Home რუბრიკები საზოგადოება მამა ელიზბარი: ავტობანებით უფალთან არ მიდიან!

მამა ელიზბარი: ავტობანებით უფალთან არ მიდიან!

874

GEWORLD.GE:
ეროვნულ-საზოგადოებრივი მოძრაობის «წმინდა გიორგის სადროშო» ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამა ელიზბარი (დიაკონიძე), თანამოაზრეებთან ერთად, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობდა და ხელმოწერებს აგროვებდა. საკუთარი შთაბეჭდილებებისა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ მამა ელიზბარი «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება.

– მამაო ელიზბარ, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობდით, რა განწყობით შეგხვდათ მოსახლეობა?
– მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოს რეგიონებში ჩვენი სტუმრობით, უფრო სწორად, ირონიულად თუ ვიტყვით,  ჩვენი ხელისუფლების «მოღვაწეობით» ვარ კმაყოფილი, რომ ასეთი ანტისახელისუფლო განწყობაა მოსახლეობაში დამკვიდრებული. უკვე შემოვიარეთ დასავლეთ საქართველო და ახლა აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებშიც ვაპირებთ წასვლას, რადგან ვიცით, რომ, პოლიტიკური თუ სულიერი თვალსაზრისით, იქაც საგანგაშო ვითარებაა. მოგეხსენებათ, საქართველოს ცხოვრებაში ხშირად დგებოდა ჟამი, როდესაც საერო ხელისუფალი სუსტი იყო ან საერთოდ არ გვყავდა მეფე და ასეთ დროს ეკლესია იყო ერის პოლიტიკისა და სულიერებისა განმსაზღვრელი. დღეს კი რა სურათს ვხედავთ?
რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ეროვნული იდეოლოგია არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია. პატრიოტიზმი უდიდესი გრძნობაა და, სამწუხაროდ, ჩემი ხელისუფალი მეუბნება, რომ მხოლოდ ბუჩქებში შეიძლება განხორციელდეს პატრიოტიზმი. მთელი დასავლეთი საქართველო შემოვიარეთ და რა ვნახეთ, ქართველი კაცი კუჭს არის მიჯაჭვული. თუ მიწა არ გათოხნა, პურის ფული არ ექნება. ვინც საჯარო სამსახურშია, ადგილის დაკარგვის ეშინია, რადგან მისი ოჯახი მშიერი მოკვდება. ხოლო ხალხის ის ნაწილი, რომელიც მშიერია, ჩასაფრებულია, სხვას რამე შეეშალოს და გამოაგდონ, რათა მისი ადგილი დაიკავოს. სხვათა შორის, ეს ამერიკული სინდრომია, იქ მიმდინარეობს ბრძოლა ერთდღიანი არსებობისათვის. ჩვენს ხელისუფლებას ახასიათებს ამერიკული და საბჭოთა პოლიტიკური აზროვნების სინთეზი.
– მამაო ელიზბარ, თქვენ ხშირად საუბრობთ ხელისუფლების ანტიმართლმადიდებლურ ქმედებებზე, კონკრეტულად რომელ ქმედებებს აპორტესტებთ?
– რამდენიც გინდათ, იმდენია. პირველი, რაც ამ ხელისუფლების მოსვლისთანავე განხორციელდა, გლდანში ჯერ კიდევ მშენებარე მამა ბასილ მკალავიშვილის მართლმადიდებლურ ტაძარს მანქანით დაეჯახნენ. პირდაპირ სამების ტაძარს და პატრიარქს რომ დასჯახებოდა, ხელისუფლება  ამდენს, რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდა და ასე, პატარ-პატარა ქმედებებით დაიწყეს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. მერე უფრო შეთამამდნენ და, მოგეხსენებათ, აჭარაში ფერიას მთაზე განახორციელეს დარტყმა. პარალელურად ხელისუფლება ხელს უწყობდა რამდენიმე ეპისკოპოსს, რომლებსაც ეკომენური საბჭოს შექმნა სურდათ, რათა ყველაფერი პატრიარქის ნაცვლად, სამ-ოთხ ეპისკოპოსს ემართა, მაგრამ ესეც კრახით დასრულდა, რადგან ეკლესია ძლიერია უფლით და ვერანაირი ძალა მას ვერ მოერევა. უნდათ ისეთი საზოგადოება შექმნან, როგორიც დღეს ამერიკული საზოგადოებაა და როგორიც ადრე საბჭოთა საზოგადოება იყო.
– თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის, თუმცა საქართველოს ხელსუფალნი და მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც ხშირად ჩნდება პატრიარქის გვერდით, ამას გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლები არც ერთ რელიგიურ დღესასწაულს არ აცდენენ.
– უწმინდესი და საერთოდ, სასულიერო ხელისუფლება ცდილობს, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან. ამგვარი თანამშრომლობის ისტორიული მაგალითებიც არსებობს. უახლოესი ისტორიიდანაც გვახსოვს, რომ ზვიად გამსახურდიას პარლამენტში რამდენიმე სასულიერო პირიც ბრძანდებოდა, რაც დღესაც ძალიან მისასალმებელი იქნებოდა.
– თქვენ პრესის საშუალებით მუდმივად საუბრობთ საპატრიარქოში არსებული განხეთქილების შესახებ, თითქოსდა, ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქზეც ახორციელებს ზეწოლას, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქოდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება.
– ჩვენ, ქართველებს, საკმაოდ კარგი ტრადიცია გვაქვს, ოჯახში ჩადენილ დანაშაულობებზე გარეთ არ ვსაუბრობთ და ვცდილობთ, როგორმე იქნებ სახლში მოვაგვაროთ საქმე, მაგრამ ქართველებს ასეთი ანდაზაც გვაქვს: «კაცმა მალა, მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალა».
– თქვენ მოძრაობა «წმინდა გიორგის სადროშოც» ჩამოაყალიბეთ, პრობლემების გადაჭრის გზა როგორ გესახებათ, რას ურჩევთ ხელისუფლებას?
– მე ვურჩევ მიხეილ სააკაშვილს – არა ჰქმნა თავისა შენისა კერპნი, რაც მოუვიდა ნერონს და ზოგიერთ იმპერატორს. ვურჩევ მოექცეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
ჩვენ, «წმინდა გიორგის სადროშოს» წევრები, მთელ საქართველოში ვაგროვებთ ხელმოწერებს, რათა საქართველოს პარლამენტის მიერ, რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტში შეტანილი იქნას ცვლილება, ასევე, გვსურს, ჩვენს ეკლესიას დედაეკლესიის სტატუსი მიენიჭოს.
ხსენებული კანონპროექტი, რომლითაც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭეს, მაგონებს მე-7 საუკუნეში სომეხთა და ქართველთა შორის რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ განხეთქილებას.
– დღესაც არსებობს განხეთქილების საფრთხე?
– განხეთქილების საფრთხე დღემდე არსებობს და იგი ყოველთვის სომხებისგან მომდინარეობდა. სამი მსოფლიო საეკლესიო კრება დასჭირდა კაცობრიობის მონოფიზიტური აზროვნებისგან გათავისუფლებას.
– თუმცა საქართველის ხელისუფლება თითქოს წავიდა სომეხთა პატრიარქთან დათმობაზე.
– სომეხთა პატრიარქთან არ წასულა დათმობაზე. ჩვენმა ხელისუფლებამ პირობა დადო ევროკავშირთან, რომ ამ ნაბიჯებს გადადგამდა და, რომ წაიკითხოთ, რაზე აქვს ჩვენს ხელისუფლებას ხელი მოწერილი, რა დათმობების განხორციელებას აპირებს, ყველაფერს მიხვდებით. ყველა სექსუალური უმცირესობებისთვის პრივილეგიების მინიჭებასა და მათი ქმედებების ლეგალიზებას აპირებენ.
წარმოგიდგენიათ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელგია, საფრანგეთი, საიდანაც მოდის ეს გარყვნილება, არ აქვთ ლეგალიზებული ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ გვაძალებენ, რათა საქართველოში მართლმადიდებლობამ აღარ იარსებოს.
– თუმცა სექსუალური უმცირესობების უფლებები გაერომაც უკვე ოფიციალურად აღიარა.
– სჯობს, ყველამ თავი დაგვანებოს და თავისთვის იყოს.
– მაგრამ საყოველთაო გლობალიზაციის პირობებში შეძლებს საქართველო ყველასგან გამიჯვნასა და დამოუკიდებლად არსებობას?
– შეძლებს. გლობალიზაციას უამრავი დადებითი აქვს და ის გამოვიყენოთ, რაღა უარყოფითს ვნერგავთ? იგივე ბელგია და საფრანგეთი, რომელიც გვთავაზობს, რომ რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მივანიჭოთ, ასეთ დადგენილებას ხელს არ აწერენ.
უამრავი ხელმოწერა გვაქვს უკვე და შემდეგ ამ ხელმოწერებს პარლამენტში შევიტანთ.
– თუ არ მოჰყვა პარლამენტის მხრიდან რეაქცია, რას აპირებთ?
– გაჩერებას არ ვაპირებთ. ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ჩვენს მოქალაქეებს არ დავაყენებთ მართლმადიდებლურ, ეროვნულ გზაზე და ამის შემდეგ მივიღებთ იმ ხელისუფლებასა და ქვეყანას, რომელზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები და ორი დიდი მოაზროვნე – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია.
30 აგვისტოს ილია მართლის საფლავთან დავიბარეთ მთელი საქართველო, მაგრამ ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა, და, რაც მთავარია, ზოგიერთისთვის მოუსვლელობის მიზეზი თურმე ის იყო, რომ მოძღვრებმა არ გასცეს კურთხევა, ზოგიერთებმა კი განაცხადეს, მაგ სიმაღლეზე რა ამოვიდოდაო. ილია ჭავჭავაძის საფლავთან მისვლა რომ დაგეზარება, სამშობლოსთვის ომში წახვალ?!
– ბრძოლის გაგრძელებაში რას გულისხმობთ, რა მეთოდებით აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას? თავადაც ბრძანეთ და ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც გვიჩვენა, რომ ხალხი აღარ გამოდის აქციებზე…
– ჩვენი ბრძოლა დაეყრდნობა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ქადაგებებს, სჯულის კანონს. ქრისტიანული, ეროვნული მოთხოვნებით გამოვალთ და არავითარი პოლიტიკური მოთხოვნები არ გვექნება. ჩვენ «მიშა გადადექის» ძახილსა და «ბელა ჩაოს» სიმღერას არ ვაპირებთ.
წმინდა კირიონ კათალიკოსი სასულიერო პირებს ასე მიმართავს, ოცი წელი გადასახლებაში ვიყავი და ამ დროის განმავლობაში, თქვენ უფრო დაქსაქსულხართ და გათითოკაცებულხართო. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვა მხრივ თქვენი გამოსწორება აღარ იქნებაო. დღესაც თავიდან უნდა დავიბადოთ. სხვა გზა, უბრალოდ, არ გვაქვს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 20 წელი გავიდა და ისევ ნელ-ნელა ვიქსაქსებით.
რობერტ სტურუას მხარდასაჭერ აქციაზეც წავედით, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვახსოვს, რაც თქვა სტურუამ «ვეფხისტყაოსანზე». ასეთ უდიერ გამოხდომას არავის ვპატიობთ, თუმცა სტურუას მოხსნა დღეს ნიშნავს, რომ უკვე კულტურასაც შეეხო ხელისუფლება.
ნერონის მსგავსად, სააკაშვილსაც მოსწონს პომპეზური დადგმები, ოღონდ ნერონი კოსმოსურ ანტენებს ვერ ადგამდა თავზე მსახიობებს. ის, ვინც ხსნის სტურუას და მართავს ასეთ გაშარჟებულ წარმოდგენებს, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს ქართულ კულტურას.
ისე ცოტა ხალხი იყო ამ აქციაზე, ვიხუმრე კიდეც, ვურჩევ სააკაშვილს, ყველა თეატრს, ყველა დაწესებულებას მთაწმინდაზე მოუყაროს თავი და კაციშვილი არ ავა აქციაზე. მე მგონი, ჩვენი საზოგადოება მალე იმ დონემდე მივა, რომ სარეზერვაციოდ გამზადებულს, ერთ დიდ შემოღობილში მოუყრიან თავს და ამ საქმეს ზუსტად მთაწმინდის პარკი მოუხდება, სანამ ცოცხლები იქნებიან, დახედავენ მაინც საკუთარ სამშობლოს.
– გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია მიცვალებულთა კრემაცია შემოიღონ. რამდენად ეწინააღმდეგება ეს წესი მართლმადიდებლური ქვეყნის ტრადიციას თუ რელიგიურ ჩვევებს?
– თუ მიწის სიმცირის გამო გვინდა ამ კანონის შემოღება, ძველ ქართულ ტრადიციას დავუბრუნდეთ, როცა ბაბუის საფლავზე შვილიშვილის დამარხვა შეიძლებოდა. ასე იმიტომ იქცევიან, რომ ჩვენს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ჩვენს ფესვებს მოგვწყვიტოს, თუ ახლა გვაქვს ტრადიცია, რომ აღდგომას შეუძლია შვილიშვილს მივიდეს წინაპრების საფლავზე, მიულოცოს მათ, უნდათ ძველი ტრადიციების წაშლა, ფესვების გადაჭრა უნდათ. ყველა ტოტი მოჭრეს, ჩვენი განათლების სისტემა საშინელებაა. ათასი «ჩარეცხილები» გვეძახა ხელისუფლებამ, მაგრამ ტანი ჯერ ვერ წააქცია.
ახლა გავიგეთ, რომ აპირებენ ასეთი წესის დაკანონებას, ქელეხი უნდა ჩატარდეს ვიწრო წრეში, 20-30 კაცში, ორასკაციანი ქელეხისთვის, სახელმწიფოს თანხა უნდა გადავუხადო. ეს არის ჩვენი ტრადიციების მოსპობის მცდელობა.
მინდა, მოვიყვანო საქართველოს პატრიარქის – ამბროსი ხელაიას სიტყვიდან ნაწყვეტი, რომელიც მან სასამართლოზე წარმოთქვა, როცა ის ანტიკომუნისტური საქმიანობის გამო გაასამართლეს. «როგორც სარწმუნოებრივი, ისე ისტორიული მაგალითები მაძლევდნენ მე ხმის ამოღების უფლებას. არა ეს უფლება არ არის, ეს არის მოვალეობა და მისი აუსრულებლობა გამხდიდა მე უღირსად ჩემი თანამდებობისა, უპასუხისმგებლოდ ღვთის, ეკლესიისა და ერის წინაშე… როგორც ჩანს, ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება. აგრეთვე, ჩემთვის ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიისა და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისთვის»… – ესაა ჩემი დევიზი. ვიწრო და ეკლიან გზაზე სიარული მიგვიყვანს უფალთან და არა – ფართო გზაზე სიარული. ავტობანებით უფალთან არ მიდიან.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here