Home რუბრიკები ეკონომიკა გაზსადენების გამო რუსეთისა და ევროპის დაპირისპირება მწვავდება

გაზსადენების გამო რუსეთისა და ევროპის დაპირისპირება მწვავდება

705

რუსეთსა და ევროპას შორის ახალი გაზსადენების მშენებლობის გამო დაძაბულობა მატულობს. ევროკავშირი აქტიურად ეწინააღმდეგება „სამხრეთ ნაკადის“ პროექტის რეალიზაციას, ხოლო რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობისა, რომელსაც ევროპა ლობირებს.

„სამხრეთ ნაკადის“ პროექტის რეალიზაციას ევროპა ეწინააღმდეგება, რომლის მიზანიც ევროპულ ბაზარზე გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია და გაზპრომზე დამოკიდებულების შემცირებაა. შეთანხმებაზე ხელმოწერის წინა დღეს ენერგეტიკის საკითხების ევროკომისარმა გიუნტერ ეტინგერმა „სამხრეთ ნაკადის“ გაზსადენის პროექტი კრიტიკის ქარ–ცეცხლში გაატარა.
მისი შეფასებით, რუსული პროექტი წარმოადგენს მოსკოვის მცდელობას, ხელი შეუშალოს ალტერნატიულ „ნაბუკოსა“ და ტრანსკასპიურ გაზსადენებს. ეტინგერმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ნაკადი“ ვერ აიძულებს ევროკავშირს, უარი თქვას ამ ორ ალტერნატიულ პროექტზე.
Financial Times წერს, რომ ევროკომისიის თავმჯდომარის, ჟოზე მანუილ ბაროზუს აზრით, გაზსადენების მშენებლობა ევროკავშირის სტრატეგიის ქვაკუთხედია, რომელმაც გაზპრომზე დამოკიდებულება უნდა დაასრულოს და კარგა ხანია, ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ამ დღეებში ევროკომისიამ მანდატი მიიღო 27 სახელმწიფოსაგან, რათა მოლაპარაკება აწარმოოს თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობაზე, რომელიც „სამხრეთ ნაკადის“ კონკურენტი უნდა იყოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაოცება გამოხატა ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო ტრანსკასპიურ გაზსადენთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ამან შეიძლება რეგიონში ვითარება გაამწვავოს. ამგვარი მასშტაბური პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში ყველა კასპიისპირა სახელმწიფო (აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი, ირანი და თურქმენეთი) უნდა მონაწილეობდეს, მიაჩნია რუსეთის საგარეო უწყებას.
„იმედი გვაქვს, ევროკავშირის საბჭო სათანადო ყურადღებით მოეკიდება რუსეთის და „კასპიის ხუთეულის“ სხვა სახელმწიფოების პოზიციას და თავს შეიკავებს შესაბამის ფორმატში შეუთანხმებელი მოქმედებისაგან“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.
ამავე დროს, ევროკავშირში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმირ ჩიჟოვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკომისიისთვის მანდატის მიცემა პოლიტიკურად აძლიერებს ევროპის სახელმწიფოთა პოზიციას აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან მოლაპარაკებებში: „მათ თვალში ეს ევროკავშირის ერთიანი საგარეო ენერგეტიკული პოლიტიკის პირველი რეალური გამოვლინებაა. მანამდე ბრიუსელის ევრომოხელეები საუბრობდნენ ევროკავშირის უუნარობაზე, „ერთ ხმაში“ ელაპარაკათ ენერგომტარებლების მომწოდებელ ქვეყნებთან“.
ცეცხლზე ნავთი დაასხა აზერბაიჯანმა, რომელმაც ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობაზე მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოხატა. „ტრანსკასპიური პროექტი ჩვენი პროექტი არ არის. ეს თურქმენეთისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია. ევროპის ენერგეტიკული ქარტიის თანახმად, ჩვენ ღია ტრანზიტულ ქვეყანას წარმოვადგენთ, ხოლო ინფრასტრუქტურა, რომლის მშენებლობასაც ისინი (ევროკავშირი და თურქმენეთი) აპირებენ, ამ ორი მხარის საქმეა“, – განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა.
1992–1993 წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა საბიტ ბაგიროვმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთი მხოლოდ მესამე მხარეა ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის რეალიზაციაში. „ტრანსკასპიური გაზსადენის რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აზერბაიჯანსა და თურქმენეთს ეკუთვნის“, – განაცხადა ბაგიროვმა. „რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს, რომ იგი ასევე განეკუთვნება მესამე მხარეთა ჩამონათვალს“.
ამავე დროს, ჩიჟოვის აზრით, პოლიტიკურ პოზიციათა განმტკიცება ვერ დააჩქარებს ევროპის მოლაპარაკების პროცესს გაზის მიმწოდებელ ქვეყნებთან, ვინაიდან არსებობს პრობლემა, რომელიც „გაზის ინფრასტრუქტურის და ზოგადად, ენერგეტიკის სფეროს ჩარჩოში არ ეტევა“.
პრობლემა საერთაშორისო–სამართლებრივ სიბრტყეზე დევს. კასპიის ზღვა ევროპისა და აზიის საზღვარზეა და იგი რუსეთის, ყაზახეთის, ირანის, თურქმენეთისა და აზებაიჯანის ტერიტორიებით არის გარშემორტყმული. სანაპირო მხოლოდ ხუთ სახელმწიფოს ეკუთვნის.
„უკვე მრავალი წელია, „კასპიის ხუთეული“ საგნობრივ დისკუსიებს მართავს კასპიის სამართლებრივი სტატუსის შესახებ. საუბარია ამ ზღვაზე უფლებების კონვენციის შემუშავებაზე. ამ ჯგუფის უკვე მესამე სამიტი გაიმართა, ბოლოს – შარშან, ბაქოში. საბოლოო შეთანხმება კონვენციაზე ჯერ არ არსებობს, მაგრამ შეთანხმებულია პრინციპები, რომელთა საფუძველზეც უნდა გადაწყდეს კასპიის რესურსებითა და თავად ტერიტორიით სარგებლობის პრობლემები“, აცხადებს რუსი დიპლომატი.
ჩიჟოვის აზრით, გაზსადენის მშენებლობა კასპიის ფსკერზე სერიოზული პროექტია, ერთ–ერთი საკვანძო საკითხი, რომელიც „კასპიის ხუთეულის“ კონსენსუსით უნდა გადაწყდეს. „სამწუხაროდ, ევროკავშირს არც რუსეთთან, არც ხუთეულის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ამ პროექტზე არ უმსჯელია“, – განაცხადა ჩიჟოვმა.
ექსპერტების აზრით, ევროპას ამ პროექტის განხორციელების მცირე შანსი აქვს. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი და ირანი ყველაფერს იღონებენ, რათა ბაზარზე კონკურენტები არ დაუშვან. ამიტომ კასპიის ფსკერზე დამატებითი მილის გაყვანის ნებართვასაც არ მისცემენ. რუსეთი ამ გაზსადენს ეწინააღმდეგება, რადგან თურქმენეთიდან აზერბაიჯანის გავლით გაზი რუსეთის გვერდის ავლით შევა ევროპაში. მას კი ამგვარი კონკურენცია არაფერში ჭირდება.
ტრანსკასპიური გაზსადენი სამხრეთ დერეფნის ნაწილი უნდა გახდეს, რომელმაც ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, აგრეთვე, შესაძლოა,  ერაყიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ყოველწლიურად 20–30 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება უნდა განახორციელოს. ამ პროექტის ღირებულება 7,9 მილიარდი ევროა.
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here