Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ქორიძე: ჩვენ სწორედ ახლა გვიდგას “უგნურობის” ხანა და ასეთ ვითარებაში გამართული...

თემურ ქორიძე: ჩვენ სწორედ ახლა გვიდგას “უგნურობის” ხანა და ასეთ ვითარებაში გამართული არჩევნები ვერაფრით ვერ იქნება პოზიტიური შედეგის მომტანი

1255

GEWORLD.GE:
უკანასკნელმა ათწლეულებმა აჩვენა, რომ საქართველოში ხელისუფლება არჩევნებით არ იცვლება, ხოლო ქართული საზოგადოება მის გარშემო მიმდინარე პროცესების მიმართ სრულიად ინდიფერენტული გახდა. ღირდა თუ არა მსხვერპლის გაღებად ის “დამოუკიდებელი” სახელმწიფო, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ და ამასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ჟურნალ “ისტორიული მემკვიდრეობის” მთავარი რედატორი თემურ ქორიძე.

– ბატონო თემურ, ღირდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას ბრძოლა, საერთოდ ეროვნული მოძრაობა, ის მსხვერპლი, რომელიც კონკრეტულმა ადამიანებმა და ქვეყანამ გაიღეს იმ სახელმწიფოდ, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 20 წლის შემდეგ მივიღეთ?
– მსგავსი შეკითხვა არაერთხელ მსმენია. ასეთი გამანადგურებელი ეჭვის არსებობა უკვე თავისთავად საგანგაშო მოვლენაა. ქართული საზოგადოება დღეს არსებობის საზრისს მოკლებულ, ერთმანეთთან დაუკავშირებელ ამორფულ ნაწილაკებად არის დაშლილი. მის სულში ღრმა დეპრესიამ დაისადგურა და ამის გამო გარშემო მიმდინარე პროცესების მიმართ ის სრულიად ინდიფერენტული გახდა. ქართველი კაცი სულ უფრო მეტად ემსგავსება კამიუს მიერ დახატულ გაუცხოებულ მერსოს – ადამიანს, რომელმაც საყრდენი დაკარგა.
“ზოგჯერ ხალხი თვითონ ღალატობს ხოლმე თავის თავსო,” – შენიშნავდა ერთი ღრმად დაკვირვებული მწერალი და იქვე იმედისმომცემ მინიშნებასაც აკეთებდა: “დიახ, ხალხსაც, როგორც ცის მნათობს, აქვს უფლება დაბნელებისა. ეს არაფერი, ოღონდ ისევ განათდეს და მნათობის დაბნელება ღამედ არ გადაიქცესო”… ახლო წარსულის ჩვენი დიდი მოაზროვნენიც ამგვარადვე განსჯიდნენ: ქართველი ერი დღეს “ავადმყოფია”, “მძინარეა”, “კლდეზე მიჯაჭვულია”, მაგრამ მას უთუოდ შესწევს უნარი “გაღვიძებისა”, “ფეხზე დადგომისა” და “იმ ჯაჭვის გაწყვეტისა”… რა იძლევა ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს? – ის, რომ ერი ჭეშმარიტად “უხრწნელობისკენ” არის მიდრეკილი და მისი არსებობის მთელი მეტაფიზიკა სწორედ ამაზე მიგვანიშნებს, ამიტომ დროებითი “დაბნელება” და “მიძინება” არამც და არამც მის სულთმობრძაობად არ უნდა მივიჩნიოთ. არსებობს ასეთი გამოთქმა: “საზარელი უვიცობის შედევრი”… ქართველი ერის კულტურულ-ისტორიული ენერგიის უგულებელყოფა სწორედ ასეთი “შედევრია”.
კი, ბატონო! მრავალი პატრიოტი გულმოკლული წავიდა ამქვეყნიდან. ერთმა კარგმა პოეტმა კი ბოლოს ასეთი რამ დაიჩივლა: “მე რომ საქართველო მინდა, ეს ის საქართველო არ არისო”…
ერთი შეხედვით, იმედისმომცემი აქ არაფერია, მაგრამ არც უიმედობაა! სასოწარკვეთილების გრძნობა, ალბათ, მაშინ დაგვეუფლებოდა,  ავტორს კმაყოფილება რომ გამოეხატა. ადამიანი, როგორც მოაზროვნე არსება, სწორედ მაშინ კვდება, როცა მას თვითკმაყოფილება შეიპყრობს და განახლების წყურვილი დაეშრიტება.
წეღან ჩვენი ახლო წარსულის დიდი მოაზროვნენი ვახსენე. ცხადია, აქ ილიას, აკაკის, ვაჟას, არჩილ ჯორჯაძეს, ნიკო ნიკოლაძეს და ამ რანგის სხვა მამებს ვგულისხმობდი. თითქოს გუშინ იყო, ზვიადი და მერაბი ანთებული ჩირაღდნებით რომ მიუძღოდნენ მამულიშვილებს, რომლებიც, თავის მხრივ, არაფრით ჩამოუვარდებოდნენ მემატიანეთა მიერ გამოქანდაკებულ შორეულ წინაპრებს. ახლა კი რას ვხედავთ? “დაიღალნენ თავგანწირულები, დაბერდნენ გმირები, დიდებულთა ხელზე კოცნით გაძღნენ მლიქვნელები, დიდი სიმდიდრე შეიძინეს ანგარების მოყვარულებმა”… ეს ვიქტორ ჰიუგოს სიტყვებია, საფრანგეთზე თქმული, მაგრამ საფრანგეთი დღეს ცოცხალია და ხვალაც ცოცხალი იქნება. ხვალ საქართველოც უთუოდ გაიღვიძებს! სწორედ ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. და რაკი დღევანდელი საქართველო “ის საქართველო” არ არის, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი გუშინ ერთად ვიბრძოდით, დღეს გულზე ხელის დაკრეფის დრო არ არის. დღესაც, ისევე, როგორც გუშინ და მარადჟამს, თვითგანახლების წყურვილით უნდა აღვივსოთ, რადგან, როგორც ილია ბრძანებდა, “მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა  და სიცოცხლის მიმცემი”.
– ზნეობასა და სულიერებას უტევენ ყველგან, სინოდის სხდომებზეც კი, რომელსაც ტირანის იერით ესწრებიან ძალოვანი ჩინოვნიკები. რით ვერ ვისწავლეთ, რომ ეს გზა, უფალთან ბრძოლის გზა, ტაძრამდე არამც და არამც არ მიგვიყვანს.
– სულიერება და ადამიანური ღირსება დღეს ჩვენში საგრძნობლად არის დაკნინებული. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ამის ნიშნებს ყველაზე თვალსაჩინოდ სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები ამჟღავნებენ. ტელევიზიით ლამის ყოველდღიურად აშუქებდნენ შარაგზებზე, ბაღ-ვენახებში თუ გამოქვაბულებში გამართულ “გასვლით” სამთავრობო სხდომებს, საიდანაც კარგად ჩანს, თუ რას დაემსგავსნენ “ძლიერნი ამა ქვეყნისანი”, ანუ მინისტრები, გუბერნატორები და მათი ამხანაგები. ამ საცოდავ არსებებს არა თუ ღირსებისა და სულიერების, არამედ უბრალო ადამიანური სიცოცხლისუნარიანობის ნიშანწყალიც კი დაკარგული აქვთ. ისინი მონური მორჩილების გამომხატველი მზერით შესცქერიან თავიანთ მარჩენალს და ამ უკანასკნელის მიერ ველური გახელებით წამოსროლილ ყოველ უაზრო რეპლიკაზე, იმაზე ათჯერ უფრო მეტად პატარავდებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან. აი, ასეთია დღეს ქვეყნის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკთა სულიერ-ზნეობრივი ფიზიონომია. ამის შემდეგ რა უნდა ვთქვათ გაუსაძლისი სიღატაკით დაბეჩავებულ ჩვენს ასიათასობით თვისტომზე, რომელთაგან ზოგი ზღვის აქაფებულ ტალღებში ფეხებზე ეხვევა “საყვარელ” პრეზიდენტს, ზოგიერთი კი სახალხოდ ხელზე ეამბორება მას, ვითარცა უფლის მიერ ხელდასხმულ ანგელოზთა ფრთაშესხმულ გამოცხადებას…
თქვენ მეკითხებით, რატომ ვერ ვისწავლეთ, რომ ეს გზა ტაძრამდე არ მიგვიყვანსო? რა გითხრათ? განა სურს კი ვინმეს ტაძრამდე მისვლა? მისმა უწმინდესობამ თავდაპირველად საჯაროდ და ყველასთვის გასაგებ ენაზე განაცხადა, – ეს კანონი ეკლესიისა და ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართულიო. მოგვიანებით თურმე გაირკვა, რომ ყველაფერი კარგად ყოფილა. ამას ისიც ადასტურებს, რომ მისი უწმინდესობა, უკვე მთელი თვეა, გვერდიდან არ იცილებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე მზრუნველ პრეზიდენტს. ალბათ, მისმა უწმინდესობამ ჩვენზე უკეთ იცის, რომ ხელისუფლება ერთგულად დგას ეკლესიის სადარაჯოზე. სხვაგვარად რომ იყოს, ის, ალბათ, სწორედ ისე მოიქცეოდა, როგორც არც თუ შორეულ წარსულში მისი წინამორბედი – პატრიარქი ამბროსი ხელაია მოიქცა. ამ წმინდა მამამ საქვეყნოდ დაგმო 1921 წლის ბოლშევიკური გადატრიალება და გენუის საერთაშორისო კონფერენციას საგანგებო მემორანდუმით მიმართა; მეტიც, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბრძოლას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და ტყვიასაც ისე უდრეკად დაუხვდა, როგორც ერის ჭეშმარიტ სულიერ წინამძღოლს შეჰფერის.
– უკანასკნელმა ათწლეულებმა აჩვენა, რომ საქართველოში ხელისუფლება არჩევნებით არ იცვლება, არც სააკაშვილი წავა არჩევნებით. როგორც იტყვიან, არა შეჯდა მწყერი ხესა… თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?
– ისევ ილია უნდა დავიმოწმო: “ხმებს კი არ უნდა ითვლიდნენ, არამედ უნდა წონიდნენო”… ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიულობის პირობებში ჩატარებული არჩევნები არ შეიძლება ქვეყნის გადარჩენის პანაცეად დავსახოთ. მოდით, ერთი წუთით მოვუხმოთ მთელ ჩვენს ფანტაზიას და წარმოვიდგინოთ, რომ გაისად საქართველოში მართლაც სანიმუშო არჩევნები გაიმართება. ვინ უნდა ავირჩიოთ? ჯერჯერობით ჩვენში თურმე ორას ჩვიდმეტი პარტიაა რეგისტრირებული. მათი რაოდენობა კი კატასტროფულად მატულობს და არავინ იცის, არჩევნებში რამდენი მათგანი მიიღებს მონაწილეობას: 50? 100? 150? ახლა ამომრჩეველსაც მივაპყროთ მზერა. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენი საზოგადოება დღესდღეობით სრულ დეპრესიაში იმყოფება და ამის გამო მას დაქვეითებული აქვს მოვლენათა ჯანსაღი გააზრების უნარი. “ხან უგნური ვარ, ხან ბრძენიო,” – წერდა აკაკი. ჩვენ სწორედ ახლა გვიდგას “უგნურობის” ხანა და ასეთ ვითარებაში გამართული არჩევნები ვერაფრით ვერ იქნება პოზიტიური შედეგის მომტანი. მაშ, სად არის გამოსავალი? პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში დღეს არ არსებობს არც ერთი რეალური პოლიტიკური ძალა, საერთოდ არ გვყავს ჭეშმარიტი პოლიტიკური ელიტა და არ გაგვაჩნია ის უმთავრესი თვისება, რასაც პოლიტიკური კულტურა ჰქვია.
ამიტომ ეროვნული ხსნის ამოცანა უნდა იტვირთოს საზოგადოების კულტურულ-ინტელექტუალურმა ელიტამ (რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ჩვენს ბედკრულ სამშობლოს). მან უნდა მიაღწიოს ეროვნული თანხმობის დროებითი გარდამავალი მთავრობის შექმნას. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მთელი ჩვენი ეროვნული ენერგიის ამოქმედება. საზოგადოებრივ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს პარტიათა ფინანსური წყაროები, მკაცრად უნდა შემოწმდეს პოლიტიკური ორგანიზაციების შიდადემოკრატიულობის საკითხი. ყველა პარტიას, რომელთა ხელმძღვანელი ბირთვი ათი წლის განმავლობაში უცვლელად იკავებდა გაბატონებულ მდგომარეობას, ხანგრძლივი დროით უნდა აეკრძალოს არჩევნებში მონაწილეობა.
მოდით, ამჯერად ამით დავკმაყოფილდეთ. თუმცა, არა მგონია, ჩემმა ნათქვამმა ოდნავ მაინც დააკმაყოფილოს ე.წ. კვალიფიციური (?!) პარტიების თუნდაც ერთი “ლიდერი”.
– ე.წ. სომხურ საკითხს ყველა თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს; თქვენი აზრით, პრობლემა სომხებშია თუ ნამოსხარებში, ქართულ გვარს ამოფარებულ ღამურებში, რომლებსაც, შესაძლოა, გულზე მართლმადიდებლური ჯვარიც ეკეთოთ, მაგრამ ზურგს უკან ხაჭკარს მალავდნენ და, ეშმაკმა უწყის, ვის ინტერესებს ემსახურებიან.
– ბოლო დროს “სომხური საკითხი” ჩვენში მეტად აქტუალური გახდა. ვფიქრობ, ამაში გარკვეული როლი სომეხთა პატრიარქის ვიზიტმა და ამ ვიზიტის პერიპეტიებმაც ითამაშა. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი სიმწვავე შეიძინა შეთქმულების თეორიიდან გამომდინარე “ეთნიკური შენიღბვის” პრობლემამ. ვფიქრობ, ჩვენი მედია ზედმეტად გაერთო ამ თემებით. ნათქვამია, ყველაფერს მხოლოდ სულელები ლაპარაკობენო. ამდენ ლაპარაკს კი ნამდვილად აჯობებდა, სერიოზულად გაგვეანალიზებინა შექმნილი მდგომარეობა და კონკრეტული პროექტები მოგვემზადებინა მოსალოდნელი გართულების თავიდან ასაცილებლად.
– ოპოზიციაზეც უნდა გკითხოთ. ზოგი მათგანი მოსახლეობას ხან საქონელს უწოდებს, ხან საკუთარ თავს ამადლის; ზოგიც “ქრისტიან-დემოკრატობისა” თუ “მემარჯვენეობის” მანტიას ამოფარებულა და ხელისუფლების ნასუფრალით იკვებება…
– ამ საკითხზე, მგონი, ნაწილობრივ უკვე ვთქვი. ე.წ. ოპოზიციური ლიდერების საჯარო გამოსვლების, მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ დღეს იმდენი მასალა დაგროვდა, რომ მათი უკომენტარო ციტირებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებამ საბოლოოდ გარიყოს ისინი და განდევნოს პოლიტიკიდან. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ამბიციურად და ცინიკურად ე.წ. კვალიფიციური (?!) პარტიები იქცევიან. მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკური წარმატების საწინდარი მხოლოდ სიცრუე, დემაგოგია და უხეირო მანიპულაციების გამოყენებაა. დეკარტეს ცნობილი სენტენცია – “ვაზროვნებ, ესე იგი, ვარსებობ” – მათ წარმატებით ჩაანაცვლეს პლებეურ-მდაბიური ფორმულით: “ვცრუობ, მაშასადამე, ვარსებობ”… ძნელი წარმოსადგენი ნამდვილად არ უნდა იყოს, რას მოიმოქმედებენ ისინი, თუკი ხელისუფლების დაჟინებული ხელშეწყობით პარლამენტში შესვლას მოახერხებენ.
– პოლიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭია წლების წინ აფრთხილებდა როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ რუსეთთან მზარდმა კონფრონტაციამ და ნატოში გაწევრების აკვიატებულმა ილუზიამ კატასტროფამდე მიგვიყვანა. 2008 წლის აგვისტოში კატასტროფა უკვე მოხდა, ანტირუსული რიტორიკა და ნატოზე ბოდვა კი გრძელდება, ანუ თაგვი თხრას აგრძელებს…
– ოცი წელიწადია, რაც ალექსანდრე ჭაჭიას ვიცნობ და თავს მის მეგობრად მივიჩნევ. წაკითხული მაქვს მისი თითქმის ყველა ნაშრომი, მეტიც: ღამეები გამითენებია მასთან საუბრებში. ამიტომ შემიძლია თამამად გავიმეორო ჩემი მოსაზრება ამ მეცნიერისა და მოღვაწის შესახებ.
ალექსანდრე, უპირველეს ყოვლისა, ფილოსოფოსია. ის ზედმიწევნით იცნობს ამ დარგის მთელ არსენალს. მისი მეცნიერული მეთოდოლოგიის არსი კი გულისხმობს ერთიანი ფილოსოფიური აზროვნების სისტემაში ისეთი დისციპლინების კონცენტრაციას, როგორიცაა, მაგალითად, ისტორია, პოლიტოლოგია, კულტუროლოგია და რელიგია. ამიტომ არის, რომ პოლიტიკური პრობლემების ანალიზისას ის წარმოგვიდგება არა მხოლოდ როგორც პოლიტოლოგი, არამედ როგორც პოლიტოლოგიის ფილოსოფოსი, ისევე, როგორც სხვა შემთხვევაში – ისტორიის ფილოსოფოსი, კულტუროლოგიის ფილოსოფოსი და ა.შ.
ალექსანდრე ჭაჭია ახალი ტიპის მოაზროვნეა. საკმაოდ შორეულ ისტორიულ პერსპექტივაზე ორიენტირებული პროგნოზირების იშვიათი სიზუსტე კი მისი კომპლექსური მეთოდოლოგიის უდავო წარმატებაზე მეტყველებს. ასეთი მეთოდოლოგია, თავისთავად, ჰაერივით სჭირდება ქართულ პოლიტოლოგიურ სკოლას, რომელიც, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ჩვენში არც კი არსებობს.
– ჩამოვაშოროთ სტურუა თეატრს, ცოდნა – განათლების სისტემას, ჩავრეცხოთ ინტელიგენცია, მეცნიერება, გავრიყოთ ყველა, ვინც ორმოც წელიწადს გადაცილებულა, ვკარგოთ ტერიტორიები, მოვაწყოთ ორგიები, ანუ ვეზიაროთ ამერიკულ სულს?
– ბ-ნ რობერტ სტურუას ჩემი ქომაგობა ნაკლებად სჭირდება. მისი ჭეშმარიტი ქომაგი მისივე ხელოვნებაა. წლების განმავლობაში თეატრალურ ინსტიტუტში სწორედ თეატრმცოდნეებს ვუკითხავდი ლექციების კურსს და მესმის, რა ძნელია იყო კარგი რეჟისორი, დიდი რეჟისორობა კი საერთოდ იშვიათი სიძნელის მოვლენაა.
რატომღაც მგონია, რომ ბ-ნ რობერტ სტურუას საერთოდ რომ არ ეთქვა ის ცნობილი ფრაზა, მას მაინც გაათავისუფლებდნენ სამხატვრო ხელმძღვანელობიდან; ამ მიზნის მისაღწევად ან დასს აუჯანყებდნენ, ან თეატრის რომელიმე პრობლემის მოუგვარებლობაში დასდებდნენ ბრალს, ანდა სულაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაუშვებდნენ თეატრიდან (მსგავსი შემთხვევებით სავსეა ჩვენი თეატრების ისტორია და ასეთი ფაქტები არავისთვის უცხო არ არის).
საქართველოში თითქმის არ დარჩენილა თეატრი, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელი რომელიმე ამ წესით არ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან და იქ ხელისუფლებას “თავისი” კადრი არ დაენიშნა. ის ხომ გულმოდგინედ ძერწავს ასეთ “კადრებს”. ამ ხელისუფლებამ უკვე ზედმიწევნით აითვისა სამოცდაათი წლის წინანდელი საბჭოური ლოზუნგი – “კადრები წყვეტენ ყველაფერს”, მაგრამ ვინაიდან ეს გოგო-ბიჭები წერა-კითხვაზე ერთობ მწყრალად არიან, სიტყვა “წყვეტენ” სულ სხვა მნიშვნელობით გაიგეს და კადრების სრული “გაწყვეტის” გზას დაადგნენ.
მე კი რატომღაც ისევ ჩვენი აკაკი მახსენდება:
“აქამდე ძველ დროს მოვთქვამდი,
ახლა ახალსაც ვტირიო”…
ესაუბრა
ლილი მიროტაძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here