Home რუბრიკები ისტორია დასავლეთის დემოკრატიების ბანაკში პრონაცისტური ლობისტები საკმარისად იყვნენ ომის წლებშიც კი

დასავლეთის დემოკრატიების ბანაკში პრონაცისტური ლობისტები საკმარისად იყვნენ ომის წლებშიც კი

809

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საკმაოდ ხშირად ვხვდებით საყვედურიან აპელაციებს, რომლებიც მიმართულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირისადმი: რატომ ხდება, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც რუმინეთი ან ბალტიის ქვეყნებია და რომლებმაც ევროატლანტიკური იდეებისა და დასავლური დემოკრატიის სტანდარტებზე ორიენტაციის ფიცი დადეს, დაუფარავად დეკლარირებენ ნაციზმისა და ქსენოფობიის იდეებს, მაგრამ ამის გამო შენიშვნასაც არ იღებენ არც ვაშინგტონიდან, არც ლონდონიდან, არც პარიზიდან, დედაქალაქებიდან იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც შვიდი ათეული წლის წინათ საბჭოთა კავშირთან ერთად ნაცისტური ორიენტაციის ქვეყნებს ებრძოდნენ?!

არავითარი რეაქცია არ ჰქონდა ყოფილი ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების მხრიდან რუმინეთის პრეზიდენტის _ ტრაიან ბესესკუს განცხადებას, რომელმაც გაამართლა 1941 წლის 22 ივნისს სამხედრო დამნაშავის, მარშალ ანტონესკუს ბრძანება რუმინეთ-საბჭოთა კავშირის საზღვრის გადალახვის შესახებ. მან არ დამალა, რომ თვითონაც ასე მოიქცეოდა, “იმ ისტორიულ მომენტში” ხელისუფლების სათავეში რომ ყოფილიყო. მაშინაც არ ამოუღიათ ხმა, როცა ესტონეთში ნაცისტების ჰეროიზაციის ღონისძიებები გაიმართა წლევანდელი აგვისტოს დასაწყისში.
არავითარი დაგმობა! რა დაგმობაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, 23 აგვისტოს ევროპის დემოკრატიებმა პირველად აღნიშნეს ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე, ხოლო ტოტალიტარიზმში ნაციზმი და კომუნიზმი თანაბრად იგულისხმეს.
ეს ხდება იმიტომ, რომ მიჩქმალონ თავიანთი მონაწილეობა ჰიტლერის დანაშაულობებში, ძალიან არ სურთ მსოფლიო ტრაგედიაში თავიანთი ბრალეულობის აღიარება, მაგრამ შუბი ხალთაში არ დაიმალება. ახლახან ისტორიკოსებმა მიიღეს კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ ჰიტლერული ნაციზმის რამდენი თაყვანისმცემელი იყო თავმოყრილი ვაშინგტონსა და ლონდონში მაშინ, როცა მსოფლიოში ომის ხანძარი მძვინვარებდა. ლაპარაკია გენერალ გოლიკოვის (შემდგომ სსრ კავშირის მარშლის) მოგონებებზე, რომელიც 1941 წლის ივლისში სტალინმა ჯერ ლონდონში, შემდეგ ვაშინგტონში მიავლინა მოკავშირეობითი ურთიერთობის განსამტკიცებლად და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების აღმოსაჩენად.
ბრიტანეთის მხარესთან ოფიციალური კონტაქტების დამყარება საგარეო საქმეთა მინისტრთან ანტონი იდენთან მიღებით დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდა ელჩი მაისკიც. იდენი გაგებით მოეკიდა იდეას პოლარული წრის მიღმა რაიონში ერთობლივი სამხედრო მოქმედების ორგანიზების შესახებ, აგრეთვე, საფრანგეთის ჩრდილოეთით მეორე ფრონტის გახსნის წინადადებას, მაგრამ პირდაპირი პასუხებისგან თავი შეიკავა, საჭიროდ მიიჩნია ამ საკითხების განხილვა სამხედრო უწყებების ხელმძღვანელებთან.
გოლიკოვი უცებვე დარწმუნდა, რომ ეს უკანასკნელნი მაინც და მაინც დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ საბჭოთა კავშირი დიდხანს გაუმკლავდებოდა გერმანელთა შეტევას და არ იყვნენ განწყობილნი, სწრაფად და ეფექტიანად დახმარებოდნენ წითელ არმიას. მაგალითად, სამხედრო მინისტრმა მორგენსონმა, როგორც გოლიკოვის მოადგილე ადმირალი ხარლამოვი იხსენებს, მისიასთან შეხვედრის დროს არ დამალა, რომ თანამშრომლობის წინააღმდეგია. “იგი უაზროდ მიიჩნევდა ინგლისისა და საბჭოთა კავშირის სამხედრო თანამშრომლობას”.
მხოლოდ შტაბების მოადგილეების დონეზე გახდა შესაძლებელი ზოგიერთი იმ საკითხის გადაწყვეტა, რომლებიც გოლიკოვსა და მის ამხანაგებს აწუხებდათ: შპიცბერგენიდან საბჭოთა მაღაროელების ევაკუაციისა და არქტიკის საზღვაო კომუნიკაციებზე ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. “ჩვენ მათ ვეწვიეთ იმ განზრახვით, რათა პირდაპირ და გულწრფელად განგვეხილა ჩვენი საკითხები, _ იხსენებს გოლიკოვი, _ მაგრამ კონსტრუქციული საუბარი ვერ შედგა. თქმა იმისა, რომ მთელი შეხვედრის მანძილზე ჩვენი პარტნიორების ქცევა ხაზგასმით ფორმალური იყო, ძალიან ცოტა რამის თქმას ნიშნავს. საქმე გაცილებით უარესად იყო: იგრძნობოდა, რომ მათ არავითარი სურვილი არ ჰქონდათ, მიეღოთ ჩვენი წინადადებები”.
პარტნიორები შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად რომ განეწყოთ, საბჭოთა მხარე დათანხმდა, რომ ჩრდილოეთში, ერთობლივი ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, უზრუნველყოფდა მათ ჯარსა და ფლოტს საწვავით, მიაწვდიდა დაზვერვის მონაცემებს მოწინააღმდეგის ავიაციის შესახებ, ინგლისელებს გააცნობდა ჩვენს ავიატექნიკას და მიიწვევდა ფრონტის წინა ხაზის დასათვალიერებლად.
ბრიტანეთის სამხედრო მოღვაწეთაგან სამოკავშირეო ვალდებულებებისადმი ყველაზე უფრო პატიოსანი დამოკიდებულებით გამოირჩა საზღვაო მინისტრი ალექსანდერი. დიდწილად მისი მხარდაჭერით ბრიტანეთის საადმირალომ გაგზავნა საბჭოთა კავშირში “პირველი მერცხალი”, _ ხომალდი “ადვენჩუსი” სპეციფიკური საზღვაო საომარი მასალითა და იარაღით დატვირთული. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ წითელი არმიისთვის თვითმფრინავების, საზენიტო ქვემეხების, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების, მთელი რიგი შეიარაღებისა და მასალების, რომელთა შესახებაც ლონდონში გოლიკოვთან მოლაპარაკების დროს იყო საუბარი, გაგზავნა ივლისის თვეში არ განხორციელებულა.
ივლისის მეორე ნახევარში გოლიკოვი აშშ-ში ჩავიდა. ვაშინგტონში საბჭოთა მისიის ხელმძღვანელმა იგრძნო, თუ რა გავლენა ჰქონდა იზოლაციონისტურ წრეებს და პრონაცისტულ ლობისტებს რეალურ პოლიტიკაზე. ცნობილი იყო, მაგალითად, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო მინისტრი ნოქსი დაენიძლავა ფინანსთა მინისტრ მორგენტაუს, რომ 1941 წლის სექტემბრისთვის გერმანელები აიღებდნენ ლენინგრადს, მოსკოვს, კიევს, ოდესას. ღირდა კი ამ შემთხვევაში დახმარებოდნენ საბჭოეთს?
გოლიკოვმა ერთი თვე დაჰყო შტატებში. მოახერხა და შეხვდა პოლიტიკისა და ბიზნესის მეტ-ნაკლებად ცნობილ ფიგურებს. მისიის წევრები იყვნენ აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთან, არმიის გენერალ მარშალთან მიღებაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო სტრატეგიული გეგმების ერთ-ერთი ავტორი იყო. საბჭოთა წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ აუცილებელია  სასწრაფო და სერიოზული დახმარების გაწევა წითელი არმიისთვის, მაგრამ მარშალი უკიდურესი თავშეკავებით შეხვდა ამ მოთხოვნას; მიზეზად დაასახელა საკუთარი არმიის, სამხედრო მრეწველობის ჩამორჩენილობა, არ დამალა, რომ პრეზიდენტს დიდ ძალისხმევად უჯდება კონგრესში იზოლაციონისტების წინააღმდეგობის დაძლევა.
საბჭოთა სამხედროები პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმაც მიიღო. გოლიკოვის თქმით, მან და ელჩმა უმანსკიმ მკაცრად ილაპარაკეს იმაზე, რომ დაბალშედეგიანია მათი კონტაქტები ამერიკის ოფიციალურ პირებთან. თეთრი სახლის პატრონმა აღიარა, რომ მასაც მობეზრდა დაუსრულებელი სიტყვაუხვობა, რითაც სურთ, ჩაანაცვლონ მოკავშირისთვის დახმარების გაწევის საქმე, დაჰპირდა, რომ მხარში ამოუდგებოდა.
მაგრამ პრეზიდენტის მხარდაჭერის მიუხედავად, გაძნელდა ბიუროკრატიისა და მასთან ხმაშეწყობილ ჰიტლერის მომხრეთა წინააღმდეგობის დაძლევა. საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, სადაც სტალინის მითითებებს აღიქვამდნენ როგორც კანონს და დაუყოვნებლივ ასრულებდნენ, ამერიკაში პრეზიდენტის დანაპირების შესასრულებლად საბჭოთა სამხედროებს წითელი არმიისათვის დახმარების  “კბილებით ამოგლეჯა” უხდებოდათ. გენერალი გოლიკოვი ამას  იმით ხსნის, რომ ამერიკის მმართველობით ორგანოებში მოკალათებული იყვნენ ადამიანები, რომელთაც “ამოძრავებდათ საბჭოთა კავშირისადმი პოლიტიკური სიძულვილი”.
დასავლელი მოკავშირეები იმიზეზებდნენ სსრ კავშირის გეოგრაფიულ სიშორეს, სატრანსპორტო კომუნიკაციების არასაიმედოობას, საკუთარი ეკონომიკის შეზღუდულ შესაძლებლობებს, მაგრამ ეფექტიანი დახმარების გაჭიანურება სხვა მიზეზითაც ხდებოდა. ეს იყო ორივე დასავლური ქვეყნის სამხედროებისა და დიპლომატების სკეპტიკური დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის შესაძლებლობისადმი _ დიდხანს გაეწია წინააღმდეგობა გერმანიის შეიარაღებული ძალებისადმი. თავის “საქმეს” აკეთებდა ბრიტანეთის ისტებლიშმენტის ტრადიციული ანტისაბჭოურობა და იზოლაციონისტური წრეების სიძლიერე, ასევე, აშშ-ში ჰიტლერის ლობისტების აშკარა გავლენა. ის, რაც საბჭოთა კავშირისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო, დასავლეთის დემოკრატიებისთვის სტრატეგიული ვითარების მხოლოდ ახალ ვარიანტად წარმოდგებოდა, რომელიც 1941 წლის 22 ივნისის შემდეგ მათთვის სასიკეთოდ შებრუნდა, რადგან ფაშისტური აგრესია აღმოსავლეთისკენ წარიმართა.
იმ პერიოდის დასავლეთის ქვეყნების უმაღლესი წრეების განწყობილების დასახასიათებლად ვერ შევარჩევთ იმაზე უკეთეს სიტყვებს, რომლებიც 1941 წლის ივნისში წარმოთქვა სენატორმა, სამი წლის შემდეგ კი _ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა: “თუ დავინახავთ, რომ გერმანია იმარჯვებს, უნდა დავეხმაროთ რუსეთს, მაგრამ, თუ შევამჩნევთ, რომ იმარჯვებს რუსეთი, გერმანიას უნდა დავეხმაროთ. საშუალება უნდა მივცეთ ორივეს, რაც შეიძლება მეტად დახოცონ ერთმანეთი”…
კითხვა, რომელიც შეიძლება რიტორიკულად გაჟღერდეს, ასეთია: განსხვავდებიან თუ არა ლიბერალური ღირებულებების დღევანდელი თავგამოდებული დამცველები “ცივი ომის” ერთ-ერთი ინიციატორისგან, ვინც ეს-ესაა ვახსენეთ? საზოგადოებრივი აზრისთვის “ორი ტოტალიტარიზმის” კონცეფციის თავს მოხვევა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბრძოლა ნეონაციზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ, რაც თანდათან ღვივდება დასავლეთში.
იური რუბცოვი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here