Home რუბრიკები საზოგადოება თუ ცრუობ, იცრუე ბოლომდე, ანუ მიშა შიკლგრუბერის «მაინ კამპფი»

თუ ცრუობ, იცრუე ბოლომდე, ანუ მიშა შიკლგრუბერის «მაინ კამპფი»

GEWORLD.GE:
როცა გერმანიის ქალაქები: ბერლინი, შტუტგარტი, დიუსელდორფი, დრეზდენი და სხვა თითქმის მთლიანად ნანგრევებად იქცა, უზარმაზარი პლაკატები გააკრეს წარწერით: «გაუმარჯოს გერმანიის პირველ მშენებელს – ადოლფ ჰიტლერს!». პრესაში გამოქვეყნდა ფიურერის დადგენილება «ახალი ბინების მშენებლობის სააქციო საზოგადოების შექმნის შესახებ». მოსახლეობას ჰპირდებოდნენ, რომ ომის დამთავრების შემდეგ, ეს საზოგადოება სასწრაფოდ აუშენებდა მათ დანგრეულზე უკეთეს ბინებს, ოღონდ ღირებულების მეოთხედი ახლავე უნდა შეეტანათ.

სახეზეა გულუბრყვილოებზე გათვლილი ჭკვიანური თაღლითობა. ხომ არ გახსენდებათ შევარდნაძის ილეთი, ბანკში შეტანილი ფულის მომდევნო წელს ორმაგად მიღების შეპირების სანაცვლოდ სამი თითის კომბინაცია რომ მიიღეს?!
ინგრეოდა და მიწასთან სწორდებოდა გერმანია იმის მიზეზით, ვისზეც გაჰყვიროდნენ, გაუმარჯოს გერმანიის პირველ მშენებელსო. «ჰაილ ჰიტლერის» ბღავილით ხვდებოდნენ ამ სიგიჟეს და ომის დამთავრებას ელოდნენ, რომ ჰიტლერი ადრინდელზე უკეთეს ბინებს აუშენებდათ; ამ დონეზე გამოათაყვანა ხალხი ნაცისტური სიცრუის ბანგით მოწამვლამ.
ბერლინს რომ უტევდნენ, გებელსი მაინც გაჰყვიროდა: რუსეთი დგას გადამწყვეტი დამარცხების წინაშე, ჩვენ უკან ვიხევთ, მაგრამ მაინც გავიმარჯვებთო. გებელსს მაინც შერჩენოდა რეალობის შეგრძნების რაღაც ნატამალი, რომ არ იძახოდა, უკვე გავიმარჯვეთო.
ქართველმა ნაცისტებმა უფრო შემოქმედებითად დაბუმბლეს სიცრუის ბარტყები. ამერიკელების მიერ დროულად მორგებული პამპერსებით გულდამშვიდებულები აღრიალდნენ, – გავიმარჯვეთო.
ამათ, რაც უნდათ, ის იძახონ, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ყოველი ჩადენილი სისულელე, თავხედობა, უზნეობა თუ აღვირახსნილობა საქართველოს ეწერება, რამეთუ ამ ქართველთმოძულეებს საქართველოს ხელისუფლება ქვიათ, სინამდვილეში კი ამერიკელთა მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში დანიშნული გაულაიტერის ბანდაა.
ერთხელ ჰიტლერმა ხალხი შეადარა ნეხვის გროვას, საიდანაც ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის მაგნიტს ამოაქვს რკინის ნაჭრები, ანუ ღირსეული ადამიანები – ნაცისტები.
ხალხი კი ერის უკვდავების ნაყოფიერი უჯრედებისგან შემდგარი მასაა, რომელსაც შერეული აქვს ნაციონალური მოძრაობის ნაგავი და ამ, ერისთვის მძიმე განსაცდელის ჟამის დუღილში მთელი ეს ჭუჭყი ზედაპირზე მოექცა. ახლა მხოლოდ ქვეყნისთვის თავდადებულთა მიერ ქაფქირით ამათი მოქაფვაა საჭირო, რათა საღი ეროვნული სიწმინდეები აღარ დასვარონ.
ფაშიზმის ნაციონალ-სოციალისტურ ჭირს მედეა გორგონასავით მოჰკვეთეს თავი, მაგრამ მისი შხამიანი სისხლი დედამიწას ასპიტის კბილივით ამოხეთქავს ხოლმე და, სადაც მისწვდება, შხამავს სიკეთესა და კეთილდღეობას.
ნაციონალ-სოციალისტური ერქვათ და თავიანთი სოციალისტობით ხალხზე ზრუნვას იბრალებდნენ. ესენი ნაციონალური მოძრაობა არიან და ნაციონალები, ალბათ, იმიტომ დაირქვეს, რომ ქართველთა ნაციონალურ გადაჯიშებას ემსახურებიან; მოძრაობით კი გვარიანად ირჯებიან თავიანთი უძირო სტომაქის ამოსავსებად. რაც შეეხება სვასტიკას, სანამ მთლად არ აიწყვეტენ, ზურგს უკან მალავენ. სამაგიეროდ ჯვრები ბატიბუტივით დააყარეს დროშას, ჯვაროსნებმა საფუძვლიანად რომ შეარცხვინეს; ესენი კიდევ საქართველოს სახელმწიფო დროშას ეძახიან მანამ, სანამ მისი ფრიალით ფაშისტებივით მოუსავლეთში არ გადასახლდებიან.
ჰგონიათ, დრო შეაჩერეს და მათ ნაგავში მოსრიალებას ვეღარ შეძლებს. არადა, დრო თავისი დინებით მიდის და თან მიაქვს ამ მანიაკთა მიერ მოწამვლით დამახინჯებული დღევანდელობა, მომავალი თაობის მიერ სინანულით გასახსენებლად.
რა ხდება? ჩვენთან რატომ იჩინა თავი კაცობრიობის ყველაზე დიდმა ჭირმა, რომელსაც გადაგვარებულ ადამიანთა ხროვის ხელისუფლების სათავეში გაძრომა ჰქვია? მსოფლიოს ხალხებისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს გერმანიის ფაშიზმით დაავადების სავალალო შედეგები.
დაავიწყდათ ის საშინელება და ზოგიერთი დიდი სახელმწიფო ისე თამაშობს ამგვარი უბედურების (სხვის გასაღიზიანებლად) პატარა ქვეყნებში დანერგვით, რომ ამ ბაცილისგან სულაც არ არის დაზღვეული. არადა, რაც უნდა დიდხანს და შენიღბულად იცრუოს, ბოლოს სიმართლის მსახვრალი ხელის გასაწეწი უნდა გახდეს.
«თუ ცრუობ, ბარემ იცრუე ბოლომდე,» – უთქვამს ბისმარკს და ამერიკელებიც ასე ღიმილითა და კოვბოის დამბაჩის ქნევით დააგორებენ სიცრუის კარეტას მსოფლიოს ხალხთა შორის, სანამ სიმართლე ნაწილებად არ დაშლის ამ ისტორიის სანაგვის პროდუქტს.
ვერავითარი აგიტაცია და ჩიჩინი ვერ დაანახებდა ქართველ ხალხს ამერიკელთა ნამდვილ სახეს მათ ლაქია მარიონეტებზე უკეთ. ახლა ყველამ იცის, რომ ამერიკელები იმათ უფრო აბეჩავებენ და აკნინებენ, ვინც მათი მუსიკის ჭყიპინზე შლეგის აღფრთოვანებით როკავს. სახეზეა ამერიკელთა მიერ ოკუპირებული ჩვენი ნაფერები საქართველო და ოკუპანტების ლაქია ნაციონალთა ამერიკაზე ნოსტალგიური ქაქანი.
ცრუ დემოკრატიისათვის ბრძოლის დემონი კი დაქრის მსოფლიოში და, ვინც არ მოსწონს ან ვისი ლუკმის მოტაცების სურვილი მადას უფორიაქებს, დემოკრატიისათვის მებრძოლის ნიღბით უფრთხობს მშვიდობის მტრედებს და მის ეროვნულ სიმდიდრეს მეკობრის განუკითხაობით ითვისებს. დიახ, ეს დემონი დაჭენაობს მსოფლიოში, ზოგს ძალით და ზოგს სიცრუით ძარცვავს. რომელ სახელმწიფოსაც მისი მარიონეტი ლაქიები დაეპატრონებიან, მორიგი ლუკმის მიგდების გაუმაძღრობაშეყრილები განუკითხავად უყეფენ ვისაც მიუქსევენ. სწორედ ამგვარი გოშიების აქტივობით თავქარიანობს ჩვენი დღევანდელი, ხელისუფლებად წოდებული, ამერიკელთა გაულაიტერად ქცეული პრეზიდენტი და მისი მსგავსი ქვეყნის ამომგდებთა «შპანა».
თუნდაც პარლამენტად წოდებული ინდაურთა თავყრილობა, სულ ახლახან რომ მიიღეს სასაცილო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ჩერქეზებისთვის გენოციდის მოწყობის შესახებ. ნახეთ, საქართველოს პრობლემების პატრონები ახლა ჩერქეზებს ისე გადასწვდნენ, რომ ისინი აზრზეც არ არიან, რაში დასჭირდათ ეს უცნაური ხმაური საქართველოს პარლამენტში. ამათ კი ასე ერთგულად შეუძლიათ პატრონის დავალების შესრულება. არადა, იმ პატრონის მიერ ჩადენილი გენოციდი მსოფლიოში უპრეცედენტოა. წლების განმავლობაში დაუზოგავად ჟლიტეს ინდიელები, საკუთარი მიწა-წყალი წაართვეს, მათი სულიერი მამა სეტენ ბული, უკვე მშვიდობიან რეზერვაციაში შეგდებული, მოკლეს და ბავშვები, მოხუცები, ფეხმძიმე ქალები თუ ავადმყოფები – ყველა გაწყვიტეს. ამერიკის ხელისუფლებამ კი მკვლელები გმირებად გამოაცხადა. მათ არც ატომის ბომბებით იაპონელი დიდ-პატარა მშვიდობიანი მოსახლეობის ამობუგვა ეთვლებათ დანაშაულად და არც იაპონიის ოკუპაციის დროს ათ მილიონამდე იაპონელის შიმშილით ამოწყვეტა. ეს სასაცილო ინდაურები კი საქართველოს პარლამენტის სახელით რუსეთს ედავებიან და სრულიადაც არ აწუხებთ თურქების მიერ მილიონ-ნახევარ სომეხთა გაჟლეტა, რადგან პატრონისგან ამგვარი დავალება არ მიუღიათ. სამაგიეროდ სარწმუნოებაზე კანონი სასწრაფოდ გამოაცხადეს სხვისი გულის მოსაგებად, ქართველთა მართლმადიდებლობის არაფრად ჩაგდების ხარჯზე.
ჰიტლერის მუდმივი თანამგზავრი და მეხოტბე, დიტრიხი წერდა, – ვინც ერთხელ შეხვდებოდა ჰიტლერს, იტყოდა, რომ ის ნორმალური ადამიანი არ იყო; ვინც მეორედ შეხვდებოდა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა, რომ ის გიჟია… ღმერთო, მე ახლაც ჟრუანტელი მივლის იმის გახსენებაზე, რომ იქნებ მართლაც გიჟი მართავდა ჩემს ქვეყანას თორმეტი წლის განმავლობაში(?!).
ნუთუ შენ არ გებადება ასეთი აზრი, ქართველო კაცო, როცა მიშას (ერთხელ და ორჯერ კი არა, ყოველდღიური ტელეშოუთი) სატანისებური ბოდვით გიქრობენ შენი მრავალტანჯული სამშობლოს გადარჩენისათვის გამოსაზრდელ ალგეთის ლეკვებისათვის ანთებულ ქვეყნისა და ერის ერთგულების უწმინდეს სანთელს.
ყოველდღიური შოუები კი საჭიროა მისი თავიდან მორიგი ორთქლის გამოსაშვებად. ოღონდ ყვარყვარეს სიზმრების დუღილი ისე მალიმალ ემართება, რომ ორთქლის გამოშვება ინტენსიურად სჭირდება, რათა ილუზიებით გახურებულმა თავმა ომი არ წამოიწყოს და მერე შიშისგან დამფრთხალს წითელი ხიდიც ვეღარ შეაჩერებს.
ამდენი სექსუალური აღვირახსნილობის თუ სექსუალური უკუღმართობების რეკლამირება, შოუებზე მაღალჩინოსან ნაციონალთა მხიარული გართობა, უმარილო ოხუნჯობაზე გადამლაშებული ხარხარი ფარეხში აჩხავლებულ კატასავით ართობს შიმშილის ბრჭყალებთან შეჭიდებულ უსპეტაკესი ზნეობის, მორალისა და პატიოსნების ერს. ამ მლაშე თუ უმარილო შოუებით თავიანთ ჭიას ახარებენ. ტლინკაობენ ჯიბესქელი და ლაშქონიანი არსებანი, თან დროდადრო აბღავლებენ ამათ აკომპანიმენტად ნახირივით მორეკილ დაქირავებულ მსმენელებს.
საშინლად ჩავეფლეთ გარყვნილების, უზნეობის, გაპირუტყვების ჭაობში. ქართული სპეტაკი ზნეობისა და მორალის შედევრები მსოფლიოს კინემატოგრაფიაში მარგალიტებად ბრწყინავდა. ახლა კი ეს ყბამოთქლეშილი ტელევიზიები ხალხს ექაჩებიან უაღრესად ბინძური «ჭამა და სექსის» საყურებლად. გარყვნილება, უზნეობა და უწმაწური სიტყვების კორიანტელი – აი, დღევანდელი ამათი ცხოვრების წესი და განუკითხაობის სიმყრალისკენ მიმავალი გზა, ინდაურთა და უცხო ქვეყნის ლაქიათა.
აგვისტოს ავანტიურას შეეწირა საქართველოს შემორჩენილი პრესტიჟი; შევარდნაძის მონაგრებულ ლტოლვილებს ახლა მიშასიც მიემატა.
ერის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა ღალატი საკუთარი მთავრობისადმი, რომელსაც ქვეყანა დაღუპვისკენ მიჰყავს, პატრიოტის უმაღლეს მოვალეობად იქცევა, – ტალეირანის ეს ბრძნული შეგონება დღემდე არ გახუნებულა.
კვიციანმა კოდორის ხეობა შეინარჩუნა, ამათ გააჩუქეს, კვიციანი მოღალატედ გამოაცხადეს, მისი და დააპატიმრეს. ამერიკელთა მიერ ოკუპირებულ საქართველოს მარიონეტ ხელისუფლებას მხოლოდ ქვეყნის დამაქცევარი მანქურთები სჭირდება, სხვა ყველა განათლებული, პატიოსანი, ერისა და ქვეყნისთვის თავდადებულნი ამათი მოღალატეა, აბა რა.
სულმდაბალთა მიერ აღზევებული უგნური რომ ამაღლდება, ქვეყანას უცხო დამპყრობთა თარეში სანატრელი გაუხდება; მუხთალი მხოლოდ მუხთლობის ნერგს ახარებს თავისი ბოროტებით მოწამლულ ნატარზე.
9 აპრილის ტრაგედიამ ქართველი ხალხი შეაშფოთა. მიუხედავად იმისა, რომ ჯუმბერ პატიაშვილს არ ეკითხებოდნენ ამ სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებას, ის მაინც გადადგა.
მოიცილეს ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები, მეორედ შემოვარდა შევარდნაძე და სისხლიანი კვალი დაატყო თავის ნატარს. დემონსტრაციების დახვრეტა ახლა უკვე აღარავის უკვირდა, არც სამეგრელოს ვანდალური დარბევით საქართველოს ხერხემალში გადატეხის მცდელობა და აფხაზეთის ავანტიურის სამარცხვინოდ დამთავრების შემდეგ თბილისქალაქობის ზეიმი. უამრავი უბედურების მთესველი ეს არსება არ წავიდა, სანამ მუდამ შევარდნაძეობაზე მიჩვეულმა გავარდნაძეობით არ დაამთავრა სოფლის დამაქცევარი გზირი.
«ნაციონალებმა» ხომ მთლად აიწყვიტეს: მიტინგების სადისტური დარბევა, ადამიანების ქუჩაში განუკითხავი ხოცვა, რბევა და დაპატიმრება, ცხინვალის ავანტიურა, დაკარგული ტერიტორიები, ახალი ლტოლვილები; სახალხო ქონების გასხვისება; საზარელი 26 მაისის შემდეგ სისხლიანი, მუქარითა და ტრაბახით შენელებული სამხედრო პარადი. ამდენი უბედურების შემოქმედს სინდისის ნატამალიც რომ ჰქონოდა, გადადგებოდა. ის კი უფრო მუქი სიცრუის კვამლით გვაბრმავებს. აი, სადამდე გაიხრწნა ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის შეგნება.
«თუ ცრუობ, ბარემ იცრუე ბოლომდე», მუქარით შენელებული ღალატით იჯირითე მრავალტანჯულ საქართველოში, სანამ შენგანვე გაწამებულ ქართველთა სამსჯავრო არ მოგასრიალებს მოუსავლეთში.
დღეს არ იხსენებენ, რანი ვიყავით და რა საშინელ უბედურებაში ვფართხალებთ მუხთალ არსებათა კარიერისტული ამბიციების გამო.
დამოუკიდებლობა გინდოდა? რაზე მიძვრები ამერიკის გაუმაძღარ სტომაქში?! იქნებ დაფიქრდე და გაიხსენო, რომელ ხალხს უყო სიკეთე მაგ ოკეანისგაღმელმა «სპრუტმა». სანამ მთელი ლათინური ამერიკა კუდის რიკამდე არ გაფრცქვნა, ძლივს დაინახეს მისი ნიღაბსშიგნითა სიფათი.
საქართველოს უბედურება დაიწყო ერის მოამაგე და ქართველთა ხრუშჩოვის ძალადობისგან გადამრჩენელი მჟავანაძის მოცილებით. ღვარძლის პარკუჭმა შევარდნაძემ კი საქართველოს უბედურებას ჩაუყარა საფუძველი. ციტრუსებისა და სხვა სოფლის პროდუქტების რუსეთში გატანის აკრძალვით პირველი მძიმე დარტყმა მიაყენა ქართველი კაცის კეთილდღეობას და პატიოსან ავტორიტეტს, როცა მისი ემისრები რუსეთის ბაზრებში დაძვრებოდნენ ქართველი კაცის სპეკულანტად წარმოსაჩენად.
კომუნისტობის დროინდელი მისი ცოდვები უპასუხოდ დარჩა და თავკაცის პოსტზე მეორედ შევარდნილმა უარესი ცოდვები ამრავლა. ამ ქვეყნიდან თუ ასე შხამის ნთხევით გაასწრო, ნუ დაავიწყდება, არიან მკვდრები ხალხის მკაცრ სამსჯავროს რომ იმსახურებენ.
როდის ყოფილა, ნარეკლის თესლზე ხორბალი, ქერი ან სიმინდი აღმოცენებულიყო. ხალხი შევარდნაძის გავარდნას ზეიმობდა, ამ დროს კი მისივე გამოზრდილი მასზე უარესი უბედურება მიძვრებოდა ცოდვების საშინელი დოლაბების ასაბრუნებლად.
როცა ვინმეს დაღუპვა გინდა, მოყვარე შეაძულე და მის მტრად აქციე; ცრუ მოკეთეებდასეულს გაჭირვება, უბედურება და ბოლოს მოსპობის დემონი მაღლა აღარ აახედებს.
ფეოდალების მიერ დაქუცმაცებულ საქართველოს ჭაობში ჩავარდნილი მსხვერპლივით ისრუტავდა მსოფლიო ერებს შორის გაქრობის კოშმარი.
რუსეთი მოგვევლინა მაშინ მხსნელად: წართმეული ტერიტორიები დაგვიბრუნა, გაგვაერთიანა და შესაჭმელად დასეულ მტაცებლებს კუდით ქვა ასროლინა.
სოციალიზმის დროს საქართველოს აყვავება და გაძლიერება რუსეთის მეგობრული მხარში დგომის ნაყოფი იყო.
დღეს რომ გაყვირით, რუსეთი ოკუპანტიაო, თქვენ თვითონ ამერიკის მიერ ოკუპირებულნო! შეეშვით მაგ ოკეანისგაღმელ «რვაფეხას» და რუსეთის დახმარებით ისევ გავერთიანდებით და ავყვავდებით. მაგრამ ღალატის ბაცილაშეყრილს იმასთან შეძრომა გინდა, ნატო რომ დაირქვა და დიდ მტაცებელს ადევნებულ ტურასავით ატერორებენ მათ, ვინც მათ როკვაში ფეხს არ უწყობს. საქართველო რუსეთმა გამოჰგლიჯა მტაცებლებს პირიდან და გააერთიანა, შენ აქუცმაცებ. თბილისი გაშინებს და ქუთაისს ამზადებ სეპარატისტული ერთეულის ცენტრად. თუ იქაც მოგეცარა ხელი, აგერ – ბათუმი და თურქეთში გადასახვეწი უვიზო სარფის საბაჟო.
რომელი დამპყრობი გაბედავდა, – პირველი კლასიდანვე ბავშვს ჩემი ენა ასწავლეთო, რომელი მასწავლებელიც ჩემს ენაზე ბჟუტურებს, სხვაზე მეტი ხელფასი მიეცითო; ვერც უამრავ ხალხს შემოყრიდა, ჩემებურად გაანათლეთო.
საქართველოდან ქართველები გარბიან, რამეთუ სამშობლო გაუყიდეთ. აღარც მიწა აქვთ, აღარც საწარმოები და სამუშაო; დამშეული და გაჭირვებული საზღვრებს აწყდება, რომ როგორმე ამ ჯოჯოხეთს დააღწიოს თავი. აფხაზები და ოსები რაზე გადაიყვლეფენ მუხლებს ჩვენთან ერთად ნატოში შესვლის ღალატში სულის ამოსაძრობად. არადა, ისტორიულად ამ ჩვენს განუყოფელ ძმებთან სადავო რა გვქონდა თუ არა შევარდნაძის და «ნაციონალთა» ღვარძლიანი ამბიციები.
ამერიკა ჩვენი მეგობარიაო და ამ გაქუცულმა თეთრმა მელამ იმდენი უმუხთლა რუსეთს, რომ აიძულა, სავიზო რეჟიმი შემოეღო მისი ძმა და მეგობარი ხალხისთვის, რომელიც ამ საშინელებისგან ხსნას ისევ რუსეთისგან ელის.
ერთ კაცს სილა გააწნეს, განაწყენებულმა ქვეყანა შეყარა, ამას რა დამავიწყებსო?! – წიხლს რომ ამოგკრავო, მიიღო პასუხი.
თეთრ მელაზე უარესი რომ ვერ წარმოგვედგინა, ამ ნაცისტებმა მაშინდელი ჯოჯოხეთი სანატრელად აქციეს.
ჰიტლერს ეჯავრებოდა კაცი მასწავლებლები და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მათ. სულ იმუქრებოდა, სკოლებში ფელდფებელებს გავაგზავნიო; ამათ ჰიტლერის მუქარა მანდატურებით აღასრულეს.
სასულიერო პირების დანახვაზე ცოფს ყრიდა, ერთხელაც იქნება, მაგათ გავუსწორდებიო; ესენი ღირსეულად ასრულებენ ჰიტლერის მუქარას.
ფიურერმა უკეთ იცისო, მრავალი გერმანელი ბრმა იარაღის როლით კმაყოფილდებოდა; ბევრი სადისტად იქცა და ბოლოს უფსკრულში ჩაიჩეხნენ. ბუნებით კეთილი, სენტიმენტალური გერმანელი იქცა მკვლელად, სადისტად, ჯალათად.
თქვენ მოკალით, პასუხისმგებლობას მე ვკისრულობო, – გაჰყვიროდა გერინგი და ნიურნბერგის პროცესზე პასუხისმგებლობიდან გაქცევის მცდელობაში ახალა თავი ქვას.
ბოლო დროს გებელსი გაჰყვიროდა: – ჩვენ წავალთ, მაგრამ ისე, რომ დედამიწამ ზანზარი დაიწყოს!.. დედამიწა არა, მაგრამ ბერლინი კი ზანზარებდა ბომბების სეტყვის ქვეშ.
განა შეიძლება ადამიანი ეწოდოს იმას, ვინც 26 მაისს მომიტინგეები ველური დაუნდობლობით აწამა?! ნახეთ, რამდენი ადამიანის გადაგვარება შეძლეს!
გაფრთხილდი, ქართველო კაცო! ესენი მრავალ კეთილშობილ ახალგაზრდას გადააგვარებენ მკვლელებად, სადისტებად, ჯალათებად და თვითონ განკითხვის სამსჯავროს წინ რომ აბოლდებიან, იმ გადაგვარებულ არსებებსაც თან გაიყოლებენ.
მურია გააქეზეს და მგელს შეაჭამესო. ეს გოშიები ამერიკელთა წაქეზებით უღრენენ, ვისაც მიუქსევენ, და მგელს თუ შეეჭამა, ამერიკელები სულაც არ ჩაიცვამენ შავს. სავალალო კი ის არის, რომ საქართველოს სახელით აყეფებულები ამ ქვეყანას უბედურებისკენ ექაჩებიან.
– თუ მე დავიღუპები, დაე, დაიღუპოს გერმანელი ხალხიც! – წამოიძახა ჰიტლერმა.
ამათ უფრო დიდი მიზეზი აქვთ ქართველი ხალხის დაღუპვისა, რამეთუ ადრე თუ გვიან მისი სუსხიანი სამსჯავროს წინაშე მოუწევთ ჩადენილი ცოდვების ერთმანეთზე გადაბრალება. ცოდვებს კი ვერ დათვლი, რამეთუ ამათი ყველა ნაბიჯი ცოდვების, ღალატის, ქართველი ხალხის გადაგვარების ჭაობში ღრმად ჩაფლობაა.
გივი სომხიშვილი,
მწერალი
15 აგვისტო, 2011 წელი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here