GEWORLD.GE:
სააკაშვილის ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით აიძულა ქუთაისის ქარხანა “ჰერკულესის” თანამშრომლები, გაფიცვა შეეწყვიტათ და მუშაობა განეახლებინათ. 15-16 სექტემბერს ქუთაისში რეჟიმმა იმდენი უფლება შელახა და ნორმა დაარღვია, რომ მათ უბრალო ჩამოთვლასაც კი საკმაო ადგილი დასჭირდება. ის, რომ საქმე ამით დასრულდებოდა, ძნელი მისახვედრი არ იყო. 7 სექტემბერს, ჯერ კიდევ გაფიცვის დაწყებამდე, “საქართველო და მსოფლიო” წერდა: “თუ ქუთაისელ მეტალურგებს მხარში ქართული საზოგადოება არ ამოუდგება, ხელისუფლება და საწარმოს მფლობელი კომპანია მათ პროტესტს, ძალიან დიდი ალბათობით, სასტიკად ჩაახშობს, ხოლო აქტივისტებს ჩვეული სადიზმით გაუსწორდება”. ასეც მოხდა, ვიდრე საზოგადოებას ტრადიციისამებრ ეძინა, ხელისუფლებამ გაფიცულ მეტალურგებს გადაუარა.
მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს უამრავი სამარცხვინო რამ აქვს ჩადენილი და ეს, არაერთგზის, გაცილებით მძიმე შედეგით დასრულებულა, ქუთაისში მომხდარი ინციდენტი, “ლოკალურად” და “რიგითად” ნამდვილად ვერ ჩაითვლება. “ჰერკულესის” გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად ცხადყო, რომ სააკაშვილის ხელისუფლება აღარ აპირებს ქვეყანაში ნებისმიერი პროტესტის გამოვლენას შეეგუოს, თუნდაც ის მოკრძალებული, სავსებით კანონიერი იყოს და პოლიტიკური სარჩული არ ჰქონდეს. როგორც ჩანს, 15 სექტემბერს ქუთაისში გარდაიცვალა ე. წ. თემატური პროტესტის იდეა, რომლის რეკლამირებას ბოლო დროს “კონსტრუქციული ოპოზიცია” ეწეოდა.
მეტალურგები სამსახურში პროფკავშირული საქმიანობისთვის გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ლოზუნგი “მიშა, წადი!” (დაგვეხსენი, წაეთრიე, დაახვიე და ა.შ.) გაფიცვაზე ნამდვილად არ გამოუფენიათ. მოთხოვნები კონსტიტუციით და შრომის კოდექსით გათვალისწინებული გარანტიების ჩარჩოებს არ გასცდენია. პოლიცია კი, როგორც თვითმხილველების მონაყოლიდან და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კომენტარიდან ჩანს, პირიქით, კანონის სრული უგულებელყოფით მოქმედებდა: “საია-ს ინფორმაციით, პოლიციაში დაკავებულებს დააწერინეს ე. წ. ხელწერილები, რომ ისინი ქარხანაში არსებულ პირობებს აღარ გააპროტესტებდნენ და მუშაობას განაგრძობდნენ. მიგვაჩნია, რომ, აღნიშნული ხელწერილების ჩამორთმევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ეს პოლიციის მხრიდან გაფიცული მუშების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა. საია მიიჩნევს, რომ პოლიციის მიერ კანონის ფარგლებში გამართული შეკრების დაშლა, მოქალაქეთა უკანონო დაკავება, ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე რამდენიმე საათით პოლიციის შენობაში მათი დაყოვნება და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული ხელწერილების ჩამორთმევა პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას წარმოადგენს” (“ინტერპრესნიუსი”). თანაც, როგორც ჩანს, პოლიციის აქტიურობა ამით არ შემოფარგლულა, აქციის დაშლიდან მეორე დღეს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: “პოლიცია და “ჰერკულესის” ხელმძღვანელობა მუშებს სახლში აკითხავს და ქარხანაში მისვლას აიძულებს. პოლიციის რეიდი ამ წუთებშიც გრძელდება” (“ექსპრესნიუსი”). მანვე “მედიანიუსს” განუცხადა, რომ ამჟამად მეტალურგები “მუშაობას პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ აგრძელებენ”. დარგობრივი პროფკავშირის ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პოლიცია სამუშაო პროცესზე უშუალო კონტროლს ამყარებს: როდესაც შარშან, ივნისში, “ჰერკულესის” თანამშრომლებმა ხელფასის დაგვიანება გააპროტესტეს და მუშაობა შეწყვიტეს, 7 მათგანი დააკავეს და ხულიგნობისთვის 20-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ამის შემდეგ კი “მთელი თვის განმავლობაში მეტალურგებს საქამრეში იარაღგარჭობილი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციის მუშაკების ზედამხედველობის ქვეშ უწევდათ მუშაობა”. ვერაფერს ვიტყვით: გისოსებს იქით XXI საუკუნეა, გისოსებს აქეთ _ ვერც კი გაიგებ რომელი.
გაფიცვის ჩახშობის შემდეგ, “ჰერკულესის” ადმინისტრაციამ ქარხნიდან კიდევ ოთხი თანამშრომელი გააგდო, რომლებიც გაფიცვის დროს აქტიურობით გამოირჩეოდნენ; საერთო ჯამში, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში დათხოვნილი მეტალურგების რიცხვმა 21-ს მიაღწია (თავიდან გაუშვეს ისინი, ვინც პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა, შემდეგ კი _ ისინი, ვინც მათ გამოესარჩლა). 18 სექტემბერს პროფკავშირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლიციამ გაფიცვის სამი მონაწილე დააკავა. 19 სექტემბერს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ქუთაისის საოლქო სასამართლომ ირაკლი იობიძეს, ემილო გუმბერიძესა და მალხაზ გოგიავას ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მსგავსი მოვლენების განვითარების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები პრემიერ-მინისტრთან საგანგებო შეხვედრას და მისგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ, თუმცა ოპოზიცია ამჯერად მხოლოდ მორიდებული ბლუკუნით შემოიფარგლა. ერთად-ერთი გამონაკლისი “სოციალ-დემოკრატები” გახლდნენ. მათ თბილისში აქცია გამართეს და მეტალურგებს სოლიდარობა გამოუცხადეს, თუმცა, ამ პარტიის მიკროსკოპული რესურსებიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ის საზოგადოების მობილიზებას ან თუნდაც პრობლემისადმი მისი ყურადღების მოპყრობას შეძლებდა, მითუმეტეს, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს მეტალურგების გასაჭირი ისევე აინტერესებდა, როგორც ჩხირი _ ყბადაღებულ ღობეში.
რით შეიძლება აიხსნას ხელისუფლების ასეთი უხეში, დაუფარავი ჩარევა კონფლიქტში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, რომლის ანალოგი შეიძლება მხოლოდ XIX საუკუნეში მოვძებნოთ (ისიც ძნელად)? ასეთ დროს ხელისუფლებამ, იდეაში, თუნდაც “ზრდილობის გულისთვის”, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების რიდით, საკუთარი ჩართულობა კონფლიქტში მაქსიმალურად უნდა შენიღბოს და მიუკერძოებელი არბიტრის როლი რომც ვერ მოირგოს, “სახის შენარჩუნება” მაინც სცადოს. მსგავსი არაფერი შეინიშნებოდა, რაც ბუნებრივად ამყარებს ფართოდ გავრცელებულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს “ჰერკულესთან” უშუალო ფინანსური დაინტერესება აკავშირებთ. ალბათ, მხოლოდ ღორობაში გარდამავალ ანგარებას შეუძლია ადამიანს სიფრთხილე დააკარგვინოს და აიძულოს, ასე უხეშად იმოქმედოს.
ქვეყანაში, სადაც შიზოფრენია სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი, წესით, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, მათ შორის _ ის კომენტარი, რომელიც მომხდარზე ქუთაისის ვიცე-მერმა ირაკლი ჯიქიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში გააკეთა: “ნებისმიერ ინვესტორს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება, რადგან მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივების დასაქმებაა”.
საკვანძო სიტყვა ამ წინადადებაში “ნებისმიერია”, ანუ ეს, ალბათ, უნდა გავიგოთ, როგორც “ვინც უნდა იყოს”, “რა წარმომავლობის კაპიტალსაც უნდა ფლობდეს”, “როგორც არ უნდა იქცეოდეს” და ა.შ. თუ ვიცე-მერი ჯიქია, თავის თანამეინახეებთან ერთად, იმ სიტუაციაში მოხვდებოდა, როდესაც კიკუს გახდისთვის თუმანი შესთვაზეს, ალბათ, თვითონ მივარდებოდა, საბრალო გოგონას ტანსაცმელს ჩამოახევდა (ან ტყავს გააძრობდა) და მოუსვენარ ხელებს ხსენებულ თუმანსაც სტაცებდა. “ნებისმიერი ინვესტორის” ხელშეწყობა სწორედ ეგაა და დღევანდელი რეალობა სწორედ ასეთია: გაიხადე, კიკუ, თორემ დაგიჭერ! ნორმალური ინვესტორი ასეთი ველურობისგან თავს შორს დაიჭერს, ალბათ, იმიტომაა, რომ უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო წლებში განუხრელად მცირდება. ასეთ სიტუაციაში თავს კარგად მხოლოდ ბინძური კაპიტალი და ძალიან უსინდისო ადამიანები გრძობენ.
საინტერესოა, რომ პრობლემები არა მხოლოდ ქართველ მეტალურგებს აქვთ. პროფკავშირები ავრცელებენ ცნობას, რომ ადმინისტრაციამ “ჰერკულესის” ინდოელ თანამშრომლებს პასპორტები ჩამოართვა და საქართველოდან გასვლის შესაძლებლობას არ აძლევს. პასპორტების ჩამორთმევა თანამედროვე მონათმფლობელობის, ტრეფიკინგის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია და იმედია, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები და ინდოეთის მთავრობა ამ ფაქტით დაინტერესდებიან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროპაგანდა ახლო მომავალში შემოგვთავაზებს არაერთ სიუჟეტს იმის თაობაზე, თუ რაოდენ ბედნიერი არიან “ჰერკულესში” მომუშავე ქართველი და ინდოელი მეტალურგები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქარხნის მფლობელი კომპანია “ევრაზიანსტილსი” საქართველოში ვერ გაიხარებს. მან, მარტივად რომ ვთქვათ, მეტისმეტად შორს შეტოპა და ამიერიდან მის თითოეულ ნაბიჯს მედია, არასამთავრობოები და რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები საკმაოდ დაჟინებული, კეთილგანწყობას მოკლებული ყურადღებით დააკვირდებიან. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ვინმე (პროფკავშირები, უფლებდაცვითი ორგანიზაციები, დაზარალებული მეტალურგების ჯგუფი და ა.შ.) კომპანიის პარტნიორებს არ მოუწოდებს, მასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტონ.
საყოველთაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქართული პროფკავშირები სუსტია. მეტიც, არაერთგზის გამოთქმულა ეჭვი, რომ ისინი მთელ რიგ სიტუაციებში ხელისუფლებასთან გარიგებით მოქმედებენ. “ჰერკულესთან” დაკავშირებული ამბები მათ, ამ მხრივ, რეაბილიტაციის შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს. ეს ერთგვარი ტესტია, იმისდა მიხედვით, რამდენად აქტიურად და მიზანმიმართულად იმოქმედებენ პროფკავშირები. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება გამოვიტანოთ დასკვნა, რას წარმოადგენენ ისინი სინამდვილეში; ჰა ბურთი, ჰა მოედანი, ჰა კომენტატორის ჯიხური.
“ჰერკულესის” თანამშრომელთა გაფიცვის ჩახშობის შემდეგ პროფკავშირები რადიკალურ გამწვავებაზე არ წასულან; მთავარ ადგილს მათ ტაქტიკაში, ჯერჯერობით, უცხოური ინსტანციების მიმართ აპელირება იკავებს. საერთოდ, ქცევის მსგავსი მოდელი ქართული პროტესტის განუყოფელ, მეტიც, მთავარ შემადგენელ ნაწილად იქცა. ჩვენ, უპირველესად, რაღაც უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რაღაცაში დავარწმუნოთ, რათა მოწყალე თვალით გადმოგვხედოს.
აგერ გუბაზ სანიკიძე (და “ეროვნული ფორუმი”) 27-ში “ქართველთა მარშში” მონაწილეობის მიღებისკენ მოგვიწოდებს: “ჩვენ უნდა გავაკეთოთ დემონსტრირება მთელი მსოფლიოს თვალწინ” (netgazeti.ge), ამავე თემაზე საუბრისას, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ირაკლი სესიაშვილი ამბობს: “ქართველმა ერმა მსოფლიოს უნდა დაანახოს, რომ პოლიტიკური კლანის, პოლიტიკური მაფიის მომხრე არ არის” (presa.ge.tv). “მსოფლიოსთვის” რაღაცის ჩვენების დაუოკებელი სურვილი პრაქტიკულად ყველა, მათ შორის ფრიად პატივსაცემი, ქართველი მოღვაწის გამოსვლებში ფიქსირდება. ფსიქოლოგები ამას ხშირად “გარე რეფერენციას” უკავშირებენ, რაც სხვის შეფასებაზე დამოკიდებულებას გულისხმობს და, საბოლოო ჯამში, მის მიხედვით საკუთარი ქცევის კორექტირებას იწვევს. ის ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არა მხოლოდ ბოლო წლების, არამედ საუკუნეების განმავლობაში ახასიათებს.
შეიძლება უხეშად გაიჟღეროს, მაგრამ მსოფლიოს, სავარაუდოდ, ფეხებზე ჰკიდია ჩვენი გასაჭირი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი დევნილები, ფაქტობრივ მონობაში მყოფი მეტალურგები, ვეტერანები, უმუშევრები, მოკლედ მთელი ქართველი ერი სრული შემადგენლობით, ისევე, როგორც მისი მსოფლმხედველობა, თავის კულტურულ თავისებურებებთან, წარსულთან და (მეტწილად წარმოსახვით) ღირსებასთან ერთად. სანამ ის არ დაინახავს, რომ რეჟიმს აღარ შეუძლია ქვეყანა გააკონტროლოს (ამას კი მკვეთრი, ქმედითი პროტესტი სჭირდება), მისდამი დამოკიდებულებას, სავარაუდოდ, არ შეცვლის.
რა თქმა უნდა, შეიძლება კიდევ ერთხელ გავიაროთ რუსთაველზე, თუმცა ვიდრე მხოლოდ საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით მოქმედებას არ დავიწყებთ, მიუხედავად იმისა, თუ “რას იფიქრებს ამაზე მსოფლიო”, საქართველოში, ალბათ, არაფერი შეიცვლება.
დიმიტრი მონიავა