Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ჩალაბაშვილი: მიშა დამღუპავს თუ გუბაზი, ჩემთვის სულერთია

თემურ ჩალაბაშვილი: მიშა დამღუპავს თუ გუბაზი, ჩემთვის სულერთია

GEWORLD.GE:
27 სექტემბერს სოხუმის დაცემის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, “ეროვნული ფორუმი” ქართველთა საერთო სახალხო მარშისთვის ემზადება. ამის შესახებ გასულ კვირას “ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა და დასძინა: ღონისძიების ადრესატი ისევ და ისევ ქართველი ხალხიაო. განცხადების პათოსიდან გამომდინარე, ბუნებრივია, გაჩნდა გარკვეული მოლოდინიც და უპასუხო კითხვები… რას უნდა ველოდოთ 27 სექტემბერს და უნდა აყვეს თუ არა ხალხი “ფორუმელთა” ზემოაღნიშნულ განცხადებას. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ “საქართველო და მსოფლიო” პოეტ თემურ ჩალაბაშვილს შინ ეწვია.

_ ბატონო თემურ, რა აზრის ხართ “ფორუმელთა” იდეაზე სახალხო მარშთან დაკავშირებით, რომელიც გასულ კვირას გუბაზ სანიკიძემ გაახმიანა?
_ არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თითოეული მსგავსი განცხადება მარწმუნებს,  რომ პოლიტიკოსთა ფანტაზიებს ამ ქვეყანაში უკვე საზღვარი არ აქვს. სანამდე შეიძლება მივიდეს ამ ხალხის გონება?.. უბედურება ისაა, რომ დღეს ყველა ე.წ. ლიდერი, მათ შორის, არ მინდა დავიჯერო, მაგრამ გუბაზ სანიკიძეც, ქვეყნის ბედს ზერელედ უყურებს. ამიტომ ის მყვირალა განცხადებები, რომლებსაც ეს ადამიანები აკეთებენ და რატომღაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სჯერა მათი, არაფერია, გარდა უაზრო მსჯელობისა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ და ამას ხმამაღლა ვამბობ კიდეც.
რაც შეეხება სახალხო მარშის იდეას, ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ ამთავითვე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის კრახისთვის განწირული მორიგი გაუაზრებელი და გაუთვლელი გეგმა, რაშიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ალბათ, ჩაებმება და, სამწუხაროდ, ბოლოს ეს ყველაფერი დასრულდება კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუებით.
_ თქვენი აზრით, აქციაზე ხალხი არ უნდა გამოვიდეს?
_ მე არავითარი უფლება არ მაქვს, ვინმეს ჭკუა ვასწავლო და მოვუწოდო, გამოდი ან ნუ გამოხვალ-მეთქი, მაგრამ, თუ კი ადამიანს ოდნავ მაინც აქვს ღირსება და საღი აზროვნების უნარი, დღეს ყველასთვის ცხადზე ცხადია, ვისთან და რა ძალებთან გვაქვს საქმე ამ ოპოზიციის სახით. რამდენჯერ უნდა დარჩეს საზოგადოება პირში ჩალაგამოვლებული, რომ ბოლოსდაბოლოს ვისწავლოთ კარგისა და ცუდის, ყალბისა და ნამდვილის გარჩევა?.. საერთოდ, ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ და ამით თავს იზღვევენ ანალოგიური შეცდომებისგან, ჩვენ კი მარტო ბოლო ხუთი წლის მანძილზე იმდენი შეცდომა დავუშვით, რომ, უბრალოდ, სირცხვილი და თავის მოჭრა იქნება მსოფლიოს თვალში, ახლა იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არავითარი მარში დღეს საქართველოში არავის გამოუვა და ამიტომ სამწუხაროა, მაგრამ მე პირადად გუბაზ სანიკიძის საუბარიც, მისი განცხადებებიც მორიგ ამაოებად მიმაჩნია.
_ თუმცა სხვა პარტიებთან შედარებით “ფორუმი” და პირადად გუბაზ სანიკიძე დღეს მეტ-ნაკლებად მაინც სარგებლობს საზოგადოების მხარდაჭერით.
_ ანუ, თქვენი აზრით, ის იმედგაცრუება, რომელიც გუბაზ სანიკიძემ და მისმა თანამებრძოლებმა აწვნიეს ქართველობას, არ იყო საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ მათ დაეკარგათ საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა? ვერ დაგეთანხმებით, ვინაიდან ფაქტი სახეზეა _ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღეს  “ფორუმი” აღარ არის წამყვანი ძალა, არც გუბაზ სანიკიძეა ის ავტორიტეტი ხალხში, რაც ადრე იყო და არც _ კახა შარტავა. ეს რეალობაა და ამის უარყოფა, უბრალოდ, შეუძლებელია…
სხვათა შორის, თავის დროზე სულ სამად სამი ადამიანი მეგულებოდა ქართულ პოლიტიკაში, რომელთაც მართლა ვენდობოდი, ესენი იყვნენ: კახა შარტავა (ვფიქრობდი, ჟიულის შვილია და ეყოფა ძალა თუ გონიერება იმისთვის, რომ ქვეყანაში რამე შეცვალოს-მეთქი); გუბაზ სანიკიძე (მასაც თავისი წარმომავლობიდან გამომდინარე ვენდობოდი) და ასევე კოკო გამსახურდია. აღმოჩნდა, რომ სამივე შემთხვევაში ვცდებოდი, რადგან არც გუბაზი გამოდგა სანდო ადამიანი, არც შარტავა და ამ კოკომ კიდევ ხომ საერთოდ შემშალა… ამ კაი კაცს რა საკვლევი აქვს მამამისის მკვლელობის ამბები? რა, კრწანისის რეზიდენციაში ვინ ზის, არ იცის?.. თუ პარლამენტში შესვლა უნდოდა, პირდაპირ შესულიყო, რაღა ეს ფორმა აირჩია?! მოკლედ, აი, ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე და ამიტომ, ალბათ, არც უნდა გვიკვირდეს, ხალხი რომ იმედგაცრუებულია. მე პირადად, როგორც ერთი რიგითი ქართველი, არავის, არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა და გაერთიანებას არ ვენდობი, ვინაიდან მიშა დამღუპავს თუ გუბაზი, ჩემთვის ნამდვილად სულერთია…
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ უნდობლობა ყველა პარტიისადმი ნიშნავს, რომ პოლიტიკური ასპარეზი მთლიანად ხელისუფლებას რჩება. როგორ ფიქრობთ, არის ეს ჩვენთვის ხელსაყრელი მდგომარეობა?
_ მთელი უბედურებაც მაგაშია, უფსკრულში ვიჩეხებით და ვერ ვხედავთ რამე ხელმოსაჭიდს, რომ მოვეპოტინოთ. “წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო”, _ დღეს ჩვენზე ამასაც ვერ იტყვის კაცი, რადგან ამ ოპოზიციას ხავსიც აღარ ჰქვია უკვე; ასეთია ჩვენი სამწუხარო რეალობა.
_ წინასწარმეტყველებას, ბუნებრივია, არ გთხოვთ, მაგრამ, რადგან იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ამ ხელისუფლების შემცვლელი მთელს დუნაიზე არავინაა, მოდით, იმაზეც ვისაუბროთ, რანაირი საქართველო შეიძლება მივიღოთ საბოლოოდ სააკაშვილის ცერეუსეული პოლიტიკის ლოგიკურ დასასრულამდე მისვლის შემთხვევაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, საით მივდივართ?
_ ამ საკითხზე დაუსრულებლად შეიძლება ისაუბროს ადამიანმა, მაგრამ ძალიან მოკლედ თუ ვიტყვით, საით მივდივართ და გლობალიზაციის ქარ-ცეცხლში ვეტანებით. ქართულ ჩოხაზე რომ ცილინდრი არ მიდის, ეს უცხადესია; მეორეს მხრივ კი, გვეუბნებიან, სხვა გზა არ გაქვთო! რას ნიშნავს ეს ყველაფერი? საერთოდ ოპტიმისტი ვარ და არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ჯერ კიდევ როდის ყვიროდა კიტა ბუაჩიძე, ვიღუპებითო, _ სწორედ რომ ვიღუპებით. აი, რა ხდება ჩვენს თავს, სულიერებისგან დაცლილები მსოფლიო უმსგავსობაში ჩავიძირეთ…
_ სულიერება ახსენეთ და არ შემიძლია არ გკითხოთ, რა აზრის ხართ ზოგადად ეკლესიის პოზიციაზე “ნაცმოძრაობის” მიერ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიასთან დაკავშირებით? არსებობს მოსაზრება, რომ “ვარდოსანთა” დამქაშებმა სამღვდელოებაშიც შეაღწიეს. თქვენ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი?
_ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. შეღწეული არ არის? რა ჩემი დასტურიღა უნდა მაგას? მავანმა შეიძლება მითხრას, რა უფლება გაქვს, სხვები განსაჯო, მითუმეტეს სამღვდელოებაო. როგორ არა მაქვს უფლება, კაცო, საქართველო იღუპება; რა, ბერები ხმალდახმალ არ იბრძოდნენ, როცა უჭირდა ქვეყანას? განა სიმშვიდისკენ მოწოდება ნიშნავს მხოლოდ გამოსავალს და გადარჩენას?.. ვთქვათ ბოლოსდაბოლოს სიმართლე, _ უღირსებით სავსეა დღეს, როგორც ქვეყანა, ისე ეკლესიაც, სამღვდელოებაც, ამიტომ ნურავინ დაიბანს ხელებს. მე მკრეხელი არ ვარ და ღმერთმა დამიფაროს, ვინმე ანაფორიანზე რაიმე ცუდი ვთქვა, მაგრამ როგორ უნდა გავჩუმდე, როცა სპეციალურ ნომრებიანი მანქანებით დადიან ზოგზოგები? როგორ შეიძლება, ფუფუნებაში ცხოვრობდეს სასულიერო პირი, როცა ქვეყანას ასე უჭირს და ხალხი შიმშილის ზღვარზეა? სიმართლე თუ გვინდა, აი, ეს არის დღეს ჩვენი რეალობა და ეს ყველაფერი ხმამაღლა, მოურიდებლად უნდა ითქვას. თუ არა და, ჩავიგუბოთ ყველამ ერთად პირში წყალი და ჩუმად ვუყუროთ, როგორ დაიღუპება ეს ქვეყანა. საქართველოს მტრებს სხვა არაფერი უნდათ…
_ იმ დღიდან, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, ყველა, ვისაც კი არ ეზარება, ძარღვის გაწყვეტამდე გაიძახის, საქართველო დაემხობა და დაიღუპებაო. ამ ჩვენს ე. წ. უცხოელ პარტნიორებს კიდევ თუ დავუჯერებთ, ვიღუპებით კი არა, ჩვენი მიღწევების შემხედვარე, დუბაის და სინგაპურს სადაცაა თვალი დაუდგებათ. იქნებ მართლა ასეა და სულ ტყუილა ვართ ისტერიკაში, როგორ ფიქრობთ?
_ კი, ბატონო, ვთქვათ და ასეა, როგორც ესენი იძახიან, ღორძინდება, შენდება და წინ მიიწევს ეს ქვეყანა, სად ხდება ეს ამბავი, მეორე საქართველო არსებობს კიდევ დედამიწაზე თუ ჩვენ ვართ იმდენად ბრმები, რომ ვერ ვხედავთ ჩვენს ცხვირწინ აშენებულ ფაბრიკებს, ქარხნებს, შენობებს, დასაქმებულ ადამიანებს და ა.შ.?! გაჭირვება არ არის ქვეყანაშიო! დალოცვილო, მეტი გაჭირვება რაღა გინდა, ხალხი ლამის წელში გაწყვიტოს სიღარიბემ და უქონლობამ. ამ გადასახადებმა ხომ საერთოდ ცხოვრება შეგვაძულა და თან კიდევ დღითიდღე იზრდება.  სანამდე შეიძლება, ასეთ დღეში ვიყოთ და ამასთან კიდევ დღედაღამ იმას გვიჩიჩინებდნენ, ყველაფერი კარგად არისო. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დაესვას ამას წერტილი?
_ დასასრულს ისევ 27 სექტემბრისთვის დაგეგმილ მარშზე გკითხავთ. იმის მიუხედავად, რომ “ფორუმი” დღესდღეობით საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობით ადრინდელივით არ სარგებლობს, დარწმუნებული ვარ, მათ იდეას მხარდამჭერები მაინც ეყოლება. რას ურჩევთ ამ ადამიანებს?
_ რჩევით მე ვერავის ვერაფერს ვურჩევ, უბრალოდ, ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ და, თუ ვცდები, ეს უკვე თქვენ განსაჯეთ _ თუ კი 27 სექტემბერს ამ ე. წ. მარშში, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით, შედგება თუ არა, საზოგადოების დიდი ნაწილი მონაწილეობას მიიღებს, მე პირადად, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდები იმაში, რომ ქართველობა ჭკუას ვერასოდეს ისწავლის. ისე ძალიან კი არ მინდა, ამ დასკვნამდე მივიდე; რაც შეეხება მარშს, ვიმეორებ, ეს არის იმედგაცრუების დემონსტრირების ახალი ფორმა და, ახალ ფორმებს თუ ვეძებთ, მაშინ ხელისგულებით სიარულიც ახალია და მოდით, ნუ ვივლით ფეხებით  და ვიაროთ თავდაყირა, ისედაც თავდაყირაა დღეს ჩვენი და ჩვენი გასაცოდავებული ქვეყნის საქმე…
ესაუბრა
ჯაბა ჟვანია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here