GEWORLD.GE:
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით 15 პირი გაასამართლა და 5, 6 და 10 წელი მიუსაჯა. სპიკერ–მოსამართლის, ეკატერინე არეშიძის ინფორმაციით, ყველა მათგანს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და მოწყობილობების შეძენა–შენახვაში ედებოდათ.
26 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი და ჯიმშერ ჩიხლაძეებს, თემურ ელყანიშვილს, ვაჟა მასხარაშვილს, ლერი და ბესიკ ბერიტაშვილებს, ნოდარ აბუსერიძეს, ბესიკ ნებიერიძეს, დავით ასათიანს, ივანე იოსელიანს, ელგუჯა გურაბანიძეს, გალაკტიონ გიგუაშვილს, თამაზ ოდიაშვილს, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილსა და ზურაბ ლიჩელს ბრალად ედებოდათ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და მოწყობილობების უკანონო შეძენა–შენახვა. გიორგი ჩიხლაძეს ბრალი ედებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთათვის წინააღმდეგობის გაწევაში, ხოლო ვაჟა მასხარაშვილს – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გიორგი ჩიხლაძემ, ირაკლი ოქრუაშვილისა და იოსებ გიგუაშვილის დავალებით, ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან ერთად უკანონო შეიარაღებული ფორმირება შექმნა, რომელსაც ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა და ხელისუფლებაზე ზემოქმედების მიზნით პროვოკაციები მოეწყო.