Home რუბრიკები საზოგადოება 19 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

19 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

729

პროტესტი პანკისშიც აკრძალულია!
პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. მუშაობა განაახლა საბავშვო ბაღმაც.  დუისის საჯარო სკოლის მასწავლებლების ცნობით, ახმეტის საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის უფროსი ბელა მარუქაშვილი სკოლის დირექტორს და პედაგოგებს აქციაში მონაწილეობის შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა, _ იუწყება  კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

„ გაგვაფრთხილეს, რომ გარეთ არ უნდა გავიდეთ. აქციაში თუ მივიღებთ მონაწილეობას, სამსახურიდან გაგვიშვებენ. დირექტორს პოლიციიდანაც დაურეკეს და დაემუქრნენ. საბავშვო ბაღის გამგე კი თვითონ შორენა ხანგოშვილის დედაა და აქციაში მონაწილეობის უფლება არც მას მისცეს“, – აღნიშნეს დუისის სკოლის პედაგოგებმა. დუისის საჯარო სკოლის დირექტორი კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ შორენა ხანგოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს, სოფელ დუისში საპროტესტო აქცია იყო დაგეგმილი. აქცია 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ხალხი ჯერ არ შეკრებილა. აღსანიშნავია, რომ დღეს, დილიდან პანკისის ხეობაში პოლიციის რამდენიმე ჯგუფი პატრულირებდა. სამართალდამცავები სოფლების ცენტრში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებენ, დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა არ მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებათ.
შორენა ხანგოშვილი სოდ-ის თანამშრომლებმა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით, პარასკევს ახმეტაში დააკავეს და იმავე დღეს თბილისში გადაიყვანეს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ვერა ქობალიამ „კარიერის კვირეული“ გახსნა 
თავბრუდამხვევი კარიერით ცნობილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ  დღეს „კარიერის კვირეული“ გახსნეს. პირველი “ტურიზმის კარიერის კვირეული” 19-24 სექტემბერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ტარდება.
ღონისძიებას, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა, ტურიზმის სფეროში დასაქმების ასობით მსურველი დაესწრო. მინისტრმა მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ სფეროს განვითარებასთან ერთად მეტი სამუშაო ადგილები ჩნდება. ვერა ქობალიას ინფორმაციით, საქართველოში ტურიზმის სფეროში დასაქამებულთა რიცხვი 60 000-ია, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 23 პროცენტით მეტია.
„კარიერის კვირეულში“ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეგისტრაციის გავლის საშუალება კი საშუალო განათლების მქონე  ნებისმიერ მსურველს ჰქონდა. ღონისძიება მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობას ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში და სერვისის დონის ამაღლებას კომპანიებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების შეთავაზებით.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, “კვირეული” ემსახურება აგრეთვე, კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას და დაინტერესებული აუდიტორიისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას ტურიზმისა და სტუმარ–მასპინძლობის ინდუსტრიასა და საქმიანობის სპეციფიკაზე.დღემდე სტუმარ–მასპინძლობას“ ქართველები ვაჟა–ფშაველას მიხედვით სწავლობდნენ, ახლა კი ვერა ქობალიას დაუღალავი და მდგრადი მეცადინეობით მის „ინდუსტრიალიზაციას“ გაუგებენ გემოს.
ბათუმში ტურისტული სეზონი ჩავარდა
ვიდრე ვერა ქობალია ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით იწონებდა თავს, ბათუმელები ტურისტული სეზონის ჩავარდნაზე ალაპარაკდნენ. ბათუმის კლუბებისა და ბარ-რესტორნების მფლობელები წლევანდელ სეზონს „ჩავარდნილს“ უწოდებენ. როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში „ბამბა რუმის“ ერთ–ერთმა მფლობელმა, გიორგი ბოჭორიშვილმა აღნიშნა, წელს ასეთ სეზონს ნამდვილად არ ელოდნენ.
„ახლა ვფიქრობთ, რა იყო წლევანდელი სეზონის ჩავარდნის მიზეზი. მხოლოდ ორი რამ შემიძლია დაგისახელოთ: პირველი ის, რომ ჩვენი კლუბი ახალ ბულვარშია, შესაბამისად, ხალხს იქ ეზარება მისვლა და მეორე – წელს საქართველოში, წინა წლებთან შედარებით, ბევრად ნაკლები ტურისტი იყო”, – თქვა ბოჭორიშვილმა.
ამ ინფორმაციიდან ისიც ირკვევა, რომ ხალხს ახალ ბულვარამდე მისვლა ეზარება და ისიც, რომ წელს ტურისტების რაოდენობამ აჭარაში სერიოზულად იკლო.
მონაკოს პრინცმა მიშას ვენახში ყურძენი დაკრიფა
მონაკოს პრინცი თბილისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისისა და ოლიმპიური მუზეუმის გახსნაზე  დასასწრებად ჩამოვიდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა დრო იხელთა და საკუთარ ვენახში გადაიპატიჟა. საქართველოში გუშინ ჩამოსულმა მონაკოს პრინცმა ალბერ მეორემ ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის ვენახში  ყურძენი დაკრიფა და მიხეილ სააკაშვილთან ერთად საწნახელში ყურძენიც დაწურა. პრინცი რთველით და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიით დაინტერესდა.
დღესვე მონაკოს პრინცი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ბაკურიანში ჩავიდა და ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო. შემდეგ კი დაღუპული სპორტსმენის ოჯახში მივიდა და მათ საგვარეულო მედალი გადასცა. პრინცმა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერიც დატოვა.
ალბერ მეორე დღეს დმანისშიც ჩავა, სადაც არქეოლოგიურ გათხრებს დაათვალიერებს და მეცნიერებს შეხვდება.
ვიკილიქსის კიდევ ერთი გზავნილი წარსულიდან
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თინა ქეიდენაუ უძღვებოდა, საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო სიგნალი გაუგზავნეს , რომ მან უნდა განაგრძოს დემოკრატიული განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს პლურალისტური, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის 2009 წლის 12 ივლისით დათარიღებულ გზავნილში, რომელსაც WikiLeaks-ი ავრცელებს.
წერილის თანახმად, შეხვედრაზე გამოითქვა აზრი, რომ პლურალისტური, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა ხანგრძლივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება. დადებითად შეფასდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება ქართულ სასამართლო სისტემაში, რაც საბჭოთა კავშირის დროს არ არსებობდა.
„პოზნერმა მწუხარება გამოთქვა, რომ შსს–ს აქვს ზოგადად, პოლიციის, სამხედრო და დაზვერვის ფუნქციები. მისი თქმით, ეს მოდელი ხშირად ზომიერების დაკარგვას იწვევს. პოზნერმა ხაზი გაუსვა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე პასუხისმგებლობის არარსებობა/ნაკლებობას 2007 წლის ნოემბერის მოვლენების შემდეგ. უტიაშვილმა თქვა, რომ შსს-ში არ არის იდეალური სიტუაცია. ბოკერიამ აღიარა შეცდომები 2007 წლის 7 ნოემბრისა და სხვა ინციდენტებთან დაკავშირებით და  პოლიციისთვის აუცილებელ  ტრენინგებზე   ილაპარაკა. პოზნერმა შეშფოთება გამოთქვა სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ. მისი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ მთავრობასთან დაახლოებულ პირებს ოპოზიციისგან  განსხვავებულად ექცევიან. მხარეებმა განიხილეს გამჭვირვალობის გაზრდის აუცილებლობა მოსამართლეების შერჩევაში და დისციპლინაში”, – ნათქვამია ჯონ ბასის წერილში.
გზავნილის თანახმად, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
„დადებითად შეფასდა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა მერის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ. პოზნერმა აღნიშნა, რომ ამან დიდი საერთაშორისო და შიდა მოლოდინი შექმნა და აუცილებელია, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მან ადმინისტრაციული რესურსების შეზღუდვის აუცილებლობაზეც ისაუბრა. გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერი სხვადასხვა მოსაზრებების მქონე ადამიანებს დაუთმოს და მაისის არჩევნები დაბალანსებულად გაშუქდეს“, – ნათქვამია წერილში.
გზავნილის თანახმად, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა აკაკი მინაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ სხვადასხვა მოსაზრებების გაშუქებას  საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერი დაეთმობადა ასევე, ოპოზიციას  შეეძლება, ამომრჩეველთან შეხვედრები გამართოს სხვადასხვა საზოგადოებრივ შენობაში.
„მათვე მიეცემათ საშუალება, რომ ამომრჩეველთა სიები გადაამოწმონ. სიები იქნება გამჭვირვალე და საჯარო“, – აღნიშნულია ჯონ ბასის 2009 წლის წერილში.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება–გასაღების ფაქტზე შვიდი მოქალაქე დააკავეს
შსს  სასაზღვრო  პოლიციის  საგამოძიებო–ოპერატიული   მთავარი  სამმართველოს საგამოძიებო–ოპერატიული  სამმართველოს  თანამშრომლებმა  ყალბი  ოფიციალური  დოკუმენტის  დამზადება–გასაღების  ფაქტზე,  საქართველოს მოქალაქეები:  გია ღვინაძე, თინა მაისურაძე, რუსუდან ბეგაშვილი, მზევინარ ბერაძე, ბაგრატ უღრელიძე, ბეჟან ნაფეტვარიძე და მარინა ოძელაშვილი  დააკავეს.
ამ პირებმა სექტემბრის თვეში სს „საქართველოს ბანკის“ და სს „პროკრედიტ ბანკის“ სახელზე, გასაღების მიზნით  ყალბი შტამპები, საბანკო ბრუნვის ამონაწერები და  მოქალაქეთა სამსახურის და ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი ყალბი ცნობები დაამზადეს.
აღნიშნულ  ფაქტთან  დაკავშირებით  მიმდინარეობს  წინასწარი  გამოძიება  საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსის  362–ე  მუხლის  I   ნაწილით.  გამოძიებას  სასაზღვრო  პოლიციის  საგამოძიებო–ოპერატიული  სამმართველო აწარმოებს .
 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here