Home რუბრიკები საზოგადოება ტვირთი, რომელსაც, დიდი ხანია, ვატარებ, ანუ დაგვიანებული მადლობა

ტვირთი, რომელსაც, დიდი ხანია, ვატარებ, ანუ დაგვიანებული მადლობა

769

GEWORLD.GE:
ვინც აჭარის მთიანეთში ყოფილა და აქაური სოფლები დაუვლია, აუცილებლად შენიშნავდა ამ სოფელთათვის ტიპიურ, ერთ ჩვეულებრივ სურათს: გამოსაჩენ ადგილას ხის ღობეზე მიკრულ ძელსკამს და ამ ძელსკამზე ჩამომსხდარ ბერიკაცებს. მათი იერი, დარბაისლური სიტყვა-პასუხი, დინჯი მიხრა-მოხრა, ერთობ მარიფათიანი თავაზიანობა შემთხვევით ჩავლილი მგზავრის თუ მათსავე მეზობლის მიმართ, სულის სიღრმიდან წამოსული ღიმილიანი სითბო საუკუნეთა მიღმა გადაგახედებს უნებლიეთ. აქ რაღაც უაღრესად წმინდას, ჭეშმარიტად ქართულს – ძველ ქართულს დაინახავ, მაინცდამაინც სახელს რომ ვერ დაარქმევ ისეთს და ერთგვარ გაუცნობიერებელ მოწიწებას იგრძნობ ამ გარინდული დროის წინაშე.

ალბათ, რაღაც ამგვარი გრძნობა დამეუფლა, სხალთის ხეობის ორღობეებში ჩავლისას გაჩერება რომ ვითხოვე. მანქანიდან გადმოვედი და ბერიკაცებს მივესალმე.
მოხუცებს სახეზე დაეტყოთ ამ ყურადღებით გამოწვეული სიხარული, დინჯად წამოდგნენ ფეხზე, მთიელთათვის დამახასიათებელი ზრდილობით გვიპასუხეს სალამზე… მერეღა მოიხედეს უხერხულად, – როგორც ჩანს, ჩამოჯდომა უნდა შემოეთავაზებინათ ჩემთვის, მაგრამ იმ გამხმარი ძელის მეტი არა იყო რა და მოერიდათ. ეს უხერხულობა ვიგრძენი და ძელსკამზე ჩამოვჯექი. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. კარგად ვიცი აქაური მთის მოსახლეობის წესი და საუბრის დაწყებას ასაკით უფროსისგან ველოდი. იმათაც ცოტა ხანს იყუჩეს და ბოლოს ერთმა მათგანმა დაარღვია დუმილი.
– სად ბრძანებულართ? – მკითხა მორიდებით.
– შუამთობაზე ვიყავით, გოდერძის უღელტეხილზე, იალაღები მოვიარეთ, ულამაზესი მწვანე ტბის სილამაზით დავტკბით და სხალთის ხეობის უნახავად ხომ არ წავიდოდით!
– ეს ახალგაზრდები საიდან მოგდევენ?
– ეს ახალგაზრდები ჩემი შვილის მეგობრები არიან. სტუდენტობის დროს დავპირდი, ზემო აჭარას გაჩვენებთ მეთქი, მაგრამ დღემდე მიცემული სიტყვა ვერ შევასრულე.
– გმადლობთ მობრძანებისთვის, კარგ დროს მოხვედით, ქვეყნის ამბებს ვყვებოდით, მტყუან-მართალს ვარჩევდით ჩვენი ჭკუით. საქარველოს ისევ უჭირს, ჩვენი წარუმატებლობის მიზეზს სხვაგან ვეძებთ. უმრავლესობა უჩივის ვიღაცას და არა საკუთარ ჭკუას, განათლებას, აზროვნების დეფიციტს, გონივრული ანალიზისა და დამოუკიდებელი მოქმედების უუნარობას.
– ხალხი შრომას გადაეჩვია, – გააგრძელა საუბარი მეორე ბერიკაცმა, – ჩვენ რომ ვართ აგერ, მთელი ცხოვრება შრომაში გვაქვს გატარებული. გაჭივრებაც გვინახია და უბედურებაც, მარა გული არ გაგვიტეხია. სოფლელი კაცი რომ ქალაქიდან ბოსტნეულს ამეიტანს, იმ ქვეყანას ეშველება რამე?
– მიწას სული თუ არ უბერა კაცმა დილიდან საღამომდე, შრომას თუ არ შეეჩვია, თვითონაც ხელცარიელი დარჩება და სხვისი გაკეთებულის დასანახავი თვალიც დაუბრმავდება. ცოდვაა ამფერი კაცი… – ჩაერთო საუბარში მესამე ბერიკაცი, – დღევანდელ გაჭირვებას კი ვხედავთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ნაირ კაცს რომ ვუყურებ, მაინც ხვალინდელი დღის იმედი მაქვს. მისნაირი ბარე ორი-სამი რომ იყოს, იქნებ ეშველოს საქართველოს რამე.
მერე ერთ-ერთს რაღაც გაახსენდა და აწრიალდა.
– წინა დღეს ბალღმა გაზეთები ამომიტანა, წეღან ამათ ვაკითხებდი, თქვენ წაკითხული გექნებათ, აგერ ნახე, რას წერენ, – ჯიბიდან გაზეთი ამოიღო და ზოგიერთი ადგილი მიჩვენა, – მე ბატონ ბიძინას არ ვიცნობ, მაგრამ გულზე ეკალივით მესობა, ცუდს რომ წერენ მასზე. საქმის კეთება რომ ემარჯვება, ხალხზე რომ ფიქრობს, იმფერ ადამიანად ვუყურებ. ჩემი ხნის კაცს მაგი არ შეეშლება.
– ხანდახან ისეთს გაგაგონებენ, გულზე გაგასივებენ. ბიძინა ივანიშვილი ხომ ღმერთის საჩუქარია ქართველებისთვის, – გაცხარდნენ ბერიკაცები, ეტყობა ჩვენს მოსვლამდე ამ თემაზე საუბრობდნენ უფრო შინაურულად და ის აღელვება აქამდე გამოჰყვათ.
– მართლაც განსაცვიფრებელია ის ღვარძლი და ბოროტება, რაც ამ ნაწერებში შეიმჩნევა. ამის მიზეზი ვერ აგვიხსნია, არსაკიძის ისტორიას ხომ არ ვიმეორებთ, ამ ხვთისმოსავმა ადამიანმა ხომ საქართველოს კულტურა და ხელოვნება გადაარჩინა. ბევრი ადამიანი ცხოვრებისკენ შემოაბრუნა, მხარში დაუდგა ქართველ ერს და მადლიერებას ამით გამოხატავენ?
– იქნებ ბევრს ბატონი ბიძინა მხოლოდ დიდი ბიზნესმენი, დიდი ქველმოქმედი, დიდი საზოგადო მოღვაწე ჰგონია და ავიწყდებათ, რომ პირველ რიგში იგი ადამიანია. ალბათ, ზოგიერთს ვერც გაუცნობიერებია, რას ნიშნავს ეს.
– ბატონი ბიძინა საშვილიშვილო საქმეს აკეთებს და მას კეთილი მზერა სჭირდება. მან იცის სამშობლოს, სიყვარულის, სიკეთისა და კაცთმოყვარეობის ფასი, ხალხის სამსახურის ფასიც იცის. ჩვენ ვიცით, რა კეთილ და საქვეყნო საქმეებს აკეთებს, მაგრამ ყველა რომ ვერ ხვდება?
– ბევრს ხომ ესმის.
– ესეც სწორია, – დამეთანხმა მოხუცი, – მაგრამ იმ ცოტასაც უნდა გავაგებინოთ, რომ ასეთ კაცს მოფერება და დაფასება სჭირდება, თუმცა იგი თავის კვალს არასოდეს დაკარგავს.
– ჰო აბა, – დაეთანხმა მეორე მოხუცი. – ამფერ კაცზე იტყვიან, ღმერთთან მისასვლელი ბილიკი არ დაეკარგებაო. ბატონი ბიძინას პიროვნება სულიერი მრავალმხვრივობის ნიჭით არის აღბეჭდილი, რაც იშვიათია დღეს.
– უეჭველად ბედნიერებაა, როცა, რომელიმე ადამიანი აერთიანებს ორ კომპონენტს – ტალანტსა და მამულიშვილობას. ასეთი ხალხია ქვეყნის დედაბოძი, ერის მამოძრავებელი ძალა. ჩვენი აზრით, ბატონი ბიძინა სწორედ ასეთი ადამიანია, – ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ ბერიკაცები.
– თქვენ ჩემგან არ გესწავლებათ, – ვცადე მოხუცების დამშვიდება, – თუნდაც ამ სოფელში ვინც ცხოვრობს, ყველა კარგი კაცია? ქვეყანაშიც ერთი ორი უკუღმართი გამოერევა და არა მგონია, ამან დიდად ავნოს საქმეს. ხომ გაგიგონიათ, «ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო» და შურის თვალით მაცქერალს, რა გასაკვირია, სიკეთე სიავედ მოეჩვენოს, სიავე კი სიკეთედ.
– ვერ დაგეთანხმებით, «თავს სინანული სჯობიაო», უკვე კარგა ხანია, გვასწავლის პოეტი, მაგრამ ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია, ვერ ვუფრთხილდებით ჩვენს ღირსეულ მამულიშვილებს. დანახვისა და გაგების სიხარული ბუნების ყველაზე შესანიშნავი ნიჭია, რაც ზოგიერთს აშკარად არა აქვს. შეიძლება საქმეს ვერ ავნოს და ვერც ბატონ ბიძინას პიროვნებას მიაყენოს ჩრდილი, რადგან არსებობს ცილისწამებაზე უფრო ძლიერი იარაღი, ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტებაც ყველამ იცის. მაგრამ სწორად თქვა შოთამ: «ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა».
– ეს ყველას ეხება, მითუმეტეს ჟურნალისტებს, რომლებიც დღეების ბიოგრაფიებს და მატიანეს წერენ. პატიოსნება კი ყველანაირ წოდებას შვენის.
– აქ ყველაფერი ჩვენ დიდებულ წარსულს გვახსენებს. სევდიანია აჭარელი კაცის ყოფა, ერის მთლიანობის «სისხლიანი მუხის კუნძი» მაჭახელაში ახლაც იცრემლება. ამ ხეობიდან ისე არ წახვიდეთ, სანამ ხიხანის ციხეს არ ნახავთ და სხალთის ტაძარში არ ილოცებთ.
– რა იქნებოდა ქართველთა ხვედრი, ისტორიული ბედის ბორბალი უკუღმა რომ არ დატრიალებულიყო.
– რა იქნებოდა და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველო… უბედურება კი ის არის, რომ ეს პროცესი დღემდე არ შეჩერებულა; აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია თითოეული ჩვენგანის დიდი ტკივილია.
– განა შეიძლება, რომ ვიღაცის ამბიციების დაკმაყოფილების გამო, ასე გაიმეტო საკუთარი ხალხი წამებისათვის. აფხაზებს ისტორიული მეხსიერება წაუშალეს, სიმართლე დაუმახინჯეს, ფესვები წაართვეს, დავკარგეთ გენეტიკური ერთიანობის შეგნება.
– იმედი არ უნდა დავკარგოთ. მე მჯერა სისხლის ყივილის და ქართული გენი თავისას გააკეთებს: გული დაწყნარდება, გონება დაიწმინდება და გაყრილი ძმები ისევ შერიგდებიან. ოღონდ ერი უნდა განახლდეს საკუთარი წარსულით. ძალიან კარგად ვიცით, რომ ასე იქნება ჩვენი კუთხის ბედკრული ისტორიის გამო, რომელიც ძალიან ჰგავს აფხაზეთისას, თუმცა უფრო ტრაგიკულია. 300 წლის განშორების შემდეგ მაინც მის წიაღში დავბრუნდით.
– «ჩვენ, ქართველობას, არ სჭირდება ვინმეს დასტური, ჩვენ, ქართველობას, მუხლმოდრეკით უნდა თაყვანი», – გამახსენდა უცებ ერთი ბათუმელი პოეტის სტრიქონი და უნებურად ხმამაღალი ფიქრი გამომივიდა.
მე სულგანაბული ვუსმენდი მოხუცების საუბარს, რომლებიც ისე გულიანად და საქმიანად საუბრობდნენ, თავი უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორის ლექციაზე მეგონა. ჩვენი მყუდროება ტელეფონის ზარმა დაარღვია, ბოდიში მოვიხადე და გვერდით გავდექი.
– კომპიუტერა სადა ხარ? (ასე მეძახდა გურამი), – გურამი რეკავდა.
– სხალთის ხეობაში ვართ.
– ტყუილად კი არ გეძახი კომპიუტერას. როგორ მიხვდი, რომ სწორედ მანდ მჭირდებოდი. არ წამოხვიდე ახლავე მოვდივარ.
– არ გაბედო, შენ ახალი გამოსული ხარ საავადმყოფოდან, ვერ შეძლებ აქ ამოსვლას, რაიმე არ ივნო, რაც საჭიროა, მე გავაკეთებ.
– სწორედ ამიტომაც უნდა ამოვიდე, რომ იმ კაცის თხოვნა უნდა შევასრულო, ვისი თანადგომითაც მე საავადმყოფოდან გამოვედი. ბიძინას ხის დასაშლელი სახლები სჭირდება ლტოლვილებისთვის და ჩემი თვალით უნდა ვნახო ყველაფერი. უკვე ხულოში ვარ, გთხოვ, მაქედან ფეხი არ მოიცვალო.
მეც დავემორჩილე მის თხოვნას, ბერიკაცებს კი ვუთხარი, რომ გურამს ველაპარაკე.
– გურამ თამაზაშვილი აჭარის საამაყო შვილია. ახალგაზრდობაში ბევრჯერ ამოსულა მთაში. შუამთობაზე ძელზეც ჩამომჯდარა და ჩვენთან ერთად უმღერია კიდეც.
– როცა მის სიმღერას ვუსმენ, ტანში ჟრუანტელი მივლის და ბევრჯერ თვალიდან ცრემლიც ჩამომდენია. სიმღერის დასრულებისას კი გულში ისეთი სითბო მრჩება, რომელიც ჭიქაში ჩარჩენილ შაქარს მაგონებს.
– გურამი დაუცლელი ქვევრია, საიდანაც ჭაშნიკის აღებისთანავე, ვინ იცის, კიდევ რამდენი კაცი შეზარხოშდება და აინთება… მისი სიმღერა ვაზის ჭიგოზე შემოხვევას ჰგავს.
– ჰო, მართალია, გურამი თავისი სიმღერით საამო ნიავივით მოედო მთელ ქვეყანას. ძნელია, საქართველოში სიმღერას რაიმე შემატო, პოპულარობა და აღიარება მოიპოვო, მითუმეტეს სიცოცხლეში, მაგრამ გურამმა ღვთითბოძებული ნიჭითა და შრომისმოყვარეობით ეს შეძლო.
– გურამ თამაზაშვილს სიმღერის ჯადოქარი შეარქვეს. მისი სიმღერა სიმღერაც არის, ცეკვაც, ხატოვანი მეტყველებაც, ფიქრიც და ოცნებაც… და, რაც მთავარია, ეს არის ქართული ხალხური საწყისიდან ამოზრდილი ხელოვნება… სიმღერა არის ხალხის ნაფიქრალისა და თავგადასავლის გამოხატვა, ვისაც «ხასანბეგურა», «ალიფაშა» და «ჩაღმა ჩაკრულო ვენახო» კარგად მოუსმენია, მიხვდება, რას ახმიანებს ამ სიმღერებით ერის ისტორია და მის შესრულებას ის გენი სჭირდება, რაც გურამ თამაზაშვილს აქვს.
– კაი გამარჯობა თქვენი, – თავზე წამოგვადგა გურამი.
– აი, იცოცხლე და იდღეგრძელე. კეთილი იყოს შენი სტუმრობა ამ ხეობაში.
გურამი ძელსკამზე ჩამოჯდა. დიდხანს ვისაუბრეთ ხეობის ისტორიაზე დღევანდელობაზე, მოიგონეს შუამთობაზე გატარებული დღეები. მოხუცები კითხვებით არ ასვენებდნენ გურამს, სურდათ მეტი გაეგოთ ბიძინა ივანიშვილზე. ბევრი რამ საინტერესო უამბო ამ უანგარო კაცზე აჭარლებს იმ დღეს გურამმა, ამით თითქოს თავისი სურვილიც დაიკმაყოფილა, რადგან ბიძინა ივანიშვილი გურამის სათაყვანებელი პიროვნება იყო.
მოხუცებს დავემშვიდობეთ და გზა განვაგრძეთ. გურამი ღიღინ-ღიღინით მიდიოდა. მან ყველა ტკივილი დაივიწყა – ხან ჩაიმუხლებდა, დაწყნარდებოდა, გაიტრუნებოდა, მაგრამ უმალ ჩიტების სტვენას აჰყვებოდა. გურამთან ერთად თითქოს მთელი არემარე მღეროდა. ჩვენ მას უკან მივსდევდით. მგლის მუხლი გამოიბა, ვერ ვეწეოდით. ალბათ, არც გვინდოდა, რადგან ვხვდებოდით, რომ ჩვენგან ძალიან შორს იყო და სულგანაბული ყურს ვადევნებდით ადამიანისა და ბუნების ამ ულამაზეს ურთიერთობას.
მთებზე თანდათან ჩამოწვა ბინდი. დევკაცების მაგვარი ჩრდილი გაიშალა მთის კალთებზე. საქმესაც მოვრჩით და ბათუმისაკენ გავემგზავრეთ.
ჩვენ სითბოთი და ხალისით სავსენი ვბრუნდებოდით და თან მოგვყვებოდა უზარმაზარი მოწიწებისა და პატივისცემის გრძნობა ამ დაძარღვული, წლებით დამძიმებული, გულმართალი ბერიკაცებისა.
მე კი კვლავ ბატონ ბიძინაზე ვფიქრობდი: «ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქნელიაო», – ამბობს უკვდავი შოთა და ბატონი ბიძინაც გამორჩევით მქნელია ყველა საქმისა, რომელსაც დიდი ნიჭი და სიყვარული სჭირდება. დიდია ბატონი ბიძინას ღვაწლი.
შთამომავლობამ უნდა იცოდეს იმ დიდი მამულიშვილების საქმეების შესახებ, რომელთა დახმარებითაც არაერთი საშვილიშვილო საქმე გაკეთებულა. ამიტომაც საჭიროა დაიწეროს წიგნი მისი სამაგალითოდ განვლილი ცხოვრების შესახებ.
ბატონმა ბიძინამ კარგად იცის, რომ ბეღურებს ზარბაზნებს არ ესვრიან, რომ მხოლოდ საქმეა საზომი «დროისა და ხანის». მაგრამ არც ჩვენ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მადლობის თქმა ტვირთია და ყველა კეთილმა ადამიანმა ეს ტვირთი თავის დროზე უნდა მოიხსნას.
მეც მინდა ეს ტვირთი მოვიხსნა, რომელსაც, დიდი ხანია, ვატარებ. გითხრათ დაგვიანებული მადლობა იმ ბერიკაცების სახელით თქვენი გაკეთებული მადლიანი საქმეების გამო. ბოდიში მოვუხადო იმ მოხუცებს, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ მათ დანაბარებს რაღაც ფორმით თქვენამდე მოვიტანდი. გურამის ავადმყოფობისა და გარდაცვალების გამო ეს დღემდე ვერ შევასრულე, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია და ამიტომაც გავბედე ამ დიალოგის ფურცელზე გადატანაც.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, უბრალოდ რომ ვთქვათ, კაცობისთვის. მე პირადად მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს დედას, რომელმაც თქვენისთანა შვილი აღზარდა, და თავს უფლება მივცე, ეს წერილი ნოდარ დუმბაძის სიტყვებით დავამთავრო: «ჭეშმარიტად გმირია დედა, რომელიც 12 შვილს გაუჩენს მამულს, მაგრამ უფრო გმირია ის დედა, რომელიც ერთ და ორ შვილს გაუზრდის მამულს შენისთანას. კურთხეულ იყოს შენი გამზრდელი დედა და კალთა მისი. კურთხეული იყოს ბუნება, რომელმაც ქვეყნად ყველაზე დიდი ნიჭით, სიყვარულის ნიჭით დაგაჯილდოვა».
მოამზადა
მარინა ხანთაძემ
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here