Home რუბრიკები საზოგადოება ელისო კილაძე: ქვეყანაში დღეს ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის პრობლემაა

ელისო კილაძე: ქვეყანაში დღეს ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის პრობლემაა

1402

GEWORLD.GE:
საზოგადოებრივი მოძრაობა “ჩემი საქართველოს” ლიდერი ელისო კილაძე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველს ოპოზიციური სპექტრის ალოგიკურ ქმედებებზე ესაუბრება.
_ როგორ ფიქრობთ, დღესდღეობით, რაც ოპოზიციამ, ასეთი კრიტიკული ფონის მიუხედავად, ზაფხული აბსოლუტურად მშვიდად გადააგორა, უნდა ჰქონდეს მას ჯანსაღი ამბიცია _ საკუთარ თავს ოპოზიცია უწოდოს?

_ როგორ შეიძლება მათ ოპოზიცია ვუწოდოთ, როცა მთელი ზაფხული სხვადასხვა ძვირადღირებულ კურორტზე ნებივრობაში გაატარეს?! ქვეყანაში დღეს ხელისუფლების პრობლემა კი არა, ოპოზიციის პრობლემაა. როცა ოპოზიცია გროშებზე იყიდება, ხელისუფლება მთელი თავისი ძალების დემონსტრირებას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ოპოზიცია საერთოდ არ არსებობს, მასზე საუბრისას რამდენიმე ფრთა იგულისხმება, თუმცა აბსოლუტურად გაურკვეველი მიმართულებებით. რადიკალური ფრთის ნიშას საერთოდ ვერ ვხსნი, მაგრამ, ვფიქრობ, ის მაინც დამოუკიდებელია. რაც შეეხება ნაკლებ რადიკალურ ფრთას, იგი სრული კურიოზითაა მოცული; თავიდან “რვიანში”, როგორც ვიცოდით, რვა სუბიექტი შედიოდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ათი სუბიექტი ერთიანდებოდა _ ხელს აწერდა ლეიბორისტული პარტია და “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო”, ბურჯანაძის სახით. ამის შემდეგ “რვიანი” ორმა სუბიექტმა დატოვა და, წესით, ისევ რვანი უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა რეალურად “საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე” 17-ზე მეტი პარტია მუშაობდა.
მე ხელთა მაქვს ზუსტად ის ოქმები, რომლებითაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ. თუ ამ ოქმებით ვიმსჯელებთ, იქ საუბარი საერთოდ არ ყოფილა არც მანდატების რაოდენობაზე და არც დაფინანსების წესზე. ეს ყოველივე იმის დამადასტურებელია, რომ მიმდინარეობდა არა მოლაპარაკებები, არამედ კულუარული გარიგებები, მათ შორის დეპუტატების რაოდენობის გაზრდაზეც. უნდა გითხრათ, რომ “ახალმა მემარჯვენეებმა” და “ქრისტიან-დემოკრატებმა”  სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ხელისუფლების დაკვეთითა და გარიგებით, რბილად რომ ვთქვათ, არაკონსტიტუციურ ცვლილებებს მოაწერეს ხელი. არადა, თავის დროზე ქართველმა ხალხმა რეფერენდუმზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეპუტატების რაოდენობა 235-დან 150-მდე უნდა შემცირებულიყო. დღეს კი ხელისუფლება ამ ორ პარტიასთან ერთად დაჟინებით გვიმტკიცებს, _ ეს რეფერენდუმი კი არა, უბრალო გამოკითხვა იყოო. თუ ეს მართლაც უბრალო გამოკითხვა იყო, მაშინ მით უფრო გაუგებარია, საიდან მოიტანა ხელისუფლებამ ციფრი 190, როცა პირველი კონსტიტუციით 235 დეპუტატი დამტკიცდა, ანუ ამ 190 დეპუტატის რაოდენობა არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება _ არც კონსტიტუციაში და არც რეფერენდუმში. ეს ციფრი არის ყურით მოთრეული კულუარული გარიგებების შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილება ახალი რეფერენდუმითვე უნდა შეცვლილიყო.
დღევანდელი მდგომარეობით, სექტემბერში საარჩევნო ცვლილებების განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა, როგორც ვიცი, ვენეციის კომისიაში ჯერ კიდევ არ არის გაგზავნილი ეს შედეგები. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით დუმს, რადგან ეს პოზიცია-ოპოზიციამ ერთობლივად შეიმუშავა.
მოვლენები განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართა მას შემდეგ, რაც “ქრისტიან-დემოკრატებმა” და “ახლებმა” პოზიცია შეიცვალეს. მათი გამოთიშვის შემდეგ, ოფიციალურად 6-იანის ფორმატი დარჩა, რომელსაც,  რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” არ შეუერთდა და საკითხი ასე დასვა: გაფართოვდეს “ექვსიანის” ფორმატი და მასში მონაწილეობის  მიღების საშუალება საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც მიეცესო. თუმცა ამ შეთავაზებაზე მათ ცივი უარი მიიღეს, რადგან, კულუარული გარიგებებისა და ვაჭრობის ფონზე, “ექვსიანს” საზოგადოების ჩართულობა ნამდვილად არ აწყობდა. არავის არ სჭირდებოდა დამატებითი მოწმეები.
“მემარჯვენეებისა” და “დემოკრატებისაგან” განსხვავებით, ხელისუფლებასთან ვაჭრობა “ექვსიანს” გაუჭიანურდა. მაპატიეთ, რომ ასე უხეშად ვამბობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩვენი სამარცხვინო რეალობაა. ვაჭრობაში მონაწილეობდნენ “მრეწველები”, “ეროვნულ-დემოკრატები” და ხელისუფლების დანარჩენი სატელიტი პარტიები.
ყოველივე ამის შემდეგ, აბსოლუტურად გაუგებარ სამართლებრივ ჩიხში შევედით. არ არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა, მივიღეთ ანტიკონსტიტუციური მუხლი, თან ისეთი მუხლი, რომელზეც იმ სხდომებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და არც ოქმებში დაფიქსირებულა.
რაც ყველაზე მთავარია, საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები რა სახით შევა კოდექსში, ჯერ კიდევ უცნობია. არადა, ამდენი ემოცია, დრო, ნერვები და ფული დაიხარჯა მასზე, ანუ ხელისუფლებამ, როგორც წესი, ქართული საზოგადოება ფეხებზე დაიკიდა, ხოლო ოპოზიცია ჯიბეში ჩაისვა. შესაბამისად, კაციშვილი ამ კოდექსის გამაპროტესტებელი არ არის, ვერც ვერავინ პასუხობს შეკითხვას _ “გაიგზავნა თუ არა ვენეციაში ეს დოკუმენტი ან საერთოდ როდის განიხილება საკითხი პარლამენტში?” ფაქტი სახეზეა: ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მოკვდა. ერთადერთი ძალა, რაც ქვეყანაში არსებობს, არის ხელისუფლება და “ნაცმოძრაობა”.
_ როგორ გავიგოთ, რას ემსახურება ერთსა იმავე დროს ოპოზიციური პარტიების მიერ სხვადასხვა ადგილასა და სხვადასხვა მოტივით აქციების გამართვა? მაგალითად, 27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღეს) ეროვნული ფორუმი ქართველთა მარშს მართავს, იმავე, “ექვსიანში” შემავალი ირაკლი ალასანია კი ამ დროს აბსოლუტურად სხვა ღონისძიებებით არის დაკავებული. ბოლოს და ბოლოს, რით ვეღარ დასრულდა ამდენი შიდა კონფლიქტი ოპოზიციურ სპექტრს შორის?
_ აქამდე თავს დებდნენ, _ “ექვსიანი” ერთი სუბიექტიაო, თუმცა ეს იყო ბლეფი. როგორც კი ალექსანდრე შალამბერიძემ “ექვსიანთან” შეუთანხმებლად რამდენიმე განცხადება გააკეთა, იძულებული გახადეს, ბლოკი დაეტოვებინა. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ “ექვსიანი” ერთიანი სუბიექტი არც არასდროს ყოფილა და ვერც მომავალში გახდება.
რაც შეეხება 27 სექტემბრის აქციას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გააკეთა გუბაზ სანიკიძემ განცხადებები ეროვნული ფორუმის სახელით. სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით,  ერთადერთი, ვისაც ხმის ამოღებისა და ხალხის გამოყვანის მორალური უფლება აქვს, არის კახა შარტავა, ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო.
არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ დღევანდელი მოვლენებიდან და წარსულიდან გამომდინარე, სრული უფლება მაქვს, ვიფიქრო, რომ 27-ში დაგეგმილ ქართველთა მარშს გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები საკუთარი ძალების დემონსტრირებისთვის იყენებენ, რადგან, რაც მეტი ხალხი გამოჰყავთ ქუჩაში, მით უფრო მომგებიანი ხდება ხელისუფლებასთან ვაჭრობაც. ამის გამოცდილება ჩვენ წლებმა მოგვცა. ვერც იმას ჩავწვდი, რას ნიშნავს ეს ქართველთა მარში ან რას აპროტესტებენ ამით.
რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციური სპექტრის ურთიერთდაპირისპირებას, ამას ის იწვევს, რომ თითოეული პარტიის ლიდერს პრეზიდენტობის ამბიცია აქვს და ისინი უფრო მეტად ერთმანეთზე ეჭვიანობენ, ვიდრე ქვეყანაში სიტუაციის შეცვლაზე ფიქრობენ. ესეც მათი პოლიტიკური უვიცობის შედეგია.  გარდა ამისა, ოპოზიციაში მუდმივად არსებობენ პრორუსული და პროამერიკული ძალები, რომლებიც ერთმანეთს ვერ უგებენ. თუ ბურჯანაძე რუსეთს ეკეკლუცებოდა, ალასანია, “ახლები”, “ქრისტიან-დემოკრატები”  _ ამერიკას, იმისათვის, რომ ამერიკას თავი მოაწონონ, მასთან ერთმანეთს “უშვებენ” ხოლმე.
მაგრამ თავად ამ ქვეყნებში ჩვენებური პრორუსული და პროამერიკული ძალების რეიტინგი ნულს ქვემოთაა. არ მესმის, მაგალითად, რატომ უნდა სურდეს რუსეთს კახა კუკავას დაფინანსება?!
_ თავად ქართული საზოგადოების პოზიცია რამდენად ადეკვატურია ოპოზიციური სპექტრის მიმართ?
_ საზოგადოებაში არანაირი პროტესტი არ გამქრალა. იგი არც შეშინებულია და არც დაბნეული, უბრალოდ, მას არ ჰყავს ლიდერი, რომელიც პატრიოტულ ცნობიერებაზე და ინეტერესებზე იქნებოდა ორიენტირებული. აღარ დაილია ამდენი გაზაფხული-შემოდგომა. ამერიკამ უკვე შეიმუშავა ერთი სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში _ სააკაშვილი შეიცვლება 2013 წელს არჩევნების შედეგად, ისინი პრეზიდენტის გადაყენების რევოლუციურ აზრს არც კი განიხილავენ. ეს არის სიცრუე.
ოპოზიციის ქმედება ყოველგვარ ლოგიკას სცდება. ამიტომაც ოპოზიცია ხალხისაგან იმას იღებს, რასაც იმსახურებს _ უნდობლობას და იგნორს.
_ საზოგადოების ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ნინო ბურჯანაძე ისევ აქციებს გეგმავს საშემოდგომოდ, ნუთუ იგი ისეთი მიამატი პოლიტიკოსია, რომ ქუჩის აქციებით ისევ რამეს ელოდება? როგორ ფიქრობთ, ხომ არ იმალება ამ საშემოდგომო აქციების მიღმა სულ სხვა ფარული ზრახვები?
_ თუკი იგულისხმება, რომ ეს რუსეთის გეგმაა, მე ასე არ ვფიქრობ, რადგან მთელი ის პიარი, რაც რუსეთმა “სახალხო კრების” მიმართ გაატარა, მართლაც პიარი აღმოჩნდა და მეტი არაფერი. მან რეალური დახმარება ბურჯანაძესა და “სახალხო კრებას” არ აღმოუჩინა. ვერც იმას ვიტყვი, რომ ბურჯანაძე ქუჩის აქციებით გადამწყვეტ შედეგებს ელოდებოდეს.
_ იქნებ ბიზნეს-ინტერესები იყოს ძირითადად გათვლის საგანი, მითუმეტეს ალასანია ბოლო განცხადებებში სწორედ ფინანსებზე წუწუნებს…
_ საქართველოში ბიზნეს-ინტერესები, ფაქტობრივად, ნულს უტოლდება. არა მგონია, აქ ვინმემ სერიოზული ფინანსები მიიღოს რუსეთის მხრიდან, რაც შეეხება ამერიკას, იგი არც არასოდეს აფინანსებდა ვინმეს. დღეს პოლიტიკაში ფულის ჩამდები ხალხი აღარ არის, ან თუ ჩადებენ, მხოლოდ თავის დასამკვიდრებლად.
_ რას გვეტყვით ხელისუფლების შიგნით არსებულ კლანურ დაპირისპირებებზე?
_ იმას, რომ უბრალო ადამიანები, მეწარმეები, ვისგანაც ფულის გამოდნობა შეიძლებოდა, ყველა დაიჭირეს და, თუ გამოუშვეს, კარგადაც “მოწველეს”, ისე, რომ მათგან ფულს ხელახლა ვეღარ გააკეთებენ, ამიტომ ახლა ვირთხებივით ერთმანეთს დაერივნენ. დაპირისპირების მიზეზი მხოლოდ ესაა.
_ რას ეტყვით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ისევ ოპტიმისტურადაა განწყობილი ოპოზიციის მიმართ?
_ ვისაც კიდევ  ამ ფსევდოოპოზიციის სჯერა, ვეტყვი: “ნეტარ არიან მორწმუნენი”. ასეთი სუსტი, გამყიდველი ოპოზიცია რომ არა, ხელისუფლება ამდენს ვერ გაბედავდა. მოგეხსენებათ, მე პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის  პრეს-სამსახურის უფროსი გახლდით და სხვებზე ადრე დავინახე მათი უმსგავსობები (მერაბიშვილის თანამშრომელს რომ მეძახდნენ, მისი ინფორმაციები მე არაფერში მჭირდებოდა, ისედაც ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფრი). ეს ოპოზიცია იყო ზუსტად, ბადრი პატარკაციშვილს სააკაშვილთან პირისპირ ბრძოლა რომ არ აცალა. ისინი პატარკაციშვილისგან თან ფულს ითხოვდნენ, თან პრეზიდენტობის კანდიდატურის მოხსნას. არჩევნებზე მთელი მისი ხმები ოპოზიციის წარმომადგენლებმა გადაინაწილეს. ასე რომ, მე ამ ოპოზიციას ვერავინ მასწავლის.
ესაუბრა
ეკა რობაქიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here