Home რუბრიკები პოლიტიკა მამუკა გიორგაძე: ოპოზიცია შაჰის პირველი ცოლობისთვის იბრძვის

მამუკა გიორგაძე: ოპოზიცია შაჰის პირველი ცოლობისთვის იბრძვის

902

GEWORLD.GE:
ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურ, სახელისუფლო კლანებსა და ოპოზიციურ წრეებს შორის არსებულ დაპირისპირებებზე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ესაუბრა. იგი არამარტო დაპირისპირების მიზეზებს შიფრავს, ზოგადად ოპოზიციური სპექტრის ქმედებებსაც კრიტიკულ შეფასებებს უკეთებს.
_ რიტორიკული კითხვით მინდა მოგმართოთ: ასეთი მშვიდი, აპოლიტიკური ზაფხულის შემდეგ, კიდევ შეგვიძლია საზოგადოებას ვუმტკიცოთ, რომ ქართულ პოლიტიკას ოპოზიციური ძალები შემორჩა?

_ სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ოპოზიცია არ არსებობს, მეტიც, სწორედ რომ ფსევდო-ოპოზიციის მხრებზე დგას სააკაშვილის ხელისუფლება.  ამ ვირტუალური პოლიტიკოსების მხრიდან მხოლოდ ვირტუალურ ბრძოლას, მყვირალა განცხადებებსა და მუშტების მოღერებას ვხედავთ, არანაირი კონკრეტული ქმედება მათ ინტერესებში არ შედის. ეს ოპოზიცია ხელისუფლების დანამატია _ სისხლი სისხლთაგანი, ხორცი ხორცთაგანი. არც ისაა შემთხვევითი, რომ “ოპოზიციისა” და ხელისუფლების წარმომადგენლებს მსგავსი პოლიტიკური წარსული აქვთ. უმეტესი მათგანი ან მოქალაქეთა კავშირიდან მოდის, ან კომკავშირიდან, ან კიდევ “ნაცმოძრაობიდან”. მათთვის პოლიტიკა ან ხელისუფლების სათავეში მოხვედრას ნიშნავს ან კიდევ _ ბიზნესს.  დღევანდელი ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს სხვა მოტივაცია არ გააჩნია.  რომელიმე მათგანი მაინც რომ ჩამოაყალიბებდეს საკუთარ იდეოლოგიას, მათი შეფასების საშუალება მოგვეცემოდა, მაგრამ რას ჩამოაყალიბებენ, წინასწარ ხომ არც თავად იციან, პატრონისგან რა დავალებების შესრულება მოუწევთ. ამ გარემოებიდან გამომდინარე, დასკვნების გაკეთება მხოლოდ იმაზე შეგვიძლია, თუ რით განსხვავდება 2008 წლამდე ხელისუფლების სათავეში მოქცეული ბურჯანაძე 2008 წლის შემდეგ იქედან გამოძევებული ბურჯანაძისგან. განსხვავება კი არაფერია, როგორც მაშინ ემსახურებოდა საქართველოს ნგრევას, იმავეს აგრძელებს დღესაც, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ქვეყნის ნგრევის პარალელურად ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ბრძოლაც უწევს.
_ რას ფიქრობთ ბურჯანაძის მიერ საშემოდგომოდ დაგეგმილ აქციებზე, რომლებშიც უკვე სალომე ზურაბიშვილიც ერთვება და საერთოდ, რას ემსახურება ყოველ 6 თვეში ერთხელ აქციების გამართვა?
_ საქართველოში ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის საზრუნავი ისაა, რომ სააკაშვილთან საერთო ენა გამონახოს და ხელისუფლებას რეალური საფრთხე არ შეუქმნას. შეთავაზებული თანამდებობა, ბიზნესწილი, რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი, გავლენა არავის არ აწყენს. ჰოდა ამ ყველაფრის სანაცვლოდ ოპოზოციური პარტიები მინიჭებულ როლებს მშვენივრად ართმევენ თავს. ამ სქემით, 2-3 თვე საზოგადოებას “ეროვნულმა ფორუმმა” გადააგორებინა ცრუ ქმედებებით, 2-3 თვე _ გაჩეჩილაძეებმა და კარვებმა, 2-3 თვე _ ბურჯანაძემ, 2-3 თვე _ ნოღაიდელმა, 2-3 თვე _ ალასანიამ, 2-3 თვე კიდევ _ ვიღაც-ვიღაცებმა და კი გავიდა მთელი 5 წელი, ანუ შეგნებულად ქმნიან ცრუ მოლოდინს, რომ რეალური ძალა, რომელიც თვითონ მასაშია, შეაფერხონ, მოადუნონ და დაიმორჩილონ.
რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში სალომე ზურაბიშვილის კვლავ ჩართვას, ალბათ, იმ სამსახურში, რომლის გამოც ქვეყნიდან წავიდა, პრობლემები შეექმნა და ახლა ამ ფორმით უკან დაბრუნება სურს.
რა გგონიათ, ხელისუფლებისგან რამით განსხვავდება ოპოზიცია?! _ არანაირად! მარტო პოლიტიკაში კი არა ყველა სფეროში შეაღწია ამათმა სისტემამ; ხელისუფლება იძახის: “გავიმარჯვეთ”, ოპოზიცია იძახის: “გავიმარჯვეთ”, ფეხბურთში “გავიმარჯვეთ”, კალათბურთში “გავიმარჯვეთ”, ომში “გავიმარჯვეთ”, ყოველი აქციისას “ვიმარჯვებთ”, ეს რა ქვეყანას ვერ ვიშნობთ თურმე, გასკდა გული ამდენი გამარჯვებებით.
რელურად ე. წ. ოპოზიციამ კი მთელი ამ 5 წლის მანძილზე სააკაშვილს უფრო და უფრო გაამყარებინეს ავტორიტარული რეჟიმი. მათი ცრუ აქტიურობა რომ არა, საზოგადოება დღეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა.
_ ოპოზიციური ძალები პირიქით, საზოგადოების უმოქმედობას უჩივიან, მეტიც, ალასანია მათ გამოფხიზლებასა და სააკაშვილის ტერორისგან გამოხსნას ტვირთულობს…
_ ესეც ოპოზიციის ცრუპენტელობის დასტურია. საზოგადოება არანაირი შიშის ქვეშ არ იმყოფება. მასა ყოველთვის ისე იქცევა, როგორც საჭიროა, მაგრამ ეს საჭირო ქმედება თითოეული ოპოზიციური პარტიისთვის წამგებიანია, რადგან ამით სააკაშვილთან ქულების დაწერას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ მოუწოდებენ მათ ცრუ აქტიურობისკენ, მაგრამ საზოგადოება არც ისე ადვილი გასაბრიყვებელია.
_ როგორც ვხედავთ, ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ დაპირისპირებებს ბოლო არ უჩანს. ავიღოთ თუნდაც ბურჯანაძისა და ალასანიას ურთიერთდამოკიდებულება, ერთი არჩევნებისთის ემზადება, მეორე აქციებისთვის. არადა, საკუთარ თავს ორივე ოპოზიციას უწოდებს. შესაბამისად, მიზანიც ერთი უნდა ჰქონდეთ და გადაწყვეტილებები მთლად ერთსულოვანი თუ არა, არც ასე რადიკალურად განსხვავებული უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს რასთან გვაქვს საქმე?
_ საქმე ისაა, რომ ოპოზიციური ძალები დამოუკიდებლად იბრძვიან პირველობისთვის და ერთმანეთს არა მოკავშირეებად, არამედ კონკურენტებად აღიქვამენ. ამ მიზნით ისინი  რადიკალურად განსხვავებულ გზებს ირჩევენ. ჯამში გამოდის, რომ ადამიანის გონებას ყველა მიმართულებით (იქნება ეს აქციები თუ არჩევნები) ცრუ ქმედებებით აკავებენ,  რათა ჭეშმარიტ, პატრიოტ ძალას რეალური გასაქანი არ მისცენ. მაგალითად, თუ მთელი “ოპოზიციური” სპექტრი მხოლოდ არჩევნებზე ორიენტირდებოდა, მაშინ პატრიოტი ძალა აქციებით დაუპირისპირდებოდა სააკაშვილის ხელისუფლებას და მისგან ნებადართულ ე. წ. ოპოზიციას, ხოლო თუ აქციებზე გაამახვილებდა ყურადღებას, იგივე რეალური ძალა მათ არჩევნებით შეებრძოლებოდა. სწორედ აღნიშნულ შესაძლებლობებს ახშობენ და შეგნებულად ქმნიან ფონს, თითქოს ქვეყანაში ოპოზიციური ძალები ჩქეფს. ეს საქართველოს შიდა დუღილის კი არა, გარედან მართვადი პროცესებია. მათ ხელოვნურად გაბერილი ის პოლიტიკური ფიგურები წარმართავენ, რომლებიც ხელისუფლების ნემსის ჩხვლეტაზე იფუშებიან.
ალასანია, თავის მხრივ, არჩევნებით მანდატების მოპოვებას ცდილობს, მაგრამ იმდენს ვერ აზროვნებს, რომ ერთდღიანი მანდატი ქვეყნის დაქცევად არ ღირს.
ქართველი ე. წ. პოლიტიკოსები, თავიდანვე მონოპოლისტურ მმართველობას იყვნენ შეჩვეულნი; თუნდაც ბურჯანაძე _ მამამისის რაიკომის მდივნობისას, შევარდნაძის ეპოქაშიც და “ნაცმოძრაობაშიც”. შესაბამისად, მისთვის კონკურენტული გარემო უცხოა. ისინი ცდილობენ, ოპოზიციაშიც მონოპოლისტებად წარმოსდგნენ და იმის საშუალება მიეცეთ, რომ ბიზნეს გეგმებში, გარიგებებსა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში სხვაზე უკეთესი საწყისი პოზიცია მოიპოვონ. პატრონის კალთაში ხომ ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, პატრონი საუკეთესოს გამოვლენაზე მუშაობს, პოლიტიკური პარტიები კი _ თავის წარმოჩენაზე. ისინი გამარჯვების გვირგვინის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, რის გამოც სააკაშვილთან თამაში უწევთ.
_ იქნებ ერთმანეთთანაც თამაშობენ ეს პარტიები? ხომ შეიძლება მათი ღია დაპირისპირებები ფასადური იყოს, ოპოზიციური სპექტრის მრავალფეროვნების წარმოჩენის მიზნით?
_ პარტიებს შორის არანაირი  ფასადური დაპირისპირება არ არსებობს. ოპოზიცია შაჰის პირველი ცოლობისთვის იბრძვის. მართალია, ერთდღიანი პოლიტიკური ქორწინებებიც გვინახავს, მაგრამ მეორე დღეს, როცა უკვე ბიზნეს პროექტების განაწილებასა და საკუთარი თავის წარმოჩენაზე მიმდგარა საქმე, ერთმანეთისთვის “დაუყრიათ”. დაპირისპირება არათუ ხელოვნური, პირიქით, დრამატული ხასიათისაა. გლადიატორების დაუნდობელ ბრძოლასაც კი შეგვიძლია შევადაროთ იგი, თუმცა გლადიატორობამდე ნამდვილად ბევრი უკლიათ.
_ მკვეთრი დაპირისპირება უკვე სამთავრობო ძალებს შორისაც იგრძნობა, ვგულისხმობ რურუებისა და გეგენავების კონფლიქტს. საძმოებს შორის შუღლი კვლავ აქტიურ ფაზაში გადადის, იქნებ ეს პროცესები ვირთხებში “კანიბალიზმის” დასაწყისია?
_ ვირთხებში ეს ბრძოლა ღიად თუ ფარულად ყოველთვის მიმდინარეობდა. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება, გადახარისხების მიზნით. თუ დააკვირდებით, სააკაშვილი მთელი 8 წელი საარჩევნო რეჟიმში იმყოფება. მისი ყოველი დღე არჩევნების პრინციპით მიდის. ყოველ დღე აკვირდება საკუთარ გარემოცვას, ვინ რა ბგერას როგორ წარმოთქვამს, ვინ რამდენად დადის მის დაკრულზე, ვინ როგორ გაუღიმა პანღურის ამოკვრის შემდეგ და ა.შ. ამ დაკვირვების შედეგები კი მერე მათ ბიზნესწილებზე აისახება ხოლმე. ამიტომაც ისინი სააკაშვილის ნებისმიერ ახირებას უმეტესწილად გაღიმებულნი ასრულებენ.
გავიხსენოთ, როგორი პოლიტიკა გაატარა სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. მიუხედავად იმისა, რომ მას არც ჯორბენაძე ეწინააღმდეგებოდა, არც ხაბურძანია და დიდად არც ნარჩემაშვილი, პირველ რიგში მაინც მათ მოდგა და დაიჭირა. მეორე ეტაპი საკუთარი პასიური მომხრეების აყვანას მოანდომა, მესამე ეტაპს კი აქტიურ მომხრეებში საუკეთესოს შერჩევას უთმობს. ადგილები სახელისუფლო წრეებშიც ნელ-ნელა ვიწროვდება.
კლანებს შორის დაპირისპირება იყო თუნდაც ოქრუაშვილის განადგურების გეგმა (რაც მისმა ამბიციებმა გამოიწვია). საბჭოურ-ბოლშევიკური რეჟიმი ხომ პატრონთან მიახლოებას კრძალავს. მან კი სწორედ ეს მოინდომა. თავში წამოარტყეს უგულავასაც, ურიგოდ ვინ გაგატარებსო. რაც შეეხება გეგენავას, იგი ცოტა ხნით უკან ჩააჩოჩეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მაინც გამოიყენებენ, რადგან ნავიდან საბოლოოდ გადასაგდები ჯერ არაფერი დაუშავებია. უბრალოდ, ის გუნდი, რომელსაც გეგენავა უჭერდა მხარს, მოცემულ მომენტში სააკაშვილის მოთხოვნის შესაბამისად ვერ მოიქცა.
მინდა ვთქვა, რომ მათი ქმედება არაფრით განსხვავდება ნებისმიერი მივარდნილი სოფლის ბაზრის ჩარჩების ქმედებისგან, უბრალოდ, ეგაა, რომ ესენი ვიზუალურად სოლიდურად გამოიყურებიან, ბოლო კლასის ავტომანქანებში სხედან და ძვირადღირებულ სუნამოებს იპკურებენ. სხვა ვერანაირ სხვაობას მე პირადად მათ შორის ვერ ვპოულობ.
_ ბატონო მამუკა, დეპუტატობის დროს თქვენ პირველმა შეავსეთ დეკლარაცია და აღნიშნეთ, რომ რამდენიმე მილიონი გაასესხეთ. თუ დაგიბრუნდათ ის მილიონები?
_ კი, ნამდვილად ასე იყო და 15 მილონზე იყო საუბარი. ჩვენ ეს იმის გამო გავაკეთეთ, რომ გვეჩვენებინა, რაოდენ სისულელეა ამ დეკლარაციების შევსება ისეთი ფორმით, რა ფორმითაც მაშინ იყო სავალდებულო. რა თქმა უნდა, ეს თანხები არ დაბრუნებულა, თუმცა საქართველოში მგავსი სულელური სოციალისტური მიდგომა კვლავ არსებობს. ეს ფორმა ქონების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულების ამსახველია, სააკაშვილის ხელისუფლებამ გარკვეული პოლიტიკური მიზნების გამო რომ შემოიღო.
ესაუბრა
ეკა რობაქიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here