საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა და იქ წეწვა-გლეჯა იყო _ ვინ რა თანამდებობაზე წასულიყო და ვის რა მოეპარა, საშინელება ტრიალებდა. მე პირადად სააკაშვილს ვუთხარი, შენ თუ იმავეს აპირებ, იყოს ისევ შევარდნაძე-თქო. ძალიან ახლოს ვიყავით. მეუბნებოდა, ჩემს მერე საპარლამენტო სიაში შენ იქნებიო, მე რომ მხოლოდ ჩემს პირად ინტერესებზე მეფიქრა, დღესაც მათთან ვიქნებოდი.
_ რა ურთიერთობა გაქვთ «ნაციონალებთან», თქვენს ძველ მეგობრებთან, თუნდაც ნანული ქაჩიბაიასთან, რომელთან ერთადაც არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდით?
_ იყო დრო, ნანული ქაჩიბაიას სააკაშვილმა კორუმპირებულობა დააბრალა და საკრებულოდანაც უშვებდა. ამანაც გამოიწვია ჩემი პროტესტი, ვინაიდან დამნაშავე არ იყო იმაში, რასაც ბრალად სდებდნენ. ხოლო ნანაული ქაჩიბაია, თავმოყვარეობა ასე რომ შეულახეს და სამარცხვინო ბოძზე გააკრეს, მაინც მათთან დარჩა და ადამიანი, რომელსაც კორუმპირებულობას აბრალებდნენ და ფრაქციიდან აგდებდნენ, მერე ფრაქციის თავმჯდომარე გახდა. არ არის ეს სასაცილო? ასე სჭირდებოდა სააკაშვილს და იმიტომ. სააკაშვილს პირადად ჩემთვის აქვს ნათქვამი, ასე იყო საჭირო ნანული ქაჩიბაიას გარიცხვაო, პეტრე ცისკარიშვილიც გავაგდე ფრაქციიდან, როცა საჭირო იყო და მერე მივიღეო. ხელისუფლებას ამგვარი ქმედებები პიარისთვის სჭირდება. მე არანაირი კონტაქტი არ მაქვს «ნაციონალებთან», რადგან არ მინდა, იმ ადამიანების მეგობარი ვიყო, რომლებიც ჩემს ქვეყანას ანგრევენ.
_ ლეიბორისტულმა პარტიამ ხელისუფლება ქსენოფობიური განცხადებების გაღვივებაში დაადანაშაულა. რაში სჭირდება ხელისუფლებას ქსენოფობიის გაღვივება?
_ ქსენოფობი თუ ვინმეა, ეს ხელისუფლებაა. პირველი, რაც მათ დაიწყეს, რუსოფობია იყო. სკოლებში რუსულის სწავლება და რესტორნებში სიმღერები აკრძალეს. დღე და ღამე ანტირუსული პროპაგანდა მიმდინარეობს. სამაგიეროდ, ლამის ყველა ფილმი ინგლისური ტიტრებით გადის. თვალები დაგვთხარეს. როგორ შეიძლება, დედაენასთან ერთად პირველი კლასიდანვე ისწავლოს ბავშვმა უცხო ენა? როგორ მოექცა ეს ხელისუფლება რობერტ სტურუას? ამხელა ბუმბერაზ რეჟისორს, რომ მკვლელი რურუა და სააკაშვილი გააგდებენ სამსახურიდან…
_ საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა…
_ მკვლელია სააკაშვილი, აბა, რა არის? რაც ქუჩაში და ციხეებში უდანაშაულო ხალხი დახოცეს, მკვლელობა არ არის? რურუა ცნობილი ბოროტების საძმოს, «ვერის საძმოს» ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და ვინ მოთვლის, რამდენი უბედურება აქვს ჩადენილი. ამისთანა კაცს რომ კულტურის მინისტრად დაგისვამენ, ერისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა რაღაა?
_ თქვენი მტკიცებით, ბათუმში სასტუმრო «შერატონი» მიხეილ სააკაშვილმა შვილს, ნიკოლოზს გადაუფორმა. გაქვთ შესაბამისი მტკიცებულებები?
_ ეს კულუარული ინფორმაციაა, რომელიც თავად სააკაშვილის ახლობელმა მოგვაწოდა. სააკაშვილის გარემოცვიდან ბევრი თანამშრომლობს ჩვენთან, ვინაიდან წინ იყურებიან ეს ადამიანები, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, თავის გასამართლებელი რომ ჰქონდეთ.
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here