Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი ამერიკელებს კოსოვოს აღიარებისკენ მოუწოდებდა

მიხეილ სააკაშვილი ამერიკელებს კოსოვოს აღიარებისკენ მოუწოდებდა

604

«მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ხანდახან სისულელეებს ლაპარაკობს, ის სულელურს არაფერს გააკეთებს,» _ ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, «WikiLeaks»-ის ახალ პუბლიკაციას თუ ვენდობით, 2007 წლის 3 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, დენიელ ფრიდთან საუბრისას გააკეთა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში სააკაშვილის ხელისუფლებამ სადისტურად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები თბილისში, რითაც გამოიწვია განხეთქილება საზოგადოებაში და მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დაძლეული, პრინციპში, დღემდე არ არის, სულ რაღაც ცხრა თვის შემდეგ კი საქართველო საშინელ ომში გახვია. როგორც ჩანს, ილჰამ ალიევს სააკაშვილის  კეთილგონიერების სჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ცხადყოფს: ის, ვინც სისულელეებს ლაპარაკობს, ადრე თუ გვიან რაიმე სულელურს ჩაიდენს.

გამოცხადებული თვითმკვლელობის ქრონიკა
«WikiLeaks»-ის მიერ გამოქვეყნებული ტელეგრამა, რომელიც ალიევისა და ფრიდის საუბარს ასახავს, მთლიანობაში ძალზე საინტერესოა, თუმცა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთს განვიხილავთ, რომელიც საქართველოს უშუალოდ ეხება. მაშ ასე, 2007 წლის ნოემბერია და ყველასთვის ცხადია, რომ მალე დღის წესრიგში კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დადგება: «ალიევმა თქვა, რომ კოსოვო რეგიონისთვის სერიოზული პრობლემაა. ის ფიქრობს, რომ რუსეთი აფხაზეთს აღიარებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კოსოვოს ცალმხრივად აღიარებენ. სააკაშვილმა ალიევს ვილნიუსში უთხრა (იქ 2010 წლის 10 ოქტომბერს «სუამ»-ის საიუბილეო სამიტი ჩატარდა. _ ავტ.), რომ, თუ რუსეთი აფხაზეთს აღიარებს, საქართველო რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს და თავისი ძლიერი არმიით და სამხედრო ბიუჯეტით აფხაზეთს სამხედრო გზით დაიბრუნებს. ალიევმა უთხრა ფრიდს, რომ მოვლენების ამ ჯაჭვმა შეიძლება რეგიონის «აფეთქება» გამოიწვიოს და აქედან მოდის მისი შეშფოთება კოსოვოსთან დაკავშირებით». რეალურად აღიარება ომს მოჰყვა და არა პირიქით: ომი _ აღიარებას, თუმცა ამ ჰიპოტეტური სცენარის ფარგლებშიც კი, რომელსაც ალიევი და ფრიდი განიხილავდნენ, რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელი ჩანს, რადგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთანავე რუსეთი, სავარაუდოდ, საკუთარ თავზე მისი დაცვის ვალდებულებასაც აიღებდა, ისევე, როგორც ეს აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა. ასე რომ, ეს ჩვენი აგამემნონი, ეს ჩვენი ჰალსტუხიანი სციპიონი და, ასე ვთქვათ, ანრი დე ლა ტურ დ’ოვერნ ვიკონტ დე ტიურენი საკუთარი მხედართმთავრული ნიჭის გამოვლენის შანსს, როგორც ჩანს, ხელიდან ამ სცენარის ფარგლებშიც არ გაუშვებდა.
შესაძლოა, ილჰამ ალიევი, როდესაც ვილნიუსში სააკაშვილის აღგზნებულ მილიტარისტულ რიტორიკას ისმენდა, მივიდა დასკვნამდე (ან უბრალოდ იგრძნო, დაინახა რაღაც თანამოსაუბრის ამღვრეულ თვალებში), რომ საფრთხე რეალურია და სააკაშვილს საქართველო სისხლიანი კატასტროფისკენ მიჰყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, ალბათ, ამ მომენტს ცალკე არ გამოყოფდა და შემოიფარგლებოდა ფორმულით «სისულელეებს ლაპარაკობს».
კიდევ ერთი ციტატა: «ალიევმა თქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა მაისში მასთან ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს განიხილავს, მაგრამ არა მთიანი ყარაბაღის. ფრიდი დაეთანხმა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა მთიან ყარაბაღში «უსიამოვნება გამოიწვიოს». ლავროვის კომენტარის მიუხედავად, ის არ ფიქრობს, რომ რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. აშშ-ის ხელისუფლებამ შეატყობინა რუსეთს, რომ აფხაზეთის აღიარება ორმხრივ ურთიერთობებში მთავარი პრობლემა გახდება და ამის თაობაზე სახელმწიფო მდივანმა რაისმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი თავადვე გააფრთხილა. თუ რუსეთი აფხაზეთს აღიარებს, აშშ და ევროპა ისეთი ძალით უპასუხებენ, რომ ეს რუსეთის «დამცირებას» გამოიწვევს». ამ შემთხვევაში, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფრიდი სავსებით ადეკვატურია, რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარება «ჩვეულებრივ პირობებში», ფორს-მაჟორული გარემოებების გარეშე, დასავლეთის კონსოლიდირებულ, მკვეთრ რეაქციას მართლაც გამოიწვევდა და აქედან გამომდინარე, რუსეთს ამის გაკეთება ნამდვილად არ უღირდა. მაგრამ სააკაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ შექმნა სიტუაცია, რომელმაც დასავლეთის ასეთი რეაქცია შეუძლებელი გახადა. «ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის წინააღმდეგ,» _ წერია «ტალიავინის კომისიის» დასკვნაში. ამ გარემოებამ კრემლს დასავლეთთან საუბარში დამატებითი (თუ არა მთავარი) არგუმენტი მისცა.
«ფრიდი და ალიევი შეთანხმდნენ, რომ ქართველების სამხედრო პასუხი რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე უგუნური იქნებოდა და ფრიდმა თქვა, რომ გააფრთხილა სააკაშვილი, აფხაზეთში სამხედრო ვარიანტი არ გამოიყენოს. ფრიდმა უთხრა სააკაშვილს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი აფხაზეთს აღიარებს, საქართველო «მსოფლიოს მხარადაჭერას იგრძნობს». აქ, ალბათ, «WikiLeaks»-ის კიდევ ერთი პუბლიკაციის ციტირება დაგვჭირდება; 2007 წლის 9 ოქტომბერს ვაშინგტონში გაგზავნილ ტელეგრამაში აშშ-ის ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი წერს: «ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სააკაშვილი მართალია იმაში, რომ ამ კონფლიქტების სამხედრო გადაწყვეტა შეუძლებელია». ამ გზავნილში სააკაშვილი (ირაკლი ოქრუაშვილისგან განსხვავებით) წარმოჩენილია ერთგვარ «მშვიდობის მტრედად». ტელეგრამის გაგზავნიდან მეორე დღეს ხსენებულმა მტრედმა, ილჰამ ალიევის თქმით, მას ვილნიუსში განუცხადა, რომ «თავისი ძლიერი არმიით» აფხაზეთს სამხედრო გზით დაიბრუნებს. აქ საქმე, ალბათ, გარკვეულ შეუსაბამობასთან გვაქვს, თუ სააკაშვილი (ტეფტის მიხედვით) ასეთი პაციფისტი გახლდათ, რაღა საჭირო იყო მისთვის გაფრთხილების მიცემა (ფრიდის მიხედვით), და საერთოდ, იცოდა თუ არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მარჯვენა ხელმა, რას აკეთებდა მარცხენა? იყო თუ არა ჯონ ტეფტი ადეკვატური თავის შეფასებებში?
ამის დადგენა მხოლოდ თეორიულ ინტერესს როდი წარმოადგენს. ასეთი ბუნდოვანებისა და, ერთის შეხედვით, უმნიშვნელო დეტალების მიღმა, სავარაუდოდ, იმალება კარგად მიჩქმალული სიმართლე აგვისტოს ომისა და ჩვენი ეროვნული კატასტროფის შესახებ.
ნუ გეშინია, ამერიკავ…
საინტერესოა, რა რეაქცია ჰქონდა სააკაშვილს ფრიდის ამ «გაფრთხილებაზე»? «თავის მხრივ, სააკაშვილმა უთხრა ფრიდს კოსოვოსთან დაკავშირებით, რომ აშშ-მა თავი რუსებისგან «შეშინებულად» არ უნდა იგრძნოს, არამედ წინ უნდა წავიდეს და კოსოვო აღიაროს,» _ ნათქვამია «WikiLeaks»-ის მიერ გამოქვეყნებულ ტელეგრამაში. რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამაზე? კროსვორდების მოყვარულები რომ იტყვიან, «დოსტოევსკის რომანი, ექვსი ასო ჰორიზონტალით» _ ეს, ალბათ, ფინიშია. საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში მსგავსი რეპლიკები ძნელად თუ მოიძებნება. არ შეგეშინდეს, ამერიკავ, მიშა შენთანაა… რა მოხდენილი მიდგომაა ზესახელმწიფოს წარმომადგენელთან ურთიერთობაში; შურით აღვსილი ტალეირანი, ალბათ, საფლავში ციბრუტივით ტრიალებს. თითოეული ნაბიჯი კოსოვოს დამოუკიდებლობის გზაზე ვაშინგტონში ათასჯერ აწონეს, გათვალეს და დაგეგმეს კიდეც და ამ დროს მოდის ეს ადამიანი, რომელიც ამ შემთხვევაში, ალბათ, «თვითმავალი ანეგდოტის» საპატიო წოდებას იმსახურებს, საუბრობს შიშზე, როგორც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორზე, და თეთრ სახლს გოროზ რჩევებს აძლევს. როგორც ცნობილია, საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. 2008 წლის 8 მაისს ბათუმში  რუსი ჟურნალისტების ჯგუფთან შეხვედრაზე სააკაშვილმა თქვა: «ჩვენ კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ. ეს ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ მართლები ვართ. საჭირო იყო სერბებისა და ალბანელების მოლაპარაკებისთვის გაცილებით მეტი შესაძლებლობის მიცემა. ვფიქრობ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით იჩქარეს» («Известия»). თუმცა, თუ «WikiLeaks»-ი და დენიელ ფრიდი არ ტყუიან, სააკაშვილი ჩუმად აქეზებდა ამერიკელებს, კოსოვო ეღიარებინათ. ისე, რუსთაველმა დეტალურად კი დაწერა, რა შედეგები მოაქვს სიცრუესა და ორპირობას და, როგორც ვხედავთ, სააკაშვილის გადამკიდე, «საკუთარი კოსოვო» სახლიდან გაუსვლელად, საქართველოში მივიღეთ.
ფაქტია, ამერიკელი დიპლომატის რეპლიკა მოცემული სახით უცნაურ, დაუსრულებელ შთაბეჭდილებას ტოვებს, გამოდის, რომ მას შემდეგ, რაც ფრიდმა გააფრთხილა სააკაშვილი, რომ აფხაზეთში ძალა არ უნდა გამოიყენოს, მან, «თავის მხრივ», კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა. არანაირი გამყოფი ამ ორ მონაკვეთს შორის (მაგალითად, «სააკაშვილმა მითხრა, რომ სამშვიდობო დარეგულირების მომხრეა») არ შეინიშნება. ცხადია, ანგარიში შეხვედრის შესახებ სრული სტენოგრამა არ არის, თუმცა საკვანძო მონაკვეთის მსგავსი «ამოვარდნა» ტექსტის კიდევ ერთ ადგილას გვხვდება. ციტატა: «ფრიდმა უთხრა სააკაშვილს, რომ საქართველოს ინსტიტუტები ჯერ კიდევ სუსტია და განმტკიცებას საჭიროებს, დღეს კი საქართველოში «ყველაფერი სააკაშვილია». ამასთან დაკავშირებით, უმჯობესი იქნებოდა, სააკაშვილს უკეთესი საპარლამენტო ოპოზიცია ჰყოლოდა. ალიევი დაეთანხმა, რომ «იქ არავინ იყო, ვინც სააკაშვილს ჩაანაცვლებდა», თუმცა თქვა, რომ პარლამენტის სპიკერი ნინო ბურჯანაძე კარგი ადამიანი გახლდათ». ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რას «დაეთანხმა» ალიევი? ფრიდი თითქოსდა არაფერს ამბობს იმაზე, რომ სააკაშვილი შეუცვლელია, მეტიც, ამის თქმა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დეკლარირებულ პრინციპებთან სერიოზულ წინააღმდეგობაში შევიდოდა. მაგრამ ალიევი რაღაცას მაინც «ეთანხმება», თუმცა, ამასთანავე, ალტერნატივის არსებობაზე მიანიშნებს. თქვა თუ არა ფრიდმა შუალედში, რომ სააკაშვილს ალტერნატივა არ აქვს?
ამ შეხვედრის შემდეგ 10 დღე გავა და 7 ნოემბრის დარბევის კვალობაზე «Washington Post»-ი დაწერს: «მიშამ, როგორც მეგობრები უწოდებენ, სულ რაღაც ერთ კვირაში ამერიკულ «დემოკრატიის მხარდაჭერას» უფრო მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე თორმეტი პერვეზ მუშარაფი ოდესმე შეძლებდა». გავა სამი თვე და იმავე ნინო ბურჯანაძეს თუ დავუჯერებთ, დასავლელი პარტნიორები, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილს ხელისუფლების სათავეში ხელმეორედ მოიყვანენ, თანაც საქართველოს მოქალაქეების არჩევანის უგულებელყოფის ხარჯზე: «ყველამ ვიცოდით, რომ მეორე ტური იყო, მაგრამ ამაზე ყველამ თვალი დავხუჭეთ. მშვენივრად მახსოვს, ჩვენი დასავლელი მეგობრების ასეთი… დაჟინებული რჩევები, განსაკუთრებით ჩემი მისამართით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოგვეცხადებინა მეორე ტური,» _ თქვა ბურჯანაძემ «Эхо Москвы»-სთვის მიცემულ ინტერვიუში (11.07.2011). შემდეგ კი იყო აგვისტოს ომი და, ალბათ, უნდა დავიჯეროთ, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ, პენტაგონის შესაბამისმა სტრუქტურებმა და კიდევ უამრავმა უწყებამ, რომელთა მოვალეობას ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი წარმოადგენს, არ იცოდნენ, ვერ განჭვრიტეს, რომ სააკაშვილი საქართველოს ომისკენ მიაქანებს. ან იქნებ იცოდნენ? და თუ იცოდნენ, რატომ იცავდა აშშ სააკაშვილს კბილებით, მაშინ, როდესაც მის გადაყენებას ძალიან ცოტა აკლდა? ალიევის რეპლიკა, ვილნიუსის საუბართან დაკავშირებით, ამ კონტექსტში, ალბათ, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ერთგვარი ტესტი; მას, შესაძლოა, აინტერესებდა ფრიდის რეაქცია მეტად საგანგაშო სიგნალზე, რომელიც მოვლენათა მოსალოდნელ განვითარებაზე საკუთარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას მისცემდა.
კეთილგანწყობის დაცლილი მარაგი
«WikiLeaks»-ის მიერ გამოქვეყნებულ ამ ტელეგრამაში კიდევ რამდენიმე საგულისხმო მონკვეთი არის: «ფრიდმა თქვა, რომ სააკაშვილს «მუდმივი მეგობარი სჭირდება, რომელიც სამეზობლოს იცნობს». აშშ-ს ყოველთვის როდი შეუძლია ასეთი მეგობარი იყოს, მაგრამ საქართველო აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორია და შეუძლია ასეთი მეგობარი გახდეს. ალიევი დაეთანხმა და თქვა, რომ სააკაშვილი ყოველთვის ურეკავდა, როდესაც დახმარება სჭირდებოდა, და რომ აზერბაიჯანი «ყოველთვის ეხმარება საქართველოს»: 2004 წელს _ იარაღის, გასულ ზამთარს _ გაზის, ბოლო დროს კი, როდესაც სააკაშვილმა პორტუგალიიდან დაურეკა და ხორბლის დეფიციტის შესახებ ამცნო, ხორბლის მოწოდების ჩათვლით. რუსეთი უკმაყოფილო იყო აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებით საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით გასულ ზამთარს გაზის მიყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ ალიევმა თქვა, რომ «რუსეთს სომხეთი ჰყავს, ჩვენ კი _ საქართველო». შესაძლოა, აქ ფრიდი საქართველო-აზერბაიჯანის შემდგომი დაახლოების აუცილებლობაზე მიანიშნებდა ან სულაც იმაზე, რასაც სააკაშვილმა მოგვიანებით «კონფედერაცია» უწოდა (რა იგულისხმა მაშინ კონკრეტულად, დღემდე ვერავინ გაარკვია), ორი ქვეყნის სვლა ამ მიმართულებით შტატებისთვის მეტად ხელსაყრელი იქნებოდა. ალიევმა, თავის მხრივ ყურადღება, ორმხრივი ურთიერთობის დეტალებზე, ტაქტიკურ შემადგენელზე გაამახვილა, თუმცა, სავარაუდოდ, მიანიშნა, თუ ვინ არის, მისი აზრით, დონორი და პოტენციური «უფროსი ძმა» ორი ქვეყნის ტანდემში და იმის იქით აღარ წასულა.
«ფრიდმა თქვა, რომ სააკაშვილი, ისევე, როგორც ალიევი, პოპულარულია და ორივე «კარგი დროის პრეზიდენტია» და შეუძლიათ კეთილგანწყობის მარაგს დაეყრდნონ». ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში სააკაშვილმა მიიღო ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება (7 ნოემბრის დარბევა) იმ გრძელი და ავბედითი სიიდან, რომელმაც მისი და ილჰამ ალიევის მოჩვენებითი მსგავსება წარსულს ჩააბარა. ალიევის მმართველობა დღესაც აზერბაიჯანის აყვავებას უკავშირდება და მას, ალბათ, კვლავინდებურად შეუძლია, მათ შორის, «კეთილგანწყობის მარაგს» დაეყრდნოს, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, ვინმემ დღეს პოლიციელების ხელკეტებზე დაყრდნობილი სააკაშვილის მდგომარეობას მსგავსი შეფასება მისცეს; აგვისტოს ომის შემდეგ კი მისი სახელი არა «კარგ დროს», არამედ ეროვნულ კატასტროფას დაუკავშირდა.
2007 წლის 3 ნოემბერს ორი ჭკვიანი, ფრთხილი და, კარგი გაგებით, ცბიერი მამაკაცი შინაარსიანი საუბრისა და გემრიელი სადილის შემდეგ (მოლაპარაკება 2 საათს გაგრძელდა, სადილი კი _ 3 საათს) ერთმანეთს დაშორდა. ქვეყნებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენდნენ, შეეძლოთ მშვიდად ეძინათ, რადგან მათ ინტერესებს ორივე კარგად, პრაგმატულად, პროფესიულად იცავდა. იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ამ დროს თბილისში ბოლთას სცემდა და უშედეგოდ ეძებდა პასუხებს საკუთარი ქვეცნობიერის ჩაბნელებულ ლაბირინთებში დაბადებულ კითხვებზე. საქართველოს კი შავი ღრუბელივით დიდი უბედურება უახლოვდებოდა, თუმცა ამის შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ არც დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირზე, არც პოლიციელებმა ყვითელ ავტობუსებში, არც ლიახვის ხეობის მაცხოვრებლებმა თავიანთ სახლებში და არც ჯარისკაცებმა ყაზარმებში; ვერც ერთი მათგანი, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რა საშინელი მომავალი ელოდა ქვეყანას.
დიმიტრი მონიავა
P.S. მართალია, სააკაშვილის ხელისუფლება «ჭიკიLეაკს»-ის პუბლიკაციებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 5 სექტემბრის ბრიფინგზე განაცხადა, რომ «ჩვენ ამ ინფორმაციას ვერ მივიღებთ როგორც სარწმუნო წყაროს», თუმცა ვიდრე აშშ-ის ხელისუფლება თავად არ უარყოფს ცნობებს, რომელსაც «ჭიკიLეაკს»-ის მიერ გამოქვეყნებული ესა თუ ის ტელეგრამა შეიცავს, ალბათ, ლოგიკური იქნება, ეს ინფორმაცია ლეგიტიმურად და სარწმუნოდ მივიჩნიოთ; ასეა ამ შემთხვევაშიც, მითუმეტეს, რომ ანგარიში ალიევისა და ფრიდის საუბრის შესახებ მთლიანობაში სავსებით დამაჯერებლად გამოიყურება. წერილში განხილული დოკუმენტის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ვებ-მისამართზე:wikileaks.org/cable/2007/11/07BAKU1357.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here