Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ კვარაცხელიას ხალხოსნური მანიფესტი: დრო არ ითმენს. თუ სააკაშვილი არ გავუშვით, დავიღუპებით!

ზურაბ კვარაცხელიას ხალხოსნური მანიფესტი: დრო არ ითმენს. თუ სააკაშვილი არ გავუშვით, დავიღუპებით!

753

GEWORLD.GE:
სამეგრელოში სრული პოლიტიკური სტაგნაციაა, ასპარეზზე არ ჩანან არც ოპოზიციონერები და არც მმართველი პარტიის წარმომადგენლები. «ნაცმოძრაობას» და მის ძალოვან სტრუქტურებს ისე ჰყავთ დათრგუნული და დაშინებული მოსახლეობა, რომ ხმის ამაღებას ვერავინ ბედავს. მიუხედავად ამისა, სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» აქტიურად ცდილობს მიძინებული და დაშინებული ხალხის გამოფხიზლებას, გამხნევებასა და რეგიონში არსებული პოლიტიკური და ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევას. სამეგრელოს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სახალხო მოძრაობის მიზნებსა და გეგმებზე «საქართველო და მსოფლიოს» თავის მოსაზრებას უზიარებს სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ კვარაცხელია.

 
– სამეგრელო, რახანია, სათარეშოდ გაიხადა ვაიპრეზიდენტმა და მისი კრიმინალური  ბანდის წარმომადგენლებმა. მოსახლეობა  დაზაფრულია. ბევრი ფიქრობს, ვაი თუ ესენი გავაღიზიანოთ და მერე ამ მანიაკებმა უარეს დღეში ჩაგვაგდონო. ეს შიში არაა უსაფუძვლო, ვინაიდან ხელისუფლებას მუდმივი ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეპრესიების, წნეხის ქვეშ ჰყავს არამარტო სამეგრელოს, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობა, თუმცა სადღაა სრულიად საქართველო… დამნაშავე ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რათა ჩვენი სამშობლოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულიყო და, სანამ ეს ხროვა არ გადაშენდება, სანამ ხელისუფლებაში ეროვნულ-პატრიოტული, მართლმადიდებლურ-ტრადიციულ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა არ მოვა, არაფერი  გვეშველება.
– ბატონო ზურაბ, თქვენ ახსენეთ შიში, რომელსაც მოუცავს მოსახლეობა. როგორ გინდათ, ჩააბათ ეს დაშინებულ-მიძინებული ხალხი ეროვნულ-პატრიოტულ მოძრაობაში ?
– ვფიქრობ, ცოტა ზედმეტად ვართ შიშით შეპყრობილნი და ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. ზოგჯერ ადამიანები როცა მელაპარაკებიან ამ შიშზე, უხერხულობისგან თვითონვე ვწითლდები. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ვარ «უშიშო, ვითარცა უხორცო». არა, ბატონო. როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მეც მაქვს შიშის განცდა, მაგრამ არსებობს რაღაც ზღვარი და ამ ზღვარს იქით შიში უკვე ნამდვილად სამარცხვინო ხდება და თანაც როგორი, ეს ჩვენ კარგად დავინახეთ 2008 წლის აგვისტოში გორში ვაიპრეზიდენტის, ვაიმთავარსარდლის მაგალითზე. ამიტომ  მინდა მივმართო ჩემს თანამემამულეებს, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივ თუ დევნილ მოსახლეობას: დრო არ ითმენს,  ეს ხელისუფლება დამოკლეს მახვილივით კიდია ჩვენს თავზე და, თუ დროულად არ მივიღეთ ადეკვატური ზომები, სააკაშვილი დროზე თუ არ გავუშვით, ჩვენი საქმე წასულია, ჩვენ დავიღუპებით. ასე რომ, გაიხსენეთ ისტორია,  თქვენ კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციის სათავეებთან მდგარი ამაყი კოლხებისა და იბერების შთამომავლები ხართ. თქვენც იმავე წიაღიდან იშვით, საიდანაც აიეტი, მითრიდატე, ქუჯი, გუბაზი, ფარტაზი, იოანე ლაზი, მინჩხი, გიორგი ჭყონდიდელი, ცოტნე დადიანი, ლევან II დადიანი, უტუ მიქავა, მართალია თოდუა, ამბროსი ხელაია, კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა ვეკუა, ჟიული შარტავა და ასევე ლავრენტი ბერია; და ამ ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტმა, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე უხსენებელივით მიწაზე მფორთხავმა, მხდალმა კაცმა როგორ შეგაშინათ?!..
–ბატონო ზურაბ, ამ ჩამონათვალში ლავრენტი ბერია რა შუაშია?
–ბერია ამ ჩამონათვალში, სხვას რომ თავი დავანებოთ, თუნდაც  თბილისში განხორციელებული დემოგრაფიული პოლიტიკის გამო უნდა იყოს. მან სომხეხ სოვდაგრებსა და ნასომხარ რენეგატებს წაჰგლიჯა თბილისი, დრევანდელი ხელისუფლება კი, ბერიასგან განსხვავებით, მიზანმიმართულად ამზადებს საფუძველს, რათა ჩვენი დედაქალაქი პერსპექტივაში ერთ–ერთი მეზობელი ერის კუთვნილება გახდეს. მე მინდა, ჩემო თანამემამულენო, კარგად გააცნობიეროთ ყოველივე, კარგად დავინახოთ კოშმარული რეალობა და მივხვდეთ, რომ პიარაქციებით ქვეყანა არ აშენდება, რომ ბლეფია და აფიორა ეს ე.წ. აღმშენებლობა.  წარმოიდგინეთ, რამდენ ფულს ხარჯავს ეს ვაიხელისუფლება ამ პიარ აქციებზე და შოუ ტაკიმასხარაობაზე, მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი შიმშილობს. აბა, წარმოიდგინეთ მარტო ანაკლიის პიარ აქციებსა და ბილწი ხელისუფლების შლეგურ დროსტარებაზე რამდენი თანხაა განიავებული, მაშინ, როდესაც დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი ქუჩებშია გამოყრილი. აი, ამაზე განსაკუთრებით თქვენ უნდა დაფიქრდეთ, ჩემო გაუბედურებულო დევნილებო, და უნდა გაგიჩნდეთ სამართლიანი პროტესტის განცდა.
– როგორია თქვენი მოძრაობის გეგმები და გზები?
– ვფიქრობ, რომ კვლავ გავაგრძელებთ ჩვეულ ხალხოსნურ საქმიანობას, გავაგრძელებთ მოსახლეობის ინფორმირებას რეალური მდგომარეობის თაობაზე და კვლავ შევეცდებით მათი საზოგადოებრივი აქტივობის ხარისხის ამაღლებას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამას აქტიურ პროპაგანდას გავუწევთ მთელი რეგიონის მასშტაბით.
დრო მართლა არ ითმენს, ამიტომ უნდა შევძლოთ დიდი თავყრილობის მოწყობა. ამ თავყრილობაზე გაჟღერდება ის პროგრამაც, რომლის რეალიზების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ერის განადგურებისა და ქვეყნის ნგრევის შეჩერებას,  საფუძველი ჩაეყრება პერსპექტივაში ერის აღორძინებისა და ტერიტორიული გამთლიანების პროცესს.
– ბატონო ზურაბ, სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» წარმომადგენლებს, თქვენს ოფისში მოსულ პიროვნებებს, ქვეყნის სიყვარულის გარდა, მოძრაობის ლიდერის – ალექსანდრე ჭაჭიასადმი უდიდესი რწმენა და პატივისცემა აერთიანებთ. ბევრი მათგანი ბატონ ალექსანდრეს პირადად იცნობს, ბევრი კიდევ გაცნობის მოლოდინშია. ხომ არ იგეგმება ბატონი ალექსანდრეს შეხვედრა მოსახლეობასთან?
– ვფიქრობ, ამ კითხვას თვითონ ბატონმა ალექსანდრემ უნდა გასცეს პასუხი, მაგრამ, რადგან მეკითხებით, ასე გიპასუხებთ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე: როგორც ნებისმიერ დიდ საქმეს, ასევე დიდ ეროვნულ-სახალხო მოძრაობასაც სჭირდება დიდი გონებრივი შესაძლებლობებისა და მასშტაბური აზროვნების უნარის მქონე თავკაცი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ, საბედნიეროდ, ასეთი პიროვნება ჰყავს არამარტო ჩვენს კუთხეს, არამედ სრულიად საქართველოს. დიახ, ეს პიროვნება გახლავთ ბატონი ალექსანდრე ჭაჭია და ახლაც გავიმეორებ ჩემ მიერ მრავალგზის ნათქვამს: ქართველი ერი დაუშვებს დანაშაულის ტოლფას შეცდომას, თუ მას არ მისცემს ბევრად იმაზე მეტის გაკეთების შესაძლებლობას, ვიდრე დღემდე აკეთებდა. ალექსანდრე ჭაჭია აფხაზეთშია დაბადებული და გაზრდილი, მისი ცხოვრების მთავარი მიზანიც ამ დაკარგული კუთხის ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში რეინტეგრაციაა. რაც შეეხება მის შეხვედრას მის მხარდამჭერებთან, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მისივე მხარდამჭერების არამარტო სურვილზე, არამედ აქტიურობაზეც.
– აპირებთ თუ არა თანამშრომლობას ოპოზიციურ პარტიებთან?
– რა თქმა უნდა. ჩვენ სხვა პლანეტაზე არ ვცხოვრობთ, უფრო მეტიც: ერთი ქვეყნის შვილები ვართ და, ბუნებრივია, თუ იქნება სტრატეგიული მიზნების თანხვედრა, ერთიანი პლატფორმა, მაშინ თანამშრომლობა საჭიროცაა და აუცილებელიც, მიუხედავად იმისა, თუ ვის რა პოზიცია ეკავა გუშინ. თუმცა მოდით ვიყოთ გულწრფელნი – წარსულიც გასათვალისწინებელია. ერთი რამ დარწმუნებით ახლავე შემიძლია გითხრათ – ნატოში და რაღაც ამგვარ სტრიქტურებში გაწევრიანება ვისაც იდეაფიქსად გაუხდია და კიდევ ვინც პრეზიდენტობისა და სკამის მაძიებელი პოლიტიკანია, მათთან საერთო ენას ნამდვილად ვერ გამოვნახავთ.
ლადო ქირია, ზუგდიდი 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here