სააკაშვილმა საკუთარი გამოსვლების ციტირება დაიწყო
მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში, სამიტ კონკორდიაზე სიტყვით გამოსვლისას პრაქტიკულად ამასწინანდელი, კრინიცაში წარმოთქმული სიტყვები გაიმეორა.
პრეზიდენტის თქმით, რევოლუციებს შეუძლია არა მხოლოდ გარდაქმნას ის ქვეყნები, სადაც ის ხდება, არამედ ყველას აიძულებს, ხელახლა დაფიქრდეს და ახლებურად დაინახოს მსოფლიო. “არავის უწინასწარმეტყველებია და დაუგეგმავს რევოლუციები, რომელთა ტალღამ 1989 წელს გადაუარა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას; არც ის ფერადი რევოლუციები დაუგეგმავს ვინმეს, რომლებიც 15 წლის შემდეგ მოხდა. ახლა, ისტორიამ კიდევ ერთი სიურპრიზი გაგვიკეთა, ჩრდილოეთ აფრიკაში მოულოდნელი რევოლუციების ტალღისა და არაბულ სამყაროსა და მის მიღმა ტექტონური ძვრების სახით”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში 2003 წელს მომხდარ რევოლუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვიდი წლის წინ საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო მომაკვდავი ეკონომიკით, გაბატონებული კორუფციით და რევოლუციამ ხელისუფლებაში ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი მოიყვანა, რომელსაც სათავეში თავად ედგა.
“ჩვენ ყოველდღიურად გვიწევდა იმ ქვეყნის მართვა, რომელიც თავზე გვენგრეოდა და თანაც ამის კეთება მტრულ გეოპოლიტიკურ გარემოში გვიწევდა. იმ პირობებში, როდესაც მზარდი რევიზიონისტური რუსეთის ფედერაცია კარს გვყავდა მომდგარი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მალე აღმოჩნდა, რომ სლოგანები, ვარდები, დროშები და დოქტრინები, რომელსაც რევოლუციის ლიდერები იყენებდნენ, საკმარისი აღარ იყო და საქართველოში რეფორმების რთული პროცესი დაიწყო. სააკაშვილის თქმით, ამ გამოწვევის წინაშე ამჟამად ტუნისი, ეგვიპტე და ლიბია დგას.
“როგორც ევროპული კოსმოპოლიტიზმის მამამ, ემანუელ კანტმა 200 წლის წინათ დაწერა: “არ შეგიძლია იყო მზად თავისუფლებისთვის, ვიდრე არ იქნები თავისუფალი.” კანტი გულისხმობდა იმას, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც წინასწარ გასწავლის, როგორ მართო და როგორ მოიქცე თავისუფლების პირობებში, ამის სწავლა მხოლოდ საკუთარი წარმატებებისა და წარუმატებლობების საფუძველზეა შესაძლებელი. კანტი ასევე მიიჩნევდა, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვას მოაქვს გაურკვევლობა და რისკი, მაგრამ ასეთი რისკი უნდა უგულებელყო, თუ გსურს, საკუთარ ცხოვრებასა და შენი ქვეყნის ბედისწერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულო. კანტი მართალი იყო”, – განაცხადა სააკაშვილმა.
საჯარო რეესტრმა კიდევ ორი რელიგიური ორგანიზაცია დაარეგისტრირა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ, საჯარო რეესტრმა ორი რელიგიური ორგანიზაცია – “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო” და “იეზიდთა სასულიერო კრება საქართველოში” ოფიციალურად დაარეგისტრირა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი “იეზიდთა სასულიერო კრება საქართველოში” – 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით არის დარეგისტრირებული.
რასიმ მამედოვის 2011 წლის 5 სექტემბრის განცხადებით, მოთხოვნილ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის “აჰლი–ბეითის” რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ პირს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 30 კალენდარული დღე.
ჯუზეპე პაზოტოს 2011 წლის 20 სექტემბრის განცხადებით, მოთხოვნილ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის” რეგისტრაცია. ამავე დღეს, განცხადებით მოთხოვნილია ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური თემის” რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადა საქართველოს კანონმდებლობით 1 სამუშაო დღით განისაზღვრება.
სააკაშვილმა ამერიკის ყველაზე არაპოპოლარული პრეზიდენტი შეაქო
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს “შესანიშნავი და თამამი ლიდერი” უწოდა. ამის შესახებ სააკაშვილმა ნიუ-იორკში კონკორდიას სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა სამიტის დამაარსებლებს ნიკ ლოგოთეტსა და მეთიუ სვიფტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ “მათ საოცარი საქმე გააკეთეს და პირველი სამიტისთვის განსაკუთრებით ზუსტი და დროული თემა აირჩიეს”. “ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვხვდები პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს – ჩემს კარგ მეგობარს. ისტორიულ პრიზმაში ახლა უფრო მკაფიოდ შეგვიძლია, დავინახოთ, რომ მან სიმამაცითა და სიმტკიცით უპასუხა შემზარავ შეტევებს, რომელმაც მიზანში ნიუ-იორკი, ვაშინგტონი და ამას გარდა, ცხოვრების წესი, თავისუფლება და დემოკრატია ამოიღო. რთული პერიოდები შესანიშნავ და თამამ ლიდერებს მოითხოვს და დარწმუნებული ვარ, აქ ყველა აღიარებს, რომ ის სწორედ ასეთი ლიდერი იყო”,- განაცხადა სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში, გაერო-ს 66-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას სამიტი გახსნა. სამიტი აშშ-ის 11 სექტემბრის ტერაქტების 10 წლისთავს მიეძღვნა.
იურისტები ქუთაისის პოლიციას ადანაშაულებენ
საქართველოს იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, შ.პ.ს. ევრაზიანსთილსის ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესის“ თანამშრომელთა გაფიცვა მძიმე სამუშაო პირობებმა გამოიწვია. ამის შესახებ, ჩუგოშვილმა სასტუმრო „ამბასადორში“, ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ჰერკულესის“თანამშრომლებს, მათი მძიმე სამუშაო პირობების გამო, სრული უფლება ჰქონდათ 90 დღე გაფიცულიყვნენ, ხოლო აქციის გამართვა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის სრული დაცვით მოეწყო. „მიუხედავად ამისა, სამართალდამცავებმა აქციის დაშლის და აქციის მონაწილეთა დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, რითაც დაარღვიეს კანონის ყველა ნორმა.
მნიშვნელოვანია, რომ დაკავებული ადამიანების შესახებ არანაირი დოკუმენტი არ შევსებულა, რის გამოც მათი პოვნა გაგვიჭირდა . მიუხედავად ამისა, ჩვენმა იურისტებმა დაინახეს, თუ როგორ გამოყავდათ ისინი პოლიციის ერთ-ერთი შენობიდან. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ აქციის მონაწილეები უკანონოდ ყავდათ დაკავებული“,- აღნიშნა ჩუგოშვილმა დიპკორპუსთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, გათავისუფლების შემდეგ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცავებმა ახსნა–განმარტებები დააწერინეს და აქციაში მონაწილეობა აუკრძალეს, ხოლო რაც შეეხება ამჟმად დაკავებულ სამ პირს, ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს.
„დაკავებულმა პირებმა ჩვენს იურისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათ ნარკოტესტზე უარი არ განუცხადებიათ და არც წინააღმდეგობა გაუწევით, თუმცა მაინც ამ ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, კი სამივე მათგანმა ჩვენი იურისტის მომსახურებაზე უარი განაცხადა და დანაშაული აღიარა“, – განმარტა ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილმა სიტყვით გამოსვლისას „ჰერკულესის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, სამართალდამცავთა პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენა და დასძინა, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება და დამნაშავე პირების მიმართ სამართლებრივი დევნა განხორციელდეს.
ავღანელი ჟურნალისტები ქართველ სამხედროებზე ინფორმაციას არ ფლობენ
ავღანეთში ISAF–ის ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედროების შესახებ ავღანეთში არასაკმარისი ინფორმაციაა. ამის შესახებ დღეს ავღანელმა ჟურნალისტებმა საქართველოსა და ავღანეთში შეერთებული შტატების საელჩოების მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადეს.
ავღანეთიდან ვიდეოკონფერენციაში სააგენტო Pajhwok Afghan News-ს ჟურნალისტები – მოჰამედ ბაშირ გაფარზაი და მეერგჰა ნარსა სამიმი მონაწილეობდნენ. მათი განცხადებით, ქართველი სამხედროების მონაწილეობა ამ მისიაში ძალიან მნიშვნელოვანია ავღანელი ხალხისთვის. თუმცა ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ქართული კონტინგენტის საქმიანობის შესახებ ავღანეთში ნაკლები ინფორმაცია აქვთ.
“სამწუხაროდ, ქართულ ჯარს არ აქვს საკმარისი კონტაქტი მედიასთან, ჟურნალისტებთან და ჩვენ მათი საქმიანობის გაშუქების საშუალება არ გვაქვს. თუ იქნება მეტი კონტაქტი, ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება და ქართველი ხალხისთვისაც. ავღანელი ხალხიც მადლობელი იქნება ქართველი ჯარისკაცების”, – განაცხადა ნარსა სამიმიმ.
ავღანელმა ჟურნალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ უმთავრესი მოლოდინი, რომელიც ავღანელ ხალხს უცხოეთის სახელმწიფოების ჯარების მიმართ აქვს, ეს უსაფრთხოების გამყარებაა. მათივე შეფასებით, ჰელმანდის პროვინციაში, სადაც ქართული კონტინგენტი მსახურობს, უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესდა.
“ხალხს ეკონომიკური ჩართულობა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სურს. ეს კი უსაფრთხოების და ძალადობის აღმოფხრის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ ავღანელი ხალხის უმთავრესი მოლოდინი უსაფრთხოების განმტკიცებაა”, – განაცხადა კონფერენციის მსვლელობისას მოჰამედ გაფარზაიმ. გაფარზაის და სამიმის შეფასებით, ავღანეთის მთავრობა და უსაფრთხოების ძალები ჯერჯერობით, არ არიან მზად პასუხისმგებლობა აიღონ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. თუმცა მათ აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატები წვრთნის და ტრეინინგებს უტარებს ავღანეთის შესაბამის სამსახურებს.
ავღანელმა ჟურნალისტებმა მათ ქვეყანაში ჟურნალისტების საქმიანობის ნიუანსებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ მთავარ პრობლემებად უსაფრთხოება და დაფინანსების ნაკლებობა რჩება.
დავით ბაქრაძე მეგობრებთან ქეიფისთვის იცლის
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე “Facebook”-ის მეგობრებს რესტორან “კოპალაში” პარლამენტის ბიუჯეტის ხარჯებით ჰპატიჟებს. თავად ბაქრაძე ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს და რესტორანში სოციალური ქსელის “მეგობრებთან” ერთად საბიუჯეტო თანხებით სადილს “პარლამენტის რეგლამენტითა და პარლამენტარიზმის პოპულარიზაციის მიზნებით” ხსნის. “ასეთი ტიპის წარმომადგენლობითი ღონისძიებები პარლამენტის რეგლამენტშია გაწერილი და რაც ხდება, რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ხდება. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის ის უფრო საინტერესო უნდა იყო, რომ ეს არის იდეა, რომლითაც სამოქალაქო აქტივობის გაძლიერება და პარლამენტარიზმის და პარლამენტის პოპულარიზაცია ხდება” – აცხადებს ბაქრაძე, რომელიც “კოპალაში” სადილისთვის გაღებული ხარჯების ოდენობას არ აკონკრეტებს, თუმცა ირწმუნება, რომ “ხარჯი ძალიან მიზერულია”. “Facebook”-ის აქტიური “მეგობრებისა” და “ფანების” პირველმა ათკაციანმა ჯგუფმა პარლამენტის შენობა უკვე დაათვალიერა და დავით ბაქრაძესთან მცირე აუდიენციაც გამართა. “მეგობრების” მეორე ათკაციან წარმომადგენლობას პარლამენტში საექსკურსიო ტურთან ერთად, დავით ბაქრაძესთან ერთად “კოპალაში” სადილის პრივილეგიაც ხვდა წილად. ამ ჯგუფისა წევრები აქტიურებს შორის ყველაზე აქტიური “მეგობრები” არიან. “ამ შეხვედრების ძირითადი ამოცანა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უშუალო ურთიერთობის შენარჩუნება და გაძლიერებაა. სოციალური ქსელი უნიკალური საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს, ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს პირდაპირ დაუსვას კითხვა, პირდაპირ მიაწოდოს საკუთარი მოსაზრება, პრობლემა თუ წინადადებება. ეს არის კარგი ტრადიცია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება” – აცხადებს ბაქრაძე. პარლამენტის თავმჯდომარემ “Facebook”-ის ქსელში რეგისტრირებული ყველაზე აქტიური და იმავდროულად მისდამი ყველაზე კეთილგანწყობილი ე.წ. მეგობრები აგვისტოს თვეშიც გაიცნო. ირაკლი ალასანია: ამ დამცირებას არ ვაპატიებთ!
თავისუფალი დემოკრატები რეგიონებში შეხვერდებს განაგრძობენ. ირაკლი ალასანია მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩას მცხოვრებლებს შეხვდა.
„ამ ხალხს მიწები წაართვეს. ხელისუფლებამ მალულად მიიღო გადაწყვეტილება და ამ ადამიანების კუთვნილი მიწები ერთ დღეს გაასხვისა. ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ, პარლამენტში ამ საკითხის დაყენებას ვაპირებთ, გამოვიყენებთ კანონმდებლობით მონიჭებულ ყველა უფლებას და ამ დამცირებას არ ვაპატიებთ არცერთ გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს და არც სააკაშვილს. ამ ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვა ბრძოლად უღირთ. ამ ბრძოლაში მეც მათ გვერდით ვიქნები“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ მუხურჩას მცხოვრებლებთან შეხვედრისას.
როგორ ადგილობრივები აცხადებენ, მიწების გასხვისებას მარტვილის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია ლობირებს, რომელიც სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ძმაა.
საქართველოს ციხეებში ებრაელებსაც შეურაცხყოფენ
ისრაელის გაზეთი “ედიოტ ახრონოტი” აქვეყნებს ამონარიდებს საქართველოში დაკავებული ისრაელელი ბიზნესმენის რონი ფუქსის მიერ თავისი ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ფუქსი ქართულ ციხეში არსებულ უკანონობასა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.
წერილის მიხედვით, ციხის თანამშრომლებმა ფუქსს შეატყობინეს, რომ იგი ამიერიდან საკვებს საგანგებო დიეტის შესაბამისად აღარ მიიღებს. როგორც ცნობილია, ბიზნესმენს შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. მას შეუმცირეს სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის გამოყოფილი დრო და სატელეფონო ზარების რიცხვი. ამიერიდან ერთი თვის განმავლობაში ტელეფონით ფუქსი მხოლოდ სამჯერ ისარგებლებს.
“თუმცა ეს ზეწოლის მხოლოდ ოფიციალური მხარეა. ფუქსს აეკრძალა საკანში ექიმის გამოძახება. ღამით მას ციხის ზედამხედველები აღვიძებენ და საკანში ჩხრეკას ატარებენ, ზოგჯერ ეს ერთი საათის განმავლობაში სამ-ოთხჯერ ხდება. ერთ-ერთი ასეთი მოულოდნელი შემოწმების დროს ფუქსს ჯიბეში კოკაინის პაკეტი ჩაუდეს და უთხრეს, რომ ასეთი რამისთვის მას 20 წლით ციხეში ყოფნა მოუწევდა.
გამოცემის ინფორმაციით, ზეწოლის ქვეშ იმყოფება ფუქსთან ერთად დაკავებული მეორე ისრაელი ბიზნესმენი ზეევ ფრენკელიც. იგი სასჯელს სხვა ციხეში იხდის. “ედიოტ ახრონოტის” ცნობით, ფრენკელს საკანში ყველაზე მაღლა მდებარე საწოლი მიუჩინეს, სადაც ამ უკანასკნელს ასვლა ძალიან უჭირს. გარდა ამისა, ფრენკელს არ ეძლევა ექიმის ნახვის საშუალება და მასაც შეუმცირეს სეირნობის საათებიც.
გაზეთის ცნობით, ორივე დაკავებულის ოჯახმა ისრაელის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ფუქსის და ფრენკელის დამხარებისა და დაცვის თხოვნით მიმართა.
როგორც “ედიოტ ახრონოტის” პუბლიკაციაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების წევრებმა იციან, რომ ფუქსის და ფრენკელის ადვოკატები ამ საქმის სტრასბურგში წაღებას გეგმავენ და მსჯავრდებულებზე ზეწოლას აძლიერებენ იმისათვის, რომ მათგან აღიარებითი ჩვენება მოიპოვონ. გამოცემის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებას ფუქსის და ფრენკელის 100 მილიონი აშშ დოლარი მართებს.
ცნობისთვის: ქართველმა სამართალდამცველებმა ისრაელელი ბიზნესმენები 2010 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მართლმსაჯულებამ მათ ბრალი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძის მოსყიდვის მცდელობაში დასდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა საქართველოში დაკავებულ რონი ფუქსს შვიდი წლით, ხოლო ზეევ ფრენკელს ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, მოსამართლემ ფუქსს 500 ათასი ლარის ჯარიმის სახით გადახდა დააკისრა, ხოლო ფრენკელს ჯარიმის სახით 100 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. საქმე უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული.