Home რუბრიკები სამართალი ქუთაისელ მეტალურგებს სახალხო დამცველიც გამოესარჩლა

ქუთაისელ მეტალურგებს სახალხო დამცველიც გამოესარჩლა

668

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს ქუთაისში მეტალურგების აქციის დაშლისა და მათი დაკავების გამო გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს. სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გიორგი ტუღუში ითხოვს, დაიწყოს გამოძიება ქუთაისში მიმდინარე მუშათა საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ 2011 წლის 13 და 15 სექტემბერს განხორციელებული ქმედებების თაობაზე და შესწავლილი იყოს გაფიცულ მუშათათვის აქციის ჩატარებისას სამართალდამცველთა მხრიდან ხელის შეშლის, აქციის დაშლისა და მათი დაკავების ფაქტები.
საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მუშათა გაფიცვის დაშლის ფაქტი. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს თავად აქციის მონაწილეებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, რომელიც ახორციელებდა გაფიცულთა იურიდიულ დახმარებას და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტს თამაზ დოლაბერიძეს. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, საქმეზე არსებული გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სცადეს ქარხანა „ჰერკულესის“ ადმინისტრაციასთან შეხვედრა და მათგან ზემოაღნიშნულ ინციდენტებზე ახსნა–განმარტების მოპოვება, თუმცა ქარხნის ადმინისტრაციამ შეხვედრასა და ახსნა–განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა.
„მოპოვებული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ ქარხანაში არსებული შრომის მძიმე პირობების გამოსწორების მოთხოვნით, დასაქმებულებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცვა დაიწყეს. რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართა. გაფიცვის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს, რომლის დროსაც დაირღვა გაფიცვის მონაწილეთა უფლებები.
კერძოდ, 2011 წლის 13 სექტემბერს აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა დადგეს კარავი. კარვის დადგმიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლები. მათ გაფიცულებს კარვის აღება მოსთხოვეს. სამართალდამცველებმა კარავი დაშალეს და პოლიციის ავტომანქანაში მოათავსეს. მოგვიანებით, 10-15 წუთში, სამართალდამცველებმა კარავი მფლობელებს დაუბრუნეს. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ გაფიცვა გაგრძელდა, თუმცა გაფიცულთა განმარტებით, მათ კარვის დადგმა აღარ უცდიათ.
საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიცემული ახსნა-განმარტებებისა და საინფორმაციო საშულებების მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, არც აქციის მიმდინარეობისას და არც კარვის დადგმის დროს არ მომხდარა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა.
რაც შეეხება 2011 წლის 15 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიცემული ახსნა-განმარტებების თანახმად, დაახლოებით 21:30 საათზე, აქციის მიმდინარეობის ადგილზე  საპატრულო პოლიციის დაახლოებით 30 ეკიპაჟი მივიდა. პოლიციის  თანამშრომლებმა მოითხოვეს აქციის დაშლა და  აქციის მონაწილეთა ნაწილი დააკავეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის, რევაზ თოფურიას ახსნა-განმარტების თანახმად, ის თამაზ დოლაბერიძესთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა დაკავებულებს ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში და პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში, თუმცა დაკავებულებთან შეხვედრა მხოლოდ მათი გათავისუფლების შემდგომ მოახერხა. ადვოკატისა და აქციის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქუთაისის შს საქალაქო სამმართველოში, სადაც მათ დააწერინეს ხელწერილები იმის თაობაზე, რომ დასაქმებულები აღარ გააგრძელებდნენ გაფიცვაში მონაწილეობას და დაუბრუნდებოდნენ სამსახურს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხს აგებდნენ კანონით დადგენილი წესით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  აქციის დაკავებულიმონაწილეებიდან მხოლოდ სამმა პირმა განაცხადა  თანხმობა, ახსნა–განმარტება მიეცა საქართველოს სახალხო დამცველისთვის, მათი ვინაობის კონფიდენციალურად დატოვების პირობით, ხოლო დანარჩენებმა აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ზეპირი საუბრისას დაადასტურეს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ოფისის განცხადებაში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მათ ხელთ არსებული ახსნა-განმარტებების თანახმად, არც დაკავებისას და არც მის შემდგომ სამართალდამცავთა მხრიდან არ მომხდარა აქციის მონაწილეთათვის მათი დაკავების საფუძვლის განმარტება, ამასთან, მათი პოლიციის შენობაში ყოფნის პერიოდში ე.წ ხელწერილების გარდა, არ შემდგარა არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი.
 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here