Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს დაშლის გეოპოლიტიკური მიზეზები

საქართველოს დაშლის გეოპოლიტიკური მიზეზები

1213

GEWORLD.GE:
საქართველოს ხელისუფლება, რუსეთის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ამ უკანასკნელის იმპერიალისტურ ზრახვებს მიაწერს. იგი ნერგავს ამ აზრს საზოგადოებაში მის ხელთარსებული ყველა რესურსის გამოყენებით. ხელისუფლების მიერ განხორციელებული იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული პოლიტიკის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ის, რომ მის მიერ დაშვებული შეცდომების გადაფარვა მოახდინოს ყველა უბედურების რუსეთზე გადაბრალებით.
თუ გადავხედავთ დიდი სახელმწიფოების პოლიტიკას პატარა სახელმწიფოების მიმართ, თითქმის იდენტურ მსგავსებას დავინახავთ, გინდა რუსეთი იყოს და გინდა _ ამერიკის შეერთებული შტატები. ყველა დიდ სახელმწიფოს ამა თუ იმ რეგიონში საკუთარი ინტერესები გააჩნია და პატარა ქვეყნის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები თანხვედრაში მოიყვანოს დიდი მოთამაშეების ინტერესებთან, ისე, რომ შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევისა და განხორციელების შემთხვევაში, აუცილებელია რეგიონით დაინტერესებულ დიდ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის არსებულ ძალთა წონასწორობის გათვალისწინება და მის საფუძველზე საგარეოპოლიტიკური კურსის ფორმირება. რეგიონული პოლიტიკის წარმოების დროს ძალთა ბალანსის გაუთვალისწინებლობით პატარა ქვეყანა ან გადანაწილების მსხვერპლი გახდება ორ დიდ სახელმწიფოს შორის, რასაც ადგილი აქვს საქართველოს შემთხვევაში, ან დაკარგავს დამოუკიდებლობას და ერთი რომელიმე იმპერიის მონური დაქვემდებარების ქვეშ აღმოჩნდება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცე ეთნოპოლიტიკურმა კონფლიქტებმა მოიცვა. საქართველოში ადგილი ჰქონდა ორ ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტს, რომლებშიც ქართველი საჯარისო ფორმირებები დამარცხდნენ და მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ფაქტობრივი კონტროლი დაკარგა.
საქართველოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აღიარების (და არა საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტად გახდომის) შემდეგ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეერთებულ შტატებსა და ნატოზე მონური დაქვემდებარებით განისაზღვრა. მაშინდელი და, აგრეთვე, დღევანდელი პოლიტიკური ელიტის მტკიცებით, საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში არსებულმა კონფლიქტებმა და რუსეთის პლიტიკამ საქართველოსთან დაკავშირებით და მისმა მხარდაჭერამ სეპარატისტული რეჟიმებისადმი.
რატომღაც შეერთებული შტატები და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურები მიიჩნეოდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტად. თუ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება მეტ-ნაკლებად განცხადებების დონეზე მაინც ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობას, ამას სააკაშვილის ხელისუფლებაზე ვერ ვიტყვით. მიუხედავად შერბილებული რიტორიკისა, შევარდნაძის საგარეო პოლიტიკა მაინც ცალსახად ამერიკისა და ამ იმპერიის საგარეო პოლიტიკური მიზნების რეალიზაციის უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის _ ნატოსკენ იყო მიმართული. შევარდნაძის ხელისუფლებამ 2002 წლის ნოემბერში გააკეთა განცხადება, რომლითაც სურვილი გამოთქვა ნატოში გაწევრიანებაზე. იმავე წელს ხდება ურთიერთობის ინტენსიფიკაცია ამერიკასთან, სამხედრო თანამშრომლობის კუთხით. შეერთებული შტატების მთავრობა იწყებს წვრთნისა და აღჭურვის 64-მილიონიან პროგრამას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით.
თუმცა ამ პროამერიკული კურსის განხორციელებისას  საქართველო (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარდა) სულ უფრო მეტად  ექცეოდა ამერიკის გავლენის ქვეშ, რაც კიდევ უფრო მეტად აშორებდა ფაქტობრივად დაკარგულ ტერიტორიებს. ე. შევარდნაძის მიერ საკუთარი პოლიტიკური რესურსების ამოწურვის შემდეგ, ამერიკელებმა აქცენტი ამერიკაში განათლებამიღებულ სააკაშვილზე გააკეთეს, რომელმაც სვლა ამერიკისკენ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო. მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა რუსეთისადმი აგრესიული პოლიტიკის გატარება, ქვეყნის მილიტარიზაცია და ამერიკელი პატრონების მიმართ მონური მორჩილება.
იმ პერიოდში საქართველოში ბევრ პოლიტიკოსს მიაჩნდა, რომ ქვეყანა, მ. სააკაშვილის ენერგიული პროდასავლური კურსის შედეგად, ნატოს წევრი გახდებოდა, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინ ვერაფერი აღუდგებოდა. თუმცა 2008 წელს MAP-ის წევრობის სამოქმედო გეგმის არ მიღებამ, გონივრულად მოაზროვნე ყველა ადამიანს დაანახა, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდებოდა და თან საკუთარ ტერიტორიებსაც შორდებოდა. MAP-თან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ მთავარი ევროპული სახელმწიფოების ლიდერები აუცილებლად შეეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის MAP-ის მიცემას. რომელი ევროპული ქვეყნის (საუბარია მთავარ მოთამაშეებზე) ლიდერი დათანხმდებოდა ქვეყნის მიღებას ნატოში, რომელსაც ორი კონფლიქტური რეგიონი გააჩნია და რომელსაც მართავს სრულიად არაადეკვატური პიროვნება?!
საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებითა და შემდგომში, ალბათ, ნატოს წევრობით წაქეზებული სააკაშვილი დიდი ალბათობით კონფლიქტურ რეგიონებზე კონტროლის აღსადგენად ძალას გამოიყენებდა (რაც შემდგომში მან გააკეთა, ოღონდ MAP-ის მიღების გარეშე), რითაც ნატოს წევრ ევროპულ სახელმწიფოებს ბირთვული იარაღის მქონე რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრევდა. უღირდათ კი პრაგმატულ ევროპელ ლიდერებს საკუთარი მოსახლეობის ომში ჩაბმა რუსეთთან საქართველოსთვის? პასუხი მხოლოდ ერთადერთი შეიძლება იყოს: “არა!”, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთი დასავლეთ ევროპელებისათვის, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, უფრო მეტიც, ის ევროპული კომპანიებისთვის საკმაოდ დიდი ბაზარია.
სააკაშვილის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკით (რომელიც არავითარ გეოპოლიტიკურ კანონზომიერებაში არ ჯდებოდა), საქართველო ნატოს წევრი ვერასოდეს გახდებოდა. პრინციპში, ამის შანსი საქართველოს არც არასდროს ჰქონია, მაგრამ საქართველო აუცილებლად დაშორდებოდა დაკარგულ ტერიტორიებს. ეს პოლიტიკა მხოლოდ ამერიკის პროტექტორატის ქვეშ მოქცევასა და ქვეყნის სრულ დესუვერენიზაციას მოასწავებდა, რაც შემდგომში მოხდა კიდეც.
ამ ხელისუფლების ყველაზე დიდ პოლიტიკურ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს ცხინვალის რეგიონში განხორციელებული სამხედრო ავანტიურა. ამ რეგიონში ომის დაწყებით საქართველო პირდაპირ ჩაება რუსეთთან ომში. მოვლენების ანალიზისას შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ სააკაშვილმა ომი დაიწყო ამერიკელების წაქეზებით, ვინაიდან მოვლენების ნებისმიერი განვითარება აშშ-ს ხელს აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს დიდი ინტელექტის მქონე ადამიანად არ მივიჩნევ, ელემენტარული აზროვნების უნარი ხომ მაინც აქვს და შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რომ რუსეთთან პირისპირ ომში საქართველო აუცილებლად დამარცხდებოდა.
ცხინვალის რეგიონში მოვლენები შეიძლება რამდენიმე მიმართულებით განვითარებულიყო და ნებისმიერი შედეგით ამ მოვლენების დამთავრება ამერიკელების ინტერესებში შედიოდა: თუ რუსეთი ამ ომში არ ჩაერთვებოდა და საქართველოს ხელისუფლება აღადგენდა კონტროლს ცხინვალის რეგიონზე, მაშინ გამოჩნდებოდა, რომ რუსეთს ვერ შესწევდა ძალა, რეგიონში დაეცვა თავისი ეროვნული ინტერესები, რითაც ცენტრიდანული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევდა ჩრდ. კავკასიის რესპუბლიკებში, რაც მომავალში შეიძლება რუსეთის დაშლით დამთავრებულიყო.
თუ რუსეთი ჩაერთვებოდა ომში (რაც მოხდა) და ქართული საჯარისო ფორმირებების დამარცხების შემდეგ მთელ ქვეყანას დაიკავებდა, მაშინ იგი შესაძლოა ჩათრეული ყოფილიყო პარტიზანულ ომში არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით. მოკლედ რომ ვთქვათ, მიიღებდა მეორე ავღანეთს, ხოლო ავღანეთის ომმა თუ რა სავალალო შედეგამდე მიიყვანა საბჭოთა კავშირი, ყველას ახსოვს.
მოვლენების მესამე გზით განვითარების შემთხვევაში, რასაც ადგილი ჰქონდა რეალურად, მოხდებოდა საქართველოს გადანაწილება ისე, როგორც ეს ამერიკის ინტერესებს შეესაბამებოდა. კერძოდ, ამერიკელები საქართველოს იყენებენ როგორც პლაცდარმს რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან და მათ დღევანდელი ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება სააკაშვილის ხელისუფლების იურისდიქცია, სრულად დააკმაყოფილებდათ.
როგორც ანალიზიდან ჩანს, ამერიკელებს ეს ომი აწყობდათ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციისთვის. ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენებითა და დასრულებული შედეგებით ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც გამარჯვებული დარჩა, არის აშშ.
რაც შეეხება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას კონფლიქტური რეგიონებისა, ეს ომის შედეგად ძალთა წონასწორობის შეცვლის შედეგი იყო. რუსულ გეოსტრატეგიაში სამხრეთ კავკასიასა და განსაკუთრებით საქართველოს ჰქონდა თავდაცვითი პლაცდარმის დანიშნულება. რაც შეეხება რუსული არმიის ყოფნას საქართველოში, მას  ორი სამხედრო სტრატეგიული ფუნქცია ჰქონდა: ალყაში მოექცია ზურგიდან ჩრდილოკავკასიელი მუსლიმები და რუსეთის საზღვრებისაკენ სამხრეთიდან წამოსული გეოსტრატეგიული მოწინააღმდეგე შეეკავებინა.
ომის დაწყებამდე, როდესაც არსებობდა სტატუს-კვო, კონფლიქტურ რეგიონებში განლაგებული იყვნენ რუსი სამშვიდობო ძალები. რეალურად ისინი გეოსტრატეგიულ ფუნქციას ასრულებდნენ, ოღონდ შეზღუდულ ფარგლებში. ომის შემდეგ ამ რეგიონების მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით შეძლებდა რუსეთი თავისი სამხედრო ნაწილების იურიდიულად ყოფნას კავკასიის ქედს გადმოღმა. სხვა შემთხვევაში კი, ის თავის გეოსტრატეგიულ ფუნქციას ვერ განახორციელებდა. სამშვიდობოების სტატუსით რუსეთი თავის ძალებს ვერ დატოვებდა: ან როგორ უნდა დაეტოვებინა იმ ქვეყანაში თავისი სამშვიდობოები, რომელთანაც ომი ჰქონდა გადატანილი, ან უნდა გაეყვანა თავისი შეიარაღებული ძალები და ამით სამხრეთ კავკასია პლაცდარმად გადაეცა ამერიკელებისთვის, რაც მისი მხრიდან საკუთარი ეროვნული ინტერესების ღალატი იქნებოდა.
ისე სიმართლე უნდა ითქვას, რომ კავკასიაში მიმდინარე პროცესები რუსულ-ამერიკული გეოპოლიტიკური სტრატეგიების დაპირისპირებას წარმოადგენს. სწორედ ეს სახელმწიფოებია რეგიონში გეოპოლიტიკურად აქტიური მოთამაშეები, საქართველო კი, სხვა პატარა ქვეყნების მსგავსად, გეოპოლიტიკურად პასიური ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც აშშ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, პაიკად იყენებს რუსეთის წინააღმდეგ.
როგორც ზემოთ ითქვა, 2008 წლის ომმა ძალთა წონასწორობის ცვლილება გამოიწვია კავკასიის რეგიონში, რამაც საქართველო კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო. არადა, სწორ გათვლებზე გაკეთებული პოლიტიკის შედეგად, შეიძლებოდა მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო.
ომამდე საქართველოს მდგომარეობა შეიძლება XX საუკუნის 20-იანი წლების ირანის მდგომარეობისთვის შეგვედარებინა. პირველი მსოფლიო ომით დასუსტებული რუსეთი 1918 წელს ბრესტ-ლიტოვსკის ზავით გამოვიდა. რუსეთი იმდენად დასუსტებული იყო, რომ არ შესწევდა უნარი დაეცვა თავისი ეროვნული ინტერესები. ინგლისს სურდა, ამ სიტუაციით ესარგებლა და თავისი სამხედრო ბაზები განეთავსებინა ირანის ტერიტორიაზე, რითაც ირანს საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცევდა და დიდი ალბათობით გამოიყენებდა რუსეთის წინააღმდეგ, რაც რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა. ამ პერიოდში მოღვაწე ირანელმა პოლიტიკოსებმა გეოპოლიტიკურ რეალიებს ძალიან კარგად აუღეს ალღო და 1921 წელს მოსკოვში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საბჭოთა რუსეთსა და ირანს შორის. ამ ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთი უარს ამბობდა ყველაფერზე ირანში, რაც კი მეფის რუსეთს ეკუთვნოდა, ოღონდ ერთი პირობით: თუ ირანის ტერიტორიას სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენებდა მესამე სახელმწიფო. თან ამ ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთი იტოვებდა საკუთარი ჯარების შეყვანის უფლებას ირანში იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე შეეცდებოდა ირანის ტერიტორიის გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის. ამ ხელშეკრულებით ირანი თავისუფლდებოდა სხვა ქვეყნის, კერძოდ ინგლისის, შეიარაღებული სამხედრო ბაზებისაგან, რითაც ირანისათვის შეიქმნა საუკეთესო პირობები დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.
საქართველოსაც ირანის მსგავსი საგარეო პოლიტიკა უნდა ეწარმოებინა, ვინაიდან კავკასიაში არსებული ძალთა წონასწორობა ამის საშუალებას იძლეოდა. იმ პერიოდში, კავკასიაში ორი გეოპოლიტიკური ფაქტორი უპირისპირდებოდა ერთმანეთს, რუსეთი და აშშ. რუსეთი, როგორც ცივ ომში დამარცხებული საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე სახელმწიფო, სიძლიერის თვალსაზრისით, ჩამორჩებოდა ამერიკას თითქმის ყველა კომპონენტში: იდეოლოგიურში, ეკონომიკურში და სამხედრო თვალსაზრისით,  თუმცა იგი ამ სისუსტის კონპენსირებას  რეგიონისადმი გეოგრაფიული სიახლოვით ახდენდა, რაც მას სამხედრო სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებდა მოწინააღმდეგესთან შედარებით და ეს მომენტი აბალანსებდა იმ უპირატესობას, რომელიც ამერიკას გააჩნდა. როგორც უკვე არა ერთხელ ითქვა, აშშ-ს საქართველო სჭირდებოდა პლაცდარმად რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთს კი პირიქით _ თავდაცვითი ზღუდის ფუნქციის შესრულებისთვის, რათა მისი უშუალო გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე არ მოეშვა თავისი საზღვრების სიახლოვეს. იქმნებოდა სიტუაცია, რითაც ორი ძალა ებრძოდა ერთმანეთს, რათა არ დაეშვათ ერთიმეორის ერთპიროვნული გაბატონება კავკასიაში.
ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში საჭირო იყო საბჭოთა რუსეთსა და ირანს შორის დადებული ხელშეკრულების მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება რუსეთთან, რითაც საქართველოს უნდა აეღო ვალდებულება, რომ იგი არ მისცემდა უფლებას მესამე სახელმწიფოს, გამოეყენებინა საკუთარი ტერიტორია სამხედრო მიზნებისთვის. თუკი უცხო ქვეყანა შეეცდებოდა, გამოეყენებინა საქართველოს ტერიტორია სამხედრო მიზნებისთვის, ამ შემთხვევაში რუსეთს უნდა მისცემოდა უფლება, საკუთარი შეიარაღებული ძალები შემოეყვანა საქართველოში. ასეთი ტიპის საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჰქვია დიდ სახელმწიფოთა მიერ ურთიერთშეკავების პოლიტიკა. სწორედ ასეთი ტიპის საგარეო პოლიტიკის შემთხვევაში, აფხაზეთი და ცხვინალის რეგიონი იმ სტრატეგიულ მნიშვნელობას დაკარგავდა რუსეთისათვის, რომელიც დღეს აქვს. საქართველო არათუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან იქნებოდა ახლოს, არამედ გეოპოლიტიკურად პასიური მდგომარეობოდან, გეოპოლიტიკურად ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს შეიძენდა, რითაც საქართველო რეალურ დამოუკიდებლობას მიიღებდა და არა მოჩვენებითს, როგორიც დღეს  აქვს.
ამგვარი ხელშეკრულების დადება ელცინის რუსეთთან შეუძლებელი იყო, ვინაიდან მაშინდელი რუსეთის ხელისუფლება ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ყველა მიმართულებით, მაგრამ პუტინის პრეზიდენტობის დროს ეს სავსებით რეალური იყო, რაც ვერ გამოიყენა საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ და საბოლოოდ ქვეყნის დაშლით დაგვირგვინდა.
ირაკლი უბილავა

1 COMMENT

  1. "…მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს დიდი ინტელექტის მქონე ადამიანად არ მივიჩნევ, ელემენტარული აზროვნების უნარი ხომ მაინც აქვს და შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რომ რუსეთთან პირისპირ ომში საქართველო აუცილებლად დამარცხდებოდა". –იქნებ პირიქით,და მშვენივრად იცოდა რა მოყვებოდა ამ ნაბიჯს?!და შეგნებულად აშშ–ს ინტერესები გაატარა და არა საქართველოსი??

  2. რუსეთისადმი მტრული ჯარების აკრძალვა საქართველოს ტერიტორიაზე, 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში ხომაა ნაკისრი? ამ ხელშეკრულების შესრულებით, ახლაცაა შესაძლებელი ურთიერთშეკავების დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება, ეროვნული ინტერესების დასაცავად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here