Home რუბრიკები პოლიტიკა დაჰაუ, ზაქსენჰაუზენი და ქუთაისელი მეტალურგები

დაჰაუ, ზაქსენჰაუზენი და ქუთაისელი მეტალურგები

GEWORLD.GE:
ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა «ჰერკულესის» თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა გამართეს. საქართველოში, სადაც ტოტალური უმუშევრობა სუფევს და დასაქმებულებს სამსახურის დაკარგვის ეშინიათ, გაფიცვა პროტესტის ფართოდ გავრცელებული ფორმა ნამდვილად არ არის, თუმცა ქარხნის მეპატრონეებმა, როგორც ჩანს, მეტალურგებს სხვა გზა არ დაუტოვეს.

«ჰერკულესის» პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ამა წლის 4 აგვისტოს დაფუძნდა. მის შექმნას, პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციის თანახმად, ქარხნის ადმინისტრაციის ისეთი ველური რეაქცია მოჰყვა, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს XIX საუკუნიდან არ ახსოვს: 11 აგვისტოს სამსახურიდან პროფკავშირული ორგანიზაციის 6 წევრი გააგდეს, ამასთანავე, მათ შეუთვალეს, რომ, თუკი ახსნა-განმარტებით ბარათს დაწერდნენ და «მოინანიებდნენ, რომ ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შექმნეს იატაკქვეშა ორგანიზაცია და ამისთვის ბოდიშს მოიხდიდნენ», მათი სამსახურში აღდგენა შესაძლებელი გახდებოდა. ფორმულირება «წინასწარი შეთანხმების გარეშე» ეჭვქვეშ დგას; დარგობრივი პროფკავშირის პრეზიდენტის _ თამაზ დოლაბერიძის თქმით, «2 აგვისტოს ქარხნის მომსახურე პერსონალი «ევრაზიანსთილსის» («ჰერკულესის» მფლობელი კომპანია) კომერციულ დირექტორს შეხვდა და ქარხანაში პროფკავშირის შექმნის შესახებ აცნობა» (რადიო «თავისუფლება»), თუმცა ამას თავი დავანებოთ და ეს არანორმალური სიტუაცია ზოგადად შევაფასოთ: მეტალურგებმა თურმე «იატაკქვეშა ორგანიზაციის» შექმნა უნდა მოინანიონ. კიდევ კარგი, რომ მათ «ჰერკულესის» ინდოელი მენეჯერის _ რაჯი კუმარ სურეკას წინაშე პირქვე დამხობა და თავზე ნაცრის დემონსტრაციული დაყრა არ შესთავაზეს, თუმცა არსებითად ეს აბსოლუტურად იგივეა.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი: «ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება». მსგავსი ნორმები ყველა თანამედროვე სახელმწიფოში მოქმედებს და რეპრესიები პროფკავშირის შექმნისთვის დღევანდელ მსოფლიოში ყოვლად წარმოუდგენელი რამ არის. წესით, ასეთ სიტუაციაში ხელისუფლება დაზარალებულ მეტალურგებს უნდა გამოსარჩლებოდა, მაგრამ ამის ილუზია, ალბათ, არავის აქვს.
გასული წლის ივნისში, როდესაც «ჰერკულესის» თანამშრომლებმა ხელფასის დაგვიანება გააპროტესტეს და მუშაობა შეწყვიტეს, 7 მათგანი დააკავეს და ხულიგნობისთვის 20-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შემდეგ კი «მთელი თვის განმავლობაში მეტალურგებს საქამრეში იარაღგარჭობილი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციის მუშაკების ზედამხედველობით უწევდათ მუშაობა» (მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაცია).
ქარხნის მეპატრონეებისა და ხელისუფლების ალიანსზე ირიბად 2 სექტემბერს, გაფიცვის დღეს, გავრცელებული ინფორმაციაც მიანიშნებს: «მუშებს ქარხნის უსაფრთხოების უფროსის _ რეზო დიაკონიძის დანაბარები და მუქარა გადასცეს. კერძოდ, მუშები «გააფრთხილეს», რომ, თუკი გაბედავენ და გაფიცვაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ დაიჭერენ» («GHN»). ყველაზე მძიმე გასააზრებელი კი ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ ეს არ არის ისტორიული ჩანახატი XIX საუკუნის პროლეტარების მძიმე ხვედრის შესახებ, არამედ ის ბარბაროსული რეალობა, რომელშიც თანამედროვე საქართველო ცხოვრობს.
ეს ისტორია ქვეყნის ფარგლებს გასცდა; ქართველი კოლეგების მიმართ უსამართლო მოპყრობამ უკრაინელი მეტალურგები გააცოფა. უკრაინის მეტალურგიული და სამთომომპოვებელი მრეწველობის მშრომელთა პროფკავშირმა, რომელიც სამთო-მეტალურგიული დარგის 300 საწარმოში მოქმედებს და პროფკავშირის 560 ათას წევრს აერთიანებს, პროფკავშირის წევრების მიმართ «დისკრიმინაციული ქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტა» მოითხოვა.
«ჰერკულესში» შექმნილი სიტუაციით უცხოური მედიაც დაინტერესდა, მაგრამ, ალბათ, ყველა ვაცნობიერებთ, რომ, თუ ქუთაისელ მეტალურგებს მხარში ქართული საზოგადოება არ ამოუდგება, ხელისუფლება და საწარმოს მფლობელი კომპანია მათ პროტესტს, ძალიან დიდი ალბათობით, სასტიკად ჩაახშობს, ხოლო აქტივისტებს ჩვეული სადიზმით გაუსწორდება.
საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების ცნობით, «ქარხანაში არ მოქმედებს ტუალეტი, არ არის სასადილო, არ არის ადგილი გამოყოფილი იმისთვის, რომ მუშებმა სახლიდან მოტანილი საკვებით წაიხემსონ, მედპუნქტი მხოლოდ დღისით ფუნქციონირებს, მაშინ, როდესაც საწარმოო ტრავმების მიღების რისკი ღამით უფრო მაღალია, არ არის გასახდელი, რის გამოც სამოქალაქო ტანსაცმელს მუშაკები ქარხნის გარეთა კედელზე მიჭედებულ ლურსმნებზე კიდებენ, პრობლემაა შესაბამისი სპეცტანსაცმლისა და აღჭურვილობის მომარაგება; თუმცა ყველაზე დიდ პრობლემას ამ საწარმოში დასაქმებულთა შრომითი კონტრაქტები, სამუშაო დრო, ცვლიანობის გრაფიკი და დატვირთვის შესაბამისი ხელფასის, შვებულებისა და ბიულეტენის თანხის მიღება წარმოადგენს; უკვე სამი წელია, არ მომხდარა დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაცია».
რადიო «თავისუფლებისთვის» 31 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში ქარხნის დირექტორის მოადგილემ რომან ლებანიძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ერთი თვის წინ, კონფლიქტის დაწყების მომენტში, ყოველივე ჩამოთვლილი ქარხანაში წარმოდგენილი არ იყო: «ამ ერთი თვის წინ დავიწყეთ და დავასრულეთ კიდეც ახალი დამატებითი სველი წერტილების გაკეთება და მოწესრიგება (საუბარია ტუალეტსა და საშხაპეებზე), გავაკეთეთ მუშათა სასადილო, რაც აქამდე არ არსებობდა». რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, დარგობრივი პროფკავშირის ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებულთა ნაწილი კვირის განმავლობაში 60 საათს მუშაობს, ნაწილი კი _ 94 საათს. შრომის კოდექსის მიხედვით, კვირაში სამუშაო დროის ნორმა 41 საათია, მის ზემოთ ნამუშევარი დრო კი განიხილება როგორც ზეგანაკვეთური სამუშაო, მაგრამ ეს საათები «ჰერკულესში» ანაზღაურდება როგორც «ჩვეულებრივი», ნორმირებული დრო. ქარხანაში დასაქმებულთა ნაწილი ერთი კვირის განმავლობაში მუშაობს დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე, ხოლო მომდევნო კვირას _ საღამოს რვა საათიდან დილის რვა საათამდე; დღისით მომუშავეებს გამოსასვლელი დღე არ აქვთ.
ნაკლებად სავარაუდოა, აპელირებამ შრომის კოდექსის მიმართ რაიმე შედეგი გამოიღოს ქვეყანაში, რომლის ხელისუფლება მას, სავარაუდოდ, განიხილავს, როგორც დაბრკოლებას მონათმფლობელობის საბოლოო დამკვიდრების გზაზე. ამ მხრივ, სახასიათოა პრემიერ-მინისტრ გილაურის ერთი წლის წინანდელი გამოსვლა, როდესაც მან ამაყად გვამცნო, რომ ქვეყანაში «უცხოელი ინვესტორი, ადგილობრივი შრომის კოდექსის გაცნობის შემდეგ, მზად არის, მუშახელი დაიქირაოს. სხვა ქვეყნების შრომის კოდექსის განხილვის შემთხვევაში კი ინვესტორი ასეთ მზადყოფნას ვერ გამოთქვამს, რადგან მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მას დაქირავებულის სამსახურიდან გაშვება გაუჭირდება».
ვერ ვიტყვით, რომ გილაურის რიტორიკამ ინვესტორები დიდად მოხიბლა, რადგან გასულ წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2009 წელთან შედარებით, 16%-ით შემცირდა, თუმცა იმ გამოსვლაში მთავარი, ალბათ, სხვა რამ _ მისი საზეიმო ტონალობა იყო, საქართველოს პრემიერი ისე ამაყობდა იმით, რომ მისი თანამოქალაქეების სამსახურიდან გაგდება გამარტივდა, როგორც ნაპოლეონი _ აუსტერლიცის გამარჯვებით.
პროფკავშირების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო პირობები «ჰერკულესში» «იმდენად მძიმეა, რომ კატორღაში მომუშავე ტყვეებსაც არ ჰქონიათ არასდროს», ვინმეს შეიძლება ზედმეტად დრამატიზებულად მოეჩვენოს, თუმცა თუ «ჰერკულესს» კატორღას ციფრებით ხელში შევადარებთ, გამაოგნებელ დასკვნამდე მივალთ. ვნახოთ, რა ხდებოდა კატორღაში, მაგალითად,  ტრანსციმბირული მაგისტრალის უსურიისკის მონაკვეთის მშენებლობაზე 1891-1897 წლებში.
კატორღაში, ისევე, როგორც «ჰერკულესში» 12 საათს მუშაობდნენ (დილის ექვსიდან _ საღამოს ექვსამდე), მაგრამ იქ იყო ორსაათიანი პაუზა (სადილი და შემდეგ შესვენება), აგრეთვე, ორი შესვენება ჩაის დასალევად. ასე რომ, საკუთრივ სამუშაო პროცესი დაახლოებით 9 საათს გრძელდებოდა. პატიმარი მუშების თითოეულ ჯგუფს ახლდა ფელდშერი, რომელიც მუდამ მათ გვერდით იყო («ჰერკულესის» მედპუნქტი ამ მხრივ აშკარად ჩამორჩება). მიუხედავად იმისა, რომ ბანაკში პატიმრები მხოლოდ ვახშმობდნენ, ხოლო სადილსა და დილა-საღამოს ჩაის მუშაობის ადგილას მიირთმევდნენ, ბანაკში კვებისთვის საგანგებო ადგილი, სასადილო იყო გამოყოფილი და აბანოც ფუნქციონირებდა. ცხადია, კატორღაში პატიმრებს საკვები «სახლიდან» არ მოჰქონდათ, ამაზე სახელმწიფო ზრუნავდა; სადილად თითოეული მათგანი ყოველდღიურად (!) იღებდა ხორცს, არანაკლებ 409,5 გრამისა, ამასთანავე (არ გაგიკვირდეთ) _ 1409,5 გრამ პურს ზაფხულში და 1636 გრამს _ ზამთარში. შეუძლია თუ არა დღეს ქუთაისელ მეტალურგს ან თუნდაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას, ყველა სხვა აუცილებელი ხარჯის გაწევის შემდეგ, ოჯახის თითოეული წევრისთვის თვეში 12,28 კილოგრამი ხორცი შეიძინოს?
კატორღაში პატიმარს თვეში 7-დან 50-მანეთამდე გასამრჯელოს გამომუშავება შეეძლო. შედარებისთვის, 1880-დან 1913 წლამდე რუსეთის იმპერიის ქარხნის მუშებისა და დაბალი რანგის ჩინოვნიკების საშუალო ხელფასი 16-24 მანეთის დიაპაზონში მერყეობდა. საშუალო პატიმარი კატორღაში მათზე მეტს შოულობდა და, მათგან განსხვავებით, მთელი რიგი (უპირველესად კი _ კვების) ხარჯებისგან თავისუფალი იყო. ცხადია, ეს იყო საშინელება, ეს იყო კატორღა და იქ მყოფ ადამიანებს მთელი საზოგადოება დასტიროდა, თუმცა, როგორც ჩანს, «კატორღა», არ არის საკმარისად მკვეთრი ტერმინი იმისთვის, რომ «ჰერკულესში» მომუშავე მეტალურგების მდგომარეობა დავახასიათოთ.
საერთოდ, მსგავსი მონაცემები ხანდახან ფრიად საინტერესო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს. მაგალითად, სტატისტიკის დეპარტამენტის მოსაზრებით, შრომისუნარიანი ქართველი მამაკაცის გამოკვებას  დღეში ყოფნის: 250 გრამი პური, 40 გრამი საქონლისა და 10 გრამი ღორის ხორცი, 20 გრამი ყველი, 150 გრამი კარტოფილი და ა.შ. მას შემდეგ, რაც ამ ჩამონათვალს პირველად გავეცანი, მუდამ თან მდევდა განცდა, რომ ეს ციფრები სადღაც უკვე მინახავს, ოღონდაც მაშინ ისინი ოდნავ დიდი იყო. დიდხანს ვეძებდი ამ მონაცემებს და ბოლოს ვიპოვე გერმანელი პუბლიცისტის _ ოიგენ კოგონის წიგნში «Ideologie und Praxis der Unmenschlickeit»: პური _ 388 გრამი, ხორცი _ 57.1 გრამი, ყველი _ 20.6 გრამი, კარტოფილი _ 502 გრამი და ა.შ. ასეთი იყო II კატეგორიის ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის ყოველდღიური ულუფა 1942 წლის მაისამდე. II კატეგორიის ბანაკი, მაგალითად, ბუხენვალდი იყო, სადაც კოგონი 6 წელი იჯდა; დაჰაუ და ზაქსენჰაუზენი I კატეგორიის ბანაკებს მიეკუთვნებოდა და იქ კვება უკეთესი იყო; III კატეგორიის ბანაკებში კი, შესაბამისად, უარესი, თუმცა ჩვენ საშუალო მაჩვენებელს ვიღებთ და ვხედავთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მინიმალური ნორმის დადგენაში ფაშისტური გერმანიის ხელმძღვანელობასაც კი «აჯობა». ხოლო იმისთვის, რომ ამ მინიმუმით საკუთარი თავი და ოჯახის წევრები უზრუნველყოს, იმ ზემოხსენებულმა «შრომისუნარიანმა ქართველმა მამაკაცმა», რომელსაც გაუმართლა და სამსახურის შოვნა შეძლო, უნდა იმუშაოს, როგორც მონამ გალერებზე, ან ისე, როგორც დღეს «ჰერკულესის» ქარხნის მეტალურგები მუშაობენ.
დიმიტრი მონიავა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here