Home რუბრიკები სამართალი ოქრუაშვილის საქმე სასამართლომდე ვერ მიჰყავთ

ოქრუაშვილის საქმე სასამართლომდე ვერ მიჰყავთ

629

თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის საქმე წინასწარი გამოძიების პროცესს ვერ გასცდა, შესაბამისად, მისი სასამართლოში გადანაცვლების საკითხი ჭიანურდება, ხოლო ოქრუაშვილის დაკავებული მხარდამჭერების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია.
როგორც სააგენტო „პირWელს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე ისევ ძიებაშია და სასამართლოში ჯერ-ჯერობით არ გადაუნაცვლებია, საქმის დეტალები კი გამოძიების ინტერესების დაცვის მიზნით არ ხმაურდება. საქმის ახალ დეტალებზე, რომელიც შესაძლოა, ამ პერიოდის განმავლობაში გამოძიებას მტკიცებულებების სახით მოეპოვებინა, არაფერი იციან „ქართულ პარტიაშიც“. 

ცნობისთვის, საქმის არსებითი განხილვის დასრულებისა და ამის შემდგომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გარეშე საქართველოს საფრანგეთისთვის (რომელმაც ოქრუაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა) ექს-მინისტრის ექსტრადიციის შესახებ განმეორებითი თხოვნით მიმართვის შესაძლებლობა არ აქვს. რაც შეეხება ადვოკატს, როგორც პარტიაში აცხადებენ, „ქართულ პარტიას“ ოქრუაშვილისთვის ადვოკატი არ დაუქირავებია და ვინ იცავს ამ დროისთვის მის უფლებებს, მათთვის უცნობია. ადვოკატთან დაკავშირებით განცხადება თავის დროზე, ოქრუაშვილისათვის ბრალის წაყენებისთანავე „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ეროსი კიწმარიშვილმაც გააკეთა. მან თავდაცვის ექს-მინისტრის მისამართით წაყენებულ ბრალს „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ პარტია ადვოკატს არ აიყვანდა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ექს-მინისტრის უფლებების დაცვას სახაზინო ადვოკატი უზრუნველყოფს. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ მის 17-მდე მხარდამჭერს, მათთან პროკურატურამ საპროცესო გარიგება გააფორმა. კერძოდ, ილურიძე და სააქაშვილი, რომლებიც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის ბრალდებით იყვნენ დაკავებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ჯუღელმა გამოძიებასთან განსაკუთრებული თანამშრომლობის მოტივით დარბაზიდან გათავისუფლა, დანარჩენ პირებს კი სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ექს-მინისტრს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში მიმდინარე წლის 28 ივნისს დასდო ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ ოქრუაშვილი ადრეც იყო ნასამართლევი და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა იყო გამოცხადებული, მას 30 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ავტომატურად ძებნა კიდევ ერთი – 223-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოაცხადა.   შეგახსენებთ ასევე, რომ დაახლოებით ორი თვის წინ შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირაკლი ოქრუაშვილის 15  მხარდამჭერი დააკავეს, რომლებთანაც ცოტა ხნის წინ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.  თავის დროზე შს სამინისტრომ დაკავებულ პირთა აღიარებითი ჩვენებების ვიდეო-ჩანაწერები და ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა. ერთ-ერთი დაკავებულის – გიორგი საბაშვილის ჩვენების მიხედვით, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 22 მაისს სოფელ ზემო არცევში იმყოფებოდა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად მალულად უნდა გადმოსულიყო, ადგილზე კი 20 კაცისგან შემდგარი შეიარაღებული ქართული ჯგუფი უნდა დაჰხვედროდა. მისივე თქმით, აღნიშნულ ჯგუფს პოლიციის საგუშაგო უნდა აეღო, ამ მიზნით კი „ქართული პარტიის“ მხარდამჭერებს სპეციალური დავალება ჰქონდათ მიცემული, საგუშაგოებზე არსებული სიტუაცია დეტალურად შეესწავლათ. საგუშაგოს აღების შემდეგ გორში მდებარე სპეცრაზმისა და შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს შენობებზე თავდასხმა იყო დაგეგმილი, ამ გეგმის განხორციელების შემდეგ კი – უკვე თბილისზე შეტევა, რომლის მიზანს ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა წარმოადგენდა. მოგვიანებით ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს ოქრუაშვილმა აღნიშნული ბრალდებები კატეგორიულად უარყო.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here