Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: დასავლურ პიარ-კომპანიებს კადაფიმაც ბევრი ფული უხადა, მაგრამ ამან ვერ უშველა

გულბაათ რცხილაძე: დასავლურ პიარ-კომპანიებს კადაფიმაც ბევრი ფული უხადა, მაგრამ ამან ვერ უშველა

959

GEWORLD.GE:
ქვეყანაში არსებულ სიტუაციასა და მიმდინარე მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» თავის მოსაზრებებს უზიარებს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე.
– კავკასიის საკითხებში კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერტმა ლინკოლნ მიტჩელმა The New York Times-ში დაბეჭდილ ანალიტიკურ მასალაში განაცხადა, რომ აფხაზეთში უფრო დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, ვიდრე საქართველოში. ეს განცხადება ნათლად წარმოაჩენს ორმაგი სტანდარტების პრობლემას, რომელი სტანდარტებითაც ვაშინგტონში «ჩვენიან» სააკაშვილს ყველაფერს პატიობენ, მათ შორის – არადემოკრატიულ არჩევნებს და საკუთარი მოქალაქეების მკვლელობასაც, მაგრამ ხომ არ არის მიტჩელის ეს განცხადება მინიშნება, რომ იმავე ვაშინგტონის ტონი საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამკაცრდება?

– გაზეთში, თუნდაც «ნიუ იორკ ტაიმსის» მაგვარ გავლენიან გაზეთში გამოქვეყნებული ერთი მასალით რაიმე მასშტაბური დასკვნების გაკეთება აშშ-ის ხელისუფლების პოლიტიკაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ არ შეიძლება. თუკი სააკაშვილის რეჟიმისადმი კრიტიკულმა მასალებმა გავლენიან ამერიკულ პრესაში რეგულარული ხასიათი მიიღო, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ტენდენციაზე საუბარი, რაც უკვე სხვა დასკვნების საშუალებას მოგვცემს. «თავისუფალ» დასავლურ პრესაში ბევრი შეკვეთილი სტატია იბეჭდება. მოგეხსენებათ, «დემოკრატიული დასავლეთის» მოსყიდვა პოსტსაბჭოთა რეჟიმებმაც ისწავლეს, სააკაშვილის რეჟიმის ჩათვლით, და შეკვეთილი მასალები, ამ ხელისუფლების სასარგებლო, საკმაოდ ხშირია დასავლურ პრესაში.
თუმცა საქმე მარტო ფულში არ არის. სააკაშვილის რეჟიმი ამერიკისთვის იდეოლოგიურად და პოლიტიკურად მისაღები აღმოჩნდა, მხოლოდ ფულით ვერაფერს გააწყობდა სააკაშვილი. მოგეხსენებათ, დასავლურ პიარ-კომპანიებს მუამარ კადაფიმაც ბევრი ფული უხადა, მაგრამ ამან ვერ უშველა, დასავლეთის პოლიტიკა მის მიმართ გარკვეული ფონის წარმოშობის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა. კადაფი დასავლეთს კი დაუახლოვდა, მაგრამ მისი მონა არ გამხდარა, სააკაშვილი კი ნამდვილი მონაა და ამიტომ მისი მოშორება არ აწყობს ვაშინგტონს. რა თქმა უნდა, ამერიკის მონები ოპოზიციაშიც უხვად არიან და სააკაშვილს სიამოვნებით ჩაანაცვლებდნენ, მაგრამ ამერიკელებს ისინი ჯერჯერობით არ სჭირდებათ, სააკაშვილის ხელისუფლება დესტრუქციული, მაგრამ ენერგიულია, ამერიკის მითითებებს პირნათლად ასრულებს. ვფიქრობ, აშშ-ს თუ აღარ დასჭირდება სააკაშვილი, ამას უფრო ღიად და გამჭვირვალედ მიახვედრებენ, ვიდრე უნივერსიტეტის მკვლევარის მიერ გაზეთში გამოქვეყნებული ერთი სტატიაა. სააკაშვილის მოცილება ამერიკას რამდენიმე საათში მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ შეუძლია, მაგრამ მას ეს არ სურს.
– გამოუსწორებელი ოპტიმისტებისთვისაც უკვე ცხადია, რომ არჩევნებით სააკაშვილის ხელისუფლება არ წავა. მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციებს «პარაშუტისტი» ოპოზიციონერები გაყიდიან, მცირერიცხოვანს – ვანო მერაბიშვილის კანტორა დაარბევს. მოჯადოებული წრეა, გამოსავალი არ ჩანს, რადგან არც არჩევნები ჭრის და არც პროტესტის საკმარისი რესურსი არსებობს, ხოლო ხელისუფლება, რომლის ძალით გამგდები არავინ არის, ნებით არსად წასვლას არ აპირებს…
– ქართულმა ოპოზიციამ, მგონი, ყველანაირი ნეგატიური რეკორდი მოხსნა, უნიათობისა და არაკომპეტენტურობის არნახული მაგალითებით გამაოგნა მე პირადად. მართლაც, დაფიქრდით, ათი და ასი ათასობით ადამიანი დაჰყვებოდა ამათ ქუჩებში მთელი ორი წლის მანძილზე, 2007 წლის ნოემბრიდან მოყოლებული. ხალხმა მიაღწია იმას, რომ სააკაშვილი გადადგა, დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, ეს არჩევნები კი მან წააგო და შედეგები გააყალბა. ამ გაყალბების ყველა საბუთი ოპოზიციას ხელში ეჭირა, ხალხი მზად იყო თავისი ხმების დასაცავად, ორასი ათასი კაცი შეიკრიბა 2008 წლის სასტიკად ცივ იანვარში, 13 და 20 რიცხვებში. ხალხი ითხოვდა თავისი არჩევანის დაცვას… მაგრამ, რაც მოხდა მერე, იცით. ასე განმეორდა იმავე წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებზე, 2009 წლის საპროტესტო აქციების დროს, ახლახან კი ყოვლად მოუმზადებელი და უაზრო გამოსვლები მოაწყვეს რუსთაველზე, რაც დიდი ტრაგედიით დასრულდა. «ქუჩის ოპოზიციამ» ხალხი დაარწმუნა, რომ რეჟიმს თავისი აქციებით ვერ აგდებს, «კაბინეტურმა», მოლაპარაკებების მომხრე მოდასავლეთუმე ოპოზიციამ კი იმაში დაარწმუნა, რომ არჩევნებითაც ვერ მოიცილებს. ახლა გაბატონებულია აზრი, რომ ეს, ანუ სააკაშვილი, «მაინც არ წავა». ამგვარ სიტუაციას კი მთელს ე.წ. ქართულ ოპოზიციურ სპექტრს უნდა ვუმადლოდეთ.
ამათი კინწისკვრით გაგდება, რა თქმა უნდა, რუსებს შეეძლოთ აგვისტოში. ახლა ბევრი ამბობს, რომ სააკაშვილი რუსებს აწყობსო, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ზოგიერთ რუს ოლიგარქს, რომელსაც აქ ბიზნეს-ინტერესები აქვს, და რომელიც, მაგალითად, ბოლნისის მადნეულის ძარცვასა და გარემოს უმოწყალო დაბინძურებაში, ისევე, როგორც ევროპაში, უძვირესი «თელასური» ელექტროენერგიის საშუალებით თბილისის მოსახლეობის ყვლეფაში არის ჩართული, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს ამჟამინდელი რეჟიმის არსებობა, მაგრამ რუსული სახელმწიფოს ინტერესი სხვაა. საქმე ისაა, რომ ამ ინტერესის ბოლომდე განხორციელებას თავად რუსეთის ხელისუფლება შეუშინდა. რუსებმა საკუთარი ძლიერება არ დაიჯერეს. 2008 წლის აგვისტოში ისინი მენტალურად არ იყვნენ მზად, ამერიკის ანალოგიით შეესრულებინათ «ჟანდარმის» როლი და ისევე დაემხოთ არადემოკრატიული წესით არჩეული ავტოკრატი საქართველოში, როგორც ამერიკა ამხობს მისთვის მიუღებელ რეჟიმებს ერაყში, ავღანეთში და სხვაგან. რუსეთს რომ ამგვარად ემოქმედა, დღეს რუსეთიც და საქართველოც ბევრად უკეთეს პოზიციებზე იქნებოდნენ, არც აფხაზები და ოსები იგრძნობდნენ თავს დაჩაგრულად, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვებოდნენ. ნაცვლად ამისა, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის «დამოუკიდებლობა», თან მათ დამატებითი ქართული მიწები მიუერთა, რომლებიც საკუთრივ აფხაზებსა და ოსებს ნაკლებად სჭირდებათ და არც იციან, რა უნდა უყონ ამ მიწებს კოდორსა თუ ახალგორში. დღეს კულუარებში ბევრი რუსი პოლიტიკოსი და ექსპერტი ამბობს, რომ დაშვებულ იქნა სტრატეგიული შეცდომა, თუმცა ამის ღიად თქმა მათ არ აწყობთ და ახლა ეს არც არაფერს მოიტანს.
– ხელისუფლება არამარტო ებრძვის მართლმადიდებლობას, არამედ ცდილობს, ტოტალური კონტროლი დაამყაროს ეკლესიის მესვეურებზე, ამის დასტურად სინოდსა და მის გარშემო განვითარებული მოვლენებიც იკმარებს. თუ ხელისუფლებამ შეძლო ეკლესიის მარიონეტად გადაქცევა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ სააკაშვილის დიქტატურა საბოლოოდ და (მისი ასაკის გათვალისწინებით) საკმაოდ დიდი ხნით დამყარდება?
– ეკლესიის დამორჩილება არა მხოლოდ სააკაშვილის დიქტატურის მომასწავებელია, არამედ ქართველი ერის გადაშენების დაგვირგვინება იქნება. ეკლესიის მესვეურების არც თუ მცირე ნაწილი, როგორც მე მეჩვენება, ყოველთვის ვერ იჩენს პრინციპულობას. ხელისუფლება ხმის ჩახლეჩამდე ყვირის, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფოს საქმეებში, მაგრამ იგი თავად ერევა ეკლესიის საქმეებში. უკვე ყველამ იცის, როგორი ზეწოლა და საერო პირების სიმრავლე იყო საპატრიარქოში სინოდის ბოლო სხდომის დროს. საჭიროა, ეკლესიამ ღირსეული პასუხი გასცეს გათავხედებულ, ანტიქრისტიანული სულისკვეთებით გაჟღენთილ ხელისუფლებას, მაგრამ ეს პასუხი არ ისმის. მიუხედავად ამისა, იმედს ვიტოვებ, რომ მე ვცდები და საქმე არც ისე დრამატულადაა. ნებისმიერ შემთხვევაში, მრევლი არ უნდა აუმხედრდეს სასულიერო პირებს, ეკლესიას, მაგრამ ეკლესიის მესვეურებმაც, თავის მხრივ, ყური უნდა უგდონ ერთგულ მრევლს და ნაკლებად – ხელისუფლებას.
– სამი წლის წინათ, 2008 წლის 8 აგვისტოს, ხელისუფლების ქმედებას კატასტროფა მოჰყვა ქართული სახელმწიფოსთვის, რომლის შედეგების საბოლოო კომპენსირება დღეს უკვე ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. მიუხედავად ამისა, ოფიციალური თბილისი, გაუგებარ მიზეზთა გამო, კვლავ ჯიუტად განაგრძობს იმ პოლიტიკას, რომელმაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანა და თითქოს ხელახლა ცდილობს კატასტროფის პროვოცირებას. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს 08.08.08-ზე უარესი სცენარი?
– უარეს სცენარს, თუკი ამაში ახალ ომს გულისხმობთ, არ ველი. ჯავახეთის გამოყოფასა და ქვემო ქართლის ამხედრებაზე «წინასწარმეტყველებებიც» პრიმიტივიზმად მიმაჩნია. ბევრად უფრო პრობლემატურია ვითარება აჭარაში, ამ თემაზე თქვენს გაზეთს ადრე ვესაუბრე. ხოლო 08.08.08-ზე უარესი სცენარი უკვე განხორციელების პროცესშია. ეს არის ის, რომ ბატონი მიხეილი აგრძელებს საქართველოს დემონტაჟს – ფარულად ჰყიდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს უცხოელებზე (რა თქმა უნდა, ქართველი გლეხისთვის რაიმე ხეირის გარეშე, პირიქით, უცხოელებს უმორჩილებს მას), აჩანაგებს ეროვნულ წარმოებას იმპორტითა და რთული, უსამართლო საგადასახადო სისტემით; რუსეთთან მუდმივი ქიშპით საშუალებას არ აძლევს ქართველ გლეხს და ბიზნესმენს, ამ ქვეყნის უზარმაზარ ბაზარზე დააბრუნოს ქართული პროდუქცია. მოკლედ რომ ვთქვა, საქართველო დღეს იმყოფება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, შეიძლება ცოტათი – XX საუკუნის სიღრმეშიც, მაგრამ იგი არის კლასიკური კოლონიალიზმის მსხვერპლი, ოღონდ პოსტმოდერნისთვის დამახასიათებელი სულიერი დეგრადაციის უსერიოზულესი სიმპტომებით.
– რა არის რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციის მთავარი მიზეზი: პირადად სააკაშვილი თუ პოლიტიკა, რომელსაც ის გარე მენტორების მითითებით ახორციელებს?
– ორივე ეს ფაქტორია, ამაზე უამრავი მასალა მაქვს გამოქვეყნებული, რუსულ-ქართული ურთიერთობების თემაზე საუბარიც კი უკვე მომბეზრდა, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ აშკარად ვხედავ იმ არსებითი ხასიათის დადებით ცვლილებებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოების რუსეთისადმი დამოკიდებულებაში შეიმჩნევა; და ეს – მიუხედავად ხელისუფლების გაუთავებელი ანტირუსული პროპაგანდისა. ხალხმა, აგრეთვე, დაინახა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთი და განსაკუთრებით აშშ მეგობრის ნიღბით მოქმედებდა, სინამდვილეში კი საქართველოსადმი მეგობრული გრძნობები მას არ ამოძრავებს. ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ამ ფრონტზე პროპაგანდისტული ომი, ყველა ჩემს უფროს, თანატოლ თუ უმცროს თანამოაზრესთან ერთად, მოგებული მაქვს, მიუხედავად ჩვენი უმწირესი მატერიალური შესაძლებლობებისა. სხვა საქმეა, რომ ამ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული გამარჯვების პრაქტიკული რეალიზება ჩვენ არ შეგვიძლია. ხელისუფლებამ იმას მიაღწია, რომ ხალხის აზრი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით გადამწყვეტი არ არის. ხელისუფლება უბრალოდ იგნორირებას უკეთებს ხალხში მომწიფებულ სურვილს, საქართველომ უარი თქვას რადიკალურ დასავლურ კურსზე და მკვეთრად შეცვალოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია.
– თუ ოფიციალურ ვერსიას დავუჯერებთ, რობერტ სტურუა ნიკა რურუამ სამსახურიდან ქსენოფობიური განცხადებების გამო გაათავისუფლა. არადა, ანაკლიაში საკურორტო ზონის გახსნისას სააკაშვილმა აფხაზები, სომხები, რუსები ბარბაროსებად, მონღოლოიდურ გადმონაშთად მოიხსენია, რაც აშკარა ქსენოფობია და ეთნიკური შუღლის გაღვივებაა. საზოგადოების დიდი ნაწილი კი «იუპიტერის» პარპაშს ისევე უკრავს კვერს, როგორც ცირკში შაქრის ნატეხზე დაგეშილი გოშიას.
– გეთანხმებით, მეტს ვერაფერს დავამატებ. მე, უბრალოდ, მიკვირს, რომ რუსებმა ეს თემა არ აიტაცეს და შესაბამისად არ «გააპიარეს» როგორც დასავლეთში, რომელიც ფორმალურად რასიზმს გმობს (სააკაშვილის ეს ნაბოდვარი კი რასიზმის გამოვლინებაა), ისევე საკუთრივ მონღოლოიდური რასით დასახლებულ ქვეყნებში, რომლებიც დედამიწის უდიდეს ნაწილს შეადგენენ – ჩინეთი, იაპონია, ინდონეზია, მალაიზია, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი… ყველა ესენი მონღოლოიდები არიან და სააკაშვილმა, რომელიც, სხვათა შორის, ჩემი შეხედულებით, თავადაც ცოტათი მონღოლოიდს წააგავს  ვიწრო თვალებითა და პირისახის მოყვანილობით, შეურაცხყოფა ყველა მათგანს მიაყენა.
– სააკაშვილის დღევანდელი «ძლევამოსილება», უხეში ძალის გარდა, ემყარება ცრუ ექსპერტების, ცრუ პოლიტოლოგების, ცრუ ოპოზიციის, ცრუ ქართველების, მოკლედ რომ ვთქვათ, კონტრაფაქტის მეშვეობით შექმნილ სიყალბეს. რა არის ეს – დახვეწილი პიარის ლოგიკური შედეგი თუ დასტური იმისა, რომ ქვეყანაში, სამწუხაროდ, აღარ არსებობს მეტ-ნაკლებად თვითორგანიზებული და თავმოყვარე საზოგადოება?
– მთლიანად საზოგადოება იგივე მასაა. მასას კი არც ღირსება გააჩნია, არც თავმოყვარეობა. ამის შესახებ შესანიშნავად წერდა კარლ-გუსტავ იუნგი, ამიტომ არ ვემხრობი აბსტრაქტულ განსჯას, როდესაც მხედველობაში არ გვყავს კონკრეტული პიროვნებები. საზოგადოებაში არიან ღირსეული ექსპერტებიც, კომენტატორებიც, პოლიტიკოსებიც… მაგრამ ტელეეკრანებზე, ინტერნეტში, ნაწილობრივ პრესაშიც, უღირსები დომინირებენ. ეს, რა თქმა უნდა, უფრო პიარის შედეგია, მაგრამ საზოგადოება მთლიანობაში რომ კონფორმისტულად არის განწყობილი და შიშითაა შეპყრობილი, ესეც ფაქტია. მაგრამ ტოტალურად ბნელ ფერებშიც ნუ დავხატავთ რეალობას. ვინაიდან ორი ახალგაზრდა მაინც გამოჩნდა, ვინც არ შეუშინდა ე.წ. პრეზიდენტს და მარჯანიშვილის თეატრში მას საჯაროდ უთხრა სათქმელი, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ საზოგადოება ავად კი არის, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალია.
ესაუბრა
ლილი მიროტაძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here