Home რუბრიკები პოლიტიკა როცა დავბრუნდები…

როცა დავბრუნდები…

671

GEWORLD.GE:
«I’ll be back (დავბრუნდები)», _ ტერმინატორის ამ დაპირებამ მალე ეკრანებიდან შეიძლება კიდევ ერთხელ გაიჟღეროს, რადგან ახლახან ჰოლივუდში მის თავგადასავლებზე ახალი ფილმის გადაღების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ტერმინატორის ეს რეპლიკა გასულ კვირას მეტად აქტუალური იყო; პარასკევს რუსეთის მმართველი პარტიის ყრილობაზე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2012 წლის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს და მხარს ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტებას დაუჭერს. რუსეთის პრემიერის საპასუხო გამოსვლის მოკლე შინაარსი, პრინციპში, შეიძლება იგივე ფრაზით _ «I’ll be back» გადმოვცეთ. პუტინი პრეზიდენტის პოსტზე ბრუნდება; რას მოასწავებს ეს საქართველოსთვის?

პუტინი ბრუნდება. რა ელის საქართველოს?
თუ 4 მარტამდე რაიმე ზებუნებრივი არ მოხდა, რუსეთის მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ამ დღეს პრეზიდენტად ისევ ვლადიმერ პუტინს აირჩევს. ყველა სცენარი, რაც პუტინსა და მედვედევს შორის ნამდვილი თუ წარმოსახვითი საარჩევნო ბრძოლის გამართვას უკავშირდებოდა, გასულ პარასკევს წარსულს ჩაბარდა. არადა, ადგილობრივი ექსპერტები ამ თემაზე და «ქართული კარტის» შესაძლო წინასაარჩევნო გათამაშებაზე ვრცლად მსჯელობდნენ და მრავლისმნახველ თვალებს აქეთ-იქით გოროზად აცეცებდნენ. არა უშავს, მალე ახალი სალაპარაკო გაუჩნდებათ.
ყველაზე მოკლე და პრაგმატული კომენტარები მოსკოვურ ამბებზე, ვაშინგტონსა და ბერლინში გაკეთდა. «ჩვენ «გადატვირთვის» კონსტრუქციულ პროცესს გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ჩაუდგება რუსეთს სათავეში 2012 წლის მარტში, რადგან ეს რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის საერთო ინტერესებს პასუხობს,» _ განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ტონი ვიტორმა. «თანამშრომლობა რუსეთის ნებისმიერ პრეზიდენტთან წარმატებული იქნება, რადგან გერმანიასა და რუსეთს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს,» _ თქვა ანგელა მერკელმა.
მოსწონს ვინმეს პუტინი თუ არა, მსოფლიო სავსებით რეალისტურად  აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მომავალი 6 ან სულაც 12 წლის განმავლობაში საქმის დაჭერა სწორედ მასთან მოუწევს. თუმცა არის ამ პლანეტაზე ერთადერთი ქვეყანა, რომლის ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობებში, დიდი ხანია, არა პრაგმატიზმით, არამედ ფრიად ბუნდოვანი ფსიქოლოგიური მოტივებით ხელმძღვანელობს. მონოსპექტაკლს სახელწოდებით «მე და პუტინი» ამ ქვეყნის მოსახლეობას, აგერ უკვე რამდენი წელია, ძალით აყურებინებენ.
გამორიცხული არაა, მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალოს, რომ მისთვის მოქმედების საუკეთესო ვარიანტი ამ სიტუაციაში პუტინთან კრიჭაში ჩადგომა იქნება, რაც დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებაში დაეხმარება. დიდი ხანია, კვირა არ გადის ისე, რომ სააკაშვილმა თავი პუტინს არ შეადაროს, არ შეეცადოს, შეეჯიბროს მას (მეტწილად საკუთარ წარმოსახვაში) ან, მინიმუმ, (ირიბად მაინც) რუსეთის მმართველი არ გამოლანძღოს, თუმცა შესაძლოა, ამჯერად კიდევ უფრო სერიოზულ გამწვავებას უნდა ველოდოთ.
აქ, ალბათ, რამდენიმე ბანალური ჭეშმარიტების ჩამოთვლა დაგვჭირდება: პუტინი ხელისუფლების სათავეში, დიდი ალბათობით, 2024 წლამდე დარჩება. საქართველოს მოსაგვარებელი აქვს ტერიტორიული მთლიანობის (და ბევრი სხვა) პრობლემა, რუსეთთან დიალოგის გარეშე კი ეს შეუძლებელია. სააკაშვილს ამ დიალოგის წარმოება არ შეუძლია, სამაგიეროდ შეუძლია რუსეთთან კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავება. თუ მომავალ ათწლეულში ხელისუფლების სათავეში თბილისში სააკაშვილი, ხოლო მოსკოვში პუტინი იქნება, ეს წლები საქართველოსთვის, სავარაუდოდ, უაღრესად მძიმე გამოდგება.
იქნებ პრობლემა ისაა, რომ პუტინთან დიალოგის წარმართვა  შეუძლებელია? თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ილჰამ ალიევი ამას წარმატებით ახერხებს. ედუარდ შევარდნაძე, როგორც უნდა შევაფასოთ მისი მმართველობა, 2000-2003 წლებში პუტინთან ასე თუ ისე ნორმალურად ურთიერთობდა. ცხინვალის კონფლიქტი აშკარად დარეგულირებისკენ მიდიოდა, დადებითი პერსპექტივა აფხაზეთშიც იკვეთებოდა. ცხადია, იყო სერიოზული პრობლემებიც, თუმცა სივრცე კონსტრუქციული დიალოგისთვის ნამდვილად  არსებობდა. მოკლედ, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ, თუ პუტინთან (და რუსეთის ნებისმიერ სხვა ხელისუფალთან), ურთიერთობაში სიფრთხილით, გონიერებითა და პრაგმატიზმით ვიხელმძღვანელებთ, ყველაფერი ნორმალურად იქნება.
შესაძლებელია თუ არა, რომ დიალოგი რუსეთთან სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაიწყოს? კრემლი ამას კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა საინტერესოა, არსებობს თუ არა თეორიული შანსი? გასულ წელიწადს, ამ მხრივ, ალბათ, შეიძლება «ილუზიების წელი» ვუწოდოთ, რადგან რაღაც მომენტში გაჩნდა გარკვეული მოლოდინები, რომ, «დიდი გადატვირთვიდან» გამომდინარე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების «გადატვირთვაც» მოხდება. მსო-სთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყება, რიგი სხვა კონტაქტები, მინიშნებები, პუბლიკაციები და ა.შ., თითქოსდა იმედების ერთგვარ ილუზორულ ქსოვილს ქმნიდა. რა ტრანსფორმაცია განიცადა ამ პერიოდში სააკაშვილის პოზიციამ? ავიღოთ მისი ბოლო გამოსვლა გაეროში და შარშანდელს შევადაროთ. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის გამოსვლაში იყო კრემლისთვის ყოვლად მიუღებელი იდეები «ერთიანი კავკასიის» შესახებ, ის მაინც შედარებით ზომიერი იყო და რიგ სამშვიდობო მოწოდებებს შეიცავდა. წელს კი სააკაშვილის გამოსვლაში, ბევრ სხვა კონფრონტაციულ პასაჟთან ერთად, ასეთი მინაკვეთიც იყო: «დიალოგის ნაცვლად, პასუხი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უამრავი ტერორისტული აქტის სახით მივიღეთ. დამტკიცდა, რომ შეტევების ორგანიზება და ხელმძღვანელობა უშუალოდ ხდებოდა რუსეთის საიდუმლო სამსახურების ოფიცრების მიერ», ანუ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან რუსეთი საერთაშორისო ტერორიზმში დაადანაშაულა. რა დიალოგზე შეიძლება საუბარი ასეთი განცხადების შემდეგ?
«ილუზიების წელი» სრულდება იმის გაცნობიერებით, რომ შემდგომი კონფრონტაცია რუსეთთან პრაქტიკულად გარდაუვალია. საინტერესოა, მხოლოდ რიტორიკითა და უმნიშვნელო ინციდენტებით შემოვიფარგლებით თუ საქმე ისევ ომამდე მივა? ამ კითხვაზე პასუხის ძიების დაწყება არა პოლიტიკის, არამედ ისევ ფსიქოლოგიის თუ არა ფსიქიატრიის, სფეროში მოგვიწევს.
«საქმენი საგმირონია»
«WikiLeaks»-ის პუბლიკაციებში აშშ-ის ელჩის _ ჯონ ბასის ერთი საინტერესო შენიშვნა გვხვდება: «სააკაშვილი განაგრძობს «ერთი დიდი საქმის ძიებას», რომელიც საქართველოს დასავლეთში ადგილს დაუმკვიდრებდა». სააკაშვილის ხასიათი ამ ფრაზაში, ალბათ, ძალიან კარგად აირეკლა. წინსვლა პატარა ნაბიჯებით, ყოველდღიური მუშაობა მისი სტილი ნამდვილად არ არის, ის შინ და გარეთ, მუდამ დიდ, «საგმირო» საქმეს ეძებს. გამორიცხული არაა, რომ მსგავსი ძიება _ ისტორიაში ერთი ნახტომით შესვლის სურვილი, სინამდვილეში სიზარმაცეზე და შინაგანი დისციპლინის არარსებობაზე მიუთითებს. როდესაც სააკაშვილი მორიგ «დიდ საქმეს» პოულობს, უბედურება სწორედ მაშინ იწყება.
სააკაშვილს, ალბათ, შეგვიძლია ანტი-მიდასი ვუწოდოთ; ფრიგიის მითიური მეფე, რასაც უნდა შეხებოდა, ოქროდ გადაიქცეოდა, ხოლო ის, რასაც სააკაშვილი ეხება, ცოტა სხვა სუბსტანციად გადაიქცევა ხოლმე, რომლის სახელწოდებას აქ, ცხადია, ვერ მოვიყვანთ. ჯერ საქართველოს გამთლიანების დიად იდეას წაეპოტინა და ყველა ვხედავთ, რასაც მიაღწია. სცადა, «ერის მამა» გამხდარიყო, განახლებული (იდეაში _ დემოკრატიული) ქართული სახელმწიფო დაეფუძნებინა და სიღარიბითა და ტანჯვით სავსე, მონსტრუოზული, პოლიციური კვაზი-სახელმწიფო შექმნა. სცადა, ძლევამოსილი მხედართმთავრის მანტია მოერგო და ეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო სცენით დასრულდა. ახლა, ალბათ, თავს პუტინთან მებრძოლ ზეციურ რაინდად წარმოიდგენს და გამორიცხული არაა, ამ ფანტაზიას მთელი ქვეყანა გადააყოლოს. ნეტავ, არ ეძებნა ეს «დიდი საქმეები» და შედარებით მცირეთი შემოფარგლულიყო (მაგალითად, ეთოხნა; დიოკლეტიანეც თოხნიდა).
ყოველივე ამის მიღმა, შესაძლოა, ძალიან დიდი სიცარიელე, პოლიტიკური უნაყოფობა და ყოვლად აუტანელი უნიჭობა დგას. სხვათა შორის, გამორიცხული არაა, რომ რობერტ სტურუას წინააღმდეგ სააკაშვილის ამხედრების მიღმა, იმალება არა იმდენად პიროვნული განაწყენება ან ბარბაროსობის ჩვეული გალაშქრება კულტურის წინააღმდეგ, არამედ უნიჭობის უიმედო ჯანყი ნიჭის წინააღმდეგ; სააკაშვილის, როგორც არშემდგარი შემოქმედის, შურისძიება. თუმცა სააკაშვილის ქვეცნობიერის ლაბირინთებში ხეტიალისთვის დრო, უბრალოდ, არც გვაქვს; ეს დრო დასრულდა, «ჰანიბალი კარიბჭესთანაა!», უფრო სწორად კი _ კარიბჭესთან მომავალი დგას.
ამ მომავალში კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხდება. მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პოსტსაბჭოთა სივრცის თანდათანობითი ინტეგრაცია იქნება. ამის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა. ამასთანავე, პუტინი აპირებს, რუსეთის ეროვნული ლიდერის (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) როლი შეასრულოს. ეს კი იმასაც გულისხმობს, რომ უცხო ქვეყნის რომელიმე მმართველის მიერ მისი ლანძღვა უკვალოდ ვერ ჩაივლის. კარგი იქნება, თუ სააკაშვილი ახლა მაინც გაჩერდება, რადგან პუტინზე მან ისედაც საკმარისზე მეტი თქვა, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ პუტინს სააკაშვილის ძველი განცხადებებიდან თუნდაც ერთი ფრაზა დაავიწყდა; მსგავსი რამ მას არასოდეს ავიწყდება. გავითვალისწინოთ, რომ ის, სავარაუდოდ, იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ «შურისძიება ის კერძია, რომელსაც გაცივება უნდა აცალო».
ცხადია, ომები რიტორიკის გამო როდი იწყება. პრობლემა მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირებით რომ შემოიფარგლებოდეს, ამას, ალბათ, როგორმე გადავიტანდით, მაგრამ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები და უარყოფითი დინამიკა, რამაც ნამდვილად შეიძლება ახალ ომამდე მიგვიყვანოს. დიალოგი კი, როგორც ვხედავთ, დღეს პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს.
ისკანდერი, ტრამვაი და ტროლეიბუსი
ძნელი სათქმელია, თუ როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს მმართველებს ეს შესაძლო ომი. გამორიცხული არაა, მათ ჰგონიათ, რომ კვლავინდებურად მშვიდად იჯდებიან თბილ ბუნკერებში (ან წითელი ხიდის გაღმა), უცხოელ ჟურნალისტებს გაესაუბრებიან, გამართავენ ტაშ-ფანდურს რუსთაველზე, რუსები კი რაღაც მომენტში გაჩერდებიან, ბოლოს კი დასავლური სამყარო დასახიჩრებულ საქართველოს გულში ჩაიკრავს. არადა, ახალი ომი, სავარაუდოდ, სულ სხვა იქნება. თუმცა არ ჩანს, რომ ხელისუფლებაში ამას აცნობიერებენ. მეტიც ხანდახან გაუგებარია, რა იციან ზოგადად და, უხეშად რომ ვთქვათ, სად ბანაობენ საერთოდ. ერთი მაგალითი განვიხილოთ:
გასულ კვირას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა იგორ კოროტჩენკომ განაცხადა, რომ «რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეიძლება განალაგოს მოიერიშე ვერტმფრენები «Ми-28Н» და სარაკეტო კომპლექსები «Искандер-М».  ახლა კი კომენტარი თბილისიდან: «ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია «onlnenews.ge»-სთან საუბარში რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში «ისკანდერების» შესაძლო განლაგებას აფასებს. მალაშხიას განცხადებით, თუკი რუსეთი მართლაც გადადგამს ასეთ ნაბიჯს, ეს მას სრულ კრახამდე მიიყვანს. «რუსეთმა მსგავსი ტიპის განცხადებები არაერთხელ გააკეთა, მაგრამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ჯერ არ განუთავსებია. თუკი რუსეთის ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას ნამდვილად მიიღებს, ოფიციალური თბილისი ყველაფერს გაკეთებს იმისთვის, რათა არ დაუშვას მის ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება,» _ განაცხადა მალაშხიამ» (onlinenews.ge). როგორც ვხედავთ, ამ მოღვაწეს «Искандер»-ი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ჰგონია. შესაბამისად, ამ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსისგან მომავალ საფრთხეს, სავარაუდოდ, საერთოდ ვერ აცნობიერებს.
ვინაიდან ადრე მალაშხია თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს მე-3 თანრიგის ელექტრომონტიორად, ხოლო შემდეგ ტრამვაის #1 დეპოს მეისრედ მუშაობდა (მონაცემები ოფიციალური ბიოგრაფიიდან), შევეცადოთ, სიტუაცია მისთვის გასაგებ ენაზე ავხსნათ. არის ამქვეყნად ტრამვაი და ტროლეიბუსიც არის. მათი გარკვეული გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ტრამვაი ერთია, ტროლეიბუსი კი სულ სხვა რამ და, რაც ნიშანდობლივია, ტრამვაი ასფალტზე ვერ დადის. რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დანიშნულება მოწინააღმდეგის რაკეტების ჩამოგდებაა, «Искандер»-ის დანიშნულება კი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე იერიშის მიტანაა; მარტივად რომ ვთქვათ, ერთი თავდაცვითია, მეორე კი _ შეტევითი. რას ნიშნავს «Искандер»-ების განლაგება სეპარატისტულ რესპუბლიკებში? ტროლეიბუსი და ტრამვაი დადიან მხოლოდ იქ, სადაც შესაბამისი ხაზი (ლიანდაგი) გადის, ავტობუსს კი შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით იაროს, ვიდრე ბენზინი არ გამოელევა. ასე, «Искандер»-საც შეუძლია შეუტიოს ნებისმიერ სამიზნეს, რომელსაც მისი რაკეტები მიწვდება. სეპარატისტულ რესპუბლიკებში განლაგებული «Искандер»-ები რუს სამხედროებს შესაძლებლობას მისცემს, საქართველოს ნებისმიერ წერტილს დაარტყას, ამისთვის ამ კომპლექსს მოქმედების საკმარისად დიდი რადიუსი აქვს. იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ, რა შედეგი მოაქვს შეტევას «Искандер»-ის გამოყენებით, უნდა წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ეცემა დიდი სიმაღლიდან #1 დეპოს თანამშრომლების თავზე ნაწილებად დაშლილი 50 ტრამვაი (იმედია, მეისრემ ყველაფერი გაიგო).
ვერტმფრენები მალაშხიას არ უხსენებია, შესაძლოა, თვალში ეპატარავება და ტროლეიბუსის მფრინავი ნაირსახეობა ჰგონია. ნუ ჩავაცივდებით, უბრალოდ, ვთხოვოთ, ვებსტერის ლექსიკონი აიღოს და ნახოს, რას ნიშნავს სევდიანი სიტყვა «Havoc», რამეთუ ნატოს კლასიფიკაციაში «Ми-28» სწორედ ასე  მოიხსენიება. ამასთანავე, მივანიშნოთ, რომ ასო «Н», «Ми-28Н»-ში დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოქმედების შესაძლებლობაზე მიუთითებს. ტრამვაი-ტროლეიბუსების  სამმართველოს ენაზე იმის ახსნას, თუ რას ნიშნავს ასო «М» «Искандер-М»-ში, დიდი დრო დასჭირება, ამიტომ სხვა თემაზე გადავიდეთ.
მალაშხიამ არ დააზუსტა, თუ საიდან გამომდინარობს რუსეთის «სრული კრახი», თუმცა, თუ მის განცხადებებს დავაკვირდებით, შეიძლება შეგვექმნას მყარი შთაბეჭდილება, რომ რუსეთი კვირაში, ყველაზე ცოტა, ხუთ კრახს განიცდის და თვეში დაახლოებით ცხრაჯერ იშლება. მთავარი სხვა რამ არის, მალაშხიამ, როგორც ჩანს, იმის დადგენაც კი არ ჩათვალა საჭიროდ, თუ რა არის «Искандер»-ი. იმიტომ ხომ არა, რომ რუსული შეიარაღება რეგიონში, ისევე როგორც შესაძლო ომი, მისთვის და მისი თანამეინახეებისთვის, მხოლოდ აბსტრაქციაა? ხომ წარმოგიდგენიათ, თუ როგორ უხელმძღვანელებენ ესენი ქვეყანას ომის შემთხვევაში _ ერთი ჰალსტუხით, მეორე კი ტრამვაის ისრით? თუმცა რაღა წარმოდგენა უნდა, 2008-ში ხომ ყველაფერი ისედაც ვიხილეთ.
დიმიტრი მონიავა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here