Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ აიშენა მიშამ ყვარელში სახლი ტუალეტის ფასად

როგორ აიშენა მიშამ ყვარელში სახლი ტუალეტის ფასად

2351

GEWORLD.GE:
ამ დღეებში ორ უაღრესად საინტერესო მოვლენას ჰქონდა ადგილი, რომელთაგან ერთი ლატვიის, მეორე კი საქართველოს პირველ პირებს ეხებოდა.
მოვლენა პირველი:
ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ანდრის ბერზნიშმა რიგაში ვერ შეძლო დროზე დაბრუნება იმის გამო, რომ ავიაკომპანია “აირბალტიკის” რეისი გადაიდო და ამ ქვეყნის შესაბამის სამსახურებს სასწრაფოდ მოუწიათ ალტერნატიული მარშრუტების მოძიება პრეზიდენტის სამშობლოში დასაბრუნებლად.

67 წლის ანდრის ბერზნიშისთვის დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ლატვიაში 2011 წლის ივნისში გაპრეზიდენტებაში სულაც არ შეუშლია ხელი თავის დროზე სკკპ წევრობას, ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საყოფაცხოვრებო მინისტრის მოადგილეობასა და ერთ-ერთი რაიონის აღმასკომის თავმჯდომარეობას, თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ლატვიაში, ისევე როგორც ბალტიის სხვა ქვეყნებში, ჯერ ერთი, ებრძვიან საბჭოთადროინდელ ინსტიტუტებს და არა “საბჭოთადროინდელ ადამიანებს” და მეორეც, ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაცია აბსოლუტურად გამორიცხულია.
ისე, პრეზიდენტს, სხვათა შორის, ოფიციალურ მილიონერს, რომელსაც ზურგს უკან ევროსტრუქტურები და ნატო ჰყავს, ხოლო ქვეყანა მოსახლეობის ერთ სულზე 19 ათას აშშ დოლარზე მეტ მთლიან შიდა პროდუქტს აწარმოებს (3.9-ჯერ მეტს, ვიდრე საქართველო), თანაც საბჭოთა ავტორიტარულ სისტემაში გაზრდილს, გულის სიღრმეში შეიძლება კი ჰქონოდა ერთი თვითმფრინავის უშუალოდ მასზე მიმაგრების ამბიცია, რათა ოფიციალური ვიზიტების გრაფიკი ავიაკომპანიების განრიგსა და კეთილ ნებაზე აღარ ყოფილიყო დამოკიდებული, თუმცა მის მოტივაციას, ეტყობა, სხვა, უფრო წონადი არგუმენტ, რეალურ დემოკრატიასა და “იაფი ხელისუფლების” სტრატეგიაზე დაფუძნებული სახელმწიფო იდეოლოგია და პოლიტიკა განაპირობებს.
არ იკითხავთ, დღემდე რით გადაადგილდება გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი? _ იმავე თვითმფრინავით, რომლითაც ჯერ კიდევ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი ერიხ ჰონეკერი მგზავრობდა.
ნეტავ, რა გაუჭირდა ასეთი გერმანიას, მთელი ევროგაერთიანების “მოტორს”, რომლის მდგომარეობასა და მოქმედებაზე დამოკიდებულია არა მარტო ევროპის ეკონომიკის სტაბილურობა და ევროს მომავალი, არამედ ამ გაერთიანების წევრი ზოგიერთი სამხრეთული ქვეყნის ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი სტაბილურობაც, რომ მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან 21 წლის წინ გამქრალი სახელმწიფოს ხელმძღვანელის თვითმფრინავით არ იფრინოს?!
არადა, რასაც გერმანია ეხმარება ყოველწლიურად სხვა ქვეყნებს, იმ სახსრებით  გერმანიის კანცლერის საკადრისი რამდენი თანამედროვე თვითმფრინავის შეძენას მოახერხებდა ამ ქვეყნის ფედერალური მთავრობა?!
ასევე, ასაკით ძველი, საბჭოთა წარმოების თვითმფინავი NE-154 ჰყავდა  პოლონეთის პრეზიდენტს _ ლეხ კაჩინსკის. ის, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა, თავად საფრენი აპარატის ბრალი არ იყო _ “იმუშავა” ადამიანურმა ფაქტორმა…
თხრობის პირვანდელ სიუჟეტს რომ დავუბრუნდეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლატვიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველი პირი, არ აჰყვა “ცდუნებას” და არჩევისთანავე დაუყოვნებლივ არ ეწვია ევროკავშირის შტაბ-ბინას. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში შედგა ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის “ასი დღის” თავზე.
 
მოვლენა მეორე:
ამ რამდენიმე დღის წინ ყვარელში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე წარმატებული აბიტურიენტების სააკაშვილის მიერ გამასპინძლებას, მეორე დღეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადება მოჰყვა იმის თაობაზე, რომ თურმე სააკაშვილს 5000 კვადრატული მეტრი ვენახი 33 ათას ლარად შეუძენია, ხოლო სახლის მშენებლობა 45 ათასი ლარი დაჯდომია.
ღმერთმა სიკეთესა და საქართველოს აყვავებაში მოახმაროს კახეთის “ახალმოსახლეს” შეძენილ-მიმატებული ქონება. მაგრამ…
სწორედ ამ დღეებში ინტერნეტმა გვამცნო, რომ თურმე საქართველოს ტრასებზე 50 საზოგადოებრივი ტუალეტის ასაშენებლად სახელმწიფო ორ მილიონ ლარს გამოყოფს.
გზაზე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტუალეტების აშენება, იცოცხლე, საშური საქმეა. თუ ტურიზმის განვითარება და ტურისტების მოზღვავება გვინდა, ამ საქმის გადავადება ნამდვილად არ ეგების და, რომ მკითხო, 50 კი არა, რატომ 500-ც არაა საკმარისი ამ სფეროს ამჟამინდელი მდგომარებიდან გამომდინარე. მაგრამ აქ სხვა გარემოება იქცევს ყურადღებას: 2 მლნ ლარად _ 50 ტუალეტი, ესე იგი, თითო საზოგადოებრივი ტუალეტი თითქმის იმდენივე ჯდება, რაც სააკაშვილის სახლი კახეთში. თუ ტოლობის მარჯვენა და მარცხენა ნაწილებს ადგილებს შევუცვლით, იმის დაჯერებაც მოგვიწევს, რომ სააკაშვილს 60-კვადრატულმეტრიანი სახლი ყვარელში, ფაქტობრივად, ერთი ტუალეტის ფასი დაუჯდა!
იქნებ პრეზიდენტის სიმპატიურ პრეს-სპიკერს შეეშალა და ციფრები არასწორად დაგვისახელა?! ძალიან იაფი ხომ არ გამოდის სახლი, რომელშიც პრეზიდენტს სტუმრის შეპატიჟება არ შერცხვება? ან საზოგადოებრივი ფეხისადგილები ხომ არ გვიჯდება ოთუზბირი?!
ისე, “ბოროტი ხმები”, უკვე რამდენი წელია, დაჟინებით გაიძახიან, რაც საზოგადოებრივი და “თვალსაჩინოა”, სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით ძვირი უჯდებაო… თავისუფლების მოედანზე აღმართულ ქანდაკებაზე იმდენი ოქრო დაიხარჯა (ისე, სიტყვამ მოიტანა და, რად უნდა ყოფილიყო კეთილშობილი ლითონით _ ოქროთი _ მოვარაყებული  ბოროტების სიმბოლო გველეშაპის ქანდაკებაც?!), მთელ თავისუფლების  მოედანს მოავარაყებდაო.
ლენინს აქვს ერთი ნაშრომი “ოქროს მნიშვნელობის შესახებ ახლა და სოციალიზმის სრული გამარჯვების შემდეგ”, სადაც “პროლეტარიატის დიდი ბელადი” “წინასწარმეტყველებდა” _ სოციალიზმის “გამარჯვების შემდეგ” ოქროსგან საზოგადოებრივ ფეხისადგილებს ააშენებენო. ასეთ შემთხვევაში ლიტერატურულ ალუზიას თავად მივყავართ პოლიკარპე კაკაბაძის უკვდავ პერსონაჟთან: “ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსას რომ მოვრჩები, მერე!”.
საქართველოში თითქმის ყველამ იცის უკვე ლეგენდად ქცეული მოარული ინფორმაცია ომის დროს ზამთარში ინგლისის დედოფლის მიერ ბუხრის დაუნთებლობაზე, ასევე ისტორიიდან _ ინდოეთში ლაშქრობისას  თუ როგორ თქვა ალექსანდრე მაკედონელმა უარი მისთვის მირთმეულ წყალზე…. ლატვიაზე ვსაუბრობდით და ერთი შემთხვევაც მინდა გავიხსენო, რომელიც ამ ქვეყნის წინა პრეზიდენტს _ ვალდის ზატლერთანაა დაკავშირებული.
დაახლოებით წლინახევრის წინ ზამთარში უცხოეთში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტისაგან ინტერვიუს აღებისას ჟურნალისტმა შეამჩნია, რომ ქვეყნის პირველი პირის ფეხსაცმლის ლანჩა სეზონისთვის საკმაოდ თხელი იყო, რაზეც პრეზიდენტმა განუმარტა, რომ ქვეყანაში კრიზისია, თანაც არა აქვს საკმარისი დანაზოგი, უფრო ძვირადღირებული ფეხსაცმლის შესაძენად(?!).
თუ სად გადიოდა პრეზიდენტის ნათქვამში ზღვარი ზეპურიტანიზმსა და პოზიორობას შორის, მკითხველმა თავად განსაჯოს, თუმცა  ევროპის ლიდერებთან დაკავშირებული ზემოთ მოტანილი მაგალითები, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და ბიუჯეტისთვის მათი ხელმძღვანელობის, სახელმწიფოს ადმინისტრირების რაც შეიძლება იაფად წარმოების იდეოლოგიითაა გამსჭვალული, ამაზე თითქმის  ცალსახა პასუხს გვკარნახობს.
იოსებ არჩვაძე
2011 წლის სექტემბერი
P.S. ევროკავშირის დროშები საქართველოში თითქმის ყველა სამთავრობო დაწესებულების ფასადს და ხელმძღვანელის კაბინეტს ამშვენებს. მიუხედავად ამისა, უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანას ამ გაერთიანებაში წევრობა “არ ემუქრება”, არა მარტო იმიტომ, რომ მასთან შავი ზღვა, თურქეთი და უკრაინა გვაშორებს, და არც იმდენად მასთან ათჯერადი ეკონომიკური ჩამორჩენის გამო, ძირითადი მიზეზი მენტალობასა და ფასეულობათა განსხვავებულ პარადიგმაში უნდა ვეძებოთ. ამ განსხვავებების “აღმოფხვრა” კი მაინცდამაინც “ქართველი ერის მენტალობის შეცვლით” და ზოგიერთი სხვა საეჭვო “ლიბერალური ღირებულების” დამკვიდრებით არ უნდა დავიწყოთ. ევროპელობაში დემოკრატიასა და ჰუმანიზმთან ასოცირებული უამრავი ფასეული ნორმა, მიდგომა, ტრადიცია არსებობს და ევროპასთან დაახლოებაში, პირველ რიგში, იქნებ სწორედ ამ ღირებულებებისა და მაგალითების გადმოღებით გვესარგებლა?! წინაააღმდეგ შემთხვევაში, არაა გამორიცხული, ევროკავშირის ლურჯი, თორმეტვარსკვლავიანი დროშების ფრიალს მხოლოდ ჩვენი განვითარების რეალური ვექტორისა და ღირებულებების დამფარავი ლეღვის ფოთლის ფუნქციაღა შერჩეს…
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here