პატიმარ მალხაზ არქანიას საქმეში საერთაშორისო ორგანიზაცია „ობსერვატორია ადამიანის უფლებების დასაცავად“ ჩაერთო. ორგანიზაციის სათაო ოფისს, რომელიც პარიზში მდებარეობს, უკვე გადაეცა მალხაზ არქანიას საქმესთან დაკავშირებული ყველა მასალა.
მალხაზ არქანიას ადვოკატის, ლექსო არქანიას თქმით, ორგანიზაცია თავად დაინტერესდა ამ საქმით. „ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პატიმრის უფლებები არაერთხელ შეილახა და ის მსხვერპლია“.
ადვოკატის განცხადებით, უკვე რამდენიმე კვირაა, მას ციხეში არ უშვებენ და მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ უნახავს. ლექსო არქანიას თქმით, 9 სექტემბერს პატიმარს მეუღლე და და შეხვდნენ. მათზე დაყრდნობით ადვოკატი ამბობს, რომ მალხაზ არქანიაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდება. ოჯახის წევრების თქმით, პატიმარი უკიდურეს მდგომარეობაშია. მასთან ბოლო ერთი თვეა არც მოძღვარს უშვებენ.
მალხაზ არქანია 2011 წლის 5 თებერვალს, ენგურის ცენტრალურ ხიდზე ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს. მას ოკუპირებული რეგიონიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გადმოტანისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ოჯახის წევრები თქმით, კი არქანია გალიდან ზუგდიდში, გარდაცვლილი მშობლების საფლავის ქვის წასაღებად გადადიოდა და ნარკოტიკულ ნივთიერებებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ოჯახის ინფორმაციით, სამართალდამცავები მალხაზ არქანიას ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ გოგიტა არქანიასთან და მერაბ ყოლბაიასთან, იგივე „კოჭოიასთან“ კავშირის აღიარებას აიძულებდნენ.
მალხაზ არქანიას დის, ნინო არქანიას განცხადებით, მის ძმაზე დაკავების დღიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება. ოჯახმა ამის გამო საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასა და გლდანის #8 საპყრობილესთან, სადაც ამჟამად პატიმარი იმყოფება. მალხაზ არქანიას ადვოკატმა და ოჯახმა მსჯავრდებულის მიერ 2011 წლის 22 ივნისს დაწერილი ახსნა–განმარტების ბარათი გაავრცელეს, სადაც ის აღწერს, თუ როგორი სისასტიკით ექცეოდნენ ზუგდიდისა და გლდანის ციხეში და როგორ აიძულებდნენ სამართალდამცავები მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას. საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთო, თუმცა მალხაზ არქანიას მოთხოვნით ომბუდსმენის აპარატმა საქმეზე მუშაობა შეწყვიტა. ადვოკატი ლექსო არქანია ამის მიზეზად პატიმრის დაშინებას ასახელებს.
მალხაზ არქანიას ოჯახმა პატიმრის წამების გამო განცხადება ზუგდიდის საქალაქო პროკურატურაში შეიტანა და საქმის აღძვრა მოითხოვა, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ საქმე დღემდე არ აღძრულა. „იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა ვალდებული იყო, საქმე აღეძრა და გამოძიება დაეწყო, პირიქით, იმ ადამიანების დაწინაურება ხდება, ვინც მალხაზ არქანიას საქმეში ფიგურირებს. მალხაზი ახსნა-განმარტებაში ყვებოდა, თუ როგორი სისასტიკით ექცეოდა მას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა. არადა, ეს ადამიანი დააწინაურეს და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია“, – ამბობს ადვოკატი.
ლექსო არქანიას ცნობით, პატიმარ მალხაზ არქანიას საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცია „ობსერვატორია ადამიანის უფლებების დასაცავად“ დასკვნას დაახლოებით ერთ თვეში გამოაქვეყნებს.