Home რუბრიკები საზოგადოება ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს – ძირს მეფე!

ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს – ძირს მეფე!

680

GEWORLD.GE:
ოდესღაც თბილისში ტრამვაი გადაადგილების ძირითადი საშუალება იყო. მასთან უამრავი ქალაქური ამბავი, ლეგენდა თუ ანეგდოტი იყო დაკავშირებული. ერთი ასეთი ისტორია მიამბეს: ტრამვაიში მოხუცი ქალი ამოვიდა, გაცვეთილი, დაკერებული ლაბადა ეცვა. იქვე მსხდომმა ბიჭებმა იანგლეს: “ალაგ-ალაგ მშვიდობაში, დედიჯან”! დედაბერმა მშვიდად უპასუხა: “დროდადრო იცოცხლე, შვილოო”!
ჩვენი ოპოზიციაც ასე დროდადრო ცოცხლობს. დაახლოებით ექვს თვეში ერთხელ იღვიძებს და მორიგ “მოძრაობებს” იწყებს. “გამოცხადებული” რევოლუციები, სახალხო მსვლელობები, “წინააღმდეგობა” და “დაუმორჩილებლობა” ჯერაც არ მობეზრდა ქართულ ოპოზიციას. დროდადრო “კონსტრუქციულობასაც იჩენს”, ხოლო მეტისმეტად რომ გაუჭირდება, ეროვნულ სიმებსაც ეხება და ხალხს ნამუსზე აგდებს.
როგორ არ ვეცადე, ყოფილი “რვიანის” დაშლის შემდეგ, ტერმინი “ექვსეული” დამემკვიდრებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, “ ისინი საკუთარ თავს მაინც ჯიუტად “ექვსიანს” უწოდებენ. რას იზამ, თუ მათ “შესტიორკობა” ურჩევნიათ, ვერაფერს უშველი.
როდის იყო, “შესტიორკას” ტუზისთვის მოეგოს, მით უფრო, თუ ეს “ტუზი”, ჩელენტანოს კინოგმირივით, გაქნილი შულერია? როგორც არ უნდა გააუმჯობესო სათამაშო (საარჩევნო) გარემო, მას მაინც ვერ მოუგებ იმიტომ, რომ სახელოში ტუზი აქვს დამალული.
“სრულიად შემთხვევით” “ვიკილიქსმა” ამ, ისედაც დროდადრო ცოცხალ ოპოზიციას საბოლოოდ აუგო წესი. აშშ-ის ძველი და ახალი ელჩების ტელეგრამათა “დროული” გამოქვეყნების გზით გაირკვა, რომ ბურჯანაძე და ბესელია წვრილმანი კრიმინალები არიან, ალასანია მეთოდურად აბეზღებს სხვა ოპოზიციურ ლიდერებს ამერიკის ელჩთან, ლევან გაჩეჩილაძეს “როცა გინდა, მაშინ იყიდი”, კობა დავითაშვილი და კახა კუკავა მხარდაჭერისთვის ფულს ითხოვენ და ა.შ. და ა.შ.
ასევე “სრულიად შემთხვევით” “ვიკილიქსი” ჯიუტად დუმს სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომებისა და დანაშაულებების შესახებ. კომპრომატების ამ წვიმაში მის მამხილებელ წვეთსაც ვერ ნახავთ. აწ უკვე “ექვსეულად” (ერთსაც ვცდი!) ჩამოქვეითებული ყოფილი “რვიანი” კი დინჯად განაგრძობს “რეგიონებში შეხვედრებს”. დროდადრო საინფორმაციო საშუალებებით იმაზეც გვიამბობენ, თუ რა გვიჭირს ჩვენ.
26 მაისის მოსალოდნელი უშედეგობის შემდეგ, ეროვნულმა ფორუმმა დაგვიანებული “მრისხანების აქცია” გამოაცხადა. იგი 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, უნდა გაიმართოს. ამ დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ სოხუმში. თბილისში კი ხალხი უნდა გამოვიდეს და “ქართველთა მარში” გამართოს.
ფორუმის ინიციატივა დანარჩენმა ხუთეულმა (რას ერჩი “ ხუთიანი მომგებიანი ნომერი რომაა, ეს “ნაცებმა” უკვე დაამტკიცეს!) შორს დაიჭირა. ზოგმა უკმაყოფილებაც ვერ დამალა და ამას “ეროვნული ფორუმის მოულოდნელი სიურპრიზი უწოდა”.
“თუ ფორუმი თავისი მხარდამჭერების რიცხოვნობით დაინტერესდა, მათ დამოუკიდებლად უნდა ჩაატარონ დაგეგმილი ღონისძიება” (ზვიად ძიძიგური).
“ჩემთან შეთანხმებული “ქართველთა მარში” არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებთან არ იყო გაზიარებული ამის დაგეგმვა, მაინც მგონია, რომ ფორუმს ამით საზოგადოების მობილიზება უნდა. მივესალმები ფორუმის ამ ღონისძიებას, თუმცა 27-ში ჩვენც გვაქვს ღონისძიებები დაგეგმილი და ვერ შევუერთდებით მათ” (ირაკლი ალასანია).
“დღეს ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ გამოიყვანს ქუჩაში იმდენ ადამიანს, რომ ხელისუფლებას გადადგომა აიძულოს” (დავით ზურაბიშვილი).
ხომ არაფერს გაგონებთ ეს ყოველივე? მაგალითად, “სახალხო კრება” და “ქართული პარტია” რომ ერთსა და იმავე დღეს “სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავდნენ”? ან იმას, სტადიონზე რომ კრებდნენ ხალხს და მერე სად უნდა წაეყვანათ, არ იცოდნენ (თუ კარგად იცოდნენ)?
ამასობაში, “რვიანის” ორი ყოფილი წევრის “ “ახალი მემარჯვენეებისა” და “ქრისტიან-დემოკრატების” ნაჩქარევმა თანხმობამ ხელისუფლების უხამს წინადადებაზე თავისი ნაყოფი გამოიღო და რეფერენდუმის (ანუ ხალხის ნების) საწინააღმდეგოდ ხელისუფლებასთან ერთად მშვიდად შემოაცურეს ახალი პროექტი, რომელიც დეპუტატთა რაოდენობას 150-დან 190-მდე გაზრდის. სხვა რამე-რუმეებზეც შეთანხმდნენ და ვენეციის კომისიასაც აახლეს “ოპოზიციასთან შეთანხმებული” პროექტი, რომელიც ერთბაშად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს.
“ექვსეულის” (თუ მაინც “ექვსიანის”?) ლიდერები კი კვლავაც იმეორებენ: “ჩვენ შევთანხმდით, რომ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით უამრავ საერთო ღონისძიებას ჩავატარებთ. ეს იქნება საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობა, ასევე საზოგადოების მობილიზება პარლამენტთან საკუთარი ნების გამოხატვისთვის, მათ შორის მედიაპროექტის წამოსაწევად. ასევე იქნება ბევრი თეატრალიზებული ღონისძიება, ანუ ძალიან კრეატიული და ახლებური ფორმები უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას”.
და როცა ყველა ეს ღონისძიება ჩატარდება, დაიძინებს იმ ღამეს თვითმპყრობელობა და აღარ გაიღვიძებს მეორე დილით! რაკი ჩვენი ოპოზიცია, აგერ უკვე თითქმის რვა წელია, სამოქმედო ტაქტიკას ვერ ათანხმებს და შედეგსაც, შესაბამისად, ვერ აღწევს, კიდევ ერთხელ წავეხმარები და განსჯისთვის ერთ დოკუმენტს შევთავაზებ, რომლის ავტორმა თვითპყრობელობის დამხობაც შეძლო და სახელმწიფოს აშენებაც.
ჩვენ არავის მოვუწოდებთ შეიარაღებული აჯანყებისკენ, მაგრამ სტალინის ასი წლის წინანდელი პროკლამაცია ჩვენი ოპოზიციისთვის ამოუხსნელ ბევრ პოლიტიკურ გამოცანას ხსნის:
“რა უნდა რუსეთის პროლეტარიატს, საით მიდის ის?
დავამხოთ სახელმწიფო სათათბირო და შევქმნათ საერთო სახალხო დამფუძნებელი კრება. პროლეტარიატი არ მოითხოვს მთავრობისგან წვრილმან დათმობებს. ვინც მთავრობის დათმობებს ელის, მას მთავრობის სიკვდილი არ სჯერა. პროლეტარიატი კი სწორედ ამ რწმენით სუნთქავს. ვინც მთავრობისგან შეღავათებს ელის, მას რევოლუციის ძალის არ სჯერა. პროლეტარიატი კი ამ რწმენით ცოცხლობს. პროლეტარიატი არ წვრილმანდება უგუნურ მოთხოვნებზე. თვითმპყრობელობასთან ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს: ძირს “ მეფე, ძირს “ თვითმპყრობელობა!
მეფე არ მოგვცემს სახალხო პარლამენტს, იგი არ გაანადგურებს საკუთარ ხელისუფლებას. იგი ამას არ იზამს! შეკრეჭილი “კონსტიტუცია”, რომელსაც იგი გვთავაზობს, მხოლოდ ფარისევლური დაპირებაა და სხვა არაფერი! ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ამ დათმობას: ყვავს კაკალს გავაგდებინებთ და მერე იმ კაკლითვე გავუტეხავთ თავს.
თვითმპყრობელობა თავისი მანიფესტით ცდილობს, გზა გადაუღობოს სახალხო რევოლუციას. ზიზღი და სიძულვილი მათ, ვინც პროლეტარიატს გზას უღობავს, “ ისინი სამარცხვინო მოღალატეები არიან! სირცხვილი მათ, ვინც ამ გზაზე დგას, მაგრამ სიტყვიერად სულ სხვა რამეს ამბობს, “ მათ სიმართლის სულმოკლე შიში ამოძრავებთ!
ჩვენ არ გვეშინია სიმართლის, არ გვეშინია რევოლუციის! დაე, დასჭექოს მეხმა, დაე, ქარიშხალი ამოვარდეს! გამარჯვება ახლოსაა!”
სტალინს არც “კმარას” შექმნა დასჭირდა, არც “ “მოქალაქეების ინფორმირებულობის” თითქმის მილიონიანი გრანტები. ამ ერთ პროკლამაციაში მან სამოქმედო პროგრამაც გაწერა და მიზანსაც მიაღწია. ქართული ოპოზიცია კი პოლიტიკური “ჟანრის კრიზისს” განიცდის. მას არც სტრატეგია აქვს და არც მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ როდის რა უნდა აკეთოს.
ნანა დევდარიანი
 
P.S. დღევანდელ საქართველოში ქარიშხალი სულ უფრო ხშირად ჭიქა წყალში ტყდება. მთავრობის წვრილმანი დათმობები და შეღავათები ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის სანატრელი პრიზია. გენიალურ ჩეხ მწერალს, კარელ ჩაპეკს ასეთი აპოკრიფი ჰქონდა: “ჩვენ, ქათმები, მოველაპარაკეთ კურდღლებს, რომ ერთმანეთს არ შევჭამთ. ახლა ვნახოთ, რას იტყვის ამაზე მგელი”.
ჩვენი ოპოზიციის ურთიერთთანხმობაც ამგვარია, ოღონდ მათ მგლის ვეგეტარიანელად ქცევის იმედი არ ტოვებს. მაძღარი მგელი “პარაშუტებს” და მანდატებს მანამ არიგებს, ვიდრე არ მოშივდება, გეგმიური შიმშილი კი მას ზუსტად ექვს თვეში ერთხელ ეწყება, ანუ იმ ინტერვალით, როგორითაც ჩვენი ოპოზიცია იღვიძებს. “კრეატიული” ღონისძიებებისკენ მიდრეკილმა ლიდერებმა, რაკი ჯინ შარპის “არაძალადობრივი წინააღმდეგობის 198 ხერხი” ვერ დაძლიეს, სტალინის პროკლამაცია მაინც მოიმარჯვონ, თორემ სხვისი დაკეცილი პარაშუტით ხტომა კარგად არ დაუმთავრდებათ.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here