GEWORLD.GE:
ქართველი უფლებადამცველები პენიტენციარულ დაწესებულებებში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ და ციხეებში არსებული წამებისა და ცემის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვენ. მართალია, ხელისუფლება თავს ევროსტანდარტების დამცველად და ევროპის მოკავშირედ აცხადებს მაგრამ ამავე დროს ევროპის მიერ საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს ხშირად არღვევს. ვითარებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან განხორციელებული უამრავი კრიტიკული შეფასება თუ მითითება არსებითად ვერ ცვლის. პენიტენციარულ სისტემაში არსებული სიტუაციის შესახებ “საქართველო და მსოფლიოს” “ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელი კომისიის” წევრი, ადვოკატი ქეთი ბექაური ესაუბრება.
_ ქართველი უფლებადამცველები ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, განსაკუთრებით კი, ისინი ყურადღებას ამახვილებენ საპატიმროებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. პატიმრების ცემისა და წამების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ვის მიმართავთ რეაგირებისთვის?
_ ადამიანის უფლებები მეტ-ნაკლებად საქართველოს ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ირღვევა, რაც გამოიხატება პატიმრებისადმი სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაში. კვლავ პრობლემად რჩება ციხეების გადატვირთულობა, რასაც დაუსაბუთებელი განაჩენი და უკანონო დაპატიმრება განაპირობებს. პატიმრებისადმი გამოცხადებულია ნულოვანი ტოლერანტობა, დაცული არ არის ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შეხვედრის კონფიდენციალურობა.
_ ქართველი უფლებადამცველები ხშირად აცნობებენ უცხოურ უფლებადამცველ ორგანიზაციებს მომხდარი დარღვევების შესახებ. მაგალითად, გასული წლის გაზაფხულზე, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, საქართველოში უკანონოდ დასჯილი და მოკლული ადამიანების დოსიეც მოითხოვა. ამის შემდეგ თუ შეიცვალა რამე და პატიმრების დაცვის რა ბერკეტებს ფლობენ დღეს ქართველი უფლებადამცველები?
_ ხელისუფლების პოლიტიკა დღეს ასეთია: სადაც გინდათ, იქ წადით და მიჩივლეთ, გინდა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა ჩაწეროს თავის მოხსენებაში, რომ პატიმრების უფლებები ირღვევა, და გინდა, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჰაიდი ჰაუტალამ აღნიშნოს, რომ პატიმრები სასტიკ, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან, ჩემთვის სულ ერთია, მაინც იმას ვიზამ, რაც მსურსო.
სააკაშვილის ხელისუფლების მენტალიტეტი ასეთია: პატიმარი, რომელიც გაბედავს და ევროპულ სასამართლოს მიმართავს, მკაცრად დაისჯება. მას სამშობლოს მოღალატეს ეძახიან, ის გამოჰყავთ და სხვა პატიმრების წინ სჯიან, სცემენ და აწამებენ, რათა სხვა პატიმრებმაც არ გაბედონ საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლა.
ილო მუკბანიანს, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ პატიმარს, ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ იმიტომ მიაყენეს, რომ მან გაბედა და სტრასბურგში გააგზავნა საჩივარი. მას დღესაც არააადამიანურ პირობებში ამყოფებენ და ემუქრებიან. ოჯახს ეშინია, პატიმრის ლიკვიდაცია არ მოახდინონ, მაგრამ ხმამაღლა ვამბობ: თუ ილო მუკბანიანს ციხეში რამე დაემართა, ეს იქნება მისი ლიკვიდაციის დემონსტრაციული აქტი და მთელ პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს ვაკისრებ.
აღარ უნდა შერჩეს ხელისუფლებას ის, რაც შერჩა კახა თედლიაშვილის შემთხვევაში, რომელიც საკანში ბინტით ჩამომხრჩვალი იპოვეს. ასევე შერჩათ გიორგი ზერეკიძის მამის, მამუკა ზერეკიძის სიკვდილი, რომელიც ასევე საკანში იპოვეს გარდაცვლილი.
ასე ესმის ჩვენს ხელისუფლებას ევროპული სტანდარტები და ასე ასრულებს ევროპასთან დადებულ ხელშეკრულებებს.
_ მალხაზ არქანიას შემთხვევაზე როდესაც აცნობეთ საზოგადოებას, შერჩევით სამართალსა და პატიმრების ამოჩემებაზე საუბრობდით. რა მოტივით ხდება ამა თუ იმ პატიმარის ამოჩემება?
_ საერთოდ, ხელისუფლების პოლიტიკა მეტწილად პოლიტიკურ მოტივებზეა გათვლილი. მაგლითად, არქანიების შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან. პატიმარი მალხაზ არქანია, რომელსაც არაფერი დაუშავებია, სასტიკი წამების მსხვერპლი გახდა, ვინაიდან სურდათ, “ეღიარებინა”, თითქოსდა ის ქვეყანაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილოებდა. მის მიმართ გაუპატიურების მცდელობაც განხორციელდა. ზეწოლა ხორციელდებოდა მის ადვოკატზეც, რის შედეგადაც ის საქმეს ჩამოაცილეს.
ასეთივე ბინძური პოლიტიკა ხორციელდება უკანონო პატიმარ ლაშა არქანიას მიმართ, რომელიც 14 ივნისს დააკავეს, ვინაიდან მისი მეშვეობით, ძალოვანებს მისი ძებნილი ნათესავის, ზვიად არქანიას კვალზე გასვლა სურდათ, რომელიც აფხაზეთში, უშიშროებაში მუშაობს, და, რადგან მისგან ვერაფერი შეიტყვეს, პოლიციის თანამშრომლებმა ლაშა არქანია სასტიკად აწამეს და ბოლოს თავისუფლების აღკვეთა, ვითომდა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯეს.
ლაშა არქანია არასდროს ნასამართლევი არ ყოფილა. ის ვინმე ვეფხია ციმინტიამ მოტყუებით გამოიყვანა სახლიდან, რის შემდეგაც ძალით ჩასვეს მანქანაში, რომელშიც იმყოფებოდა აწ უკვე გარდაცვლილი, ჯვრის პოლიციის უფროსი სოსო აბაშიძე, ორი პოლიციის თანამშრომელი, გამომძიებელი ილუშა აქუბარდია და ზუგდიდის პროკურატურის თანამშრომელი. არქანია ავტომანქანაშივე სასტიკად სცემეს, იღლიები ანთებული სიგარეტებით დაუწვეს და სახის, ზურგისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. მისი წამება ჯერ წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვრის პოლიციის განყოფილებაში გააგრძელეს, მერე კი, წალენჯიხის პოლიციის რაიონულ სამმართველოში, თუმცა, ალბათ, შეეშინდათ, არ შემოკვდომოდათ და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. აღსანიშნავია, რომ ერთი ღამის განმავლობაში ორჯერ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორში გაკეთებულ სამედიცინო ჩანაწერებში ობიექტურად არის აღწერილი ლაშა არქანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ლაშა არქანია იხსენებს, რომ იარაღის ლულა ჩაუდეს ხახაში და ისე ურტყამდნენ. ემქურებდნენ, რომ ხელკეტებით გააუპატიურებდნენ და იმავეს დამართებდნენ, რაც მის მოგვარეს, მალხაზ არქანიას. შემდეგ გაუპატიურებისა და ოჯახის წევრების ლიკვიდაციის მუქარით აიძულეს, ხელი მოეწერა ე. წ. აღიარებით ჩვენებაზე, რომელიც ილუშა აქუბარდიამ თავად დაწერა.
გამომძიებელი ილუშა აქუბარდია დღეს აღარაა თანამდებობაზე, გააპარეს, მაგრამ გპირდებით, ის აუცილებლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. ასევე დაისჯება ყველა, ვინც ლაშა არქანიას, ამ უდანაშაულო ადამიანის ცემასა და წამებაში მონაწილეობდა. არადა, როდესაც დამოუკიდებელმა ადვოკატებმა: მე, ეკა ბესელიამ, გელა ნიკოლაიშვილმა, მანანა კობახიძემ მოვინახულეთ ლაშა არქანია #8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ჩვენი ვიზიტის შემდეგ არქანია კვლავ სცემეს, ხელი მოამტვრიეს და სახის არეშიც დაზიანება მიაყენეს.
ლაშა არქანია წალენჯიხის რაიონულმა სასამართლომ გაასამართლა და მოსამართლე კეკენაძემ ისე გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი, ყურადღება არ მიუქცევია მისი მდგომარეობისთვის. პროკურატურამ დღემდე ვერ გასცა პასუხი კითხვას: სად მიიღო პატიმარმა დაზიანებები. მოსამართლემ განაჩენი ერთადერთ მტკიცებულებაზე _ ორი პოლიციელის ცრუ ჩვენებაზე ააგო, რომლებიც იმავე ჯვრის პოლიციაში მუშაობენ, სადაც არქანია აწამეს. სხვა არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. დაირღვა კიდევ ერთი კანონი. პროკურორ ლევან ფიფიას, რომელიც საქმეში მონაწილეობდა როგორც ზედამხედველი პროკურორი და მის დასჯას ითხოვდა, დაევალა წამების საქმის გამოძიებაც, რაც არღვევდა როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე _ ევროსტანდარტებს.
წამების საწინააღმეგო საერთაშორისო კონვენციის მე-12 მუხლით, ყველა ფაქტი, სადაც უბრალოდ ეჭვი გაჩნდება, რომ ადგილი ჰქონდა პირის მიმართ წამების ფაქტს, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძიებული. წამოვჭერით საკითხი, დაწყებულიყო არქანიას წამების ფაქტზე გამოძიება და იმას მივაღწიეთ, რომ წამების მუხლით დაიწყო გამოძიება და საქმეს იძიებს ზუგდიდის რაიონული პროკურატურა. არ მივცემთ უფლებას არც ახალაიას, არც მურთაზ ზოდელავას და არც ადეიშვილს, მხოლოდ ფორმალურად გამოიძიონ ეს საქმე.
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში, სექტემბრის ბოლოს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ტომას ჰამერბერგს, ქართველი უფლებადამცველები შეხვდებიან. მე უკვე გადავაგზავნე მასალები ლაშა არქანიასა და ცოტნე გამსახურდიას შესახებ და ეს საქმე აუცილებლად განიხილება. ამას გარდა, ლაშა არქანიას საქმეს აუცილებლად გავასაჩივრებთ და სტრასბურგშიც გავაგზავნით. 15 ივლისს “ადამიანის უფლებების დამოუკიდებელმა კომისიამ” ლაშა არქანიას პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა.
საქართველოს საპატიმროებში უმართავი სიტუაციაა. როგორც კი პატიმარი ხმას ამოიღებს საკუთარი უფლებების დასაცავად, კიდევ უფრო სასტიკად უსწორდებიან.
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ბევრ საქმეს აკეთებს. ისინი შეძლებისადაგვარად შედიან სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, აკონტროლებენ და ფაქტის წინაშე აყენებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურაში მათი არაერთი რეკომენდაციაა შესული, სადაც სახალხო დამცველი პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის გამო საქმის აღძვრასა და გამოძიების დაწყებას მოითხოვს, მაგრამ სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის ჯგუფი არ არის საკმარისი, რადგან, არაოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში 45 ათასი პატიმარი და 18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაა და ერთი სახალხო დამცველის აპარატი რას გასწვდება? სწორედ ამიტომ ვთავაზობ საქართველოში აკრედიტებულ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მხარში დამიდგნენ. თუ საპატიმროებში დაწესდება 24-საათიანი მონიტორინგი, ვეღარავინ გაბედავს პატიმრის ცემასა და წამებას.
აუცილებელია, შეიქმნას მუდმივმოქმედი მონიტორინგის საბჭო, რომელშიც გაწევრიანდებიან უფლებადამცველები, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები, სამედიცინო ექსპერტები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, დეპუტატები, ორგანიზაციაში იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” წვერებიც. არ ვართ წინააღმდეგი. მთავარია, ციხეებში 24-საათიანი მონიტორინგი დაწესდეს. თუმცა, ვფიქრობ, ეს ხელისუფლება არ დათანხმდება ამ წინადადებას, ვინაიდან, არცთუ ისე შორეულ წარსულში, როდესაც სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახლდათ, ხომ არსებობდა ასეთი ორგანიზიაცია, რომელიც ციხებში მონიტორინგს აწარმოებდა, მაგრამ გახდა თუ არა პრეზიდენტი, სააკაშვილმა მონიტორინგის საბჭო გააუქმა. თბილისს რომ თავი დავანებოთ, საშინელება ხდება რეგიონებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. შეიძლება ითქვას, რომ ოლქის პროკურორი როლანდ ახალაია, არამარტო სასჯელაღსრულებით დაწესებულებას განაგებს, არამედ _ სამართალდამცავ სტრუქტურებს, პროკურატურას, ყველაფერს ის აკონტროლებს.
_ ადვოკატები ხშირად აპროტესტებენ მათ მიმართ დამოკიდებულებას. თქვენც არაერთხელ განაცხადეთ თქვენზე ზეწოლისა და დევნის შესახებ. რატომ დევნის ხელისუფლება ადვოკატებს?
_ ეს კიდევ ერთი პრობლემაა. სააკაშვილი მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში, პირდაპირ დაიწყეს ადვოკატების დევნა. ვინაიდან, მოგეხსენებათ, ჩვენ ადამიანის უფლებებს ვიცავთ, დაუფარავად ვავლენთ დარღვევის ფაქტებს და ყველაფერს საერთაშორისო საზოგადოებას ვატყობინებთ, რაც ძალიან აღიზიანებს ხელისუფლებას.
მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 130-მდე ადვოკატი დააპატიმრეს, რაც შემზარავი ციფრია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
_ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ციხეში შესვლისას განსაკუთრებით უდიერად და დამამცირებლად ეპყრობიან ქალ ადვოკატებს…
_ ადვოკატ ქალებს უხეშად ჩხრეკენ, ხელით ეხებიან, რაც დაუშვებელია. მათ აქვთ სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა, რითაც უნდა შეამოწმონ ადვოკატი, ამის მაგივრად კი ხელით ჩხრეკენ. მინდა გითხრათ, რომ საპატიმროში თითოეული ვიზიტი ჩემი ადამიანური ღირსების შებღალვის ხარჯზე სრულდება და, ადვოკატს რომ ამას გაუბედავენ, ადვილი წარმოსადგენია, რა პირობებში იქნებიან მსჯავრდებულები.
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი