Home რუბრიკები საზოგადოება 16 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

16 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

666

კუკავანი სინანულისანი
Wikileaks-ის ინფორმაციით, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პარლამენტის მანდატის დახევას ნანობდა.
სკანდალური საიტი ამჯერად საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტისა და კახა კუკავას საუბრის ამსახველ წერილს ავრცელებს, რომელიც ტეფტის მიერაა შედგენილი და 2009 წლის 15 იანვრით თარიღდება.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან საუბრისას კუკავა აცხადებდა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება ვადამდელი არჩევნების დანიშნვაა.
“კუკავას უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევების შესახებ აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საზოგადოება ახალი არჩევნებისა და პროტესტის წინააღმდეგია, თუმცა მისი აზრით, “საზოგადოება არჩევნებსა და პროტესტს ყოველთვის ეწინააღმდეგება, მაგრამ წინა არჩევნები სწორედ პროტესტის შედეგად დაინიშნა და ასე მოხდება მომავალშიც”. მოულოდნელად კუკავამ აღიარა, რომ ძალიან ნანობს, რომ პარლამენტის მანდატი არ აიღო. “ვფიქრობ, მანდატი უნდა ამეღო” – განაცხადა კუკავამ:, – ნათქვამია,  Wikileaks-ის ინფორმაციით, ტეფტის წელილში.
შეგახსენებთ, რომ “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლებმა პარლამენტის მანდატები 2008 წლის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ საჯაროდ დახიეს. აშშ–ს ელჩმა, როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ მანდატის დახევა კუკავას გარდა, სხვებმაც ინანეს.

ხაბიზგინა ბარნოვისთვის, ანუ ჩოხ საღოლ, ანდრო!
პრეზიდენტმა დღეს გორში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის განახლებული აკადემიის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ძალა სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და რელიგიური მრწამსის ჯარისკაცებშია.
„ჩვენი ჯარი შედგება ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისაგან. მათ შორის ბევრი ოსისაგან. მინდა ვთქვა, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ბოლო შეტაკებები რუს დამპყრობლებთან სწორედ ოსურმა რაზმებმა განახორციელეს და იმიტომ არის, რომ დღეს ეს ადგილები დაცარიელებულია. არ არსებობს ცალკე ოსური ერთეული, არსებობს საქართველოს სისხლი და ხორცი, ჩვენი ოსური მოსახლეობა.
საქართველოს ჯარში არიან აფხაზები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ებრაელები. საქართველოს ჯარში მართლმადიდებლებთან ერთად არიან კათოლიკეები, მუსლიმანები და იუდეველები – სწორედ ეს არის ჩვენი ძალა. საბოლოო ჯამში გვაქვს ერთი ქვეყანა, ერთი სამშობლო, ერთი მომავალი, ერთი შეიარაღებული ძალები  და ერთი სიცოცხლე, რომელსაც ვწირავთ ჩვენი სამშობლოს მომავლისა და კეთილდღეობისათვის.
მე მინდა ვისურვო, რომ საქართველომ გააგრძელოს სწრაფი ინტეგრაცია და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ნატოსკენ. საქართველომ უნდა გააგრძელოს სწრაფი ინტეგრაცია წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. ამავე დროს, ჩვენ მყარად უნდა დავდგეთ ფეხზე და ეს აკადემია ამაში ძალიან დაგვეხმარება. ასევე, მინდა მივესალმო თქვენს ხელმძღვანელს (ანდრო ბარნოვი) და ვთქვა, რომ მან ძალიან კარგად დაიწყო ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულების რეფორმირება. ასე გააგრძელეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი: დათვის ერთი ადგილის ლოკვა საქმეს არ უშველის
პრეზიდენტი გორში თავდაცვის განახლებული აკადემიის გახსნის ცერემონიალზე ოპოზიციის მიერ მაისში გამართულ აქციებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
,,ხშირად ამბობენ, რომ ჯარი და პოლიცია ზედმეტად პოლიტიზებულია. ჯარი და პოლიცია პოლიტიზებული არ არის. უბრალოდ, როდესაც შენ გადიხარ და ქვეყნის მტერს ეხუტები და ფეხებს უკოცნი, შენ ამით უპირისპირდები საქართველოს და არა პრეზიდენტს. როცა შენ გამოდიხარ და იძახი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის თავს არ ჩაატარებინებ ქართულ ჯარს, იმიტომ რომ შენმა დამფინასებელმა, რომელიც იმის გამო, რომ 2008 წელს თბილისი ვერ აიღო, ბოღმით სკდება, ფული გამოყო იმისათვის, რომ ქართულ ჯარს აღლუმი არ ჩაეტარებინა, შენ ამით არ უპირისპირდები პრეზიდენტს, პრეზიდენტები იმ ტრიბუნაზე გამოიცვლებიან, შენ ამით უპირისპირდები შენს ქვეყანას და შენს სახლმწიფოებრიობას. ამიტომ ამ ხალხს ნუ ეწყინება, თუ ჯარი და პოლიცია ყოველთვის დაიცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ამაში პოლიტიკური არაფერია”- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს დემოკრატიული სისტემა, სწორედ ის სიტემაა, რისი მოშლაც საქართველოს მტრებს უნდათ.
,,მტერს არ შეიძლება გაუწვე და ფეხები აულოკო. დათვს რაც არ უნდა ბაბა ეძახო, შეგჭამს, ჯობია ჯოხით ან თოფით მოიგერიო. უმჯობესია აერიდო, მაგრამ თუ გადაგეყარა, დათვის ერთი ადგილის ლოკვა ამ საქმეს არ უშველის. მე ამ დათვში დათვს ვგულისხმობ და არა რომელიმე სახელმწიფოს”- აღნიშნა სააკაშვილმა.

მინაშვილი ქართული მენტალიტეტის წინააღმდეგ 
მმართველი პარტია დასაქმების პრობლემას „საზოგადოების მენტალიტეტს“ უკავშირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ტაქსის მძღოლს მიაჩნია, რომ დაუსაქმებელია, რადგან საკუთარი პროფესიით არ მუშაობს“. ეს იმის მიუხედავად, რომ მას 1000 ლარიანი შემოსავალი აქვს.
მისივე თქმით, საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მენტალიტეტია, რადგან ადამიანი, რომელიც რეალურად დასაქმებულია, თავს მაინც დაუსაქმებლად მიიჩნევს. ეს განცხადებები აკაკი მინაშვილმა „ფეისბუქში“ პარლამენტის  ფანკლუბთან  შეხვედრისას გააკეთა. მოქმედ “შრომის კოდექსთან” დაკავშირებით კი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ „არსებული კანონმდებლობა დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი დაასაქმოს, რადგან  მათი სამსახურიდან გათავისუფლებაც ადვილია“.
აკაკი მინაშვილს უნდა შევახსენოთ, რომ არა მარტო ქართველები, არამედ მთელი მსოფლიო და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაც მიიჩნევენ, რომ დასაქმებულად არ ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარი სპეციალობით არ მუშაობს. თუმცა სად სცალია საერთაშორისო ნორმებისთვის მინაშვილს, – იგი პარლამენტის ფანკლუბთან ერთობა.
ინვალიდი ხარ?!  გაგივლის!
სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, გაზრდილ პენსიას II და III ჯგუფის ინვალიდები, ასევე მარჩენალდაკარგული პირები ვერ მიიღებენ. მომატებული პენსია მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე და I ჯგუფის ინვალიდებზე გაიცემა. სულ ქვეყნის მასშტაბით ასეთი 680 ათასი პენსიონერია. 140 431 ადამიანი გაზრდილ პენსიას ვერ მიიღებს.  
„15 სექტემბრიდან პენსიის ოდენობის მომატების შესახებ ინფორმაცია სწორად არ იყო გაგებული, რის გამოც მომატებული პენსიის თაობაზე სააგენტოს II და III ჯგუფის ინვალიდებმა, ასევე მარჩენალდაკარგულებმაც მიაკითხეს”, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ინფორმაცია სწორად პრემიერ მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა ვერ გაიგეს. ჟურნალისტებმა კი სიტყვა–სიტყვით გაიმეორეს ის, რაც ამ მაღალჩინოსნებმა ბრძანეს: ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ თბილისის მასშტაბით პენსია 10 ლარით გაიზრდება, რეგიონებში – 20 ლარით და 100 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა სოციალური შეღავათი შენარჩუნებული იქნება. პრემიერ- მინისტრის განცხადებით, ეს რეფორმა 670 000 –ზე მეტ პენსიონერს და 24 000 მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის პირს შეეხება.
განა მან სადმე თქვა, რომ II და III ჯგუფის ინვალიდებსა და მარჩენალდაკარგულებს პენსია არ ემატებათ? თუმცა ეს რა გასაკვირია, როცა პრეზიდენტმა და პრემიერმა  ისიც კი არ იციან, პენსიები როდის რიგდება. აგვისტოს ბოლოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი თავს იმით იწონებდნენ, რომ პენსია 100 ლარამდე 1 სექტემბრიდან უნდა გაზრდილიყო. ეს 15–დღიანი ცდომილება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ  პრეზიდენტმა და პრემიერმა  ისიც არ იციან, როდის რიგდება პენსიები.  წინააღმდეგ შემთხვევაში 1 სექტემბერს არ ახსენებდნენ. პენსია საქართველოს მასშტაბით ყოველთვის 15 სექტემბერს ირიცხება. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here