GEWORLD.GE:
რეზო ძოძუაშვილი – სპორტის დამსახურებული ოსტატი, დამსახურებული მწვრთნელი. სსრ კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 49 მატჩი, სსრ კავშირის უმაღლეს ლიგაში – 301. უამრავ გუნდში – ბალტიისპირეთიდან დაწყებული, უკრაინისა და რუსეთის გავლით, საუდის არაბეთის ჩათვლით ფეხბურთელად, მწვრთნელად მრავალჯერ იყო მიწვეული. დღეს ბატონი რეზო «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია.
– ბატონო რეზო, ფეხბურთში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა (21 წლის ასაკამდე) ქუთაისში ესპანელებთან მატჩი წააგო ანგარიშით 7:2. ამ გამანადგურებელი და, პირდაპირ ვთქვათ, სამარცხვინო წაგების მიუხედავად, გულშემატკივრები საფინალო სასტვენამდე მხარს უჭერდნენ ჩვენს გუნდს.
რამდენიმე დღის შემდეგ ეროვნული ნაკრების მატჩზე ლატვიის ფეხბურთელებთან მაყურებელი არ მივიდა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო. არადა, ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდებოდა ქომაგთა მხარდაჭერა.
რას ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე, რამ გააცივა მაყურებლის გული?
– მოკლე პასუხის გაცემა ამ შეკითხვაზე შეუძლებელია. მოგეხსენებათ, რომ ფეხბურთი ადამიანების სიცოცხლის ერთგვარი არტერიაა, გულშემატკივრებს დიდი ფეხბურთის დიდოსტატებთან ერთად გაჰქონდათ ყოველთვის გამარჯვების ლელო. წარმატების საწინდარი ამ ორმხრივი კავშირის, ამ ტანდემის არსებობის აუცილებლობაა.
საქართველოში ფეხბურთი ეროვნული, თაობათა ტრადიციაა, ჩვენი ბაბუებიდან შვილებსა და შვილიშვილებში გადმოცემული. წარმოუდგენელია ამ კავშირის დარღვევა, თუ მართლა გულშემატკივრობა, ქომაგობაა და თუ მართლა ესმით ფეხბურთი, თუ თავდადებაა.
მოვიდა თუ არ მოვიდა სტადიონზე მაყურებელი? პრობლემაა. ძალიან ბევრ გულშემატკივარს დღეს ბილეთის ფულიც არ აქვს, თუმცა ზოგჯერ მაინც ახერხებს და ათასნაირი ხრიკებით შეიპარება სტადიონზე.
მაგრამ არ გამოვა არაფერი, მაყურებელს ვერ დავიბრუნებთ, თუ არ შევალთ იმ დინებაში, იმ ოკეანეში, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთი ჰქვია.
– ჩვენ ამოვარდნილი ვართ ამ დინებიდან?
– რა თქმა უნდა. უბედურება კი ისაა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო დავკარგეთ სწორი გეზი, მაშასადამე, – პოზიციებიც. თუ უწინ მატარებლის წინა ვაგონებში ვიყავით, დღეს ბოლო ვაგონში მივჩანჩალებთ.
– რომელიც ძალიან ირყევა ლიანდაგზე.
– ძალიან. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთეულების ძალისხმევით და მონდომებით ამ სიტუაციიდან ვერ გამოვალთ. მსოფლიო ოკეანეზე რომ ვილაპარაკე, იქ ჩვენს დიდ ტალღას ვერ შევქმნით ჩვენი პატარ-პატარა შენაკადებით.
– თქვენ ძალიან პოეტურად ლაპარაკობთ. კარგია, მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს?
– მაყურებელი საქართველოში დიდ ფეხბურთს ვერ ნახულობს.
– რატომ მოხდა ასე?
– ფაქტია, რომ ჩვენ სხვებზე ადრე შევქმენით XXI საუკუნის გუნდი, ჩვენმა თაობამ ჩაუყარა საფუძველი. მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, მაშასადამე, სპორტული ცხოვრებაც ისე განვითარდა, რომ ვეღარ შევძელით ამ საფუძვლის შენარჩუნება და განვითარება.
ახალ ხელმძღვანელებს კი უნდა ევროპული და ახალი, მაგრამ, თუ ძველ გამოცდილებაზე უარი თქვი, თუ სახელმოხვეჭილი სპორტსმენები, სპორტის გამოცდილი ორგანიზატორები უგულებელყავი, დაივიწყე ქართული ფეხბურთის სიმდიდრე, არაფერი გამოვა.
– ასეთია «ჩარეცხვის» პოლიტიკა.
– სპორტი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში თუ არ არის აყვანილი, თუ იგივე ფეხბურთი ფინანსურად არ არის უზრუნველყოფილი, ამას კი ვერ გაექცევი, ჩათვალეთ, რომ სასურველ შედეგს ვერასოდეს მივაღწევთ.
რა არის საჭირო პრობლემის გადასაწყვეტად? პირველ რიგში, – მკაცრი ხელი. მუშტი უნდა დაერტყათ მაგიდაზე და ეთქვათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სიჭინავასთვის – ან საქართველოს ნაკრებს მსოფლიო პირველობაზე გაიყვან, ან სამუდამოდ უნდა ჩამოსცილდე ფეხბურთს! ასე ეუბნებოდნენ თავის დროზე ქვეყნის ხელმძღვანელები ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს და შედეგიც სახეზე იყო.
თუ არ გაქვს ამის თავი, წადი, გაეცალე, ნუ მოჰკიდებ ხელს იმას, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს.
გავიდა ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი სიჭინავას ხელში და რა მოხდა? გამოსწორდა საქმე? – პირიქით!
ჩვენ ისეთ ჯგუფში მოვხვდით, რომ საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა გასულიყო ევროპის პირველობაზე იმ შემადგენლობითა და იმ ძალებით, რითაც ასეთი ვაივაგლახით მოვიყვანეთ იგი დღემდე.
– კერძოდ, რას გულისხმობთ?
– თუნდაც იმას, რომ ქართულ ფეხბურთს მწვრთნელად დავუბრუნეთ პიროვნება, რომელიც ჩვენი აღზრდილი იყო, ჩვენი სკოლა ჰქონდა გავლილი. თემურ ქეცბაიაზე ვლაპარაკობ – ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელზე.
მანამდე ტოპმიულერიც გვყავდა, ვინ არ ჩამოიყვანეს, დიდად გამოცდილი და აღიარებული მწვრთნელები, მაგრამ ვერავინ მოერგო ქართულ ფეხბურთს და საქმე უკან-უკან წავიდა. თემურ ქეცბაიამ ქართულ ფეხბურთთან ერთად გაიარა გაჭირვებისა თუ წარმატებების გზა და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ უცხოელებზე მეტს გააკეთებდა.
– მაგრამ ასე არ მოხდა.
– რატომ ვერ გააკეთა ქეცბაიამ უფრო მეტი, იცით? თუ ჩხუბობ, მაგარი მუშტი უნდა გქონდეს. ათივე თითი მაგრად უნდა გქონდეს შეკრული. თუ სამი თითით გადიხარ საჩხუბრად…
– მიიღებ სამი თითის კომბინაციას?
– კი, მიიღებ სამი თითის კომბინაციას. მარტივ პარალელს გავავლებ. ერთი რუსული ზღაპარია თალგამის ამოღებაზე: Дедка за репку, бабка за дедку და ასე მიყოლებით тянут, потянут, вытянуть не могут.
– ბოლოს თაგვმა უშველა.
– ასეა. ვინ წავიდა ჩვენი «თალგამის» – ქართული ფეხბურთის და მისი ფედერაციის ამოსათრევად ჩამორჩენილობის ნიადაგიდან? ევროპის პირველობაზე და მსოფლიო პირველობაზე გასასვლელად?
სიჭინავას, ფედერაციის პრეზიდენტს, ამ საქმის შემძლედ და გამკეთებლად არ ვთვლი. ეს კაცი ამბობს, თუ გინდათ, სტადიონს აგიშენებთ და ბალახიან მინდორს მოგიწყობთო… სად მშენებლობა და სად… ფეხბურთი?
– მაგრამ სათამაშო მინდვრის პრობლემასაც რომ ვერ დაედგა თავი? ბორის პაიჭაძის სტადიონზე ნაკრების ერთ-ერთი თამაშის ჩაგდების შემდეგ ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, მინდორზე კი არა, ყანაში ვთამაშობდითო. ისეთ ცუდ დღეში იყო «დინამოს» სტადიონი.
– უფრო მეტიც: კარგი იყო თუ ცუდი, «დინამოს» მინდორზე ჩვენი გუნდი შეჩვეული იყო თამაშს და ლატვიასთან გადამწყვეტი მატჩის წინ ეს სტადიონი მესხის სახელობის სტადიონით შეუცვალეს, როცა ჩვენთვისაც და ლატვიელებისთვისაც უცხო მოედანი იყო. საკუთარი მოედნის უპირატესობა დავკარგეთ. ესაა პროფესიონალიზმი?! ეს ბატონი სიჭინავა იძახის, რომ მე მოვიყვანე სამი კაცი, პროფესიონალი, და, თუ ქართული ფეხბურთი ჩავარდა, ამათი ბრალი იქნება. ვინ არიან ისინი? – ხურცილავა, ჩივაძე, გაბელია. მისაღებია? მისაღებია და გმადლობთ.
მაგრამ ამათმა აქტივობამ, რომელიც მაინც და მაინც გამორჩეული არ იყო, საქმეს ვერ უშველა. მიზეზი ისაა, დიდი ფეხბურთელების მთელი არმია დაუსაქმებელი რომ გყავს და იმ «თალგამის» ამოღებაში მონაწილეობას რომ ვერ იღებენ, ესეც ხომ ფაქტია?
წავედით და დავეტაკეთ ესპანეთის ფეხბურთს. წავაგეთ. რატომ, იცით? იმიტომ, რომ ესპანეთის ფეხბურთი დი სტეფანოდან იწყება, გერმანული ფეხბურთი – ბეკენბაუერიდან, ჰოლანდიური – კრუიფიდან, ევროპის ფეხბურთს სათავეში უდგას პლატინი. ამათ ტრადიციებზე ვითარდება და არსებობს ყველა გრანდი.
სანამ იგივე არ გაკეთდება ჩვენთან, სანამ ჯერ კიდევ მდიდრები ვართ გამორჩეული სახელებით, სანამ არსებობენ შენგელიები, გუცაევები, სულაქველიძეები, თუნდაც ძოძუაშვილები და კიდევ ვართ ბევრნი, ამათ პლიუს ჩვენი გაზრდილები – კალაძე, ქინქლაძე, არველაძეები, ჯამარაული, ყაველაშვილი, სხვები და სხვები, თუ ამათი ერთობა არ შევქმენით, ამათ არ ჩავაბარეთ ქართული ფეხბურთის ბედი და არა ისეთ შემთხვევით ადამიანებს, რომლებიც ფედერაციას ჩაუყენეს სათავეში, სულ იმ ზღაპრული თალგამის ამოღების მცდელობაში ვიქნებით და ძვრასაც ვერ ვუზამთ.
ასეთი ერთობის შექმნა ვერ მოახერხა იმ პიროვნებამ, რომელიც ფედერაციას უდგას სათავეში. «სტადიონის მშენებელმა» ქართული ფეხბურთი იქ მიიყვანა, სადაც დღესა ვართ.
ერთ დამახასიათებელ ტენდენციაზეც გეტყვით.
ჩავაგდეთ ევროპა. ჩატარდა მსოფლიო პირველობის კენჭისყრა და, იცით, როგორი იყო ამათი რეაქცია? – «სიკვდილის ჯგუფში» მოვხვდითო.
მსოფლიო პირველობაზე რომელი ჯგუფია იოლად გასასეირნებელი?! რომელი თამაში არ არის «სასიკვდილო»?!
«სიკვდილის ჯგუფიო» კი არ უნდა ვიძახოთ და ამთავითვე შევეჩვიოთ წაგებას, პირიქით, მაგრად უნდა დავდგეთ, ვაჟკაცურად. აქაა საჭირო მკაცრი ხელი: შეგიძლია? გააგრძელე! არ შეგიძლია? წადი და საქმე დაუთმე იმას, ვინც იბრძოლებს.
ყველაფერი თავიდან მოდის. ვინ იყო ქართულ სპორტში პირველი პიროვნება, როცა საქართველო განსაკუთრებით ბრწყინავდა? გიორგი სიხარულიძე, რომელიც სპორტის ყველა სახეობაში საფუძვლიანად იყო ჩახედული და ყველა წამყვან სპორტსმენს არა მარტო პირადად იცნობდა, არამედ მათი პოტენციურ პროფესიულ შესაძლებლობაშიც ერკვეოდა და ყოველმხრივ უწყობდა ხელს, ეს შესაძლებლობანი სრულად გამოევლინათ.
ახლა რა მდგომარეობაშიც სპორტია, ისეთი ხელმძღვანელიც გვყავს.
შესანიშნავი ფორმულაა: «ფეხბურთში თამაშამდე უნდა იფიქრო, ვიდრე შემდეგო».
– არც თამაშის შემდეგ ფიქრობენ?
– არც თამაშის შემდეგ…
– მაშ, რა ვქნათ?
– მე, როგორც პროფესიონალმა, მაგიდაზე უნდა დაგიდოთ პროგრამა, რომლითაც თუნდაც «სიკვდილის ჯგუფიდან» მსოფლიო პირველობაზე უნდა გავიდეთ. ეს უნდა გავაკეთო მე (პირადად ჩემ თავს არ ვგულისხმობ), ვისაც ფეხბურთის აღორძინებასა და განვითარებაში გარკვეული წვლილი მაქვს შეტანილი და ვალდებული ვარ, კვლავაც შევიტანო. ჯერ უნდა დავასაბუთო ეს პროგრამა, სანამ გულს აიცრუებს მაყურებელი და ნახევარ სტადიონსაც არ შეავსებს, დაგარწმუნოთ, რომ ხალხიც გვყავს და პროფესიული მზაობაც გაგვაჩნია თანამედროვე ფეხბურთის სათამაშოდ.
გვაქვს ამის პოტენცია.
მარტო სამი კაცი, ვინც ზემოთ ვახსენე, ამას ვერ გაქაჩავს.
მაგალითად, თბილისის «დინამოში» უნდა იყოს მსოფლიო დონეზე ნაბრძოლი ორი კაცი მაინც. გუნდებში მუშაობაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი.
კარგად არის ნათქვამი: ვინც ახალს დაივიწყებს, თვალი უნდა ამოთხარო, ვინც წარსულს – ორივე! განა შეიძლება, რომ ხელმძღვანელობის პრეტენზია ჰქონდეს იმას, ვინც არ იცნობს ქართული ფეხბურთის პირველ ნაბიჯებს, არაფერი გაუგია იმაზე, როგორ თამაშობდნენ სამი-ორი-ხუთს, ან ერთსა და ათს, და ლაპარაკობდეს სტრატეგიასა და ტაქტიკაზე, რომელიც მატჩის მსვლელობისას ლამის ყოველ ხუთ წუთში იცვლება?!
აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით რომ ჩამოაყალიბებ მოქმედების პროგრამას, წარუდგენ ხალხს და იგიც მოგიწონებს, რადგან ხალხია ყველა თამაშის თანამონაწილე, შეძლებ ქართული ფეხბურთი სტაგნაციური მდგომარეობიდან გამოიყვანო.
– შეძლებს ჩვენი ხელისუფლება ამის გაკეთებას?
– მთავრობამ რა იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, ეროვნული ნაკრები მსოფლიო პირველობაზე რომ გაიყვანოს?! ამათ ბორის პაიჭაძისა და ავთანდილ ღოღობერიძის თამაშიც არ უნახავთ, ვერ წარმოუდგენიათ, რომ მიშა მესხი საბჭოთა ფეხბურთის კერპი იყო.
ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. მაგრამ, თუ ჩემს ემოციურ საუბარს ჩხუბად და აგრესიად აღიქვამთ, ერთმანეთს ვერ გავუგებთ. აი, ეს ვუთხარი სიჭინავას ჩვენს ბოლო შეხვედრაზე. რა მიპასუხა, იცით?
– არა.
– რას მებლატავებიო. მაშინ მივხვდი, რომ ამ კაცთან საუბარი არ გამოვა. თუმცა თავს კარგად იმართლებს – მაგაზე ხურცილავასა და გაბელიას ელაპარაკეო.
მთავრობა ამას ვერ ხედავს, ვერ ერკვევა ვითარებაში. მაგრამ მე ხომ არ ვერევი პოლიტიკაში? მე ველაპარაკებოდი ნოდარ ახალკაცს (უმცროსს), მერაბ ჟორდანიას, ახლა – სიჭინავს და კიდევ ვინც არის – მომავალი, იმასაც დაველაპარაკები.
ჩვენ, ფეხბურთელებს, თავიდან გვიშორებენ და იწყებენ მეპურეებიდან… საქართველოში ყველას ჰგონია, რომ ფეხბურთი იცის.
– და ეკონომიკა.
– მთავრობას რატომ არ მინდა დავაბრალო, იცით? იმიტომ, რომ არც მე, არც ხურცილავას, არც მიშა მესხს და სლავა მეტრეველს მთავრობისთვის არ გვითამაშია, ჩვენ საქართველოსთვის ვთამაშობდით.
– და იგებდით.
– ბევრს ვჯობნიდით… აი, ეს თუ დაიკარგა, დამთავრდება ყველაფერი.
– ბავშვთა ფეხბურთი?
– ყველა თავს იმართლებს ბავშვთა ფეხბურთით. ეს იმას ჰგავს, მძიმე ავადმყოფს მარტო სიცხის დაწევაზე რომ უმკურნალო. სისტემა უნდა აამოქმედო – საბავშვო ბაღიდან, ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული და შემდეგ – ახალგაზრდული, გარდატეხის პერიოდის, მოყვარული ფეხბურთის პერიოდით გაგრძელებული და პროფესიული, მსოფლიო დონის ფეხბურთით დაგვირგვინებული. რომელი ქვეყანაც ამ სისტემას აამოქმედებს, ის იგებს კიდეც.
– ეგ ხომ იყო?!
– იყო ჩვენთან და არის ყველა ქვეყანაში, სადაც ამ საქმეს ფეხბურთელები ლიდერობენ. საქართველოშია მოშლილი, ფეხბურთელები – უგულებელყოფილი. ხომ გახსოვთ, რა მოწოდებები იყო: თბილისის «დინამო» უნდა დაინგრეს, რადგან კაგებეს და მილიციის გუნდი არისო. დღესაც ყვირიან ამას ზოგიერთები. გადმონაშთიაო! გადმონაშთი ყოფილა პაიჭაძის, ღოღობერიძის, მესხის, მეტრეველის, ჩოხელის, ყიფიანის, იამანიძისა და ბევრი სხვა დიდოსტატის «დინამო».
შემდეგი პრობლემაა მწვრთნელები. ვინაა დღეს ფეხბურთელების აღმზრდელი? მწვრთნელის ლიცენზიის გამცემი? ლიცენზია გაქვს? მწვრთნელი ხარ! ბეჭდიანი ქაღალდი ყოფილა ყველაფერი!
– ვინ იძლევა ლიცენზიებს?
– ფედერაცია და მისი თანამშრომელი დარსაძე, რომელსაც ეროვნული ნაკრები ჩააბარეს. ყველაფერი ჩააგდო. პროფესიონალებს კი ახლოს არ აკარებენ.
– რა აკლია დღეს ქართულ ფეხბურთს?
– გლადიატორები აკლია, რომლებიც უკომპრომისო ბრძოლებისთვის იქნებიან მზად. მაშინ უძლიერესიც დაფასდება, ეროვნული ჩემპიონატის დონეც ამაღლდება, მაყურებელიც მივა სტადიონზე, ნაკრებიც კარგი გვეყოლება და ჩვენი საუბარიც ოპტიმისტური იქნება.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე
P.S. რეზო ძოძუაშვილი სიამოვნებით იხსენებს ბესტის, ჯაიჩის წინააღმდეგ ჩატარებულ ბრძოლებს მსოფლიო პირველობაზე:
– ბესტის ორი მაისური ჩამოვიტანე. ერთი თბილისის მუზეუმს ჩავაბარე, მეორე – ქუთაისისას. დღემდე მიდიან და ქუთაისის მუზეუმს 50 ათას დოლარს აძლევენ, მოგვყიდეთო. მეორე მაისური 50 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა და არსად არ ჩანს.
ჩრდილოეთ ირლანდიაში რამდენიმე ხუთფუნტიანი ბანკნოტი გამოუშვეს ბესტის გამოსახულებით. ერთი მე გამომიგზავნეს ბარათით: ყველაზე ღირსეულ მოწინააღმდეგეს, რომელიც სუფთად ეთამაშა ბესტის და შეძლო მისი ნეიტრალიზება.
ეს იყო და რჩება უნიკალურ ფაქტად.