Home რუბრიკები საზოგადოება “ტაში” რეფორმას, ვაი – განათლებას!

“ტაში” რეფორმას, ვაი – განათლებას!

607

GEWORLD.GE:
ახალგაზრდა პედაგოგები სასერთიფიკაციო გამოცდებს რომ აბარებენ ან ჩასაბარებლად ემზადებიან, ეს თანამედროვე გამოწვევაა და, რასაკვირველია, მისასალმებელია, რადგან იგი ხელს უწყობს მასწავლებელთა შემდგომ დახელოვნებას, ანუ პროფესიონალურ განვითარებას, მის კარიერულ ზრდასა და სკოლაში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. მაგრამ საკუთარი ცხოვრება, საქმიანობა, ცოდნა რომ სკოლას მიუძღვნეს, თაობების აღზრდაში რომ გაჭაღარავდნენ და დაშვრნენ, იმათ რა სერთიფიცირება სჭირდებათ?! ისინი მოზარდებმა და სკოლამ ათასჯერ გამოსცადეს.

როგორც ამბობენ, დირექტორთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 47 წელს. ამ ასაკამდე პედაგოგს მართლაც აქვს გარკვეული მოტივაცია თანამდებობრივი ზრდისთვის, ამიტომ 50 წელს ზემოთ მყოფი პედაგოგის კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს, გეეჭვებოდეს საკუთარი დედის, რომელმაც ძუძუ გაწოვა, ან მამის, ხარ თუ არა მისი შვილი.
როცა ამბობენ, ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება და განათლების რეფორმის სტრატეგია და პოლიტიკა ამაზეა ორიენტირებულიო, ეს, რასაკვირველია, მიმზიდველად ჟღერს.
როცა ამ საკითხებზე ვფიქრობ, უამრავ წერილსა და ზეპირ გამონათქვამს ვისმენ და ვკითხულობ, ვაანალიზებ, როგორც პრაქტიკოსი, რომელია მთავარი და რომელი – ხელოვნურად შეკოწიწებული.
მოქმედი პედაგოგი ვარ. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. ჩემი პედაგოგები იყვნენ ერისკაცები. სადიპლომო ნამუშევარი ისეთი გამომივიდა, კომისიამ მისი წიგნად გამოცემის უფლება დამრთო. 12 წელი ვასწავლიდი საქართველოს საინჟინრო-ეკონომიკურ ინსტიტუტში, მიღებული მაქვს “ღირსების ორდენი”, ვარ 24 წიგნის ავტორი. თითქმის სამი ათეული წელი ვასწავლი ჩემს საყვარელ პროფესიას. “უნდილიც” რომ ვყოფილიყავი, ამდენხანს ვისწავლიდი საგანს. როცა მთხოვენ, ჩააბარე სპეციალობაო, რასაკვირველია, ხალისით გამოვცდი საკუთარ თავს, მაგრამ ვიღაც ფსიქოლოგების თითიდან გამოწოვილი თეორიების დაზეპირებას რომ ითხოვენ, რა უბედურებაა ეგ? სიტუაციურ ჩვევებს თავად პრაქტიკა ხვეწს და არა ჩვენს ყოფასთან, ჩვენს ტემპერამენტთან უხეშად მისადაგებული ვიღაც ფსიქოლოგების ნააზრევიდან ამოგლეჯილი ფრაზები.
განათლების სისტემის გაუთავებელ ექსპერიმენტებს ახალი დაემატა – ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა. მთელი ჩემი ცხოვრება გამოცდებს ვაბარებ, ვფიქრობ, თავი არ შემირცხვენია. ვარ მწერალთა კავშირის წევრი, მონიჭებული მაქვს აკ. წერეთლის სახელობის პრემია. ინსტიტუტში მუშაობისას მივიღე ჯერ საპატიო დოცენტის, შემდგომ საპატიო პროფესორის წოდება. ვმონაწილეობდი ქვეყნის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში, ვუვლი მივიწყებული პოეტების გ. ჭალადიდელისა და ნ. დადიანის საფლავებს… კიდევ რა გამოცდა ჩავაბარო?
ოდესმე ექნება ბოლო პედაგოგებზე ტოტალურ შეტევას? სამი წლის წინათ, როცა სასკოლო პროგრამებისა და წიგნების შედგენაში სრული ანარქია სუფევდა, გამოვედი გაზეთ “ალიაში” (2008 წ., #48) და ვთქვი, თუ არ იქნებოდა დახვეწილი პროგრამები,  სრულფასოვნად შედგენილი წიგნები, არ გაუმჯობესდებოდა საქართველოს ისტორიის სწავლება, პროტესტის ნიშნად დავტოვებდი სკოლას. მაშინ ჟურნალისტმა მეამბოხე პედაგოგი მიწოდა.
ამბოხება რა შუაშია! თუმცა გარკვეული წესრიგი წიგნების შედგენაში ამის შემდგომ დამყარდა, რაც მაშინ აუცილებელი იყო. და მაინც, ეს საქმე რჩება აქილევსის ქუსლად, ზოგჯერ თარიღები ისეა არეული ერთმანეთში, მოსწავლეებს უჭირთ ორიენტირება, რადგან ტესტური სწავლება დამოკიდებულია საბაზისო ცოდნაზე. ინფორმაციულ ტესტებთან მუშაობა ყველასთვის ადვილი არ არის. მოსწავლეები, გაგების ნაცვლად, დამახსოვრებაზე ორიენტირებულნი ხდებიან. კლასიდან კლასში, საფეხურიდან საფეხურზე გადასვლასთან ერთად გროვდება გაუგებარი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცნობები, რასაც საბოლოო ჯამში ფრაგმენტულ, ზედაპირულ, გაუმართლებელ, ფსევდოცოდნამდე მივყავართ.
მოდით, ახლა ვნახოთ, რაში სცოდავს ხელისუფლება და განათლების სამინისტრო, როცა გაუთავებლად ახალ-ახალ ინიციატივებს გვთავაზობს, რატომაა ამდენი ორჭოფობა და ყიჟინი განათლების სისტემის მიერ გატარებულ რეფორმებზე.
პასუხი ერთია: იმიტომ, რომ ბევრი ნაკლია. ვთქვათ, უნაკლოდ არაფერი შექმნილა ქვეყანაზე, მაგრამ რა უბედურებაა ეს ბრენდირება? საიდან ამოჩიჩქნეს ეს სიტყვა, რომელი ლექსიკონიდან? ნუთუ სხვა შესაფერისი სიტყვა ვერ მოიძებნა ამ უძველეს, ლექსიკით მდიდარ და მშვენიერ ქართულში? და არა მხოლოდ ეს სიტყვა, სხვა უამრავი უცხო და გაუგებარი ტერმინი დამკვიდრდა განათლების სისტემაში. ეს მაშინ, როცა თავად სამინისტრო ანთებული ჩირაღდნით ხელში უნდა იცავდეს ქართული ენის ღირსებასა და სიწმინდეს. ეროვნული ფესვებიდან მოწყვეტას არასდროს და არც ერთ ქვეყანაში არ მოუტანია სიკეთე.
მე ვიხმარ სიტყვას შეფასება, რომელიც 10-ვარსკვლავიანი სისტემით მოეწყობა. 10-ვარსკვლავიანი სკოლის მოსწავლეები განთავისუფლდებიან საატესტატო გამოცდებისგან. ეს მცდარი მიდგომაა, ანუ მოსწავლის სასჯელი, რბილად თუ ვიტყვით, შეურაცხყოფა. ჯერ ერთი, თუ კარგ სკოლაში სწავლობ და ნიჭიერი ხარ, რატომ არ უნდა ჩააბარო გამოცდები? და თუ ჩამორჩენილი, უნიჭო ხარ, მაშინ რატომ უნდა “გაძვრე” უგამოცდოდ?
კონკურენცია უნდა იყოს სკოლებს შორის, მაგრამ არა მოსწავლეთა ცოდნისა და შენობების კოსმეტიკური ნაირსახეობის ხარჯზე. მოსწავლეა დამნაშავე, თუ მისი სკოლა 9-10 ვარსკვლავიანი არ არის?
ახლახან მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდები ჩატარდა საქართველოს 1500-ზე მეტ სკოლაში, რომლებსაც განათლების სამინისტროს ორ-ორი დამკვირვებელი ესწრებოდა. ამბობენ, თითოეულ მათგანს 700 ლარი გადაუხადესო. თუ ამას სხვა ხარჯებს დავამატებთ, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის. აქვს კი ქვეყანას ამხელა სახსრების ხარჯვის საშუალება? ადრე, თვით სკოლებსა და მასწავლებლებს ანდობდნენ გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას, ამჯერად მათდამი უნდობლობა სრულიად უსაფუძვლოა, რადგან მოსწავლეთა ინტელექტუალური დონე ეროვნულ გამოცდაზე მოწმდება. მაშინ რა საჭიროა ამდენი დავიდარაბა?
მივესალმები მოსწავლეთა ამგვარ გამოცდას, თუ ეს ჩაენაცვლება ეროვნულ გამოცდას და მოხდება აბიტურიენტების უმაღლესში მიღება. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ფუჭი ხარჯვაა დროისა და სახსრებისა.
თურმე განათლების სამინისტრო მორიგი ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს, რაც დონისა და შესაძლებლობების მიხედვით მოსწავლეთა დაყოფას გულისხმობს. ორდონიანი განათლების სისტემის შემოღება, სხვა რომ არაფერი, უმართებულო მგონია. ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი სკოლაში გავატარე და ნამდვილად არ მესწავლება, რაა სკოლისთვის სასარგებლო და საზიანო. მაღალ კლასში მყავს ერთი მოსწავლე, რომელიც ფიზიკური ნაკლის გამო ცუდად კითხულობს და მეტყველებს, მაგრამ საოცრად ინიციატივიანია, შეუძლია ერთ-ორ მოსწავლეს მოუსმინოს და გაკვეთილი ჩაგაბაროს. მას რომ ჩამორჩენილებთან დასვამ, ეს იმას ნიშნავს, – გონებრივად მოკლა.
თანამედროვე პედაგოგი უნდა ფლობდეს კომპიუტერსა და ინგლისურს, მაგრამ ეს იძულებით არ უნდა ხდებოდეს. რადგან ამით ირღვევა ადამიანის უფლებები. სკოლიდან მოყოლებული გერმანულ ენას ვფლობ და ერთგული ვარ მისი. ახლა რომ მომადექი შენ, ძვირფასო შაშკინო, და მაძალებ, ინგლისური უნდა იცოდეო, შე მამაცხონებულო, ის მასწავლებელი “იმედის გმირად” რომ გამოაცხადეს და ამ ქვეყანაზე სხვა არაფერი უკეთებია სიკეთის გარდა, თუ ვერ ჩააბარა ინგლისური და კომპიუტერი, სხვებზე ნაკლები ღირსეულია და სამარცხვინოდ დაბალი ანაზღაურება უნდა მიიღოს?
გამოდის, რომ ინგლისურის მასწავლებლებს სპეციალობის ჩაბარება დამატებით ინგლისურის ცოდნად ეთვლებათ, ანუ მათ სამი საგანი უნდა ჩააბარონ, რომ უმაღლესი ანაზღაურება მიიღონ, დანარჩენებმა კი ოთხ საგანში უნდა გავიაროთ ტესტირება. რა სამართლიანობაა ეგ? მგონია, რომ ეს ქართული ენის მიმართ ტოტალური აგრესიაა. ბევრ ქვეყანას მართლაც არ აქვს სახელმწიფოებრივ ენად საკუთარი ენა, რაც  კოლონიური და იმპერიალისტური პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია. ქართველებმა შეძლეს საკუთარი ენისა და დამწერლობის შენარჩუნება და მისი საუკუნოვან ქარტეხილებში გამოტარება. ახლა მისი ჩრდილში მოქცევა, რადგან იგი პატარა ქვეყნის ენაა, დანაშაულია.
ვაი ჩვენს დღეს! “ტაში” ამგვარ რეფორმას!
ხმამაღლა ვაცხადებ, სერტიფიცირების გამოცდას ჩავაბარებ მხოლოდ ორ საგანში, პროფესიაში და კომპიუტერული პროგრამების ცოდნაში. თუ შაშკინი მაინც გამაგდებს სკოლიდან, ავიღებ ჩემს სასკოლო წიგნებს, ჩემს გაცვეთილ ჩანთას და პროტესტის ნიშნად კარავს გავშლი რაინული რესურსცენტრის წინ. დარწმუნებული ვარ, პატრიოტი პედაგოგები გამომეხმაურებიან და ჩვენ ერთად მსოფლიოს დავანახებთ, როგორ ექცევიან დამსახურებულ პედაგოგებს “დემოკრატიულ” საქართველოში.
ბორის დავითაია,
“ღირსების ორდენოსანი”, 24 წიგნის ავტორი,
აკ. წერეთლის პრემიის ლაურიატი.
ქ. სენაკი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here