GEWORLD.GE:
“მტერს არ შეიძლება გაუწვე და ფეხები აულოკო. დათვს, რაც უნდა ბაბაია უძახო, შეგჭამს, ჯობია, ჯოხით ან, ყველაზე უკეთესი, თოფით მოიგერიო. ჯობია აერიდო, რა თქმა უნდა, მაგრამ, თუ გადაგეყარა, დათვის ერთი ადგილის ლოკვა ამას არ შველის. მე ამ დათვში დათვს ვგულისხმობ და არა რომელიმე სახელმწიფოს,” _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გორში თავდაცვის აკადემიის გახსნაზე. ამ პასაჟის პირველ ფრაზაზე კვალიფიციური კომენტარის გაკეთება რთულია, რადგან გაწოლის, ისევე, როგორც მიწაზე ხოხვის სხვა სპეციალისტი, თავად ფიგურანტის გარდა, ჩვენ, უბრალოდ, არ გვყავს. რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომელშიც სააკაშვილი, როგორც დაკვირვებული მონადირე წარმოგვიდგა, ასე ვთქვათ, ჩვენი სამამულო დერსუ უზალა, ის, ალბათ, შედარებით მეტ ყურადღებას იმსახურებს.
სააკაშვილმა სამონადირეო ზღაპარი გვიამბო
ძნელი აღმოსაჩენი არაა, რომ სააკაშვილმა ძველი ანდაზა თავდაყირა დააყენა, რადგან მასში არ არის საუბარი სიტუაციაზე, როდესაც დათვი გადაგეყრება, არამედ ნათქვამია: “დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო”. “რომ მოგერევა” თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ამ დროს არ შეგიძლია დათვს ჯოხით, თოფით ან თუნდაც შიშველი ხელებით შეებრძოლო.
წარმოვიდგინოთ ეს სავალალო დისპოზიცია: დასისხლიანებული, განძრევის საშუალებას მოკლებული მონადირე მიწაზე აგდია, გამძვინვარებული დათვი კი თავზე ადგას. ანდაზა გვთავაზობს, ტაქტიკურ ხრიკს მივმართოთ და დათვი მოვატყუოთ. რას გვთავაზობს სააკაშვილი? ის, როგორც ჩანს, მოგვიწოდებს, წარმოსახვითი ჯოხი და თოფი მოვიმარჯვოთ (რადგან ნამდვილი დათვმა უკვე გადაამტვრია) და წითელ წიგნში შეტანილ ცხოველს მისი გამოყენებით შევუტიოთ, მარტივად რომ ვთქვათ, ვაგინოთ და ვაფურთხოთ დათვს, ეს კი 99%-იანი ალბათობით ლეტალური შედეგით დასრულდება.
მონადირე სახლში რომ არ დაბრუნდეს, მისი ოჯახი შიმშილით ამოწყდება ან იგივე დათვი მოუღებს ბოლოს (ან დათვს თანასოფლელები დაასწრებენ). სიცოცხლის გადარჩენა მონადირეს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ მოემზადოს და კიდევ ერთხელ შეებრძოლოს დათვს ან სულაც ალტერნატიული ტაქტიკა აირჩიოს და დაუმეგობრდეს მას. სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული სცენარი კი, უდროო გარდაცვალების გარდა, სხვა პერსპექტივას არ ტოვებს.
სააკაშვილი კურსანტების წინაშე ჰალსტუხის გარეშე გამოდიოდა (ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალია, თუმცა ბოლო დროს სამხედროებთან ასე დადის) და, სავარაუდოდ, დაჟინებით ცდილობდა, თავი მამაც და შეუპოვარ მთავარსარდლად, ესკიმოსები რომ იტყვიან, “დათვების რისხვად” წარმოეჩინა. იქ ისეთი ფრაზები ითქვა, სავარაუდოდ, მიკროფონიც კი გაწითლდა, მაგალითად:
“მე ჩემი სკამი, ჩემი სიცოცხლე არაფრად მიღირს საერთოდ, როცა საქმე საქართველოს და მის უზენაეს ინტერესებს ეხება”. კითხვა: “რად გიღირს სხვისი სიცოცხლე, როცა საქმე შენს სკამს ეხება?” არავის დაუსვამს.
თუმცა დავუბრუნდეთ ფლორას და ფაუნას, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა დიპლომატიურობის ნარჩენები მოიხმო და თქვა: “დათვს ვგულისხმობ და არა რომელიმე სახელმწიფოს”. ბევრმა მსმენელმა, ალბათ, მაინც ჩათვალა, რომ ის რუსეთზე მიანიშნებდა. დათვი ოდითგანვე რუსეთს უკავშირდება, ჯერ კიდევ XVI საუკუნის რუკებზე დათვი გამოიყენებოდა როგორც რუსეთის აღმნიშვნელი სიმბოლო, შესაძლოა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქაურ ტყეებში ბევრი დათვი დაიარებოდა; დღეს კი დასავლეთში რუსული დათვის ხსენება ამ ქვეყნის სიდიდესთან, თავისებურ მოუქნელობასთან და ძალიან დიდ ძალასთან ასოცირდება, თუმცა, შესაძლოა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც რუსეთს ამ სიმბოლოსთან აახლოებს.
საქმე ისაა, რომ თანამედროვე რუსების წინაპრები ჩრდილოეთით სახლობდნენ, სადაც მიწათმოქმედება მთელ რიგ პრობლემებს უკავშირდება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები იქ საკმაოდ შეზღუდული დროის განმავლობაში გრძელდებოდა და ძალთა დაძაბვას, ლამის სრულ გამოფიტვამდე მუშაობას მოითხოვდა. ამ სამობილიზაციო დაძაბვას, დასვენების, ძალთა აღდგენის, ერთგვარი “თვლემის” პერიოდი მოსდევდა. ამ ორი ციკლის მონაცვლეობამ რუსების ეროვნულ ხასიათში საკმაოდ მკაფიო გამოვლენა ჰპოვა. ეს თავისებურება სხვა ჩრდილოურ ერებშიც გვხვდება, თუმცა ის ნაკლებად გამოკვეთილია, რადგან, მაგალითად, სკანდინავებს, ბუნებასთან ჭიდილი დაახლოებით მსგავს პირობებში უწევდათ, თუმცა, ისტორიულ-გეოგრაფიული მიზეზებიდან გამომდინარე, გაცილებით იშვიათად უხდებოდათ “გამოღვიძება” მოულოდნელი თავდასხმის გამო და მომხდურთან ბრძოლაში ჩაბმა. თუ რუსეთის ისტორიას დავაკვირდებით, შევძლებთ, საკმაოდ თვალნათლივ დავინახოთ, როგორც “თვლემის”, ისე ძალთა უპრეცედენტო დაძაბვის პერიოდები, როდესაც რუსების გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დათვიც ასეა, მთელი ზამთარი ძინავს, შემდეგ კი ტყეში ფრიად აქტიურ ბორიალს იწყებს. ძნელი მოსაძებნია სიმბოლო, რომელიც სხვა ქვეყანას უფრო მეტად უხდება, ვიდრე დათვი _ რუსეთს და, ალბათ, არ არსებობს უფრო იდიოტური ნაბიჯი, ვიდრე რუსეთისა და დათვის გაღვიძებაა. ამ დროს მსოფლიოს ევლინება არა ნაკლებად პრობლემური “Мишка косолапый”, არამედ გამძვინვარებული “Медведь-шатун” (დათვი, რომელიც ზამთარში გააღვიძეს).
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყოველივე ამას ხელისუფლებაშიც აცნობიერებენ; აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას, დავით დარჩიაშვილმა თქვა, რომ ჩვენ ახლა დათვს ვაძინებთ. საინტერესო კია, რაღას ვაღვიძებდით მას?!
საერთოდ, გორში სააკაშვილის გამოსვლის მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, რუსეთის თემა დიდად აქტუალური აღარ არის, რადგან ის უკანასკნელ დღეებს ითვლის: “რუსეთის იმპერია რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და, თუ ასე გაგრძელდა, თუ ეს კრიზისი, რომელიც მათ აქვთ, გაგრძელდა; მცდელობა, რომ XIX საუკუნის დამპყრობლური პოლიტიკა გააგრძელონ, მისი შემდგომი დასუსტება და ჩამოშლა… არის გარდაუვალი”, შემდეგ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ამ ალტერნატიული რეალობის დეტალებზე, კერძოდ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშე რუსეთის ჩამოშლის შემდეგ დადგება.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში არა ფსიქიატრიული კლინიკის, არამედ თავდაცვის აკადემიის გახსნაზე გამოდიოდა, დანაწევრებული, მართლაც რომ ჩამოშლილი, ქვეყნის შუაგულში და, მიუხედავად ამისა, მსმენელებს უზიარებდა თავის ხილვებს რაღაც პარალელურ სამყაროზე და მსჯელობდა პრობლემებზე რუსეთის ჩამოშლის შემდეგ.
თუმცა ვინაიდან ის რუსეთის ავისმომასწავებელ კრიზისს შეეხო, ალბათ, ურიგო არ იქნება, შევეცადოთ იმის დადგენას, კონკრეტულად რას გულისხმობდა. ვინაიდან იმ მცირე პაუზებში, როდესაც აღმაშენებელს არ ედრება (იმედია, არა სარკის წინ, თორემ ხმალი კი აქვს, რეზიდენციის მუზეუმში უდევს, თუმცა, ალბათ, წინადახედული გარემოცვა ამ ხმლის უმისამართო ქნევის შესაძლებლობას არ აძლევს), სააკაშვილი საკუთარი თავის ვლადიმერ პუტინთან შედარების რეჟიმში გადადის, ვნახოთ, რა მოხდა რუსეთში პუტინის პრეზიდენტობისა და პრემიერობის წლებში, 1999-დან დღემდე.
რუსეთი, რომელსაც არ ვიცნობთ
რამდენიმე ციფრი მსოფლიო სავალუტო ფონდის, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმრთველოს და სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების სტატისტიკიდან. როდესაც პუტინი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, რუსეთის საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 78%-ს შეადგენდა, დღეს კი 3%-ს არ აღემატება. ინფლაცია რუსეთში 1999-ში 36,5%-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 8,8%-ის ნიშნულზე დაფიქსირდა. შარშან უცხოურმა ინვესტიციებმა რუსეთის ეკონომიკაში 40,1%-ით მეტი შეადგინა, ვიდრე 2009-ში. საშუალო ხელფასი, რომელიც 1999-ში 62 დოლარი იყო, გასულ წელს 755 დოლარს გაუტოლდა, რაც 14,8-ჯერ მეტია. საშუალო პენსია, რომელიც 18 დოლარს უდრიდა, 285 დოლარამდე გაიზარდა. უმუშევრობა 12,4%-იდან 7,2%-მდე შემცირდა. საბინაო ფონდი 15%-ით გაიზარდა. მთლიანმა შიდა პროდუქტმა 8,34-ჯერ მოიმატა. რუსეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვებმა გასულ კვირას 543,4 მილიარდი დოლარის ნიშნულს მიაღწია (1999-ში 12,6 მილიარდი იყო).
2000 წელს რუსეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 65 წელს შეადგენდა, 2011-ში ეს მაჩვენებელი 68,98-მდე გაიზარდა. თვითმკვლელობის რიცხვმა 1,65-ჯერ იკლო, სიკვდილიანობამ ალკოჰოლით მოწამვლისგან _ 3,9-ჯერ, მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა (15,3 გარდაცვლილი 1000 ახალშობილზე _ 2000-ში; 7,5 გარდაცვლილი _ 2010-ში), შობადობა კი, 2000 წელთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა. ემიგრანტების რიცხვი 1999-ში 214 ათასს შეადგენდა, გასულ წელს კი _ დაახლოებით 40 ათასს. 2000-ში რუსეთის მოსახლობამ 958,7 ათასით იკლო, გასულ წელს კი _ 241,4 ათასით, თუ გავითვალისწინებთ იმ მიგრანტებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობას იღებენ, ვნახავთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსახლეობა არ მცირდება.
1999-ში ჩეჩნეთში ომი მძვინვარებდა, იმ წელს 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე და დაახლოებით 1500-მდე ძალოვანი დაიღუპა. პრობლემა ბოლომდე დაძლეული დღესაც არ არის, თუმცა შარშან ჩრდილოეთ კავკასიაში დაიღუპა გაცილებით ნაკლები ადამიანი: 127 მშვიდობიანი მოქალაქე და 289 ძალოვანი.
საუბარი რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა ისინი კვლავინდებურად ინარჩუნებენ როგორც ლოკალური ომების მოგების, ისე (ბირთვულ ვარიანტში) კაცობრიობის ისტორიის დასრულების შესაძლებლობას; მოკლედ, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, ადმირალ მაიკლ მალენის თქმის არ იყოს, “თანამედროვე გამოწვევებს შეესაბამებიან”.
რუსეთში, ცხადია, ბევრი პრობლემაა, თუმცა ზოგადად ზრდის ტენდენციები ამ სახელმწიფოს სერიოზულ გაძლიერებაზე მიანიშნებს. გაცილებით პატიოსანი იქნებოდა, სააკაშვილს კურსანტებისთვის ეთქვა: “რუსეთი სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი მოქმედება ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა დავგეგმოთ”. ამის ნაცვლად ის რუსეთის ჩამოშლაზე საუბრობდა, საინტერესოა, რატომ გაიჭრა ასე ვირტუალურ რეალობაში? იმიტომ ხომ არა, რომ აღარ შეუძლია, რაიმე სხვა, კონსტრუქციული იდეები შემოგვთავაზოს, ბუნდოვან მომავალთან დაკავშირებული, კვაზი-რელიგიური ხილვების გარდა?
ალბათ, დროა, შინ დავბრუნდეთ
საინტერესოა, რატომ განალაგეს თავდაცვის აკადემია გორში, კონფლიქტის ზონის უშუალო სიახლოვეს? საბრძოლო მოქმედებების მოულოდნელი დაწყების შემთხვევაში, სარაკეტო-საარტილერიო დარტყმებმა ან მიზანმიმართულმა რეიდმა კურსანტებს შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას; ეს დაახლოებით იგივეა, სტალინს ფრუნზეს სახელობის აკადემია ბრესტში რომ გადაეტანა. იმედია, ხელისუფლებას აღნიშნული გარემოება კარგად გააზრებული აქვს.
დავუბრუნდეთ სააკაშვილის გამოსვლას; მან პირველად აღიარა, რომ ავღანეთში ქართული კონტინგენტის ყოფნას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. გამორიცხული არაა, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა ამასთან დაკავშირებით რაღაც კვლევა ჩაატარეს და შედეგები აჩვენეს, ასეა თუ ისე, ის გაფაციცებით ამტკიცებდა, რომ ავღანურ ოპერაციაში მონაწილეობა საჭიროა, სადაც 937 სამხედრო უკვე გვყავს და მალე დამატებითი ბატალიონის გაგზავნას ვაპირებთ (შედარებისთვის: აზერბაიჯანმა იქ 94 სამხედრო გააგზავნა, სომხეთმა _ 130).
საზოგადოების გაღიზიანება, ქართული კონტინგენტის მზარდი დანაკარგების გამო, უკვე საკმაოდ თვალშისაცემი გახდა. სულ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს ჩვენი ომი არ არის და ავღანეთში გასაწყვეტი ხალხი არ გვყავს. სააკაშვილი თავიდან ჭარბი ემოციურობით ირწმუნებოდა, რომ ავღანეთში ჯარების გაგზავნას მისი სკამის შენარჩუნებასთან საერთო არაფერი აქვს, შემდეგ კი იმაზე გადავიდა, რომ ავღანეთში მიღებული გამოცდილება ქართული ჯარისთვის მნიშვნელოვანია. საინტერესოა, რომ მას არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ეს ომი სამართლიანია და იქ მსოფლიო ბოროტებას ვებრძვით, შესაბამისად, შემოგვთავაზა, განვიხილოთ ავღანეთი, როგორც ერთგვარი პოლიგონი, სადაც უნდა ვივარჯიშოთ; მაღალზნეობრივს ასეთ დამოკიდებულებას უცხო ქვეყნის მიმართ, ალბათ, ვერავინ უწოდებს.
იმას, რომ კოლონიალური ტიპის ომში მიღებული ანტიპარტიზანული ბრძოლის გამოცდილება (თანაც უაღრესად სპეციფიური) ქართულ რეალობაში არააქტუალურია და ჩვენი ჯარისთვის ნაკლებად გამოსადეგია. ბევრმა გაცილებით კომპეტენტურმა ავტორმა მრავალი პუბლიკაცია მიუძღვნა, ამაზე ნუ შევჩერდებით და მთავარ საკითხზე გადავიდეთ. “დიმოქრასის” დიად მოძღვრებას, რომელსაც ძია სემი, ამდენი წელია, გვასწავლის, შემდეგ დასკვნამდე მივყავართ: “თუ საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქართული ჯარი ავღანეთიდან უნდა გავიდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ჯარი ავღანეთიდან უნდა გავიდეს”; ან დასაწყისისთვის იქ მყოფი კონტინგენტი, თუნდაც “სომხურ-აზერბაიჯანულ მინიმუმამდე”, შემცირდეს. სინამდვილეში ყველაფერი ძალზე მარტივია: ჩვენ, და არა სააკაშვილმა, უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენი (და არა მისი პირადი) არმიის ბედი და შამანურ შელოცვებს ტრიბუნიდან ამ კონტექსტში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
სააკაშვილის გამოსვლის შემდგომი განხილვის გაგრძელება, ალბათ, არ ღირს, მათ შორის ფრაზის: “მე ძალიან მიყვარს ბალერინები”; დაე, უყვარდეს, პრინციპში, რა ჩვენი საქმეა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამხედრო აკადემიის პლაცი, ალბათ, არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ილაზღანდარო, მოიტყუო და ექსტატურ ხილვებს მიეცე. იქ ან სიმართლე უნდა თქვა, ან არაფერი.
ისღა დაგვრჩენია, კურსანტებს წარმატებები ვუსურვოთ; მათ ცხოვრებაში ვაჟკაცური, პატივსაცემი არჩევანი გააკეთეს და ყველას გვინდა, რომ მუდამ გამარჯვებულნი იყვნენ. იმედია, ადრე თუ გვიან, მათ (ისევე, როგორც სრულიად საქართველოს) მამაცი და გონიერი მთავარსარდალი ეყოლებათ.
დიმიტრი მონიავა